რატომ არის მცენარეებთან ერთად ცხოვრება და მათი მოვლა ჩვენთვის სასარგებლო
მილენიალებისა და Gen Z თაობების წარმომადგენლებს ძალიან უყვართ სახლის მცენარეებზე ზრუნვა. რა არის ამის მიზეზი? ბრიტანელი ჟურნალისტი ლინდსი ბეიკერი სოციალურ მედიაში ცნობილ "მცენარემოყვარულებს" ესაუბრება და სახლის მცენარეების დამამშვიდებელ ეფექტებსა და შეუცვლელ მიმზიდველობას იკვლევს.
"ჩვენ კაქტუსების გვწამს" — ამ სლოგანს მცენარეთა ბევრი გულანთებული მოყვარული იყენებს სოციალურ მედიაში. მეტიც, ბრიტანული კომპანიის, HomeHow-ს კვლევის თანახმად, სწორედ კაქტუსია ის მცენარე, რომლის ფოტოსაც ინსტაგრამზე ყველაზე ხშირად წააწყდებით: მას 23 მილიონი პოსტი აქვს მიძღვნილი. პოპულარულ მცენარეთა სიაში მეორე ადგილს ფოტოგენური ჰოია იკავებს. მას კი "შვეიცარული ყველის" ზედმეტსახელით ცნობილი მცენარე, მონსტერა, მოსდევს. არანაკლები პოპულარობით სარგებლობენ ჰაერის გამწმენდი მცენარეები, განსაკუთრებით კი, გველი მცენარე — იგივე სენსევიერია, ჩინური მარადმწვანე და ობობა მცენარე.
ახალ თაობათა ეს დაინტერესება ბოლო წლებში განსაკუთრებულად თვალშისაცემი გახდა. მაინც რატომ უყვართ კონკრეტულად მილენიალებსა და Gen Z თაობის წარმომადგენლებს მცენარეების მოვლა ასე ძალიან? სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ცდილობს ბრიტანელი ავტორი, ელის ვინსენტი თავის ბოლო წიგნში, ფესვთან მიჯაჭვული: ველურ ბუნებასთან დაბრუნება. ეს "ბუნების მემუარი" მოგვითხრობს იმ რეალურ მოვლენებზე, რომლებიც მწერალს მას შემდეგ გადახდა, რაც 20 წელს გადააბიჯა. "როცა ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, ნუგეში მცენარეებსა და მებაღეობაში ვიპოვე", — ამბობს ის.
წიგნის ავტორი ყვება, რომ მას მცენარეებთან ძლიერი ემოციური კავშირი აქვს. "არის რაღაც ამაღელვებელი ახალი სიცოცხლის აღმოცენების, აყვავების ან ნაყოფის გამოღების ყურებაში. ნამდვილი სიხარულია პატარა ყლორტიდან მცენარის გაზრდის თუ საყვარელი მრავალწლოვანი ყვავილის ცივი ზამთრის შემდეგ კვლავ გაფურჩქვნის ნახვა. ჩემი აზრით, მცენარეების სეზონური ცვალებადობა და ზოგადად ბუნების სამყარო სწორედ ისაა, რაც ჩემი ყოველდღიური ცხოვრების წარმართვაში მეხმარება. მებაღეობა ჩემთვის ერთგვარი მედიტაციაცაა", — აღნიშნავს ვინსენტი.
მისმა წიგნმა განსაკუთრებული გამოხმაურება ავტორის ასაკის მკითხველებს შორის ჰპოვა. ვინსენტი ამის მიზეზად იმ თანაზიარ გამოცდილებას ასახელებს, როცა "სხვების მიერ შენთვის დაწესებულ მიზნებს აღწევ და აღმოაჩენ, რომ მაინც რაღაც გაკლია". მწერლისვე თქმით, მისი წიგნი ბევრმა მკითხველმა იზოლაციის პერიოდში "დამამშვიდებელ საკითხავადაც" შეაფასა.
