აზერბაიჯანის საჯარისო დანაყოფებმა ლაჩინის რეგიონი დაიკავეს — ის მთიან ყარაბაღსა და სომხეთს ერთმანეთთან აკავშირებს. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ლაჩინი ბოლოა იმ სამ რეგიონს შორის, რომელიც ბაქოს კონტროლის ქვეშ სამმხრივი შეთანხმების ფარგლებში გადადის. 20 ნოემბერს აზერბაიჯანულმა სამხედროებმა აღდამის რეგიონი დაიკავეს, ხუთი დღის შემდეგ კი — ქალბაჯარის რეგიონი. მაშინ ბაქო დათანხმდა, რომ ქალბაჯარის გადაცემა ათი დღით გადაწეულიყო, რათა მშვიდობიან მოსახლეობას რეგიონის დატოვების საშუალება ჰქონოდა.

აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი სამივე რეგიონზე, რომელიც 1990-იანი წლებიდან სომხეთის დაქვემდებარებაში იყო. ამავე დროს, შეიქმნა 5 კილომეტრის სიგანის ლაჩინის დერეფანი, სადაც რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ.

9 ნოემბერს გვიან ღამით რუსეთის შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა.

მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ შეთანხმება სომხეთში კაპიტულაციად აღიქვეს, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტები მთავრობის სახლში და პარლამენტში შეიჭრნენ. გარდა ამისა, ზოგიერთი პარლამენტის სპიკერს დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. მას ოპერაცია ჩაუტარდა. ერევნისგან განსხვავებით, ბაქოში შეთანხმებას სიხარულით შეხვდნენ.

ილჰამ ალიევი ამბობს, რომ რუსი სამხედროების გარდა ზონაში თურქი მშვიდობისმყოფელებიც იქნებიან, თუმცა რუსეთი ამას უარყოფს. ალიევმა შეთანხმებას ისტორიული უწოდა და თქვა, რომ ეს სომხეთის კაპიტულაციას ნიშნავს.

ფაშინიანი კი აღნიშნავს, რომ შეთანხმების ხელმოწერის გარდა, სხვა გზა არ ჰქონდა. როგორც ის განმარტავს, გადაწყვეტილება ანალიზის შედეგად მიიღეს.

ამავე თემაზე: