COVID-19-ის ანტისხეულების სწრაფი ტესტები არც ისე ზუსტია, როგორც გვეგონა
COVID-19-ის შესახებ ბევრი რამ არ ვიცით. მაგალითად, დანამდვილებით ვერავინ იტყვის რამდენად მძლავრია გამომუშავებული იმუნიტეტი ინფექციისადმი და რამდენ ხანს ძლებს ის. ახალი კვლევა კი აჩვენებს, რომ ანტისხეულების საზომი სწრაფი ტესტები, რომელიც თითიდან აღებული სისხლით კეთდება, არც ისე სანდოა, როგორც მანამდე გვეგონა.
AbC-19 სწრაფი ტესტი, ძირითადად, გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირში გამოიყენება, რომელიც შედეგს 20 წუთში, სპეციალური ლაბორატორიული აღჭურვილობის გარეშე აჩვენებს.
ანტისხეულების მასობროვი შემოწმება ჯანდაცვის ექსპერტებს წარმოდგენას უქმნის იმაზე, თუ პოპულაციის რა ნაწილი ინფიცირდა ვირუსით.
ბრიტანეთის მთავრობამ 75 მილიონი ფუნტის ღირებულების ასეთი ტესტი შეიძინა. ულსტერის უნივერსიტეტის თავდაპირველმა კვლევამ, რომელსაც აკადემიური მიმოხილვა ჯერ არ გაუვლია, აჩვენა, რომ AbC-19-ის სწრაფი ტესტი ცრუ დადებით შედეგებს არ იძლევა და რომ მისი სპეციფიურობა 100 პროცენტია.
ამ შემთხვევაში, სპეციფიურობა ეწოდება ტესტის უნარს, გამოავლინოს ჭეშმარიტი უარყოფითი ნიმუში. როცა ტესტი დადებით შედეგს არასწორად აჩვენებს, ამას ცრუ დადებითი ეწოდება. როცა ტესტი უარყოფით შედეგს აჩვენებს, მაგრამ ნიმუში სინამდვილეში ანტისხეულებს შეიცავს, ამას ცრუ უარყოფითი ეწოდება.
ზემოხსენებული კვლევის მიხედვით, AbC-19 ტესტი ჭეშმარიტ დადებით შედეგს, 97,7% სიზუსტით აჩვენებს. თუმცა, ახალი დამოუკიდებელი კვლევა მიანიშნებს, რომ ტესტის სიზუსტე გადაჭარბებულია.
ბრისტოლის, კემბრიჯის და ვარვიკის უნივერსიტეტების მკვლევრებმა 2 847 ადამიანის სისხლის ნიმუშები შეაგროვეს. აქედან 268-ს PCR ტესტის შედეგად, კორონავირუსი აღმოაჩნდა. ამასთან ერთად მკვლევრებმა 1995 წლის სისხლის დონორების ნიმუშები AbC-19 ტესტით შეამოწმეს (როცა ახალი კორონავირუსი არ არსებობდა).
დამოუკიდებელმა კვლევამ აჩვენა, რომ AbC-19 ტესტის ჭეშმარიტი უარყოფითი შედეგების გამოვლენის სიზუსტე 97,9% იყო, მისი სენსიტიურობის, ანუ ჭეშმარიტი დადებითის გამოვლენის სიზუსტე კი 92,5, თუმცა უფრო ფართო მასშტაბებზე ეს რიცხვი შეიძლება უფრო დაბალი იყოს.
ულსტერის კვლევა ანტისხეულების ტესტების ეფექტიანობის გასაზომად, როგორც ჩანს, განსხვავებულ მეთოდოლოგიას იყენებდა.
"ულსტერის კვლევაში არჩეული იყო კორონავირუსის ანტისხეულებ დადებითი და უარყოფითი ადამიანები", — წერენ კლინიკური ექსპერტები დიპენდერ ჯილი და მარჯ ჯ პონსფორდი. ეს ნიშნავს, რომ ტესტირებისას მკვლევრებმა, მანამდე ჩატარებული ტესტების საფუძველზე, წინასწარ იცოდნენ, ვის ჰქონდა კორონავირუსი გადატანილი და ვის არა.
"ტესტირების ასეთი ექსტრემალური არჩევანი AbC ტესტის გაზვიადებულ სიზუსტეს აჩვენებს".
დამოუკიდებელი კვლევის თანაავტორი რანია მულჩანდანი ამბობს, რომ ყოველი 5 ტესტირებული ადამიანიდან, 1 ცრუ დადებით შედეგს აჩვენებს იმ პირობებში, როცა ტესტირებული პოპულაციის 10 პროცენტი კორონავირუსით არის ინფიცირებული.
ახალი მონაცემები მნიშვნელოვანია. მეცნიერები ამბობენ, რომ "თუ გვეცოდინება რამდენი ტესტი გვაკლია და რამდენი იძლევა ცრუ დადებითს, [ეპიდსიტუაციის შესახებ] უფრო ზუსტი წარმოდგენა გვექნება".
გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადების მიხედვით, ახალი მიგნებები თავდაპირველი კვლევის შედეგებს არ აბათილებს და ანტისხეულების ტესტები სანდოა.
"ეს ანგარიში აჩვენებს, რომ ტესტები გამოიყენება დასაკვირვებლად და მათი მასობრივი გამოყენება არასდროს იგეგმებოდა... რადგან ეს ფაქტი კვლევაში აღნიშნული არ არის, ის შეცდომაში შემყვანია".
განცხადების მიუხედავად, ახალ მიგნებებს შეიძლება სერიოზული მნიშვნელობა ჰქონდეს. არსებობს ბრალდებები, რომ ბრიტანეთის მთავრობამ ახალი მონაცემების გამოქვეყნება განზრახ დააგვიანა, რის გამოც ბრიტანეთის მთავრობის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელია შეტანილი.
კომენტარები