მეცნიერებით მანიპულაცია — როგორ ამართლებენ სექსიზმს ბიოლოგიით და ევოლუციით
1975 წელს ცნობილმა ბიოლოგმა ე. ო. ვილსონმა გამოსცა წიგნი სახელწოდებით სოციობიოლოგია, რომელმაც მასობრივი გამოხმაურება გამოიწვია როგორც აკადემიურ წრეებში, ისე უბრალოდ ევოლუციით დაინტერესებულ ადამიანებში.
წიგნში ვილსონი ცდილობდა ეჩვენებინა, რომ ბიოლოგიას ცხოველების ქცევაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. მეორენაირად რომ ითქვას, ცხოველში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესები, ნივთიერებათა მიმოცვლა და ა.შ, ხშირად ისეთ ქცევას განაპირობებდა, რომელიც წინასწარმეტყველებადია.
ვილსონი კოლეგებთან ერთად ცდილობდა ეჩვენებინა, რომ ადამიანის ქცევაც ხშირად მასში მიმდინარე პროცესებზეა დამოკიდებული. ეს მაინცდამაინც საკამათო დებულება არაა და სამეცნიერო წრეებში უბრალო ფაქტად არის მიღებული. საკითხი პრობლემური მაშინაა, როცა ბიოლოგიური პროცესებს სოციალურ ქცევასთან ისე აკავშირებენ, რომ შეკავშირება კვლევის მეცნიერულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს და როცა არაბიოლოგიური ფაქტორები უგულებელყოფილია.
მაგალითად, წარმოიდგინეთ ორი მეზობელი ქვეყანა A და B, ერთგან (პირობითად A-ში) კრიმინალის დონე განსაკუთრებით მაღალია მიუხედავად იმისა, რომ მეზობელ ქვეყანა B-ში დანაშაულებრივი აქტივობა დაბალ მაჩვენებელზეა. თუ დავუშვებთ, რომ ორი ქვეყნის სოციალური წყობა (კულტურა, ეკონომიკა და ა.შ) იდენტურია, მაშინ ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ მაღალი კრიმინალის დონე ერთგან და დაბალი კრიმინალის დონე მეორეგან, შესაძლოა გარკვეული ბიოლოგიური ფაქტორებით აიხსნას.
სიმარტივისთვის დავუშვათ, რომ ჰიპოთეტურ სამყაროში ნეიროტრანსმიტერი დოპამინი აგრესიასთან არის დაკავშირებული და A ქვეყნის მოქალაქეებზე დაკვირვებით ვიხილავთ, რომ მოქალაქეებს დოპამინი მართლაც ძალიან მომატებული აქვთ. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პრობლემა სწორედ ჭარბ დოპამინშია და მაღალი კრიმინალიც ამით აიხსნება.
პრობლემა აქ ის არის, რომ რელობაში არ არსებობს ორი ქვეყანა ან რაიმე ჯგუფი, რომელიც ბიოლოგიის გარდა, ყველაფერში იდენტურია. შესაბამისად, ორი ჯგუფის ქცევის შედარებისას, თუ გვინდა რომ განსხვავებული ქცევები ბიოლოგიით ავხსნათ, ჯერ უნდა დავამტკიცოთ, რომ კულტურული და სოციალური ასპექტები უგულებელყოფადია. ანუ, უნდა დავასაბუთოთ, რომ ამა თუ იმ ქცევაზე გარემოს მინიმალური გავლენა აქვს.
ქალები VS კაცები, რა განსხვავებაა?
ზოგადად მიღებულია, რომ ქალების და კაცების ქცევას შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია. ეს კარგად ჩანს პროფესიულ საქმიანობაში, სადაც გარკვეული ტიპის სამუშაოებზე მეტწილად ქალები არიან დასაქმებულნი, ზოგგან კი პირიქით, კაცები.
მაგალითისთვის, Pew Research Center-ის მიხედვით, ქალები ინჟინრების მხოლოდ 14%-ს შეადგენენ. კომპიუტერულ მეცნიერებაში ეს მაჩვენებელი 25%-ია. ზოგადად, STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა) პროფესიები ძირითადად კაცების მიერ არის ოკუპირებული. პროცენტული განაწილება ქვეყნების და რეგიონების მიხედვით ვარირებს, თუმცა ტრენდი იგივეა: ქალები უმცირესობაში არიან. იგივე მაღალ ადმინისტრაციულ პოზიციებზეც შეიძლება ითქვას.
