როგორ დავიწყოთ ჭადრაკის თამაში — წესები და გზამკვლევი
ჭადრაკი ერთ-ერთი უძველესი ინტელექტუალური თამაშია, რომელიც აზროვნებისა და ლოგიკის განვითარების ძალიან კარგ შესაძლებლობას იძლევა და რომელშიც ერთმანეთთან ორგანულადაა შერწყმული ხელოვნების, მეცნიერებისა და სპორტის ელემენტები.
განურჩევლად იმისა, ცოტა ხნის წინ ლაზიერის გამბიტი ნახეთ და ამან გაგიჩინათ ჭადრაკისადმი ინტერესი თუ, უბრალოდ, უკვე დიდი ხანია, ჭადრაკის სწავლა გსურთ და საშველი ვერ დაადგით, ეს პატარა გზამკვლევი შეეცდება, რაც შეიძლება მოკლედ და მარტივად აგიხსნათ ჭადრაკის წესები და მოგცეთ თამაშის დასაწყებად საჭირო ცოდნა.
1. დაფა, ფიგურები და სვლები
როგორც ზემოთ მოცემულ ფოტოზე ხედავთ, ჭადრაკის დაფა მუქი და ღია ფერის 64 (8x8-ზე) უჯრისგან შედგება. მოთამაშეებს შორის დაფის დადებისას ორივე მოთამაშისთვის ქვედა მარჯვენა კუთხეში აუცილებლად უნდა იყოს თეთრი უჯრა.
ფიგურები ლაგდება დაფის პირველ ორ ხაზზე. მეორე ხაზს მთლიანად ავსებენ პაიკები, პირველ ხაზზე კი დაფის ორივე გვერდის კუთხიდან ცენტრისკენ განელაგებიან ეტლი, მხედარი და კუ ამავე თანმიმდევრობით. დარჩენილი ორი ცენტრალური უჯრიდან ლაზიერი იდება მისივე ფერის უჯრაზე, ხოლო მეფე — მეორეზე.
ჭადრაკის ფიგურები მარცხნიდან მარჯვნივ: პაიკი, ეტლი, მხედარი, კუ, ლაზიერი, მეფე.
ფოტო: The House of Staunton
ჭადრაკი ორ მოთამაშეს შორის მიმდინარეობს და თამაშის დასაწყისში ორივეს ჰყავს საკუთარი მეფე, ლაზიერი, 2 ეტლი, 2 მხედარი, 2 კუ და 8 პაიკი. თამაშს ყოველთვის იწყებენ თეთრები (თუ ვინ რომელი ფერი იქნება, ეს მონეტის აგდებით ან ოპონენტის ხელში დამალული პაიკის ფერის ამოცნობით წყდება), შემდეგ კი მოთამაშეები მონაცვლეობით ახორციელებენ სვლებს. მოთამაშეს ერთ სვლაზე მხოლოდ ერთი ფიგურის გადაადგილება შეუძლია (გამონაკლისია როქი, რომელსაც მოგვიანებით ავხსნით).
თუკი მოთამაშის ფიგურა გზად მეტოქის ფიგურას ხვდება, ის მას იყვანს (კლავს) და აყვანილი ფიგურა დაფიდან გადის, სვლა კი მთავრდება. ყველა ფიგურა იყვანს იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც შეუძლია გადაადგილება (გამონაკლისია პაიკი, რომელსაც მოგვიანებით ავხსნით). მოთამაშეებს არ შეუძლიათ საკუთარი ფიგურების აყვანა ან სხვა ფიგურის მათი გავლით გადაადგილება.
2. პაიკი
ფოტო: Lichess
ფოტო: Lichess
პაიკი ჭადრაკის ყველაზე მარტივი და, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ფიგურაა, თუმცა, სინამდვილეში, მას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.
პაიკებს მხოლოდ ვერტიკალურად და წინ შეუძლიათ გადაადგილება — სხვა ფიგურებისგან განსხვავებით, რომლებსაც უკან დაბრუნებაც ძალუძთ. კონკრეტული პაიკით პირველი სვლის განხორციელებისას მისი წინ წაწევა შეგიძლიათ ერთი ან ორი უჯრით, თუმცა ამის შემდეგ თითოეულ სვლაზე მისი წინ წაწევა მხოლოდ ერთი უჯრითაა შესაძლებელი.