ორივე თაობა, მილენიალებიცა და Gen Z-იც, ისეთ გარემოში იზრდებოდნენ, სადაც ინტერნეტსივრცეში ცხოვრება უფრო და უფრო აქტუალური ხდებოდა. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ წიგნის შესავალი ვინსენტის ოჯახში Windows 95-ის გამოჩენას აღწერს. "მას შემდეგ ტექნოლოგიური განვითარებისადმი მოლოდინი უფრო მეტად გაიზარდა, ყველაფერი წინამორბედზე უფრო სწრაფი და თანამედროვე უნდა ყოფილიყო. ზრდასურლობაშიც ასევე გაგრძელდა: ჩვენ ისეთ სამსახურებს ვირჩევდით, რომლებიც ონლაინ სივრცესთან იყო მიბმული. ამასთან, მყისიერ შედეგებს ველოდით ჩვენს მობილურებში გადმოწერილი აპლიკაციებისგან. იქნებოდა ეს პაემნების დანიშვნა, საკვების შეკვეთა, ტაქსი თუ ხელოსანის გამოძახება — ყველაფრის მიღება უსწრაფესად შეიძლებოდა", — გვიყვება ვინსენტი.
და რა არის ამ "სწრაფი და მრისხანე" ციფრული ცხოვრების ტემპის ანტიდოტი? ვინსენტის თქმით, სწორედ მცენარეების მოვლა და მებაღეობა. "ამ დროს არაფერია წამიერი შედეგის მომტანი და გარანტირებული; აქ ვერაფერს ავკრეფთ მობილურის ეკრანზე. ეს არის ნელი, ფიზიკური და მოთმინების გამოსაცდელი საქმიანობა, რაც ჩემთვის ძალიან დამამშვიდებელია მაშინ, როცა ჩემი ცხოვრების დანარჩენი ნაწილი ასე სწრაფად ვითარდება". რასაკვირველია, მებაღეობას ეკოლოგიური სარგებელიც ახლავს თან. "ჩვენ ვართ თაობა, რომელიც უფრო და უფრო აცნობიერებს, რომ ჩვენს პლანეტას სჭირდება მოვლა. მებაღეობა კი ზუსტად ისეთივე დაცვაა კლიმატის ცვლილებისგან, როგორიც წყლის მრავალჯერადი ბოთლების გამოყენებაა".
ელისი აგრეთვე ყვება, რომ წიგნზე მუშაობისას სახლის მცენარეების მოვლის ფენომენის გრძელი ისტორია აღმოაჩინა. მისი თქმით, მილენიალთა თაობის მებაღეები, რომლებიც ყვავილებზე ზრუნვას საკუთარი თავის მოვლას უთანაბრებენ, წინა თაობების იმ წარმომადგენელთა მსგავსნი არიან, ვინც მიწაზე მუშაობას სოციალური არეულობის ან ცხოვრებისეულ სირთულეთა დროს უბრუნდებოდნენ. "ჩემთვის განმაცვიფრებელი იყო იმის აღმოჩენა, რომ ადამიანურ საქმიანობათა გაფართოების, ინდუსტრიალიცაზიისა და პროგრესის მიუხედავად, მაინც ყოველთვის შეიმჩნევა მოძრაობა უკან, მიწისკენ. მაგალითად, სახლის პალმა, რომელიც კარგად უმკლავდება სუსტ განათებას და ერთი საცხოვრებლიდან მეორეში გადატანისას მარტივად არ ზიანდება, ისევე იყო პოპულარული ვიქტორიანულ ეპოქაში, როგორც ახლა", — აღნიშნავს ის.
ვინსენტი ასევე შთააგონა ისტორიის ფურცლებზე შემორჩენილმა იმ ქალებმა, რომლბიც მცენარეების სიყვარულით გამოირჩეოდნენ. მათ შორის იყო კეთრინ უაითი, რომელიც ლიტერატურულ ნამუშევართა რედაქტორი გახლდათ და თავისუფალ დროს მებაღეობაში ატარებდა; იამაიკა კინკაიდი და ალისა უოკერი, რომლებიც მცენარეთა მოვლაზე კოლონიალიზმისა და მონათმფლობელობის კონტექსტში წერდნენ; ხელოვანი მარიან ნორტი, რომელიც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა და ფლორასა და ფაუნას ხატავდა; და გერტრუდა ჯეკილი და ბეთ ჩატო, რომელთაც "მებაღეობის დიზაინის პატრიარქალური ციხე-სიმაგრე იერიშით აიღეს და რადიკალურად გარდაქმნეს თესვის თანამედროვე მეთოდები".
