ეკონომიკა ტექნოლოგიებზე დგას, მას კი უხილავი მეცნიერები ქმნიან

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

კოლექტიური ცოდნა და ინოვაცია

მსოფლიოს არაერთი შესანიშნავი მეცნიერი უნახავს, რომელთა სახელებმაც ადგილი პოპკულტურაშიც იპოვეს. ალბერტ აინშტაინისა და ნიკოლა ტესლას შესახებ ყველამ იცის, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ბევრმა ზუსტად არ იცოდეს, რატომაა მათი სახელები ცნობილი.

არსებობენ ისეთი მეცნიერებიც, რომელთა სახელიც არავინ იცის და ისინი რომ არა, ამჟამინდელ ტექნოლოგიური თუ სამეცნიერო მიღწევებთან ახლოსაც კი არ ვიქნებოდით.

საქმე ისაა, რომ სამეცნიერო გარღვევებს ინდივიდები არ ქმნიან. მასშტაბური პროგრესი მხოლოდ ადამიანების კოოპერაციით მიიღწევა. სამეცნიერო საქმიანობით უზარმაზარი კოლექტიური ცოდნა გროვდება, რომელიც ყველა მკვლევარისთვის შთაგონების წყაროა და ფასდაუდებელია. ამ ცოდნაზე წვდომა ხშირად ისე გვაქვს, რომ არც კი ვაცნობიერებთ. აინშტაინის კვლევებში არისტოტელეს ან პითაგორას ციტირებას ვერ ნახავთ, თუმცა მათ გარეშე არც ზოგადი ფარდობითობა იარსებებდა და არც თანამედროვე მეცნიერება.

პითაგორა და არისტოტელე გვახსოვს მაინც და მათ პირდაპირი გავლენა თანამედროვე სამეცნიერო კვლევებზე, მაინცდამაინც, არ ჰქონიათ. თუმცა, თუ აიღებთ თანამედროვე გამოგონებებს, როგორიცაა სმარტფონი ან კომპიუტერი, აღმოაჩენთ, რომ ისინი უამრავი კომპონენტისგან შედგება. კომპონენტებისგან, რომელიც მეოცე საუკუნის წიაღში იქმნებოდა და კოლექტიური ცოდნის მარაგს უანგაროდ ემატებოდა. დღეს მათი გამოყენებით კომპანიები და მომხმარებლები იღებენ მოგებას და არა ისინი, ვინც რეალურად, ამ ტექნოლოგიამდე მიგვიყვანა.

ამ სტატიის მიზანი სწორედ იმის ჩვენებაა, რომ თანამედროვე "ინოვაციებში" ყველაზე დიდი წვლილი აკადემიურ სივრცეში ჩაკარგულ მეცნიერებს შეაქვთ და არა ცალკეულ ინდივიდებს, სახელმწიფოებსა და კომპანიებს. ახალი ტექნოლოგიებიის მასობრივი წარმოება კი იმიტომაა შესაძლებელი, რომ თავის დროზე, ამ მეცნიერებმა თავიანთი მიგნებები კი არ დააპატენტეს, არამედ უანგაროდ გადმოგვცეს.

ტექნოლოგიის ინოვაციის პრინციპი, ძირითადად, ასეთია: მეცნიერები ერთმანეთს ცოდნას უზიარებენ, ქმნიან პროგრესს, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. კომპანიები და დისტრიბუტორები სამეცნიერო პროცესის შედეგს ფუთავენ, აპატენტებენ და ბაზარზე ყიდიან ისე, რომ იდეის ავტორები და ისინი, ვინც იდეა დააფინანსეს, აქედან ფინანსურ სარგებელს ვერ ნახულობენ, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ამას სტატიაში იხილავთ, თანამედროვე ეკონომიკური ზრდა, მეტწილად, ტექნოლოგიურ და სამეცნიერო ინოვაციებზე დგას და არა რაიმე პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოდელზე.