ასეთი დისბალანსის მიზეზი სოციოლოგებისთვის და სოციალური ტრენდების მკვლევართათვის ხშირად სადავო საკითხია, თუმცა გარკვეული შეთანხმება მაინც არსებობს. ქალთა უფლებები საუკუნეების მანძილზე მნიშვნელოვნად იზღუდებოდა, ამასთანავე ქალებისადმი არსებობს უამრავი ნეგატიური სტერეოტიპი, რომლებიც ხშირად ქალებს გარკვეულ საქმიანობებზე გულს უცრუებს. Pew Research Center-ის ზემოხსენებულ მონაცემებში ისიცაა ნათქვამი, რომ ისეთ სამუშაო გარემოში, სადაც ძირითადად კაცები არიან დასაქმებულნი, ქალებისადმი დისკრიმინაციული მოპყრობა ბევრად ხშირია.
პროფესიებში და კარიერულ არჩევანში არსებული სქესობრივი განსხვავების გავრცელებული ახსნები, ბოლო დროს ბევრისთვის დამაკმაყოფილებელი არ არის. ევოლუციური ბიოლოგიის და სოციობიოლოგიის ენთუზიასტები ხშირად ამტკიცებენ, რომ ქალებს და კაცებს შორის ისეთი ბიოლოგიური განსხვავებები არსებობს, რომლებიც ამ ორი სქესის წარმომადგენლებს სხვადასხვა პროფესიული არჩევანისკენ უბიძგებს.
ამრიგად, ბევრისთვის კაცების და ქალების შესაძლებლობებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია. ამ მოსაზრების გასამტკიცებლად ერთი შეხედვით ბევრი არგუმენტი არსებობს, მაგალითად ქალების და კაცების ფიზიკური შესაძლებლობები საშუალოდ ძალიან განსხვავებულია. ამის გამო საშუალო კაცი ფიზიკურად უფრო ძლიერია ვიდრე საშუალო ქალი. კაცები ძირითადად უფრო მაღლები არიან და ა.შ.
ამ განსხვავებებზე საუბარი ახლა ძალიან შორს წაგვიყვანს, ამიტომ ჩვენი კვლევისთვის უმჯობესია, ერთი კონკრეტული საკითხი ავირჩიოთ — კარიერული არჩევანი. უფრო კონკრეტულად კი ვეცადოთ გავიგოთ, რატომაა STEM პროფესიებში ასე ცოტა ქალი და რატომაა მეცნიერება და ინჟინერია ძირითადად კაცების სფერო.
სოციალური კონსტრუქცია თუ უბრალოდ ბიოლოგია?
კარიერულ არჩევანში გენდერული სხვაობების ბიოლოგიური ახსნა შემდეგ ლოგიკას მიჰყვება: ბევრგან, განსაკუთრებით კი ევროპაში პოზიტიური დისკრიმინაციის პოლიტიკის საფუძველზე, ქალებს ბევრ კარიერულ არჩევანზე მიუწვდებათ ხელი, თანაც შეღავათებით.
კანონის დონეზე, ქალები და კაცები თანაბარი არიან და შესაბამისად რიგი მისწრაფებების დაკმაყოფილება კაცებსაც და ქალებსაც ერთნაირად შეუძლიათ. თუ ის მოსაზრება სწორია, რომ ქალებს გარკვეული პროფესიების არჩევაში და მისწრაფებებში ხელს სოციალური გარემოებები უშლის ხელს, ეს გარემოებები კი დასავლეთის ქვეყნებში ბევრგან აღმოფხვრილია, მაშინ რატომაა ზოგ პროფესიებში მაინც ამხელა უთანასწორობა?
ისინი ვინც კარიერულ არჩევანში არსებული გენდერული სხვაობების ბიოლოგიურ და ევოლუციურ ახსნას უჭერენ მხარს, ამტკიცებენ, რომ ასწლეულების მანძილზე ქალებს და კაცებს განსხვავებული როლების შესრულება უწევდათ, რამაც შედეგად ქალებს და კაცებს შორის ბიოლოგიურ განსხვავებებს დაუდო საფუძველი.
