რა არის ტორენტი და როგორ უნდა მისი გამოყენება?

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა არის ტორენტი?

ტორენტი ფაილების მიმოცვლის (გადმოწერის და სხვისთვის გადასაწერად მიცემის) სისტემაა. მას დიდი ისტორია აქვს და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზაა დიდი ზომის ფაილების გადასაცემად.

დამწყებისთვის სისტემა შეიძლება ჩახლართული ან გაუგებარი ჩანდეს, მაგრამ რეალურად, მისი მოხმარება ძალიან მარტივია. გააგრძელეთ კითხვა და თავად დარწმუნდებით.

ტორენტის გამოყენება ლეგალურია?

რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ ტორენტით ხშირად მოპარული ფილმები, მუსიკა და სხვა არალეგალური მასალა ვრცელდება, ის უბრალოდ ფაილების მიმოცვლის სისტემაა, რომელსაც ვერავინ აკრძალავს. ამაზე უფრო დეტალურად, ცოტა ქვემოთ ვისაუბრებთ.

რა განსხვავებაა “ჩვეულებრივ” გადმოწერასა და ტორენტიდან გადმოწერას შორის?

ტორენტის მთავარი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ გადმოსაწერი ფაილი რომელიმე საიტზე ან ერთ ადგილზე არ ინახება. იგი ე.წ. peer-to-peer პრინციპით მუშაობს, ანუ, ტორენტში ჩართული მომხმარებლები ერთმანეთისგან იწერენ ფაილებს. ნებისმიერი, ვინც ფაილს ჩამოქაჩავს, შემდეგ ამ ფაილს სხვას აწერინებს.

ტორენტის მიდგომით, ყოველი ფაილი უამრავ პატარა ნაკუწად იშლება და გადმოწერისას, ეს ნაკუწები სხვადასხვა მომხმარებლებიდან იქაჩება. ზოგჯერ შეიძლება ერთდროულად რამდენიმე ათეული მომხმარებლიდანაც კი იწერდეს ტორენტი ერთი ფაილის სხვადასხვა ნაწილს, რაც სისტემის განსაკუთრებულ სისწრაფეს და მოქნილობას უზრუნველყოფს. რეალურად კი, ეს პროცესი შეუმჩნეველია — გადმოწერილი ნაწილები საბოლოოდ ავტომატურად “იკვრება” ერთ ფაილად.

ფოტო: On.ge

რა პროგრამით ხდება ტორენტიდან გადმოწერა?

ასეთი პროგრამები ბევრია. მათ ტორენტ-კლიენტებს უწოდებენ. ჩვენ გირჩევთ სინჯოთ uTorrent, რომელიც მსუბუქი, უფასო და მოხერხებულია.

ამ პროგრამის დაყენების შემდეგ, თქვენ შეძლებთ ჩაერთოთ ტორენტის ქსელში და გადმოწეროთ სასურველი ფაილები.

და .torrent ფაილები რას ნიშნავს?

ალბათ შეგხვედრიათ ან გაგიგიათ ე.წ. .torrent ფაილები (ანუ ფაილები, რომელთა სახელიც მთავრდება ".torrent"-ით). ხშირად არის ხოლმე, რომ დამწყები მომხმარებელი შედის ტორენტ-საიტზე, მოქაჩავს ამ .torrent ფაილს და ხელში შერჩება 2-3 კილობაიტის ზომის გაუგებარი რამ, რომელიც არაფრით არ იხსნება.

მარტივად რომ მიხვდეთ, წარმოიდგინეთ, რომ uTorrent არის ბრაუზერი (იგივე, რაც Chrome, Internet Explorer ან Firefox) და ფაილები, რომლის გადმოწერაც გსურთ — არის მისთვის იგივე, რაც ბრაუზერისთვის — საიტები.

ბრაუზერით საიტზე შესასვლელად, მისი მისამართის ცოდნაა საჭირო. uTorrent-ით ფაილის მოსაქაჩადაც საჭიროა ამ ფაილის “მისამართის” ცოდნა. ეს “მისამართები” კი .torrent ფაილებში ინახება. ასერომ, .torrent ფაილები “ნამდვილ” ფაილებს აღწერს (სად დევს, რა ზომისაა, რამდენ ნაწილადაა დაყოფილი) და ამ “ნამდვილი” ფაილის მოსაქაჩად, ჯერ მისი შესაბამისი .torrent ფაილი უნდა მოიპოვოთ, რომელსაც uTorrent-ით გახსნით.