ველური ინტერიერი
პარადოქსულია, რომ, მართალია, მცენარეების მოვლა ციფრული სამყაროსგან თავის დაღწევის როლს ასრულებს, მაგრამ სწორედ ონლაინ სივრცე დაეხმარა მილენიალებსა და Gen Z თაობის წარმომადგენლებს ერთმანეთის პოვნასა და გლობალური საზოგადოების ჩამოყალიბებაში. ვინსენტი თვითნასწავლი მებაღეა, მაგრამ ამბობს, რომ ამ სფეროში მეტი გამოცდილების მქონეთა ინსტაგრამის პროფილებიდან მიიღო ცოდნა. 2015 წელს მან საკუთარი ინსტაგრამ პროფილი, @noughticulture, გახსნა. სოციალურ მედიაში ვინსენტის მსგავსი, მცენარეთამოყვარულების მთელი სამყარო არსებობს. მათ შორის აღსანიშნავია ბალტიმორში მცხოვრები ჰილტონ კარტერი (@hiltoncarter), რომელმაც სახლის მცენარეებზე რამდენიმე წიგნი დაწერა. მისი უკანასკნელი ნამუშევარი, ველური ინტერიერები, მდიდრულად ილუსტრირებული ტომია, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ შეუძლიათ მცენარეებს სახლის გაუმჯობესება.
კარტერი აღნიშნავს, რომ მისთვის სოციალურ ქსელში "მცენარეთა ექიმიც" უწოდებიათ. მისი თქმით, ნებისმიერი სახლი, რომელშიც მცენარეებია, უფრო მყუდრო და მიმზიდველია: "მწვანე სიცოცხლესთან ერთად თითქოს უფრო მეტად სუნთქავს განსაკუთრებით ისეთი სივრცე, რომელშიც მრავალი უხეში კუთხეა".
კარტერი მცენარეების სიყვარულმა რამდენიმე წლის წინ უეცრად შეიპყრო და 10 ყვავილიდან 50-60 ქოთნის მცენარეზე რამდენიმე თვეში ავიდა. მან მალე თავისი სახლი "შინაურ ჯუნგლებად" გადააქცია და ამ სიტუაციას მისი ცოლი მხოლოდ ახლაღა შეეგუა. კარტერი იმ გრძნობას, რომელმაც მცენარეებით მისი დაინტერესება გამოიწვია, შემდეგნაირად აღწერს: "თავი ისე ვიგრძენი, როგორც ბავშვმა ტკბილეულის მაღაზიაში". ის მცენარეთა მოვლაში ერთგვარ თერაპიასაც ხედავს და ფიქრობს, რომ ცოცხალ არსებაზე ზრუნვა, რომელიც სახლში გყავს, მედიტაციის ან განტვირთვის ისეთი საშუალებაა, რომელიც კვირაში ერთხელ, თუნდაც ორი საათით რეალობისგან სრულად გწყვეტს.
სახლის მცენარეები, გარკვეულწილად, შინაური ცხოველების ყოლას ჰგავს — მათ თქვენთვის სიხარული მოაქვთ, თუმცა, საპასუხოდ, თქვენი სიყვარული და ყურადღება სჭირდებათ. კარტერის თქმით, ყვავილები დეკორაციის უსიცოცხლო ნაწილები არ არიან და ისინი სინათლესა და საკვებს საჭიროებენ. "თქვენ მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ პასუხისმგებლობა აიღოთ ცოცხალ არსებაზე. მაგალითად, თუ ცხოველთა თავშესაფარს მიაკითხავთ, ყველა კნუტს და ლეკვს ხომ არ წამოიყვანთ სახლში? არა, თქვენ მხოლოდ ერთ ძაღლს აიყვანთ და არა — ათს. თუ გადაწყვეტთ, რომ უამრავი მცენარე შეიძინოთ, მაგრამ მათი მოვლა არ გეცოდინებათ, საბოლოოდ, ძალიან დამწუხრდებით და ბევრ ფულსაც გაფლანგავთ". კარტერი აღნიშნავს, რომ "მცენარეები თავად მიგახვედრებენ, თუ, მაგალითად, სინათლე არ ჰყოფნით". რა რჩევას მისცემდა იგი მცენარეების მოყვარულებს? — "მიჰყევით სინათლეს და უფრო გაგიმარტივდებათ, გახდეთ მცენარის მშობელი".