ადრეულ საზოგადოებებში, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ადამიანები გამოქვაბულებს აფარებდნენ თავს, კაცები უფრო მეტად რისკთან ასოცირებული საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი. იქნება ეს ომები, მონადირეობა, მშენებლბოა და ა.შ, ქალები კი ისეთ საქმიანობას ეწეოდნენ, როგორიცაა შემგროვებლობა, საცხოვრებელი გარემოს მოვლა და ა.შ.
ამასთანავე, ბევრი ამ მოსაზრების გამამყარებელ არგუმენტად ქალების რეპროდუქციული სისტემის თავისებურებებს მიიჩნევს. ეს უკანასკნელი კი ისეთ ბიოლოგიურ პროცესებთანაა დაკავშირებული, რომლებიც კაცებში არ მოიძებნება. შესაბამისად ქალები და კაცები ერთმანეთისგან ანატომიურადაც განსხვავდებიან და "გონებრივადაც", ეს უკანასკნელი მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ კაცებს უფრო "მეტი" გონებრივი შესაძლებლობები აქვთ, არამედ უბრალოდ განსხვავებული პრიორიტეტები აქვთ, რაც ფსიქომეტრიულ ტესტირებებშიც აისახება ხოლმე.
კლინიკური ფსიქოლოგი ჯორდან პიტერსონი, რომელიც კანადაში ადამიანების უფლებებში შეტანილ შესწორებას, Bill C-16-ს დაუპირისპირდა (შესწორება დამატებით კრძალავდა დისკრიმინაციას გენდერის და გენდერული იდენტობის მიხედვით), რისი დამსახურებითაც მან მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა, შემდეგს ამბობს ამ საკითხზე:
"ჩემთვის აშკარა არაა, რომ ქალების ნერვული სისტემა მხოლოდ ქალების ინტერესებს ემსახურება. მე ვფიქრობ, რომ ის [ქალების ნერვული სისტემა] სინამდვილეში ქალების და ახალშობილების ინტერესებს ემსახურება". პიტერსონის თქმით, იმის გამო, რომ ქალებს ბავშვების გაზრდა უწევთ, ისინი უფრო სენსიტიურნი არიან და უფრო ხშირად ავლენენ "ჭარბ ნეგატიურ ემოციურობას". მისი თქმით, ეს ნეგატიური ემოცია უფრო ხშირად უკავშირდება ნეუროტიციზმს, რაც ხშირადაა დაკავშირებული "მერყეობასთან". საბოლოო ჯამში კი "მერყევი ადამიანები ისეთ რაღაცებს ნაკლებად აკეთებენ, რაც საფრთხის შემცველია".
კითხვაზე, საიდან ვიცით, რომ ზემოხსენებული განსხვავებები კაცებს და ქალებს შორის კულტურული კონსტრუქციების შედეგი არაა, პიტერსონი "სკანდინავიურ კვლევებს" ახსენებს და ამბობს, რომ "სოციალური კონსტრუქტივიზმის მიდგომა გენდერთან და კაცებს და ქალებს შორის განსხვავებებთან კარგად დატესტილია, სოციალური კონსტრუქტივიზმის პერსპექტივა უბრალოდ არ მუშაობს".
იმის გამო, რომ პიტერსონის თქმით კულტურული გავლენა გენდერულ განსხვავებებზე უგულებელყოფადია, ერთადერთი ახსნა ბიოლოგია და ევოლუცია რჩება. თუმცა, ეს ძალიან ნაადრევი და მცდარი დასკვნაა, რომელიც ნაწილობრივ მონაცემთა არაკეთილსინდისიერი გამოყენების შედეგია. ამასთანავე, პიტერსონის და სხვა "ბიოლოგიური ახსნების" მხარდამჭერთა არგუმენტაცია, რეალური ევოლუციური მეცნიერების დამახინჯებულ ფორმას ემყარება.
კაცური და ქალური ტვინის მითი
International Journal of Psychology-ში, 2017 წელს დევიდ პ. შმიტმა და კოლეგებმა გამოაქვეყნეს კვლევა, სადაც ისინი გენდერულ განსხვავებებზე წერენ და კვლევაში დიდი ადგილი სწორედ კარიერულ არჩევანს და პორფესიულ განათლებას ეთმობა.
