საქართველოს პარლამენტი აცხადებს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ წევრს, სალომე სამადაშვილს, გიორგი რურუას მონახულების საშუალებას მისცემს, თუმცა, უსაფრთხოების ზომების გამო, მან PCR ტესტირება უნდა გაიკეთოს.

სალომე სამადაშვილმა გუშინ ნმიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, დართოს ნება პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული გიორგი რურუას მოსანახულებლად.

"აღნიშნული თხოვნა პარლამენტის თავმჯდომარემ დააკმაყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, პენიტენციურ სისტემაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს, სალომე სამადაშვილს კოვიდ19-ზე PCR ტესტის გაკეთების შემთხვევაში, უსაფრთხოების წესების დაცვით, შეუძლია გიორგი რურუა მოინახულოს. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სალომე სამადაშვილს არ ეძლევა პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი რურუას მონახულების საშუალება - არასწორია", — აცხადებენ პარლამენტში.

ხოლო სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ გუშინ მას უარი უთხრეს რურუას მოსანახულებლად შესვლაზე, დღეს კი ეს გადაწყვეტილება შეიცვალა.

"რადგან ბევრი ჟურნალისტი მირეკავს, განვმარტავ - მას შემდეგ, რაც რურუასთან შეხვედრის მოთხოვნაზე უარი გავასაჯაროვე, გადახედეს გადაწყვეტილებას და პსრ ტესტის გაკეთების შემთხვევაში დამრთეს ნება. ველოდები ტესტის გაკეთებას და შედეგს", — დაწერა სამადაშვილმა.

გუშინ გიორგი რურუაზე ციხეში თავდასხმა განხორციელდა, ამის შესახებ ინფორმაცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სალომე სამადაშვილმა, ფორმულას ეთერში გაავრცელა. როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განაცხადეს, ინცინდენტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

მათივე განცხადებით, გიორგი რურუა ადვოკატთან ვიზიტის მიზნით გამოყვანილი იყო საკნიდან, რა დროსაც მას თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაზეც, გამოძიება უკვე დაწყებულია.