ფოტო: On.ge

სად ვიპოვო .torrent ფაილები?

ასეთი ფაილები ინახება ე.წ. ტრეკერ-საიტებზე (trackers). ბევრი ტრეკერ საიტი არსებობს, ზოგი მათგანი ლეგალურ ფაილებს შეიცავს (მაგალითად ეს, ეს ან ეს), ზოგი კი — არალეგალურს (მაგალითად ეს ან ეს).

გახსოვდეთ, რომ არალეგალური მასალის — “უფასო” ფილმების, მუსიკის, პროგრამების ან წიგნების მოქაჩვა, დანაშაულია. გამოიყენეთ ტორენტი მხოლოდ ლეგალური ფაილების მიმოცვლისთვის.

კარგი, დავაყენე uTorrent და ვიპოვე სასურველი .torrent ფაილი. ახლა?

ახლა უბრალოდ გახსენით uTorrent, აირჩიეთ მენიუდან File → Open Torrent და მოქაჩვების რიგს თქვენი ფაილი ჩაემატება. გაითვალისწინეთ, რომ ნორმალურ სისწრაფეზე ასვლას, დრო სჭირდება. დაელოდეთ, სანამ uTorrent ფაილის ყველა მფლობელს იპოვის და მოთხოვნას გააგზავნის. ასერომ, თუ დაწყებიდან რამდენიმე წამში მოქაჩვა არ დაიწყება, უბრალოდ ცოტა მოიცადეთ.

აი მთელი ამ “რთული” პროცესის მაგალითი.

.torrent-ფაილის მოძებნა:

ფოტო: On.ge

ფაილის ჩაგდება uTorrent-ში:

ფოტო: On.ge

.torrent ფაილის პოვნისას გახსოვდეთ ორი ტერმინი — Seeders და Leechers. სიდერები ეწოდებათ იმ მომხმარებლებს, რომლებმაც უკვე მოქაჩეს ამ .torrent ფაილში აღწერილი “ნამდვილი” ფაილები და ახლა სხვას აწერინებენ საკუთარი კომპიუტერიდან. ხოლო ლიჩერები ეწოდებათ იმ მომხმარებლებს, ვინც ამ მომენტში ქაჩავენ ამ ფაილებს და ჯერ არ დაუსრულებიათ მოქაჩვა.

ფაილის მოქაჩვის პროცესში თქვენ ლიჩერი ხართ. როგორც კი მოქაჩვა დასრულდება, თქვენ შეგიძლიათ გახდეთ სიდერი (ანუ, არ გააჩეროთ ამ ფაილის პროცესი) და მისცეთ სხვებს საშუალება, თქვენგან გადაიწერონ. ან, შეგიძლიათ გამორთოთ ფაილი. ტორენტების ეტიკეტით, კარგია, თუ გადმოწერის შემდეგ “ისიდერებთ”, ანუ, არ გააჩერებთ პროცესს და სხვებსაც მისცემთ გადაწერის საშუალებას. ასეთი ქცევის გარეშე, სისტემა არ იმუშავებს და ვერც თქვენ გადმოწერთ ხოლმე კარგი სიჩქარით.

რატომ იწერება ზოგი ფაილი სწრაფად და ზოგი — ნელა?

გადმოწერის სისწრაფე პირდაპირ არის დამოკიდებული სიდერების რაოდენობაზე. რაც უფრო მეტია სიდერი, მით უფრო მეტი ადგილიდან შეუძლია თქვენს uTorrent-ს ფაილის ნაკუწების წამოღება.

ამიტომ, .torrent ფაილის მოძებნისას, დააკვირდით ხოლმე, რამდენი სიდერი ყავს ამ ფაილს. ერთი და იგივე კონტენტი (ფილმები, მუსიკა ან წიგნები) შეიძლება რამდენიმე სხვადასხვა სახელით იყოს ხოლმე განთავსებული ტორენტ-ტრეკერებზე. ყოველი საიტი აჩვენებს სიდერების რაოდენობას, რაც საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ ფაილის ის ვარიანტი, რომელსაც მეტი სიდერი ყავს და, შესაბამისად, უფრო სწრაფად მოიქაჩება.