ფსიქოლოგები კვლევაში ასკვნიან, რომ 44 ქვეყანაში ჩატარებული კვლევების მიხედვით, ინჟინერიასთან და მათემატიკასთან დაკავშირებულ საქმიანობებში გენდერული სხვაობა ყველაზე თვალსაჩინო “გენდერულად ყველაზე ეგალიტარულ სახელმწიფოებში“, მაგალითად ფინეთში, შვეიცარიაში და შვედეთშია. ხოლო ყველაზე მცირე გენდერული განსხვავებები ზემოხსენებულ საქმიანობებში შეინიშნება შედარებით “ნაკლებად ეგალიტარულ” ქვეყნებში, როგორებიცაა ბულგარეთი, კოლუმბია, ინდონეზია და ტუნისი.
ეს კვლევა ძალიან დიდი პოპულარობით "ანტიფემინისტებს" შორის სარგებლობს. ბოლო დროს რამდენიმე გამოჩენილი ინტელექტუალი და პოლიტიკური კომენტატორი მიიჩნევს, რომ თანამედროვე ფემინისტური მოძრაობები მეცნიერების "მიმალვას" ცდილობენ იმიტომ, რომ მეცნიერება აშკარად აჩვენებს, რომ გენდერული განსხვავებები ბიოლოგიური სხვაობების შედეგია და არა სოციალური გარემოებების, როგორიცაა ჩაგვრა, პატრიარქატი და ა.შ.
ეს არგუმენტი ძალიან მცდარია და ამის შესამოწმებლად უბრალოდ შეგიძლია წყაროებს მიჰყვეთ. თავდაპირველი კვლევა, რომელსაც შმიტი და კოლეგები International Journal of Psychology-ში ციტირებენ, მარია ჩარლზს და კარენ ბრედლის ეკუთვნით, ის 2009 წელს American Journal of Sociology-ში გამოქვეყნდა, სახელწოდებით "Indulging Our Gendered Selves".
იმ სტატიის ავტორები, რომლის მონაცემებითაც ბევრი ანტიფემინისტი სარგებლობს, სინამდვილეში ძალიან განსხვავებულ რეალობას აღწერენ:
"ქალის სტატუსის სტანდარტული ევოლუციური მოდელები, საქმიანობებში სქესის მიხედვით სეგრეგაციის დამაკმაყოფილებელ ახსნას ვერ იძლევიან იმიტომ, რომ არ ითვალისწინებენ გენდერულ-ესენციალისტური იდეოლოგიის კულტურულ ძალას (მაგალითად კულტურულ წარმოდგენებს თანდაყოლილი გენდერული განსხვავებების თაობაზე), რომელიც მოლოდინების, გამოცდილებების და მისწრაფებების შექმნაში დიდ როლს თამაშობს ყველაზე ეგალიტარულ საზოგადოებებშიც კი".
ჩარლზი და ბრედლი მიიჩნევენ, რომ ისეთ საზოგადოებებშიც კი სადაც კანონმდებლბოის დონეზე გენდერული თანასწორობა მიღწეულია, კულტურა ძალიან დიდ როლს თამაშობს. კულტურული სტერეოტიპები პირველ რიგში კაცების და ქალების თვითშეფასებაზე მოქმედებს.
ჩარლზის და ბრედლის მტკიცებით, ქალები ხშირად მიიჩნევენ, რომ მაგალითად მათემატიკა კაცებთან შედარებით ნაკლებად ეხერხებათ, ხოლო კაცებს თავიანთ მათემატიკურ უნარებზე უფრო დიდი წარმოდგენა აქვთ. ორივე შემთხვევაში, ქალებიც და კაცებიც თავიანთ მათემატიკურ შესაძლებლობებს არაადეკვატურად აფასებენ. ეს წარმოდგენები არაემპირიული ხასიათისაა.
მათემატიკური უნარჩვევები განსაკუთრებით საინტერესო იმიტომაა, რომ ის ხშირად ზოგად ინტელექტთანაც არის ასოცირებული. რიგ კულტურებში მათემატიკასთან ასოცირებულ დარგებში მაღალი აკადემიური მოსწრება ხშირად უფრო “მაღალ ინტელექტთან” არის დაკავშირებული. ამ წარმოდგენიდან მომდინარეობს სტერეოტიპი, რომ "ბიჭებს მათემატიკური ტვინი აქვთ".
