თხევადი წყალი ორ სხვადასხვა მდგომარეობაში არსებობს — კვლევა
ახალი კვლევა გვიჩვენებს, რომ წყალს ორი სხვადასხვა თხევადი ფორმა გააჩნია და ცივი ტემპერატურის ზემოქმედებისას, შესაძლოა, იგი ერთდროულად ორივე სითხის ფორმით იყოს წარმოდგენილი.
წყალი არამხოლოდ კაცობრიობისთვის, არამედ მთელი პლანეტისთვის აუცილებელ სასიცოცხლო ძალას წარმოადგენს. თუმცა, მიუხედავად მისი თითქმის უსაზღვრო გავრცელებისა, ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი ჟანგაბდისა და წყალბადის ატომების ამ კომბინაციაზე, რაც შედეგად ჯადოსნურ სითხეს გვაძლევს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წყალი შესაძლოა ორ სხვადასხვა თხევად მდგომარეობაში აღმოჩნდეს, რაც მის ერთ-ერთ უჩვეულო თვისებას წარმოადგენს.
მკვლევართა საერთაშორისო გუნდის მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში ჩატარდა ექსპერიმენტები, რომლებშიც მეცნიერები იყენებდნენ რენტგენის ლაზერსა და კომპიუტერულ სიმულაციებს. ამ გუნდში, რომელსაც სტოკჰოლმის უნივერსიტეტის ქიმიური ფიზიკის პროფესორი ანდერდ ნილსონი უძღვებოდა, ასევე მუშაობდა CUNY-ის (ნიუ-იორკის საქალაქო უნივერსიტეტი) პროფესორი ნიკოლას ჯოვამბატისტა, რომელმაც განაცხადა, რომ თხევადი წყლის ორი ბუნების შესახებ მოსაზრება ჯერ კიდევ 30 წლის წინაც გამოითქვა, თუმცა მაშინ, ექსპერიმენტების კომპლექსურობიდან გამომდინარე, ამ "პარადოქსული ჰიპოთეზის" დამტკიცება საკმაოდ რთულ გამოწვევას წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ ყინულის ფორმირება ხდება მაშინ, როცა საერთო მასაში ორივე ტიპის წყალია წარმოდგენილი.
ის სითხე, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ, თხევადი წყლის სწორედ იმ მდგომარეობას წარმოადგენს, რომელშიც თხევადი წყალი არსებობს ნორმალურ პირობებში - 25oC. ახალი კვლევა კი გვიჩვენებს, რომ დაბალ ტემპერატურებზე, დაახლოებით -630C-ზე წყალი ორი განსხვავებული მდგომარეობით ხასიათდება — დაბალი სიმკვრივის მქონე სითხე დაბალ წნევაზე და მაღალი სიმკვრივის მქონე სითხე მაღალ წნევაზე.
"ამ ექსპერიმენტში საინტერესო ის იყო, რომ ჩვენ შევძელით წყალზე რენტგენის სხივებით ზემოქმედება თვალის დახამხამებაში, სანამ იგი გაყინვას მოასწრებდა. შესაბამისად, დავაკვირდით იმ პროცესს, თუ როგორ ხდება წყლის ერთი ტიპის სითხის გარდაქმნა მეორედ", — ამბობს პროფესორი ნილსონი.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ამ ორი განსხვავებული სითხის სიმკვრივეებს შორის სხვაობა დაახლოებით 20%-ა. ამ ორი სითხის გაერთიანება ზეთისა და წყლის შერევის მსგავს პროცესს წარმოადგენს.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ მათმა აღმოჩენამ, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს წყლის მრავალფეროვან გამოყენებაზე სამეცნიერო და ინჟინრული მიზნებით.
"ჯერჯერობით, პასუხგაუცემელი რჩება შეკითხვა იმის შესახებ, თუ როგორი გავლენა შეიძლება მოახდინოს ორი სხვადასხვა სითხის არსებობამ წყალში, კერძოდ, როგორ გავლენას ახდენს ეს ორი სითხე ბიომოლეკულებზე წყლის გარემოში", — ხსნის ჯოვამბატისტა. "ეს შეკითხვები ბიძგს აძლევს შემდეგ კვლევებს, რათა მოხდეს ამ ნარევის გამოყენების შესაძლებლობების შესწავლა".
გარდა CUNY-სა და სტოკჰოლმის უნივერსიტეტისა, კვლევაში მონაწილეობდნენ მეცნიერები კორეის POSTECH უნივერსიტეტიდან, ასევე კორეის PAL-XFEL უნივერსიტეტიდან, კალიფორნიის SLAC ამაჩქარებლის ეროვნული ლაბორატორიიდან და კანადის წმნინდა ფრანცის ხავიერის უნვიერსიტეტიდან.
კომენტარები