სიდერების რაოდენობის კონტროლი ასევე გეხმარებათ თავიდან აიცილოთ ე.წ. ფეიკები (fake). ხშირად არის ხოლმე, რომ ტრეკერ-საიტებზე ყალბ ფაილებს ტვირთავენ არასწორი სახელით. მოქაჩავთ ამ ფაილს, გგონიათ ერთი რამ და საბოლოოდ აღმოჩნდება სხვა რამ — ან ვინმეს ბოროტი ხუმრობა, ან უბრალოდ ვირუსი. სიდერების რაოდენობის კონტროლი კი გეხმარებათ, თავიდან აიცილოთ ასეთი სიტუაციები. როგორც წესი, ყალბ ფაილებს არავინ ასიდირებს 2-3 “ბოროტმოქმედის” გარდა.

ასევე, გადაიკითხეთ ხოლმე ფაილის კომენტარები თავად ტრეკერ-საიტზე. ხშირად, მომხმარებლები კომენტარებშივე წერენ, თუ ფაილს რამე პრობლემა აქვს ან თუ შიგთავსი არ შეესაბამება მის სახელს.

კიდევ რა უნდა ვიცოდე?

ისეთი არაფერი. უბრალოდ, იყავით ფრთხილად, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ საიტზე და მთელ ინტერნეტში. ტორენტი მიმზიდველი ადგილია ვირუსების გამავრცელებლებისთვის და მავნე ხალხისთვის. ამიტომ, აუცილებლად გქონდეთ ჩართული ანტივირუსი, აკონტროლეთ, რას იწერთ და გადაამოწმეთ ხოლმე კომენტარები.

ბოლობოლო — ლეგალურია ტორენტი თუ არა?

ტორენტის გამოყენება ლეგალურია, თუ გამოიყენებთ ლეგალურად. ისევე, როგორც დანის გამოყენება კარტოფილის გასათლელად ლეგალურია, მაგრამ ვინმეს დასაჭრელად — არა.

მართალია, ამ ეტაპზე ქართული პროვაიდერები არ აკონტროლებენ ტორენტის ტრაფიკს და, ბევრი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, არც ჯარიმა მოგივათ არალეგალური ფაილების მოქაჩვისთვის, მაგრამ ქურდობა მაინც ცუდი იდეაა — არ აქვს მნიშვნელობა, ფიზიკურ ნივთს იპარავთ თუ ჩანაწერს. პატივი ეცით საყვარელ შემსრულებელს, მსახიობს ან სცენარისტს და შეიძინეთ კონტენტი ლეგალურად.

მე ვინდოუსის გადაყენება ვიცი და აქ რაღაცეები არასწორად გიწერიათ!

ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენს სტატიებს ექსპერტებიც ეცნობიან. ვიცით, რომ ამ ინსტრუქციაში ბევრი დეტალი გამარტივებულია, რეალურად არც “მისამართებს” შეიცავს .torrent ფაილები, არც ტრეკერების ზუსტი ფუნქცია აგვიხსნია და არც Magnet URL-ებზე გვისაუბრია.

მაგრამ ჩავთვალეთ, რომ დამწყებისთვის ეს ყველაფერი ზედმეტი ინფორმაცია იქნებოდა. თუ ასე არ თვლით და გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ დაამატოთ დამატებითი საკითხები კომენტარებში, ძალიან დაგვავალებთ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. საახალწლო საჩუქრები — ქართული სოციალური საწარმოები, რომელთა პროდუქტებითაც ნებისმიერს გაახარებთ
  2. ოქსფორდის წლის სიტყვად "ტვინის ლპობა" დასახელდა — აი, რას ნიშნავს ეს
  3. მითია თუ რეალობა? — ქვიზი 1956 წლის რეპრესიებზე
  4. ქვიზი: მოგვიყევი შენს მეგობარზე და გეტყვით, რა აჩუქო ახალ წელს
  5. საბა 2024-ის გამარჯვებულები

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"ხორუმით ევროპისკენ" – ამ ლოზუნგით ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოცეკვავეები ხორუმის მწკრივით მსვლელობას მართავენ

"ხორუმით ევროპისკენ" - ამ ლოზუნგით ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან ქართველი მოცეკვავეები…