ეკონომიკის დიდი ნაწილი არ "აღირიცხება"

კლასიკურ ეკონომიკაში, ეკონომიკური ზრდას სამი მთავარი მდგენელი აქვს: სამუშაო ძალა, კაპიტალი და წარმოებისთვის ათვისებული ფართობი. ეს კომპონენტები პირდაპირ არიან ერთმანეთზე გადაჯაჭვული. მაგალითად, სოფლის მეურნეობა რომ ავიღოთ, თუ მიწას მეტი ადამიანი ამუშავებს, წარმოება იზრდება, უფრო მეტი კაპიტალი გროვდება, რაც მეტი ინვესტიციის საშუალებას იძლევა. ასე სამუშაო ძალა იზრდება და ახალი მიწების ათვისება ხდება შესაძლებელი.

ასეთ ეკონომიკაში ზრდა ექსპონენციური მაშინ ხდება, როცა წარმოება ეფექტურად იქცევა. მაგალითად, თუ ადრე სასოფლო სამეორნეო საქმეების შესასრულებლად ცხენები გამოიყენებოდა, მოგვიანებით ტრაქტორების იმპლემენტაცია დაიწყო, ენერგია და ხარჯი დაიზოგა, შესაბამისად, წარმოება ისე გაიზარდა, რომ ადამიანური და ფინანსური დანახარჯი არ გაზრდილა.

ბევრი ქვეყანა ინდუსტრიული და აგრონომიული წარმოების სტადიებს დიდი ხანია გაცდა. მაგალითად, აშშ-ის სიმდიდრე სოფლის მეურნეობაზე ნაკლებად არის დამოკიდებული და ქვეყნის ეკონომიკაში ყველაზე დიდ როლს ფინანსური ინსტიტუტები თამაშობენ. იქნება ეს ფონდები, საბროკერო კომპანიები, ბანკები თუ რამე სხვა. ანუ, მარტივად რომ ითქვას, განვითარებული სამყაროს სერვისების ინდუსტრიაზე დგას და არა ლოკალურ წარმოებაზე.

თუმცა, ეს შესაძლებელი არ იქნებოდა, რომ არა ტექნოლოგიური პროგრესი, რომელსაც მეოცე საუკუნეში დაედო საფუძველი. ეკონომიკურ ზრდაში ტექნოლოგიის როლი ყველაზე ნათლად პირველად MIT-ის ეკონომისტმა, რობერტ სოლოუმ შენიშნა, რომელმაც 1987 წელს ნობელის პრემიაც მიიღო.

მას შემდეგ, რაც განვითარებულ ქვეყნებში სასოფლო სამეურნო საქმიანობა ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს აღარ თამაშობდა, ეკონომიკური ზრდის მხოლოდ ორი მთავარი მდგენელი — სამუშაო ძალა და კაპიტალი დარჩა, რაც მეოცე საუკუნის ეკონომიკურ თეორიაში ეკონომიკური ზრდის მთავარ მდგენელებად რჩებოდა.

თუმცა, სოლოუმ შენიშნა, რომ თანამედროვე ეკონომიკური ზრდა, რომელიც "პროდუქტიულობის ზრდით" (ანუ, გამოსავლიანობის მაქსიმიზაცია, დანახარჯების შემცირებით) იყო განპირობებული, დიდად არც კაპიტალზე და არც შრომით ძალაზე არ იყო დამოკიდებული.

პროდუქტიულობის ზრდის მთავარი კომპონენტი ეგრეთ წოდებული "სოლოუს ნაშთი" აღმოჩნდა, ანუ ეკონომიკური აქტივობის ის ნაწილი, რომელიც ხშირად გათვალისწინებული და რაოდენობრივად გაზომილი არ არის, კერძოდ — ტექნოლოგიური პროგრესი.

