რა არის გაუპატიურება და რა წერია კანონში?
თავისუფალი ნებით თანხმობის გარეშე ნებისმიერი სექსუალური ქმედება ძალადობაა. შენი, როგორც ქალის, სურვილი გადამწყვეტია და არავის აქვს უფლება იქამდე განახორციელოს ქმედება, სანამ არ იტყვი, რომ თანახმა ხარ. გარდა ამისა, შენ შეგიძლია გადაიფიქრო და ნებისმიერ დროს თქვა "არა" — თუ პარტნიორი არ გაჩერდება, ეს გაუპატიურებაა. ეს ყველაფერი თითქოს ძალიან ცხადი და მარტივი უნდა იყოს, თუმცა საქართველოს კანონმდებლობა გაუპატიურებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევებს, რომლებსაც ფიზიკური ძალადობაც ახლდა თან ან მოძალადემ მსხვერპლის უმწეობა გამოიყენა.
საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სექსზე თანხმობა არ უნდა იყოს მიღებული ძალადობით, მუქარით ან ისეთი გარემოთი, რაც ჭეშმარიტი ნების გამოხატვის შესაძლებლობას ზღუდავს. ასევე, თუ მსხვერპლი არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ რეალური თანხმობის გამოხატვა შეუძლია, მასთან სქესობრივი კონტაქტი არის დანაშაული. ასეთი მაგალითი შეიძლება იყოს არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა, რომელსაც მოძალადე სარგებლობს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ დუმილი არ არის თანხმობა და ასევე, თანხმობად ვერ ჩაითვლება წინააღმდეგობის გაწევის შეუძლებლობა. ქალის იძულებითი თანხმობა ნამდვილი თანხმობა არ არის და ნამდვილი თანხმობის გარეშე სექსუალური აქტი ძალადობაა.
ყველა ეს ისტორია გამოქვეყნდა Facebook გვერდზე ჯერ მკითხე, რომელიც საფარის ინიციატივით მომზადდა. კამპანია სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლას ისახავს მიზნად და გვერდზე ქვეყნდება როგორც ინფორმაცია კანონმდებლობის შესახებ, ასევე, ქალების ისტორიები.
ქალთა უფლებადამცველები გაუპატიურების დეფინიციის შეცვლას ითხოვენ. შედეგად, თანხმობის არარსებობის გარეშე სექსი დანაშაულად ჩაითვლება და კანონით დასჯადი გახდება.
რა წერია საქართველოში დღეს მოქმედ კანონში?
საქართველოს კანონმდებლობა გაუპატიურებას ძალადობით, ძალადობის მუქარითა და დაზარალებულის უმწეობით ჩადენილ დანაშაულად განსაზღვრავს და არა თანხმობის არარსებობის ელემენტით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, გაუპატიურება არის პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
რატომ არის არსებული დეფინიცია პრობლემური?
ქალთა მოძრაობაში აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის კოდექსში სქესობრივი დანაშაულების დეფინიციები შეზღუდულია, პრაქტიკაში კი სქესობრივ დანაშაულებთან მიმართებით დამკვიდრებულია მეტისმეტად ხისტი, მოუქნელი და საბჭოური მტკიცებულებითი სტანდარტები. შედეგად, სექსუალური ძალადობის უფრო ისეთი ფაქტების დროს ისჯებიან დამნაშავეები, როცა მსხვერპლის სხეულზე ფიზიკური დაზიანებები და სქესობრივი აქტის დამადასტურებელი ბიოლოგიური მასალა არსებობს. უფლებადამცველების თქმით, არსებულ კანონში არ წერია სხვა სქესობრივ დანაშაულებებზე, რაც არსებულ ხისტ მტკიცებულებით სტანდარტებთან ერთად, პრაქტიკაში ხშირად იწვევს გაუპატიურების შემთხვევების დაუსჯელობას და გაუპატიურების დაკვალიფიცირებას უფრო მსუბუქი მუხლით და, აგრეთვე, დამნაშავისთვის მთელი რიგი შეღავათების გავრცელებას.
ქალთა უფლებების საკითხებზე მომუშავეებს მიაჩნიათ, რომ თუ გაუპატიურების დეფინიცია შეიცვლება, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა გაიზრდება.
