უკვე ერთი წელია მსოფლიომ Covid-19-თან ერთად დაიწყო ცხოვრება — ზუსტად 1 წლის წინ, კორონავირუსით ინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა უხანში, ჩინეთში.

17.22.2019 — 17.11.2020

2019 წლის ნოემბერსა და დეკემბერში ვირუსი მხოლოდ ჩინეთში ფიქსირდებოდა, იანვრის ბოლოს კი, 20-მდე ქვეყანაში. უკვე თებერვლის ბოლოს Covid-19 მსოფლიოს 54 ქვეყანაში ფიქსირდებოდა, მარტში — 202-ში. ამავე პერიოდში, 174-მა ქვეყანამ კორონავირუსით გამოწვეული მინიმუმ 1 სიკვდილის შემთხვევა გამოაცხადა. 2020 წლის აპრილში ინფექციით გამოწვეული სიკვდილიანობის მიხედვით ჩინეთმა მეხუთე ადგილას გადაინაცვლა, პირველ სამეულში კი ევროპის ქვეყნები მოხვდნენ.

ამ პერიოდში Covid-19-ით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იტალიას, დიდ ბრიტანეთს, ესპანეთს, ირანს, ჩინეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, გერმანიას, თურქეთს და რუსეთს ჰქონდა.

ფოტო: https://unstats.un.org/

ინფოგრაფიკაზე ასახულია 2020 წლის მაისში მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების დინამიკა. თვალნათლივ ჩანს, რომ გაზაფხულის ბოლოს ინფექცია მთელს მსოფლიოში იყო უკვე მოდებული.

ფოტო: unstats.un.org

სიკვდილიანობის მაჩვენებლით, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ევროპის ქვეყნები ლიდერობენ, თუმცა ვხედავთ, რომ 2020 წლის მაისში სიკვდილიანობის შემთხვევების მიხედვით მთელს მსოფლიოში მაღალი მაჩვენებელია.

ლოქდაუნი და შეზღუდვები

არ იქნება გასაკვირი, თუ ვიტყვით, რომ პირველი ქვეყანა, რომელმაც საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ჩინეთი იყო. მარტიდან კი ლოქდაუნი გამოაცხადეს საფრანგეთმა, ინდოეთმა, ირლანდიამ, იტალიამ, ახალმა ზელანდიამ, ავსტრიამ, აზერბაიჯანმა, ხორვატიამ, ჩეხეთმა და ა.შ. ყველაზე დიდ ხანს ლოქდაუნი ქათიფში, საუდის არაბეთში გაგრძელდა — 253 დღის განმავლობაში, ასევე, კატარში (251 დღის განმავლობაში), მონტენეგროში (238 დღის განმავლობაში), ლიბიაში (240 დღის განმავლობაში), არგენტინაში (243 დღის განმავლობაში), კოსტა რიკაში კი (239 დღის განმავლობაში).

იტალიაში ლოქდაუნი 70 დღის განმავლობაში გაგრძელდა და ყველას კარგად გვახსოვს მხიარული იტალიელების მიერ აივნებზე შესრულებული კომპოზიციები, რთული პერიოდის დისტანციურად, მაგრამ მაინც ერთად გადატანის მცდელობები.

ფოტო: CGTN.com

ფოტო: The Quint

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ორი თვის განმავლობაში გაგრძელდა — 21 მარტიდან 23 მაისამდე.

ჩვენც, როგორც მთელი მსოფლიო, ჩაკეტვების შედეგების გადააზრებას ახლა ვიწყებთ — უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამსახური, შემოსავალი, გაიზარდა ოჯახში ძალადობის შემთხვევები, ბავშვების ნაწილი დარჩა განათლების მიღმა და ა.შ.

თუმცა, ამის მიუხედავად, კარანტინის დროს გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც სახლიდან მუშაობის შედეგად გამოთავისუფლებული დროის სასარგებლოდ გამოყენება სცადეს — იქნებოდა ეს კულინარიული თავგადასავლები თუ სილამაზის სალონში დაგროვილი ცოდნის სახლში გამოცდა. ზოგმა წერა, ხატვა და სხვა შემოქმედებითი საქმიანობებიც სცადა.

ზაფხული, ინფექციით მიუხედავად, მაინც მშვიდად ამოსუნთქვას ჰგავდა. მოლოდინი, რომ ამ დროს ვირუსი ძალას დაკარგავდა, არ გამართლდა. მოქალაქეების ნაწილის აზრით, არ გამართლდა მათი კიდევ ერთი მოლოდინი — რომ ხელისუფლება ზამთრის სეზონისთვის უკეთ მოემზადებოდა და კორონავირუსის გაზრდილ სტატისტიკას შესაბამისი სისტემით დახვდებოდა.

არ უნდა დაგვავიწყდეს არც მოსახლეობის პასუხისმგებლობა, რადგან ყველაზე მეტად პირბადის ტარების შესახებ მოწოდებები გვესმოდა, თუმცა დასასვენებლად რეგიონში წასული, პირბადიან ადამიანს იშვიათად თუ ნახავდით. შედეგად, საკურორტო სეზონის ბოლოს აჭარის ჩაკეტვა მივიღეთ, სექტემბრიდან დღემდე კი ინფიცირების ახალი შემთხვევები იზრდება — თითქმის ყოველ დღე ახალი ანტირეკორდი გვაქვს. გაზრდილია სიკვდილიანობის მაჩვენებელიც.

