გუშინ Apple-მა ღონისძიება One More Thing გამართა, რომელიც მაკბუქებზე იყო ორიენტირებული. როგორც მოსალოდნელი იყო, სწორედ 10 ნოემბრის ღონისძიებაზე ვიხილეთ პირველი მაკბუქი, რომელიც Apple-ის მიერ შექმნილ პროცესორზე მუშაობს. ეს კომპანიისთვის ისტორიული მომენტია და მეტიც, მნიშვნელოვანი მოვლენა მომხმარებლისთვის, რადგან როგორც Apple-ში აცხადებენ, ARM არქიტექტურაზე დაფუძნებული პროცესორით, MacBook Air წინამორბედებზე 9-ჯერ სწრაფია.

"Apple-ს ყოველთვის სურდა თავისი პროცესორი ჰქონოდა, რათა უფრო ოპტიმიზირებული გაეხადა და ასე ვთქვათ "თავის გემოზე მოეწყო“ ის", — გვიყვება სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტი და კომპიუტერული ინჟინერიის სპეციალისტი, გიორგი გუგეშაშვილი. სტატიის ფარგლებში კი იმ ახალ პროდუქტებზე მოგიყვებით, რომლებიც Apple-მა 10 ნოემბერს წარგვიდგინა. ესენია — Mac Mini, MacBook Air და MacBook Pro. მანამდე კი ღონისძიების მთავარ მოვლენას — პროცესორ M1-ს განვიხილავთ.

პროცესორი

პროცესორი

დღეს Apple-ის უმნიშვნელოვანესი სიახლე M1 ჩიპია. ესაა უშუალოდ Apple-ის მიერ შექმნილი პროცესორი, რომელიც გამოყენებული იქნება Mac-ების მომდევნო თაობებში. M1 არის 5nm-იანი ჩიპი, 16 მილიარდი ტრანზისტორით, 16 ბირთვიანი Neural Engine მანქანური დასწავლის შესაძლებლობებით, Thunderbolt 4-ის მხარდაჭერითა და რვა ბირთვიანი CPU და GPU-ით.

რაც შეეხება სიმძლავრეს, M1-ს აქვს ოთხი მაღალი წარმადობის ბირთვი და ოთხი ენერგოეფექტური. დაბალი წარმადობის ბირთვები ენერგიის ერთ მეათედს მოიხმარენ და მსუბუქი ამოცანებისთვის არიან განკუთვნილი. ამავდროულად, 8 ბირთვიანი GPU არის ყველაზე თანამედროვე ინტეგრირებული გრაფიკული პროცესორი, რომელიც Apple–მა შექმნა და ის იყენებს წამყვანი PC პროცესორების ენერგიას.

„მთავარი პლიუსი ისაა, რომ ასეთი პროცესორი უფრო ოპტიმიზირებული იქნება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სისტემისა და hardware-ის გამო, გაცილებით სწრაფ სისტემას მივიღებთ. უშუალოდ კომპანიისთვის, ეს ერთგვარ კონტროლის მექანიზმადაც გამოდგება. MacBook-ს თუ რამე დაუზიანდა და მისი შეკეთება თავად სცადეთ, არ გამოგივათ. მხოლოდ Apple exchange server-ზე დაკავშირებით იქნება შესაძლებელი ხელახლა მაკის გააქტიურება“, — ამბობს გიორგი გუგეშაშვილი.

  • MacBook Air

M1-ის წყალობით, Apple ამბობს, რომ ახალი MacBook Air 98 პროცენტით სწრაფია, ვიდრე წინა წელს გაყიდული PC ლეპტოპები და ცხრაჯერ უფრო სწრაფი ვიდრე წინამორბედი Air. ის ასევე უფრო სწრაფად ირთვება, აქვს განახლებული Retina Display და თავის წინამორბედებთან შედარებით, გამძლე ბატარეით გამოირჩევა. Apple ამბობს, რომ ბატარეას შეუძლია 18 საათის განმავლობში უწყეტად HD ვიდეოს გაშვება, რაც ექვსი საათით მეტია, ვიდრე აქამდე არსებული მოდელების შესაძლებლობები.

2020 წლის MacBook Air-ის ღირებულება 999 დოლარია და ის ბაზარზე 17 ნოემბერიდან ჩაეშვება. აღსანიშნავია, რომ ეს ფასი არის 7 ბირთვიანი GPU-ს მქონე მოდელისთვის. ისეთი ვერსიის შესაძენად, რომელიც სრულად იყენებს M1 პროცესორს, 1,249 დოლარის გადახდა იქნება საჭირო.

  • MacBook Pro

Apple-ის მონაცემებით, 13 ინჩიანი MacBook Pro აქამდე არსებულ მოდელზე 2.8-ჯერ სწრაფია და სამჯერ ჩქარა მუშაობს, ვიდრე ყველაზე გაყიდვადი ვინდოუსის ლეპტოპი.

მას დატენვის გარეშე, 20 საათის განმავლობაში უწყვეტად შეუძლია HD ვიდეოს გაშვება. ხოლო, M1 პროცესორის გამოყენებით მანქანური დასწავლის ფუნქცია 11-ჯერაა აჩქარებული, ვიდრე ეს აქამდე არსებულ Pro-ში გვხვდებოდა.

ახალი Pro-ს ფასი იწყება 1,299 დოლარიდან. მას აქვს 256 გიგაბაიტიანი მეხსიერება და 8 გბ ოპერატიული. ხოლო, 512 გბაიტიანი მეხსიერებისათვის ფასი 1,499 დოლარს შეადგენს. მისი შეკვეთა უკვე შესაძლებელია და ხოლო მაღაზიებში ის 17 ნოემბერს გამოჩნდება.

აღსანიშნავია, რომ Apple ასევე ყიდის MacBook Pro-სა და Mac mini ვერსიებს არსებული Intel-ის პროცესორებით.

  • Mac mini

Mac mini დაბრუნდა და ის ასევე M1 პროცესორით იქნება აღჭურვილი. Apple ამბობს, რომ მისი ფასი 700 დოლარიდან იწყება. ის 60 პროცენტით უფრო ეფექტურია და სამჯერ უფრო ჩქარა მუშაობს, ვიდრე 2018 წლის მოდელი. ამ მომცრო მოწყობილობის გრაფიკა ექვსჯერ უფრო დახვეწილია. რაც შეეხება მანქანურ დასწავლას, მისი შესაძლებლობები 15-ჯერ არის გაზრდილი.

Mac mini ის ორი ვერსია გამოდის: 256 გბ მეხსიერებით და 8 გბ ოპერატიულით. მისი ფასი 699 დოლარიდან დაიწყება. ხოლო მეორე 512 გიგაბაიტიანი ვარიანტის შეძენა 899 დოლარად იქნება შესაძლებელი. ასევე, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ხელმისაწვდომი იქნება Mac mini-ის Intel-ის პროცესორიანი ვერსიაც.

საბოლოო ჯამში, უნდა ითქვას, რომ პროცესორების კუთხით Apple უკვე დამოუკიდებელი კომპანიაა და მას, ამ მიმართულებით, Intel-თან თანამშრომლობა აღარ სჭირდება. მიუხედავად ამისა, Apple-ს სრულად საკუთარ პროცესორებზე გადასასვლელად რამდენიმე თვე მაინც დასჭირდება.