ბაია პატარაიას თქმით, გაუპატიურების დეფინიცია საერთაშორისო სტანდარტებთან და, მათ შორის, სტამბოლის კონვენციასთან თანხვედრაში არ მოდის. ის აღნიშნავს, რომ კანონის ხარვეზის გამო, ხშირად გამამართლებელი განაჩენი დგება და დამნაშავე დაუსჯელი რჩება, რასაც მსხვერპლზე უარყოფითი ეფექტი აქვს.
"საფარს ძალიან ბევრი საქმე აქვს სქესობრივ დანაშაულებზე და ძალიან გაჭიანურებულად და ნელა მიდის პროცესები. ბრალის წაყენებაზე თავს იკავებენ პროკურორები, სასამართლომდეც კი ჭირს საქმის მიტანა", — ამბობს პატარაია On.ge-სთან.
ფემინისტი აქტივისტი ამბობს, რომ ნებისმიერ ცვლილებას, რომელიც ქალთა სასარგებლოდ ხორციელდება, ყოველთვის წინააღმდეგობა მოჰყვება ხოლმე, რასაც ამ შემთხვევაშიც ელოდებიან.
"აქაც გამოჩნდებიან ოპონენტები, რომლებიც იტყვიან, რომ რთული იქნება იმის გამოძიება, იყო თუ არა თანხმობა დანაშაულში. მაგრამ იმის გამო, რომ გამოსაძიებლად მარტივი შეიძლება იყოს, ჩვენ არ უნდა მოვთხოვოთ გაუპატიურებულ ქალებს, აუცილებლად აცემინონ მოძალადეებს თავი. საერთაშორისო პრაქტიკა არსებობს, რომ სხვა ქვეყნები ახერხებენ გამოძიებას და თუ სხვებს გამოსდით, ჩვენც მოვახერხებთ", — აღნიშნავს პატარაია.
"მარტო მუხლის ცვლილება არაფერს მოგვიტანს"
იურისტ თამარ დეკანოსიძეს მიაჩნია, რომ მარტო დეფინიციის შეცვლით სასურველი შედეგი არ დადგება. ის ამბობს, რომ დეფინიციის შეცვლას გამკაცრებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და საგანმანათლებლო ღონისძიებები უნდა მოჰყვეს, იმის თაობაზე, თუ რა არის და რა არ არის გაუპატიურება. საბოლოოდ კი, ეს ადამიანის უფლებების დარღვევის ასეთი მძიმე შემთხვევების შემცირებას გამოიწვევს.
ორგანიზაცია თანასწორობა ახლას წარმომადგენელი, დეკანოსიძე On.ge-სთან ამბობს, რომ გამოწვევები ცნობიერების კუთხითაც დიდია. იურისტის თქმით, თავად მსხვერპლებსაც გაუპატიურებად მიაჩნიათ უკიდურესად ძალადობრივი ხერხებით ჩადენილი გაუპატიურება და არა, მაგალითად, ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად.
ის ქორწინებაში ყოფნის დროს ჩადენილ გაუპატიურებაზეც ამახვილებს ყურადღებას. დეკანოსიძე ამბობს, რომ ხშირად, არც ასეთ შემთხვევებს მიიჩნევენ გაუპატიურებად და აღიქმება, რომ რადგან ცოლია, ის ვალდებულია და ყოველთვის თანახმაა სექსზე.
დეკანოსიძეც ამბობს, რომ როცა ქალთა მიმართ ძალადობასა და ქალთა უფლებებზე კანონმდებლობის შეცვლა ან ახალი კანონმდებლობის შემუშავება ხდება, ყოველთვის არის შიში, რომ ქალები ამას ბოროტად გამოიყენებენ. იურისტი იხსენებს, რომ ასეთი შიში არსებობდა ოჯახში ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებაზე, რაც არის სტერეოტიპული, სექსისტური და დისკრიმინაციული მიდგომა ქალთა მიმართ.