ვერტიკალურად გადაადგილების მიუხედავად, პაიკებს მეტოქის ფიგურის აყვანა მხოლოდ დიაგონალურად შეუძლიათ. ანუ, ვთქვათ, თუ პაიკს წინ თავისუფალი სივრცე აქვს, მას შეუძლია, წინ წაიწიოს, თუმცა თუ მეტოქის ფიგურა უდგას პირისპირ, მას ვერ აიყვანს. ფიგურის ასაყვანად ის ერთი უჯრის დაშორებით უნდა იდგეს დიაგონალურად.
პაიკის გარდასახვა
თუკი პაიკი მოახერხებს, დაფას ბოლომდე გაივლის და მის მოპირდაპირე მხარეს აღმოჩნდება — ანუ მეტოქის პირველ ხაზზე — ის გარდაისახება და ხდება სხვა ნებისმიერი ფიგურა, მეფის გარდა: ეტლი, მხედარი, კუ ან ლაზიერი (არ აქვს მნიშვნელობა, სხვა მსგავსი ფიგურები ცოცხალია თუ არა). თამაშში შეუზღუდავი რაოდენობით შეიძლება პაიკების გარდასახვა.
3. კუ და ეტლი
ფოტო: Lichess
ფოტო: Lichess
კუ (პირველი სურათი) ნებისმიერი რაოდენობის უჯრით გადაადგილდება დიაგონალურად, ოთხივე მიმართულებით.
ეტლი (მეორე სურათი) ნებისმიერი რაოდენობის უჯრით გადაადგილდება ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად, ოთხივე მიმართულებით.
4. მხედარი
ფოტო: Lichess
ფოტო: Lichess
მხედარი ჭადრაკის ერთადერთი ფიგურაა, რომელსაც სხვა ფიგურებზე "გადახტომა" შეუძლია. სხვა ფიგურებისგან განსხვავებით, მხედარს გზა არ ებლოკება, თუკი მასა და მის საბოლოოდ დანიშნულებას შორის საკუთარი ან მეტოქის ფიგურებია განლაგებული.
მარტივად თუ ვიტყვით, მხედარს L ფორმის მიმართულებით შეუძლია მოძრაობა. ის გადაადგილდება მისგან ოთხივე შესაძლო მიმართულებით, ამ კანონზომიერებით: ორი უჯრა წინ და ერთი გვერდით.
მართალია, მხედარს გზად სხვა ფიგურები არ აბრკოლებენ, მაგრამ მას არც მათი აყვანა შეუძლია: ის მეტოქის ფიგურას იყვანს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს ფიგურა მისი საბოლოო დანიშნულების უჯრაზეა განლაგებული.
5. ლაზიერი
ფოტო: Lichess
ფოტო: Lichess
ლაზიერი, ანუ დედოფალი, ჭადრაკის ფიგურებს შორის ყველაზე ძლიერი და მოქნილია. ის კუსა და ეტლის მოძრაობებს აერთიანებს: მას შეუძლია ნებისმიერი მიმართულებით გადაადგილდეს — დიაგონალურად, ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად — ნებისმიერი რაოდენობის უჯრით.
შენიშვნა: შეგახსენებთ, რომ ლაზიერები თამაშის დასაწყისში მათი შესაბამისი ფერის უჯრაზე თავსდება, თეთრი თეთრზე და შავი — შავზე.
6. მეფე
ფოტო: Lichess
ფოტო: Lichess
მეფე, მისი სახელის მიუხედავად, საკმაოდ შეზღუდული და მოწყვლადი ფიგურაა, თუმცა — ყველაზე მნიშვნელოვანი. სწორედ საკუთარი მეფის დაცვასა და მეტოქის მეფისთვის შეტევაზეა აგებული მთელი ჭადრაკი.
მეფეს ნებისმიერი მიმართულებით შეუძლია გადაადგილება, ოღონდ მხოლოდ ერთი უჯრით. თუმცა, გარდა ამისა, მეფე ვერ გადავა იმ უჯრაზე, რომელსაც მეტოქე უტევს (ანუ რომელზეც მეტოქეს შეუძლია ფიგურის აყვანა).