უამრავ ადამიანს სწორედ ეს სურს. ლონდონის ბაღის მუზეუმი, რომელიც ბრიტანეთის ბაღების კულტურისა და ისტორიის შემნახველია, რეგულარულად მართავს გამოფენებს, სახლის მცენარეთა ძალიან პოპულარულ ბაზრობებს, სემინარებს და ატარებს კვლევებსა თუ ვორკშოპებს. მუზეუმის სასწავლო ხელმძღვანელი, ჯენინ ნელსონი BBC-ის უყვება, რომ სახლის მცენარეები, განსაკუთრებით კი, გვიმრები და პალმები, პოპულარული იყო ვიქტორიანულ პერიოდში: "ეს ტენდენცია მცენარეთა შეგროვებისა და მოგზაურობისადმი ინტერესს დაემთხვა". დიდ ბრიტანეთში პირველი "საბაღო ცენტრი" მხოლოდ ომის შემდგომ პერიოდში, 1950-იან წლებში გაიხსნა, განსაკუთრებით პოპულარული კი 1970-იან წლებიდან გახდა. "1970-იანი წლებიდან, ცენტრალური გათბობის წყალობით, სახლები საკმარისად თბილი იყო მცენარეების უფრო დიდი მრავალფეროვნების მოსაყვანად", — ამბობს ნელსონი.
ნელსონი იხსნებს, რომ ის 1970-იანებში იზრდებოდა და სახლში უზარმაზარი მონსტერა ჰყავდათ, რომელიც ჭერს რომ მისწვდა, შემდეგ მის გასწვრივ გააგრძელა ზრდა. მისი ძმა კი ავოკადოს მსგავს მცენარეებს პირდაპირ კურკებიდან ახარებდა. ნელსონის აზრით, სახლის მცენარეები იმ დროს პოპულარული "კარგი ცხოვრების" თუ ბუნებასთან დაბრუნების იდეისა და ზოგადად იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი იდეალიზმის გამო იყო. მომდევნო თაობებისთვის ბაღების ნაკლებობამ და ქალაქში ცათამბჯენების მომატებამ ბუნებასთან კავშირის გაწყვეტა გამოიწვია. ასეთ დროს სახლის მცენარეები მასთან კვლავ დაკავშირების საშუალებად იქცა.
"ემოციური კუთხით, მცენარეები სასარგებლოა ჩვენი მენტალური კეთილდღეობისთვის. მათი საშუალებით აგრეთვე შესაძლებელია თქვენი კულტურული წარმომავლობის წარმოჩენა თუ დღესასწაულების გახსენება", — აღნიშნავს ნელსონი.
ის ციტირებს სუ სტიუარტ-სმიტის ახლახან გამოცემულ წიგნს, კარგად განაშენიანებულ გონებას: "ავტორს მაგალითად მოჰყავს კვლევა, რომლის თანახმადაც, სახლის მცენარეების გარემოცვა ან ბუნების პეიზაჟების ყურება ადამიანებს უფრო მეტად გულუხვი და სანდო გადაწყვეტილებების მიღებისა და კომუნიკაბელურობისკენ უბიძგებს. იგი აღწერს ერთ ქალს, რომელმაც რამდენიმე კაქტუსის მოვლა დაიწყო და აღმოაჩინა, რომ ეს პროცესი ერთობ თერაპიული და სამკურნალო იყო. ის ასევე წერს, რომ მცენარეები ადამიანებივით არიან, მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ. თქვენ გარეშე ისინი ვერ იცოცხლებენ".
კომენტარები