საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან კობიაშვილი აცხადებს, რომ მისთვის, ისევე როგორც ყველა ქართველისთვის, ურთულესი აღსაქმელი იყო ნაკრების მარცხი 12 ნოემბერს.

"ჩემთვის, ისევე როგორც ყველა ქართველისთვის, ურთულესი აღსაქმელი იყო 12 ნოემბრის მარცხი. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, პირველად გვქონდა ასეთი დიდი მოლოდინი და შესაბამისად, მატჩის შემდგომი სტრესი და იმედგაცრუება, აღმოჩნდა ყველაზე რთულად და მტკივნეულად გადასატანი. ამ სტრესულ ფონს მოჰყვა მეორე მარცხი", – აცხადებს კობიაშვილი.

მისივე თქმით, მას საქართველოს ნაკრების წარმატების და ჩვენი ფეხბურთელების სჯერა და დარწმუნებულია, რომ არაერთი გამარჯვებაა წინ.

"დღეს შემდეგი თამაშის დღეა. მე მჯერა ჩვენი ფეხბურთელების, მჯერა ჩვენი ნაკრების წარმატების და დარწმუნებული ვარ, ჩვენს ერთგულ გულშემატკივართან ერთად ახალ საკვალიფიკაციო ეტაპს, ახალი შემართებით შევხვდებით და ერთად არაერთ გამარჯვებას ვიზეიმებთ", — წერს კობიაშვილი.

12 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა, აღნიშნული მატჩის მოგების შემთხვევაში, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე წარდგებოდა. ერთა ლიგის მატჩზე საქართველოს ნაკრები დამარცხდა სომხეთთანაც. დღეს ეროვნული ნაკრები ესტონეთს დაუპირისპირდება.