7. ქიში
ფოტო: Lichess
ფოტო: Lichess
როგორც უკვე ვთქვით, მეფე ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა და მეტოქის მიზანია, სწორედ მასზე მიიტანოს შეტევა. ჭადრაკში "ქიში" ეწოდება ისეთ მდგომარეობას, როდესაც მეტოქის ფიგურა ისეთ პოზიციაზეა, საიდანაც შეუძლია, შემდეგ სვლაზე მეფეს შეუტიოს.
ქიშის ქვეშ ყოფნის დროს მოთამაშის სვლები შეზღუდულია: მან აუცილებლად უნდა გააკეთოს ისეთი სვლა, რომელიც მეფეს ქიშისგან დაიცავს. მაგალითად, როგორც მეორე სურათზე ხედავთ, გაწიოს მეფე (სურათზე ამის გაკეთება მარცხნივ შეიძლება); აიყვანოს მეტოქის ის ფიგურა, რომელიც მის მეფეს ემუქრება (სურათზე ამის გაკეთება მხედარს შეუძლია); ან ქიშს ჩააფაროს სხვა საკუთარი ფიგურა (სურათზე ამის გაკეთება კუს შეუძლია).
8. შამათი
ფოტო: Lichess
ფოტო: Lichess
თუ მეფე ქიშის ქვეშაა და არ შეუძლია მისგან თავის დაღწევა — ანუ ვერც თვითონ მეფე გაიწევა, ვერც რომელიმე ფიგურა ჩაეფარება ქიშს და ვერც იმ ფიგურის მოკვლა ხერხდება, რომელიც ქიშს აკეთებს — მაშინ ეს არის შამათი და თამაში სრულდება.
მაგალითად, ზედა პირველ სურათზე თეთრების სვლაა. თეთრების ლაზიერს შეუძლია, ერთ სვლაში დააშამათოს შავების მეფე, რასაც აკეთებს კიდეც. მეორე სურათზე ხედავთ, რომ ლაზიერი მეფეს ქიშით ემუქრება და არ აძლევს გადაადგილების საშუალებას, თვითონ კი მხედრის მიერაა დაცული, ამიტომ მეფე მას ვერ იყვანს. თამაში მთავრდება თეთრების გამარჯვებით.
8. სპეციალური სვლა: როქი
ფოტო: Lichess
ფოტო: Lichess
როქი ჭადრაკის ერთადერთი სვლაა, რომელიც ერთდროულად ორი ფიგურის გადაადგილების საშუალებას იძლევა. როქის დროს მეფე ორი უჯრით გადაადგილდება იმ ეტლის მიმართულებით, რომელთანაც როქს აკეთებს, ის ეტლი კი მეფის მეორე მხარეს, გვერდითა უჯრაზე დგება.
მიუხედავად ამისა, როქის გასაკეთებლად საჭიროა, თამაშში შემდეგი პირობები იყოს დაკმაყოფილებული:
- მეფე არ უნდა იყოს გამოძრავებული თამაშის განმავლობაში.
- როქის დროს მეფე არ უნდა იყოს ქიშის ქვეშ.
- როქით გადაადგილებისას მეფე არ უნდა გადიოდეს ისეთ უჯრებს, რომლებსაც მეტოქე უტევს, და არც მეფის დანიშნულების საბოლოო უჯრა უნდა იყოს ქიშის ქვეშ.
- მეფესა და იმ ეტლს შორის, რომელთანაც ის როქს აკეთებს, არ უნდა იყოს სხვა ფიგურები (არც საკუთარი და არც მეტოქის).
- ის ეტლი, რომელთანაც მეფე როქს აკეთებს, არ უნდა იყოს გამოძრავებული თამაშის განმავლობაში.
როქის გაკეთება მეფეს ორივე კუთხის ეტლთან შეუძლია. მეფის მხარეს (მარჯვნივ) გაკეთებული როქი "მოკლე როქია", დედოფლის მხარეს (მარცხნივ) კი — "გრძელი როქი". განურჩევლად იმისა, თუ რომელ მხარეს გაკეთდება როქი, მეფე ყოველთვის ორი უჯრით გადაადგილდება. აქვე აღვნიშნავთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, როქის დროს მეტოქის ფიგურა უტევს თუ არა ეტლს.