"კვლევები ცხადყოფს, რომ გაუპატიურებებზე, ისევე, როგორც სხვა სახის დანაშაულებზე, არის ერთნაირი ცრუ შეტყობინების მაჩვენებელი. ეს არის 2-დან 8%-მდე, ზოგადად. რაიმე განსაკუთრებული მაღალი მაჩვენებელი გაუპატიურებაზე ცრუ შეტყობინებების არ არსებობს და ეს მსოფლიო სტატისტიკაა. საქართველოს რაც შეეხება, რადგან სექსუალური ძალადობა სირცხვილს უკავშირდება და საკითხები ტაბუირებულია, აღიქმება, რომ ქალი, რომელიც გაუპატიურების მსხვერპლი გახდა, კარგავს თავის ღირებულებას. ამ სოციალური და კულტურული ნორმების გამო, ქალები ისედაც ძალიან იშვიათად მიმართავენ პოლიციას, არათუ ცრუ შეტყობინებები შეიტანონ", — აღნიშნავს თამარ დეკანოსიძე.
ქალთა მოძრაობის წევრ იდა ბახტურიძის განცხადებით, გარდა იმისა, რომ კანონია პრობლემური, პრაქტიკაში კიდევ უფრო მძიმე ვითარებაა. მისი თქმით, არსებული კანონმდებლობა იმგვარად დამკვიდრდა პრაქტიკაში, რომ გაუპატიურების დამტკიცება ქალისგან ხისტ მტკიცებულებებს მოითხოვს, როგორიც არის ქალის სხეულზე ფიზიკური დაზიანებები ან ბიოლოგიური მასალა.
"ხშირად, პრაქტიკაში გაუპატიურება მძიმე ფიზიკური დაზიანებების გარეშე ხდება. მაგრამ ჩვენი სამართლებრივი პრაქტიკა ასეთ შემთხვევებს სამართლებრივი რეაგირების მიღმა ტოვებს, რაც სერიოზული პრობლემაა. აუცილებელი არაა მაინც და მაინც ძალადობის კვალი ეძიოს სამართალდამცავმა სტრუქტურამ ქალის სხეულზე, მან უნდა გამოიკვლიოს, რამდენად თანხმობით ხდებოდა სექსუალური აქტი", — ამბობს იდა ბახტურიძე On.ge-სთან.
ბახტურიძის აზრით, კანონის შეცვლა არ ნიშნავს იმას, რომ უცებ ყველა ქალი გაუპატიურებაზე ალაპარაკდება, თუმცა ის ფიქრობს, ეს გარკვეულწილად ტაბუებსაც მოხსნის.
ქალთა მოძრაობა მოითხოვს, დასრულდეს სქესობრივი დანაშაულების დაუსჯელობა. ისინი საქართველოს პარლამენტს მიმართავენ, შეიცვალოს გაუპატიურების დეფინიცია (სსკ-ის 137-ე მუხლი) და სტამბოლის კონვენციის შესაბამისად, გაუპატიურებად განისაზღვროს მსხვერპლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა მისი თანხმობის გარეშე.
თანხმობა უნდა განისაზღვრებოდეს, როგორც თავისუფალი, ნებაყოფლობითი, ნამდვილი და მისი არარსებობის დადასტურება კონტექსტის გამოკვლევითა და გარემომცველი გარემოებების გათვალისწინებით უნდა მოხდეს.
სასარგებლო ინფორმაცია:
თუ მოულოდნელად ძალადობრივ სიტუაციაში აღმოჩნდი, გადმოწერილი გქონდეს მობილური აპლიკაცია Safe You. მისი მეშვეობით, შენ ერთი ღილაკის დაჭერით შეძლებ დახმარება სთხოვო მეგობრებს, პოლიციას, არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტებს. გადმოიწერე აპლიკაცია და იყავი დაცული.
პოლიციის გამოძახება შესაძლებელია 112-ზე დარეკვით. ზარი უფასოა. შესაძლებელია 112-ის აპლიკაციის გადმოწერაც, სადაც ღილაკზე SOS დაჭერით პოლიციასთან შეტყობინება შევა და სამართალდამცველები ლოკაციის მიხედვით გიპოვიან. აღსანიშნავია ისიც, რომ არსებობს არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც მსხვერპლებს სხვადასხვა ტიპის დახმარებას უფასოდ სთავაზობენ.
კომენტარები