მეცნიერებმა ჩვენი გალაქტიკის ცენტრიდან მომავალი იდუმალი რადიოსიგნალები დააფიქსირეს
ასტრონომებმა განაცხადეს, რომ მათ ჩვენს გალაქტიკაში რადიოენერგიის ძლიერი ნაკადი დააფიქსირეს. სწრაფი რადიო აფეთქებების, იგივე FRB-ის ხანგრძლივობა ერთ წამზე ნაკლებია, თუმცა იგი მზის გამოსხივებაზე 108-ჯერ უფრო მძლავრია. ასეთი ინტენსივობის მიუხედავად, მათი წარმომავლობა მეცნიერებისთვის დღემდე უცნობი რჩება. საინტერესო ისაა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ეს მოვლენა ჩვენს გალაქტიკაში, ირმის ნახტომში დაფიქსირდა და ვინაიდან იგი ყველაზე ახლო FRB-ია, რაც კი აქამდე შეუჩნევიათ, მათ იმ საიდუმლოს ამოხსნაც შეძლეს, თუ საიდან მოდის ეს ტალღები.
ასეთი ნაკადების დაკვირვება მეცნიერებისთვის ყოველთვის თავსატეხს წარმოადგენდა იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ძალიან მალევე ქრებიან, ძალიან შორს იღებენ სათავეს და მათი გამოჩენის პროგნოზირება, ჯერჯერობით, მკვლევრებისთვის შეუძლებელია. ნათელია, რომ FRB-ები სამყაროს ყველაზე ექსტრემალურ პირობებში უნდა იღებდნენ სათავეს და მათი წყარო შეიძლება მომაკვდავი ვარსკვლავი, ან სულაც უცხოპლანეტელთა ტექნოლოგიები იყოს.
"აღმოჩნდა, რომ რადიოენერგიის ნაკადი სათავეს იღებს მაგნეტარიდან (უკიდურესად ძლიერი მაგნიტური ველის მქონე ნეიტრონული ვარსკვლავი), ან არანეიტრონული ვარსკვლავიდან ძალიან ძლიერი მაგნიტური ველით", — განაცხადეს მეცნიერებმა. მათ ისიც დაამტკიცეს, რომ ეს ნაკადი სხვა გალაქტიკიდან ისევე გამოჩნდებოდა, როგორც ჩვენ ვხედავთ უფრო შორეულ FRB-ებს, რომლებიც ჩვენი გალაქტიკიდან არ იღებენ სათავეს. ეს იმას ნიშნავს, რომ FRB-ები სათავეს სამყაროს სულ სხვადასხვა ნაწილებიდან უნდა იღებდნენ.
"აქამდე ჩვენთვის დიდ საიდუმლოს წარმოადგენდა ის, თუ რას შეეძლო გამოეწვია ენერგიის ისეთი მძლავრი ნაკადის წარმოშობა, როგორსაც ადრე სამყაროს ბევრად შორეულ წერტილებში ვხედავდით", — ამბობს კიოში მასუი, ფიზიკის ასისტენტ პროფესორი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტში, რომელიც FRB-ს ნათების კვლევისას უძღვებოდა გუნდს. "ამჯერად, პირველად მოვახერხეთ ამ ეგზოტიკური მოვლენის დაკავშირება მხოლოდ ერთ ასტროფიზიკულ ობიექტთან".
მოვლენის შემჩნევა დაიწყო 27 აპრილს, როცა მკვლევრებმა ორი ტელესკოპის გამოყენებით დაინახეს რამდენიმე რენტგენული და გამა გამოსხივება, რომელიც ჩვენი გალაქტიკის მეორე ბოლოდან, მაგნეტარიდან მოდიოდა. შემდეგ დღეს, მათ გამოიყენეს ორი ჩრდილოამერიკული ტელესკოპი, რათა ცის გარკვეულ მონაკვეთზე ეწარმოებინათ დეტალური დაკვირვება, და, შეარჩიეს რადიო აფეთქება, რომელიც FRB 200428-ის სახელითაა ცნობილი.