9. სპეციალური სვლა: აყვანა გავლით
პაიკებზე კი უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ მათი სვლების უცნაურობები ჯერ არ დასრულებულა. არსებობს პაიკის გადაადგილების კიდევ ერთი წესი, რომელსაც "En Passant", იგივე "აყვანა გავლით", ეწოდება.
როდესაც პაიკი თავის პირველ სვლაზე წინ ორი უჯრით გადაადგილდება ისე, რომ მეტოქის პაიკის გვერდით აღმოჩნდეს, მეტოქის ამ პაიკს შეუძლია, აიყვანოს მტრის პაიკი, თითქოს ის მის დიაგონალურად იდგეს (და არა — გვერდით).
სხვაგვარად თუ ვიტყვით, პაიკი ამ დროს შეეცადა, "ბრძოლის ველს" გასცდომოდა და ერთის ნაცვლად ორი უჯრით წასულიყო წინ, როცა ერთი უჯრით წინ წასვლის შემთხვევაში მეტოქის პაიკს მისი აყვანის შესაძლებლობა ექნებოდა. ამ პატარა "ოინის" მიუხედავად, მეტოქის პაიკს ახლა მაინც შეუძლია მისი აყვანა, ოღონდ ეს უნდა ქნას დაუყოვნებლივ, ანუ უშუალოდ მომდევნო სვლაზე. თუ მეტოქე ამას მყისიერად არ იზამს (ანუ პირველი პაიკის მიერ სვლის გაკეთებისთანავე) და რამე სხვა სვლას გააკეთებს, ის შემდეგ სვლებზე კარგავს ამ პაიკის "გავლით აყვანის" უფლებას.
შენიშვნა: დაიმახსოვრეთ, რომ "გავლით აყვანისას" ამყვანი პაიკი დგება არა იქ, სადაც აყვანილი პაიკი იდგა, არამედ მის უკან, ერთი უჯრით ქვემოთ, თითქოს აყვანილი პაიკი წინა სვლაზე ორის ნაცვლად ერთი უჯრით წამოწეულიყოს წინ და იქ აეყვანოს.
10. პატი, ანუ ყაიმი
ფოტო: Lichess
ფოტო: Lichess
იშვიათად, მაგრამ ჭადრაკის პარტია ზოგჯერ პატითაც — ყაიმის ერთ-ერთი ფორმით — მთავრდება. პატი ისეთი მდგომარეობაა, როდესაც მოთამაშე ქიშის ქვეშ არაა, მაგრამ არცერთი ფიგურით სვლის გაკეთების საშუალება არ აქვს.
მაგალითად, პირველ სურათზე თეთრების სვლაა. ქიში არ არის, თეთრ პაიკს მეფე ეფარება და გადაადგილება არ შეუძლია, თეთრ მეფეს კი სვლის განხორციელების შესაძლებლობა არ აქვს, რადგან მის მარცხენა ზოლს მთლიანად ლაზიერი ემუქრება და ლაზიერივე არ აძლევს შავი კუს აყვანის საშუალებას. თამაში მთავრდება პატით.
მეორე სურათზე თეთრებმა ლაზიერი წაწიეს წინ. ახლა შავების სვლაა და შავ მეფეზე ქიში არ არის, მას კი ყველა შესაძლო წასასვლელს თეთრების ლაზიერი უკეტავს. თამაში მთავრდება პატით.
გარდა ამისა, არსებობს თამაშის ყაიმით დასრულების რამდენიმე სხვა მიზეზიც:
- თუ მოთამაშეები შეთანხმდებიან ყაიმზე და შეწყვეტენ თამაშს;
- თუ დაფაზე აღარ არის შამათისთვის საკმარისი ფიგურები (ვთქვათ, დარჩენილია მხოლოდ მეფე მეფის წინააღმდეგ ან მეფე და კუ მეფის წინააღმდეგ, რითაც შამათი არ ჩაისმება);
- თუ ერთი და იგივე პოზიცია დაფაზე სამჯერ გამეორდება;
- თუ ზედიზედ 50 სვლა ისე განხორციელდება, რომ არცერთ მოთამაშეს არ აუყვანია მეტოქის ფიგურა და არ გაუკეთებია სვლა პაიკით.