სოლოუმ შენიშნა, რომ აშშ-ში 1909-1949 წლებში, შრომის გამოსავლიანობა, პრაქტიკულად, გაორმაგდა. ანუ, ყოველ ნაშრომ 1 საათზე თუ, მაგალითად, კაპიტალი 100$-ით იზრდებოდა, დროის მცირე მონაკვეთში ის 200$-მდე გაიზარდა. სოლოუს დაკვირვებით კი, ამ ეკონომიკური ზრდის დაახლოებით 88%, სწორედ ტექნოლოგიური პროგრესის დამსახურება იყო.

მეცნიერების შავი ყუთი

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-სა და სხვა ქვეყნებშიც ეკონომიკის ბუმი, ისევე როგორც პროდუქტიულობის ზრდა, მეტწილად, შეგვიძლია სოლოუს ნაშთს, ანუ ტექნოლოგიურ პროგრესს მივაწეროთ, მაინც რთულია ტექნოლოგიური პროგრესისა და სამეცნიერო ცოდნის ეკონომიკური მოგებიანობის ემპირიულად აღრიცხვა.

ეკონომისტები მოსე აბრამოვიცი და პოლ დევიდი ამტკიცებენ, რომ 1929-1966 წლებში პროდუქტიულობის ზრდის 84% სოლოუს ნაშთის შედეგი იყო. მეტიც, მათი თქმით, ზრდის მიღმა "შრომის ხარისხის" გაუმჯობესება იდგა, აქ კი უამრავი ცვლადია. მაგალითად, უფრო განათლებული და სპეციალიზირებული სამუშაო ძალა, უკეთესი სამუშაო პირობები და ა.შ.

შრომის ხარისხის, ისევე როგორც განათლების ხარისხის აღრიცხვა საკმაოდ რთულია. მაგალითად, თუ სავაჭრო შეთანხმებები ადრე წერილით ან პირდაპირი შეხვედრებით დგებოდა, ტელეფონის გამოგონების შემდეგ ეს პროცესი უფრო სწრაფი გახდა, რამაც დაზოგა საწვავი, საკანცელარიო დანახარჯები, სამუშაო ძალის ალოკაციის ხარჯები და ა.შ.

მაშინ რა არის ტელეფონის, როგორც გამოგონების ღირებულება? ან როგორ შეიძლება განვსაზღვროთ საშუალო და უმაღლესი განათლების ფასი, რომელიც პროდუქტიულობაზე აისახა. მსგავსი ეკონომიკური ფაქტორების აღრიცხვა ძალიან რთულია და ეკონომიკის სფეროსთვის საკმაოდ არაკონვენციური.

ეკონომისტ ედვარდ დენისონის მტკიცებით, 1929-1982 წლებში პროდუქტიულობის ზრდის 30% დასაქმებულთა უკეთესი განათლების დამსახურებაა. ამას გარდა, იზრდებოდა სამეცნიერო ცოდნაც, რომელიც აისახა მშრომელთა ჯანმრთელობაზე, სიცოცხლის ხანგრძლივობასა და შრომისუნარიანობაზე.

ცნობილი გახდა, რომ აზბესტი მომწამვლელია, სიგარეტის მოწევა მავნეა, შაქარი მავნებელია და ა.შ. ეს ის ინფორმაციაა, რომელიც საჯაროდ გახდა ხელმისაწვდომი და ადამიანებმა თავიანთ ჯანმრთელობაზე დაიწყეს ზრუნვა, რაც ეკონომიკურ გამოსავლიანობაზეც აისახა. როგორ განისაზღვრება ამ ინფორმაციის ღირებულება?

მაგალითად, მეცნიერმა, რომელმაც აღმოაჩინა, რომ აზბესტის მშენებლობებში გამოყენება ადამიანებისთვის მავნეა, ათასობით კომპანიის მოგება არაპირდაპირ გაზარდა. მიუხედავად ამისა, მას შედეგად გაზრდილი მოგებიდან პროცენტი არ მიუღია.