ამ ეტაპზე საქართველოში ლოქდაუნი აღარ არის, თუმცა დიდ ქალაქებში 22:00 საათის შემდეგ გარეთ გასვლა არ შეიძლება. ასევე, სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ასევე, ღია სივრცეებში. გარდა ამისა, არ ფუნქციონირებს საბავშვო ბაღები, სკოლები კი, სრულად ონლაინ რეჟიმში გადავიდა.

ვაქცინა და დამაიმედებელი პროგნოზები

9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის ექსპერიმენტული ვაქცინის კვლევის ადრეული შედეგების მიხედვით, ფარმაკოლოგიური კომპანია Pfizer-ისპროდუქტი ძალიან ეფექტიანია.

როგორც ოფიციალურ პრესრელიზშია ნათქვამი, ვაქცინა 90%-ზე მეტ შემთხვევაში ეფექტიანია და იგი აცრილ ადამიანებს კორონავირუსით ინფიცირებისგან წარმატებით იცავს. თუ მაჩვენებლები ასე შენარჩუნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იქნება და მას ბავშვთა ასაკის გეგმიური ვაქცინების (მაგ. წითელას ვაქცინა) ტოლფასი ეფექტიანობა ექნება. აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც კომპანიაში აცხადებენ, კვლევის ამ ეტაპზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს.

გუშინ, 16 ნოემბერს კი, ფარმაკოლოგიურმა კომპანიამ Moderna განაცხადა, რომ კორონავირუსის ექსპერიმენტული ვაქცინის კვლევის ადრეული შედეგების მიხედვით, მათი ვაქცინა თითქმის 95% შემთხვევაში ეფექტიანია და აცრილ ადამიანებს კორონავირუსით ინფიცირებისგან წარმატებით იცავს. აღნიშნული მაჩვენებელი მოიაზრებს მწვავე შემთხვევებსაც.

მიუხედავად ვაქცინის შესახებ კვლევების საიმედო პასუხებისა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განგვიცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის მოლოდინი გაზაფხულამდე არ უნდა გვქონდეს.

დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 55 466 741 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც ყველაზე მეტი, 11 540 461 შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქსირდება. პირველ სამეულში, აშშ-ის გარდა, არის ინდოეთი და ბრაზილია. ევროპიდან ინფიცირების უდიდესი მაჩვენებლები საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიასა და დიდ ბრიტანეთშია. პირველ ათეულში, ასევე, გვხვდება ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, რუსეთი — ინფიცირების 1 971 013 მაჩვენებლიით.

ამჟამად, კორონავირუსით მსოფლიოში 1 334 671 ადამიანია გარდაცვლილი, საიდანაც 252 684 მხოლოდ აშშ-ში დაფიქსირდა.

საინტერესოა, რომ ჩინეთი, რომელიც დაავადების კერად მიიჩნევა, ახლა სტატისტიკურად ინფიცირების მაჩვენებლით მსოფლიოს პირველ 50 ქვეყანაშიც აღარ შედის — ის 64-ე ადგილზეა ინფიცირების ჯამში 86 361 შემთხვევითა და გარდაცვალების 4 634 შემთხვევით. ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში 16 მაისის შემდეგ კორონავირუსით აღარავინ გარდაცვლილა.

კორონავირუსის ინფექციამ მსოფლიოში დიდი ტრაგედია გამოიწვია. Covid-19-მა გამოიწვია უფრო მეტი ადამიანის სიკვდილი, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის შედეგად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში ჯამურად გამოწვეული ადამიანური დანაკარგია.

Covid-19-ით გამოწვეული დანაკარგი დიდია. მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ამასთან მრავალ ქვეყანაში გამოცხადებულმა ლოქდაუნმა გამოიწვია დიდი ეკონომიკური დანაკარგი და რთული ვითარება. მიუხედავად ამისა, ადამიანებმა ვირუსთან ერთად ცხოვრება თანდათან შევძელით და თეორიები იმის შესახებ, რომ კორონავირუსი სრულ კოლაფსს გამოიწვევს, შემცირებულია. წინ რთული ზამთარი გველის, მაგრამ მეცნიერები ვაქცინასთან დაკავშირებით საიმედო პროგნოზებს იძლევიან.

რა მოხდა მნიშვნელოვანი 17 ნოემბერს კორონავირუსამდე

გასული 100 წლის განმავლობაში 17 ნოემბერს მსოფლიოში არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. მაგალითად, 1970 წლის 17 ნოემბერს დაგლას ენგელბარტმა დააპატენტა პირველი კომპიუტერული მაუსი. გარდა ამისა, 2013 წლის 17 ნოემბერს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა გიორგი მარგველაშვილი — სწორედ ამ დღეს იყო მისი ინაუგურაცია. სავარაუდოა, რომ წლების შემდეგ ისტორიულ თარიღებში 17 ნოემბერი უკვე დაიწერება, როგორც კორომავირუსის ინფექციის პირველად დადასტურების დღეც.