11. ზოგადი სტრატეგია
ჭადრაკი ზედმეტად კომპლექსური სტრატეგიული თამაშია საიმისოდ, რომ მოგებისთვის საჭირო ყველა შესაძლო ტაქტიკა ერთ პატარა სტატიაში განვიხილოთ, თუმცა, რახან ეს გზამკვლევი დამწყები მოთამაშეებისთვისაა, რამდენიმე პატარა და საჭირო რჩევას მაინც გაგიზიარებთ.
ფიგურების ფასები და მათი გამოყენება
პირველ ყოვლისა, თამაშისას უნდა გაითვალისწინოთ თითოეული ფიგურის ფასი. მართალია, დიდწილად ყოველთვის გენდომებათ საკუთარი ფიგურის დაცვა, მაგრამ საჭიროა იმის ცოდნა, თუ რომელს რა ფასი აქვს, რათა თამაშისას პრიორიტეტები სწორად გადაანაწილოთ.
პაიკი ყველაზე სუსტი ფიგურაა და მისი ღირებულება 1 ერთეულია. თუმცა აქ გასათვალისწინებელია პაიკის მდებარეობაც. ცენტრალური პაიკები, როგორც წესი, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კიდეში მდგომი. გარდა ამისა, ერთმანეთის გვერდით მდგომ პაიკებს უკეთ შეუძლიათ ერთმანეთის დაცვა, ხოლო ცალკე, სხვებისგან მოწყვეტით მდგომი პაიკი კიდევ უფრო მოწყვლადი და სუსტია. ასევე რაც უფრო უახლოვდება პაიკი გარდასახვის უჯრას, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება ის (მართალია, პაიკის გარდასახვა ნებისმიერ ფიგურად შეიძლება, მაგრამ, როგორც წესი, ლაზიერი ყველაზე ძლიერი არჩევანია).
სხვა ფიგურების ფასი პაიკის ფასთან მიმართებით განიხილება:
- კუ და მხედარი თანასწორი ფიგურებია და თითოეულის ფასი 3 პაიკია (თუმცა, ბევრის აზრით, კუ ცოტათი უფრო ძვირადღირებულია. ცხადია, გააჩნია, ვის როგორი თამაშის სტილი აქვს);
- ეტლი 5 პაიკის ტოლია;
- ლაზიერი ყველაზე ძლიერი ფიგურაა და მისი ფასი 9 პაიკია;
- მეფე ფასდაუდებელია;
გარდა ამისა, ეცადეთ, რაც შეიძლება სწრაფად გამოიყვანოთ ფიგურები საწყისი პოზიციებიდან და ჩართოთ თამაშში. თუკი ფიგურა ჩაიკეტა და ვერ ჩაერთო შეტევასა თუ დაცვაში, მისი ფასი მხოლოდ ციფრად დარჩება. "ბრძოლის ველის" ეპიცენტრში რაც უფრო მეტი ფიგურა გეყოლებათ გამოყვანილი, მით მეტი სვლის შესაძლებლობაც გაგიჩნდებათ და თქვენი შეტევაც უფრო ნაყოფიერი იქნება.
მეფის დაცვა
არ დაგავიწყდეთ, რომ ჭადრაკის თამაშის მთავარი მიზანი მეფეზე იერიშია. როგორც თქვენ ცდილობთ მოწინააღმდეგის მეფის გამომწყვდევას, იგივე მიზანი აქვს მეტოქესაც, ამიტომ ზედმეტად არ გადაერთოთ შეტევაზე და საკუთარი მეფე დაუცველი არ დაგრჩეთ — შეიძლება ძალიან ახლოს იყოთ მეტოქის დაშამათებასთან, მაგრამ თუ ჯერ თქვენ დაგაშამათეს, თამაშს წააგებთ.
როგორც წესი, დაფის კუთხეში მეფე უფრო უსაფრთხოდაა ხოლმე, ამიტომ დროულად გააკეთეთ როქი. ასე მეფესაც უფრო დაცულად ამყოფებთ და თქვენი ეტლიც ჩაერთვება თამაშში.