მეცნიერება, როგორც ინვესტორი ყველა ბიზნესში

საგანმანათლებლო ინსტიტუტები ეკონომიკურ ზრდაში ძალიან დიდ როლს თამაშობენ, რაც ტექნოლოგიური და სამეცნიერო პროგრესის ღირებულების განსაზღვრას ნაწილობრივ ამარტივებს.

შემთხვევითი არაა, რომ თანამედროვე ეკონომიკური ზრდა ფორმალური განათლების პოპულარიზაციასთან თანხვედრაშია. განათლებაში ინვესტიცია ფართომასშტაბიანი ეკონომიკური ზრდისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოდგა.

საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტებს და მკვლევრებს შესაძლებლობა ეძლევათ, რომ თავიანთ ინტერესებს მისდიონ. კვლევის წარმოების "თავისუფლება" მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ არავინ იცის რა გამოყენება შეიძლება ჰქონდეს მას მომავალში.

მაგალითად, როცა MIT-ში ტურინგის მანქანებს და ბუნებრივი ენის გენერირებას იკვლევდნენ, მეცნიერებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ მათი მიგნებები კომპიუტერული ენების და საბოლოოდ პერსონალური კომპიუტერების შექმნაში გადამწყვეტ როლს ითამაშებდა. გარკვეული კვლევის ღირებულების წინასწარმეტყველება რთულია, ამიტომ საგანმანათლებლო დაწესებულებები, ზოგადად, სამეცნიერო საქმიანობაში უზარმაზარ რესურსს დებენ ისე, რომ კონკრეტულ ფინანსურ სარგებელს არ ეძებენ.

1930 წელს აშშ-ში უმაღლესი განათლების ხარჯები 632 მილიონ დოლარს არ აღემატებოდა. 1957-ში ამ რიცხვმა 5,7 მილიარდს მიაღწია, 2003-2004 წლებში კი 826 მილიარდს. წარმატებული უმაღლესი განათლებისთვის კარგი სასკოლო განათლების არსებობაც მნიშვნელოვანია.

ჰარვარდის ეკონომისტები ლორენს კაცი და კლაუდია გოლდინი ვარაუდობენ, რომ 1915-1999 წლებში, დასაქმებულთა სასკოლო განათლების ხარისხის გაუმჯობესებამ სრული მშპ-ის ზრდის 10% განაპირობა. განათლების მნიშვნელობაზე ეკონომისტ ჯოელ მოკაირის ციტატა შესაფერისია:

"მოკლე პასუხი კითხვაზე, თუ რატომაა დღეს დასავლეთი ბევრად მდიდარი, ვიდრე 2 საუკუნის წინ იყო შემდეგია: დღეს საზოგადოებამ კოლექტიურად ბევრად მეტი იცის, ვიდრე 2 საუკუნის წინ იცოდა. ეს არ ნიშნავს, რომ ინდივიდი საშუალოდ თავის წინაპრებზე ჭკვიანია".

მეორე მსოფლიო ომის და ცივი ომის პერიოდში, აშშ ტექნოლოგიური ინოვაციის ცენტრი გახდა. იმიტომ, რომ საგანმანათლებლო და სახელმწიფო დაწესებულებებს კარგად ესმოდათ, რამდენად სასარგებლო შეიძლება იყოს კვლევების და ზოგადად განათლების დაფინანსება. დღესაც, განვითარებულ და განვითარებად მსოფლიოში, სამეცნიერო კვლევებში ყველაზე დიდი ინვესტიცია სახელმწიფო სექტორებიდან და ფონდებიდან მოდის.

2004 წელს, აშშ-ში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების თითქმის 2/3 ფედერალური მთავრობის დაფინანსებით დაიწყო. 1976-1995 წლებში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტების ბიუჯეტის 60-70% ფედერალური მთავრობისგან და მისი განშტოებებისგან (CIA, პენტაგონი, სახელმწიფო დეპარტამანეტი) ფინანსდებოდა. 1995 წლისთვის კომპიუტერულ მეცნიერებაში ფედერალური მთავრობა 960 მილიონ აშშ დოლარს დებდა (რაც ინფლაციის გათვალისწინებით, დღევანდელ 1,6 ტრილიონ დოლარს აღემატება).

