საკარაში ფარაონ რამზეს II-ის კარზე მომუშავე პირის აკლდამა აღმოაჩინეს
ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეების სამინისტრომ 30 ოქტომბერს განაცხადა, რომ საკარაში (დასახლებული პუნქტი ეგვიპტეში) 3 200 წელზე მეტი ხნის აკლდამა აღმოაჩინეს, რომელიც ეგვიპტის ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ფარაონის კარზე მომუშავე მაღალი თანამდებობის პირისთვის აშენდა.
სამარხში აღმოჩენილი წარწერების მიხედვით პტა-მ-ვია — ადამიანი, რომელიც აკლდამაშია დამარხული, არაერთ თანამდებობას იკავებდა. იგი ფარაონ რამზეს II-ის მმართველობის პერიოდში (1279-1213 ძვ.წ.აღ.) საგანძურისა და მესაქონლეობის მთავარი ზედამხედველი იყო. სამინისტროს განცხადებაში არქეოლოგები აღნიშნავენ, რომ ფარაონმა ამ პერიოდში ეგვიპტის ტერიტორიები დღევანდელ სირიამდე გააფართოვა. იგი ასევე ცნობილი იყო მისი სამშენებლო საქმიანობით, მათ შორის კარნაკის ტაძრის გაფართოებით. პტა-მ-ვია საგანძურის ზედამხედველი მოჭრილი მონეტების გამოგონებამდე საუკუნეებით ადრე იყო — იმ დროს ხალხი გადასახადებს სავაჭრო საქონლით, პროდუქტით ან ძვირფასი ლითონებით იხდიდა.
პტა-მ-ვიას აკლდამის ნარჩენებში არქეოლოგებმა მთელი რიგი კედლის მხატვრობები აღმოაჩინეს — მათზე მწყემსები იყვნენ გამოსახულნი, რომლებიც საქონელს და სხვა ცხოველებს სასაკლაოსკენ მიერეკებოდნენ. ეს სცენა, შესაძლოა, პტა-მ-ვიას თანამდებობასთან — როგორც მეცხოველეობის ზედამხედველთან ყოფილიყო დაკავშირებული. აღსანიშნავია ისიც, რომ აკლდამაში ადამიანის ნარჩენები ჯერ არ აღმოუჩენიათ.
რამდენიმე გრავიურაზე გამოსახული იყო კაცი, სავარაუდოდ პტა-მ-ვია. ერთ-ერთ მათგანზე იგი რამდენიმე ქილისა და ობიექტის უკან ზის, რომელიც რქას ჰგავს.
მკვლევრები ამჟამად გრავიურის თავზე არსებულ იეროგლიფებს შიფრავენ, რომლებიც, მის მოვალეობებთან ერთად მიანიშნებს, რომ პტა-მ-ვიას მოვალეობაში ასევე შედიოდა "ღვთაებრივი მსხვერპლშეწირვები" რამზეს II-ის მიერ თებეში (დღევანდელი ლუქსორი) აშენებულ ერთ-ერთ ტაძარში. ფარაონმა თავისი მმართველობის დროს თებეში რამდენიმე ტაძარი ააგო ან გააფართოვა და ჯერჯერობით ცნობილი არაა, თუ რომელ მათგანში ატარებდა მსხვერპლშეწირვებს პტა-მ-ვია.
გუნდს, რომელმაც აკლდამა აღმოაჩინა, ოლა ალ-აჯიზი, კაიროს უნივერსიტეტის არქეოლოგიის პროფესორი ხელმძღვანელობდა. არქეოლოგები განაგრძობენ აკლდამის და მისი მიმდებარე ტერიტორიის შესწავლას. აღსანიშნავია, რომ საკარაში აქამდე არაერთი არქეოლოგიური ძეგლია აღმოჩენილი. მათ შორისაა 4 700 წლის ჯოსერის პირამიდა.
კომენტარები