ცენტრის კონტროლი
ჭადრაკში დაფის ცენტრის კონტროლი ერთ-ერთი მთავარი რამაა. ეცადეთ, თქვენი პაიკები და ფიგურები ცენტრში იყოს მოქცეული, რადგან აქედან მათ უფრო მეტი გასაქანი და შესაძლებლობა მიეცემათ, მეტოქეს კი უფრო გაუჭირდება საკუთარი ფიგურებისთვის კარგი უჯრის პოვნა.
ფოტო: Lichess
მაგალითად, მარჯვნივ მოცემულ სურათზე თეთრებმა ცენტრალური პაიკების წინ წაწევით ცენტრზე გავლენა დაიპატრონეს, როცა შავმა კუთხეების პაიკები წამოწია და და ცენტრზე გავლენა საერთოდ აღარ აქვს. გარდა ამისა, შავების მხედარი ცენტრის ნაცვლად კუთხეშია გამოყვანილი, საიდანაც ძალიან მწირი შესაძლებლობები აქვს და მხოლოდ ოთხ უჯრაზე მიუწვდება ხელი, როცა თეთრების მხედარი ცენტრშია გამოსული და ერთდროულად 8 უჯრას აკონტროლებს.
ერთობლივად მოქმედების ძალა
კარგად დააკვირდით დაფას და იპოვეთ ადგილები, რომლებშიც სუსტი ხართ და გჭირდებათ პოზიციის გაუმჯობესება. პოზიციის გასაუმჯობესებლად ჩართეთ ახალი ფიგურები თამაშში და თუ ხედავთ, რომ მეტოქე შეტევაზე გადმოდის, გააძლიერეთ დაცვა (ან გადადით კონტრშეტევაზე — ბოლოს და ბოლოს, ტყუილად არ უთქვამს, რომ საუკეთესო დაცვა შეტევაა). შეეცადეთ, თქვენი ძალა მთელს დაფაზე თანაბრად იყოს გადანაწილებული.
ასევე შეეცადეთ, თქვენი ფიგურები ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული და ერთმანეთს იცავდეს. მხოლოდ ერთი ფიგურით შეტევაში გადასვლა ისე, რომ ის თქვენი მთავარი ძალისგან მოწყვეტილი იყოს, ბევრს არაფერს მოგცემთ და, სავარაუდოდ, მალევე მოგიწევთ უკან დახევა და სვლის დაკარგვა. რამდენიმე ფიგურის ერთდროულად გამოყენებას, როგორც წესი, უკეთესი შედეგი აქვს ხოლმე, ვიდრე მხოლოდ ერთი ფიგურისას.
12. თამაში
მორჩა! ახლა უკვე იცით ჭადრაკის თამაშის საწყისები და დროა, ეს ახალი უნარ-ჩვევები თამაშში გამოსცადოთ. წესებში გარკვევის შემდეგ ჭადრაკის უკეთ გაგებისა და უკეთეს მოთამაშედ ქცევის საუკეთესო გზა სწორედ პრაქტიკაა.
თუკი სახლში არ მიგიწვდებათ ხელი ჭადრაკთან ან მისით დაინტერესებულ მეტოქესთან, შეგიძლიათ, თამაში ონლაინ სცადოთ. ამისთვის საკმაოდ კარგი პლატფორმებია Chess.com და Lichess.org. სურვილის შემთხვევაში ამ ვებსაიტებზე უშუალოდ თამაშის გარდა ჭადრაკის სხვადასხვა დასაწყისებს, ტაქტიკებსა და სტრატეგიებსაც შეისწავლით. შეგიძლიათ, ჯერ შედარებით სუსტი და დამწყებებზე გათვლილი კომპიუტერის წინააღმდეგ ითამაშოთ, ნელ-ნელა კი გაზარდოთ მისი სიძლიერე ან სხვა ონლაინ მოთამაშეებს დაუპირისპირდეთ.
თუ ჭადრაკით დაინტერესებულ რომელიმე მეგობარი გყავთ, რომელმაც თამაში ჯერ არ იცის, მასაც გაუზიარეთ ეს სტატია და ერთმანეთის პირველი მეტოქეები გახდით!
კომენტარები