ბიუჯეტის დიდი ნაწილი, ირიბად თუ პირდაპირ, კომპიუტერების და ინტერნეტის განვითარებას მოხმარდა. ამასთანავე, ახალი ინოვაციების პირველი მყიდველი, ასევე აშშ-ის მთავრობა იყო, რამაც ტექნოლოგია კომერციული სამყაროსთვის ბევრად ხელმისაწვდომი გახადა.

ცხადია, აშშ-ის მთავრობას ინტერესი მხოლოდ კომპიუტერული მეცნიერებისადმი არ ჰქონია. 2000 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ბიოტექნოლოგიური პატენტების ციტირებული კვლევების 70% სახელმწიფოსგან ფინანსდებოდა.

2003 წელს პრეზიდენტ ბუშის ინიციატივით, ნანოტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე კვლევებისთვის 3,7 მილიარდი დოლარი გამოიყო. National Science Foundation-მა თავის დროზე ივარაუდა, რომ ნანოტექნოლოგიების განვითარება გლობალურ ეკონომიკას 2015 წლიდან 1 ტრილიონი აშშ დოლარის მოგებას მოუტანდა. რეალური რიცხვი ამას ბევრად აღემატება.

პატენტებსა და ტექნოლოგიურ ინოვაციებს მიღმა დგანან მეცნიერები, რომელთა კვლევაც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი უფასოდ გახდა და კორპორაციულ სივრცეს მიაღწია. ინოვაციას ერთეულები არასდროს ქმნიდნენ და ინოვაციის მნიშვნელობა, დროთა განმავლობაში, კომერციული სექტორისთვისაც ნათელი გახდა. შესაბამისად, ისეთი კვლევების დაფინანსება, რომლებიც მოკლე ვადაში მოგებას არ იძლევიან, მაგრამ გრძელვადიანი პერსპექტივა აქვთ, ტექნოლოგიური და ინოვაციური კომპანიებისთვის მეტად მნიშვნელოვანი გახდა.

გაზრდილი კორპორატიული ინტერესი მეცნიერებისადმი

2013 წლიდან მოყოლებული, აშშ-ის ფედერალური მთავრობა სამეცნიერო კვლევების 50%-ზე ნაკლებს აფინანსებს. ამჟამინდელი მონაცემებით, კვლევაში მთავრობის დახარჯულ 1 დოლარზე, კორპორაციები 3-ს ხარჯავენ.

ეს ტრენდი უნივერსალური არ არის. ბევრგან, მათ შორის ბრიტანეთში და გერმანიაში, ისევე როგორც აზიის ქვეყნებში, სამხრეთ კორეასა და ჩინეთში, კვლევების ბიუჯეტიდან დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა.

თავის დროზე მიჩნეული იყო, რომ სამეცნიერო კვლევებში მასშტაბური ინვესტიცია კორპორაციებისთვის არამომგებიანი იყო, რადგან მოკლე ვადაში კვლევიდან ფინანსური სარგებლის აღება ხშირად შეუძლებელია. მაგალითად, სანამ კომპიუტერის კომერციალიზაცია შესაძლებელი გახდებოდა, წლები გავიდა და ამაში უზარმაზარი რესურსი დაიხარჯა, ისე, რომ კომპიუტერების პოტენციალს და რეალურ სარგებელს ვერავინ იწინასწარმეტყველებდა. თუმცა, ნელ-ნელა ეს დამოკიდებულება იცვლება.

მეორე მხრივ, მეცნიერული კვლევებისადმი გამოჩენელი კორპორატიული ინტერესი ძირითადად, ფარმაცეპტულ ინდუსტრიაში გაღვივდა. წამლების მწარმოებელი კომპანიების ჯამური ინვესტიცია 2008 წელს 3 მილიარდი დოლარი იყო, 2014-ში კი 8,1 მილიარდი.