არაადეკვატური თვითშეფასება როგორც ჩანს კარიერულ არჩევანზე დიდ გავლენას ახდენ. ბრედლი და ჩარლზი თავიანთ სტატიაში 2006 წელს გამოქვეყნებულ კვლევას, Gender and Career Choice Process: The Role of Biased Self-Assessments ციტირებენ.
კვლევის ავტორების მტკიცებით იმის გამო, რომ საკუთარი მათემატიკური კომპეტენციის შესახებ კაცებს უფრო დიდი წარმოდგენა აქვთ ვიდრე ქალებს (მიუხედავად იმისა, რომ მათი აკადემიური მოსწრება თანაბარია), კაცები ხშირად ისეთ კარიერულ გადაწყვეტილებებს აკეთებენ სადაც მათემატიკა დიდ როლს თამაშობს, ქალები კი პირიქით.
ამის საილუსტრაციოდ მკვლევრებს საინტერესო ექსპერიმენტი მოჰყავთ:
ქალებიც და კაცებიც (მოხალისეები) მათემატიკის ერთიდაიგივე ტესტს აბარებენ, ოღონდ ერთ შემთხვევაში ქალებს ეუბნებიან, რომ ამ ტესტში კაცები უკეთეს შეფასებას იღებენ, მეორე შემთხვევაში გენდერულ სხვაობებზე მოხალისეებს არაფერს ეუბნებიან.
პირველ შემთხვევაში, როცა ქალებს ჰგონიათ, რომ კაცები ტესტს უკეთ აკეთებენ, ისინი კაცებზე უფრო დაბალ შეფასებას იღებენ, ხოლო ტესტში სადაც გენდერული სხვაობები არაა ნახსენები, ქალები და კაცები თანაბარ შედეგებს იღებენ.
ესენციალისტური ხედვები გენდერულ კომპეტენციაზე კარგად აისახება სხვა სფეროებშიც, მაგალითად ჭადრაკში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევის მიხედვით, ჭადრაკის მოთამაშე ქალები უარესად თამაშობენ როცა მათ იციან, რომ კაცს ეთამაშებიან (ანუ კაცები უფრო ხშირად იგებენ), ხოლო როცა მათ არ იციან, რა სქესის ოპონენტს ხვდებიან, ქალები და კაცები ერთნაირად თამაშობენ (ანუ თანაბარი რაოდენობის თამაშებს იგებენ).
ახალი "მეცნიერული" სექსიზმი 21-ე საუკუნეში
გარკვეული იდეები, რომლებსაც ოდესღაც ანტიფემინისტური და სექსისტური მოძრაობების წარმომადგენლები იყენებდნენ, თითქოს ხელახლა დაუბრუნდნენ თანამედროვე დისკურსს. მოსაზრება, რომ ქალებს და კაცებს შორის ბიოლოგიური განსხვავებები არსებობს თავისთავად სექსისტური არაა, თუმცა ამ სხვაობებიდან გამოტანილი დასკვნები ხშირად ძალიან საშიში და დისკრიმინაციულია.
განახლდა დებატები ეთნო-სახელმწიფოების ლეგიტიმურობაზე, რასობრივ და სქესობრივ უპირატესობებზე და ა.შ. ძველი დისკრუსების ხელახალი აღმოცენების მიზეზი ხშირად შექმნილი პოლიტიკური რეალობაა.
მეცნიერება საზოგადოებაში დიდი ნდობით სარგებლბოს და მეცნიერები ზოგ საკითხებში (სამართლიანად) კომპეტენტურ ადამიანებად მოიაზრებიან. ბევრი მეცნიერების "წარმატების" ექსპლოატაციას პოლიტიკური მიზნებისთვის ცდილობს. უთანასწორობის ან დისკრიმინაციის მეცნიერებით გამართლება და იმის თქმა, რომ რაღაც უბრალოდ "ადამიანის ბუნებაა", ძალიან უპასუხისმგებლოა.
კავშირის სოციოლოგიას და ბიოლოგიას შორის ძალიან დახვეწილი და ჩახლართულია. ეს განსაკუთრებით მართალია ადამიანების შემთხვევაში.
რაც უნდა განაპირობებდეს ანტიფემინისტური და სექსისტური განწყობების აღმოცენებას, ის ცუდი არგუმენტები რომლებსაც, ეს დისკურსები ემყარებოდა, ისევ ცუდი არგუმენტებია და ამას დრო კარგად აჩვენებს.
კომენტარები