რა შემთხვევაში ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები
ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ცესკოს მონაცემების მიხედვით, მე-10 მოწვევის პარლამენტში, პროპორციული სისტემით სულ 9 პარტია შევიდა. დღეს, 2 ნოემბერს, ქართული ოცნების გარდა, ყველა პარტიამ, რომელმაც მანდატი მიიღო, ოფიციალურად განაცხადა, რომ უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე. ისინი ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.
On.ge-მ უკვე მოამზადა სტატია იმაზე, რომ მანდატებზე უარის თქმა ახალი პარლამენტის შეკრებასა და მის ლეგიტიმურობას სამართლებრივად პრობლემას ვერ შეუქმნის. ამჯერად ვეცადეთ გაგვერკვია, რა შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე On.ge-სთან ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები მხოლოდ ორ შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს:
"ორივე უკავშირდება პარლამენტის მიერ მთავრობის ვერდაკომპლექტებას: თუ 76 ადამიანი არ გროვდება ადგილზე, ან თუ პარლამენტი შეიკრიბება, მაგრამ მთავრობას ვერ დაამტკიცებს", — ამბობს მენაბდე.
ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ მანდატებზე უარის თქმის შემთხვევაშიც კი, ქართული ოცნება, დიდი ალბათობით, მოახერხებს პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის, ანუ 76 ადამიანის შეკრებას, რომლებიც ცნობენ ახალი დეპუტატების უფლებამოსილებას.
პარლამენტის სრული უფლებამოსილებისთვის საჭიროა წევრების 2/3, ანუ 100 დეპუტატი. ახალი პარლამენტის დამტკიცებისთანავე, ძველი მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას. ამ დროიდან ორი კვირის განმავლობაში, საუკეთესო შედეგების მქონდე პარტიამ, ამ შემთხვევაში ქართულმა ოცნებამ, პარლამენტს უნდა წარუდგინოს პრემიერმინისტრობის კანდიდატი, რომელიც თავის მხრივ, წარადგენს ახალი მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას. ქართულ ოცნებას, მის მიერ წარდგენილი პრემიერმინისტრობის კანდიდატისთვის ნდობის გამოცხადებისთვის სჭირდება პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი — მინიმუმ 76 დეპუტატი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქართული ოცნებას ამდენი დეპუტატი, დიდი ალბათობით, ეყოლება პარლამენტში.
აქედან გამომდინარე, არც ვადამდელი არჩევნების ჩატარების სამართლებრივი საფუძვლების შექმნაა მოსალოდნელი. მაშინ, რა აზრი აქვს ოპოზიციის მოთხოვნას და შესაძლოა თუ არა ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს პოლიტიკური ნების საფუძველზე?
ვახუშტი მენაბდის თქმით, თუ იარსებებს შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილება ქართული ოცნების მხრიდან, შესაძლოა პარლამენტში ხელოვნურად გათამაშდეს მთავრობისთვის ნდობის არმინიჭების პროცედურა. ამის შემდეგ, პრეზიდენტი ვალდებული იქნება დანიშნოს ვადამდელი არჩევნები.
"პრეზიდენტი ვალდებულია დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, ეს არ არის მისი უფლება. ის ვითარება თუ დადგება, რაც კონსტიტუციითაა გათვალისწინებული, მერე ვალდებულია დანიშნოს", — განმარტავს ვახუშტი მენაბდე.
კიდევ ერთი საკითხია ის, რა სისტემით ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის მოთხოვნა დაკმაყოფილდება. ვახუშტი მენაბდის თქმით, სისტემა იგივე იქნება, რაც 31 ოქტომბერს — 120 დეპუტატი პროპორციული სისტემით, 30 კი მაჟორიტარულით. ამასთან, რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში, პარლამენტის ახალი წევრების მანდატი იქნება არა 4-წლიანი, არამედ 2024 წლამდე.
კომენტარები