კარდიოლოგი სტივენ ნისენი ფარმაცეპტული ინდუსტრიისადმი კორპორატიული ინტერესის ზრდას სკეპტიკურად უყურებს. იმიტომ, რომ მისი თქმით, ხშირად "ინტერესთა კონფლიქტი" წარმოიქმნება.

2006 წელს ნისენი დაეჭვდა, რომ GlaxoSmithKline-ის დიაბეტის ახალი წამალი ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკს წარმოადგენდა. ნისენმა სხვა მეცნეირებთან ერთად წამლის თავდაპირველი ტესტირების მონაცემები გამოითხოვა, თუმცა კომპანიამ მონაცემების გასაჯაროვებაზე უარი თქვა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ კომპანია წამლების უარყოფით ჩვენებებსა და მონაცემებს უბრალოდ არ ასაჯაროებდა, მანამ, სანამ კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი არ იქნებოდა შეტანილი. მაგალითად 2004 წელს, ზემოხსენებული კომპანიის ანტიდეპრესანტის Paxil-ის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი შევიდა. გასაჯაროებულმა ინფორმაციამ ანახა, რომ კომპანიაში იცოდნენ, რომ ანტიდეპრესანტი სუიციდურ ფიქრებს აორმაგებდა, თუმცა სასამართლომდე ეს ინფორმაცია საჯარო არ ყოფილა.

ნისენმა The New England Journal of Medicine-ში კვლევა გამოაქვყენა, სადაც აჩვენა, რომ კომპანიის წამალი პაციენტებში გულის შეტევის რისკს 43%-ით ზრდის, რის შესახებაც კომპანიამ იცოდა, თუმცა ეს ინფორმაცია არ გასაჯაროებულა.

პროგრესი პროგრესის სახელით

თანამედროვე ტექნოლოგიების აღმოცენება, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და გაამარტივა, ძირითადად იმ მეცნიერების დამსახურებაა, რომლებსაც ცნობისმოყვარეობა ამოძრავებდათ და არც იცოდნენ, რომ მათი მიგნებები მომავალში სამყაროს შეცვლიდა.

პითაგორას წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ მისი მიგნებები მომავალში კიბოს დიაგნოსტირებას ან კოსმოსურ მოგზაურობას გაამარტივებდა. იგივენაირად, 50-იან წლებში MIT-ის მეცნიერებს, სავარაუდოდ, არ ეგონათ, რომ მათი დამსახურებით მილიონობით ადამიანი საყვარელი კატის ვიდეოებს ნახავდა ინტერნეტში.

თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესი და შესაბამისი ეკონომიკური ბუმი, რომლითაც მთელი დედამიწა სარგებლობს, დიდწილად მოკრძალებულ ხელფასზე მომუშავე მეცნიერების დამსახურებაა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოპულარულ ფიგურებს ტექნოლოგიურ პროგრესში წვლილი არ შეუტანიათ.

ტექნოლოგიურმა კომპანიებმა, როგორიც თავის დროზე IBM იყო ან როგორიც Apple, Microsoft და Google-ია, აკადემიურ პუბლიკაციებში ჩაკარგული მიგნებების პოტენციალი დაინახეს და "მომავლის" ტექნოლოგია ფართო პუბლიკისთვის ხელმისაწვდომი გახადეს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თანამედროვე პროგრესის არქიტექტორები, ჩვენთვის ძირითადად უცნობი ადამიანები იყვნენ, რომლებიც უნივერსიტეტის ლაბორატორიებში დადიოდნენ და წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ მსოფლიოს ფუნდამენტურად ცვლიდნენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მოხდა შავ ზღვაში — ნავთობპროდუქტის ჩაღვრით გამოწვეული პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფა

გირჩევთ