ვინაიდან ეს ირმის ნახტომიდან მომავალი პირველი FRB-ია და ასევე პირველი ნაკადია, რომელიც მაგნეტარს უკავშირდება, ეს მოვლენა ასევე პირველი რადიო აფეთქებაა, რომელიც რადიოტალღების გარდა სხვა სახის ტალღებსაც გამოასხივებს.
კვლევა სულ რაღაც სამი ფურცლისგან შედგება და იგი გუშინ, ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა. იგი ეფუძნება მეცნიერთა საერთშაორისო გუნდის მიერ სხვადასხვა ტელესკოპებიდან აღებულ მონაცემებს. გუნდმა ასევე გაითვალისწინა კანადაში, აშშ-ში, ჩინეთსა და კოსმოსში გაშვებული აღჭურვილობის დაკვირვების შედეგები.
FRB პირველად 2007 წელს აღმოაჩინეს და მისი წარმოშობის საკითხი მალევე გახდა დავის საკითხი მეცნიერებს შორის. აქამდე, ამ მოვლენაზე ჩატარებული თეორიული კვლევის მიხედვით, ყველაზე სავარაუდო წყაროდ მაგნეტარი ითვლებოდა. ეს კვლევა გვთავაზობს, რომ მაგნეტარის მძლავრ მაგნიტურ ველი შესაძლოა ერთგვარი ძრავისავით მუშაობს და მძლავრ ნაკადებს წარმოშობს.
იმის დასამტკიცებლად, რომ FRB-ის წყარო მართლაც მაგნეტარია, მეცნიერები შეეცადნენ ნაკადის ცის ისეთ პატარა მონაკვეთზე დაფიქსირება, რამდენადაც შესაძლებელი იყო. თეორიულად, ამით ასტრონომებს შეეძლოთ პარალელების გავლება FRB-ისა და მათთვის უკვე ნაცნობ მსგავს ასტრონომიულ ფენომენებს შორის.
ეს პირველი კვლევაა, რომელიც გვაწვდის მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ FRB სწორედ მაგნეტართანაა დაკავშირებული. ეს ინფორმაცია კი მეცნიერებს შეიძლება სხვა FRB-ების წყაროს დადგენაშიც დაეხმაროს.
"ჩვენ გამოვთვალეთ, რომ ასეთი ინტენსიური ნაკადის წყარო, რომელიც სხვა გალაქტიკიდან მოდის, იქნებოდა რომელიმე რადიოაფეთქება, ამიტომ ეს მართლაც უფრო დამაჯერებელს ხდის იმ თეორიას, რომლის მიხედვითაც FRB-ის წყარო მაგნეტარია", ამბობს პრაგია ჩავლა, კვლევის თანაავტორი და სადოქტოროს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი მაქგილის უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტში.
ახალმა აღმოჩენებმა შესაძლოა საფუძვლიანად მაინც ვერ ახსნას აქამდე დაკვირვებული ყველა FRB-ის მოვლენა. "ვინაიდან ყველაზე კაშკაშა და აქტიურ FRB-ის წყაროებს შორის დიდი ენერგეტიკული სხვაობაა და ზოგიერთი მათგანის ახსნა შესაძლოა შედარებით უფრო ახალგაზრდა და აქტიური მაგნეტარებით შეძლონ", განაცხადა პოლ შოლცმა, ტორონტოს უნივერსიტეტის ასტრონომიისა და ასტროფიზიკის დანლეპის ინსტიტუტიდან.
თუ მეცნიერები დაამტკიცებენ, რომ FRB-ის წყარო მაგნეტარია, მაინც ბევრი გაურკვევლობა დარჩება ამ საკითხის გარშემო. საჭიროა შესწავლილ იქნას ის მექანიზმი, რომელიც მაგნეტარს FRB-ის სიმძლავრის მქონე გამოსხივების საშუალებას აძლევს და გაიგონ, თუ როგორ შეუძლია მას ერთდროულად ასეთი კაშკაშა, უჩვეულო ნაკადებისა და რენტგენული ტალღების გამოსხივება.
კომენტარები