პომპეიში საოცრად კარგად შემონახული ოთახი აღმოაჩინეს, რომელშიც რომაელი მონები ცხოვრობდნენ
იტალიის ძველი რომაული ქალაქის — პომპეის ნარჩენებში, პომპეის არქეოლოგიური პარკის მიხედვით, უნაკლოდ შემონახული ოთახი აღმოაჩინეს, რომელშიც ერთ დროს მონები ცხოვრობდნენ.
სულ რაღაც 16 მ2 ფართობის მორთულ-მოკაზმულობებს მოკლებულ ოთახში სამი საწოლი, ერთი ფანჯარა, ცხენის აღკაზმულობებით სავსე ხის სკივრი და ქოთანია შემორჩენილი, რომელსაც ტუალეტად იყენებდნენ. როგორც The Guardian იუწყება, აქვე ნაპოვნია ეტლის ტარიც, რაც მიანიშნებს, რომ მონები თავიანთ ოთახს სამუშაო ადგილადაც იყენებდნენ, ბატონის ტრანსპორტის შესაკეთებლად.
ოთახში ნაპოვნი საწოლებიდან ერთ-ერთი ბავშვს ეკუთვნოდა.
არქეოლოგები ოთახის ამ "საოცარ უვნებლობას" ძველი წელთ აღრიცხვით 79 წელს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევას უკავშირებენ, რომელმაც რომაული ქალაქი პომპეი გაანადგურა.
გაბრიელ ზაჩტრიგელმა, პომპეის არქეოლოგიური პარკის გენერალურმა დირექტორმა პომპეის ვებგვერდზე აღმოჩენას უწოდა "ფანჯარა იმ ადამიანების გაურკვეველ რეალობაში, რომლებიც იშვიათად ჩნდებიან ისტორიულ წყაროებში".
მან დაამატა, რომ აღმოჩენა "განსაკუთრებულია" და "იგი ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი აღმოჩენაა" მისი, როგორც არქეოლოგის ცხოვრებაში.
"ნამდვილი საგანძური აქ ადამიანების, ამ შემთხვევაში უძველესი საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი წევრების გამოცდილებაა, ამის უნიკალურ მტკიცებულებას კი ეს ოთახი წარმოადგენს", — განაცხადა ზაჩტრიგელმა.
პომპეის კედლებს გარეთ სივიტა ჯიულიანას ვილა პირველად 2017 წელს გათხარეს და მას შემდეგ აქ რამდენიმე საოცარი აღმოჩენა გაკეთდა, რომელთა შორის არიან სარიტუალო ეტლი და თავლა.
2020 წლის ნოემბერში პომპეის არქეოლოგიური პარკის გუნდმა ვილაში აღმოჩენილი ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად დაღუპული ორი ადამიანის ნაშთები შეისწავლა და მიღებული ინფორმაციით მათი თაბაშირის ასლები შექმნა. ამ აღმოჩენილი ორი სხეულიდან ერთ-ერთი ბატონს უნდა ეკუთვნოდეს, მეორე კი — მონას.
პომპეის ნანგრევები პირველად მე-16 საუკუნეში აღმოაჩინეს, ამჟამად კი დაახლოებით 2 000 მსხვერპლიდან 1 500-ის ნაშთები უკვე ნაპოვნია.
კომენტარები