ვინ იყო ჰომეროსი?
ილიადა და ოდისეა საყოველთაოდ ცნობილი პოემებია, თუმცა მათ შემქმნელზე, ჰომეროსზე, ბევრი არაფერი ვიცით. ისტორიკოსი და მწერალი, დეიზი დანი ტროას ომის აღმწერი პოეტის ვინაობას იკვლევს, რათა გაარკვიოს, სად და როდის ცხოვრობდა ჰომეროსი და, საერთოდაც, არსებობდა თუ არა ის სინამდვილეში.
ტროას ომის დასრულების შემდეგ ბერძენი გმირი, ოდისევსი, სახლში დაბრუნებას ათი ხანგრძლივი წლის განმავლობაში ცდილობდა. ისტორიებს იმის შესახებ, თუ როგორ გააცურა მან ცალთვალა ციკლოპი, როგორ გაექცა კაციჭამია ლესტრიგონებს და როგორ გაუწია წინააღმდეგობა სირენების ცდუნებას ითაკასკენ მიმავალ გზაზე, ჰომეროსის ოდისეაში რამდენიმე ყველაზე დასამახსოვრებელი პასაჟი ეძღვნება. ეს ამბები კი გამოგონილია, მაგრამ სწორედ ისინი წარმოადგენენ მთავარ ღირსებას პოემისას, რომელსაც კაცობრიობა საუკუნეების განმავლობაში მარადიულ ჭეშმარიტებათა დამტევ ტექსტად მიიჩნევს.
ადამიანები საუკუნეების განმავლობაში ცდილობდნენ, აღმოეჩინათ, ვინ იდგა ოდისეასა და მისი წინამორბედის, ილიადას დრომიღმულ ამბავთა უკან. ჰომეროსი, რომლის სახელიც ამ ორ პოემას ავტორად მიეწერება, დღემდე მისტიკურ ფიგურად რჩება. მის გარშემო მრავალი კითხვა არსებობს: ის ნამდვილად ერთი კაცი იყო? თუ "ჰომეროსი" პოეტების დაჯგუფებას ეწოდებოდა? ან იქნებ ის ქალი იყო? (მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს მოღვაწე ნოველისტი, სამუელ ბატლერი, მაგალითად, დარწმუნებული იყო იმაში, რომ თუ ორივე პოემას არა, ოდისეას მაინც ქალი ავტორი ჰყავდა). ყველა ეს კითხვა პასუხგაუცემელია, თუმცა ის დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანტიკური პერიოდის ადამიანთა უმრავლესობა ამ ორ ეპიკურ პოემას ერთი კაცის გონების ნაყოფად მიიჩნევდა.
ახალი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნეში სატირიკოსმა ლუკიანემ პოეტთან შეხვედრის სცენა წარმოიდგინა და ჰომეროსს მისი ნამდვილი ვინაობის შესახებ დაკითხვა მოუწყო. პოეტმა მას გაუცხადა, რომ მრავალი ადამიანის აზრით, მისი სამშობლო ეგეოსის კუნძული ქიოსი, სმირნა ან კოლოფონი იყო, რომლებიც დღევანდელი თურქეთის დასავლეთ სანაპირო ზოლზე მდებარეობენ.
მართალია, ლუკიანეს ეს მონათხრობი მხატვრული ტექსტია და დოკუმენტურ წყაროდ არ გამოდგება, მაგრამ დღევანდელი მკვლევრები მიიჩნევენ, რომ დიდი ალბათობით ჰომეროსის პოემები სწორედ ამ ტერიტორიაზე უნდა შექმნილიყო. პერსონაჟების ბერძნული მეტყველება მეტად ჰგავს იმ უძველეს დიალექტებს, რომლებიც დღევანდელი თურქეთის დასავლეთ სანაპიროსა და მის შორიახლოს მდებარე კუნძლებზე მკვიდრთათვის უფრო იყო დამახასიათებელი, ვიდრე — საბერძნეთის შუაგულში მაცხოვრებლებისათვის.
ჰომეროსის სახელი მსოფლიოს ამ ნაწილთან უხსოვარი დროიდან ასოცირდება. ქიოსის ნიჭიერი პოეტის შესახებ რამდენიმე მწერალი მოგვითხრობს. ძველი წელთაღწიცხვის მეექვსე საუკუნეში კი იმავე ტერიტორიაზე დაარსებულა მსახიობ მგოსანთა ჯგუფი, რომლის წევრებიც თავიანთ თავს "ჰომერიდებს" ან "ჰომეროსის შვილებს" უწოდებდნენ. ადრეულ წყაროებში ასევე ნახსენებია, რომ ჰომეროსი იოსის კუნძულზე ან ქალაქ კიმაში დაიბადა და სმირნაში, დღევანდელი იზმირის ტერიტორიაზე გაიზარდა.
ანტიკური პერიოდის მწერლებს განსხვავებული წარმოდგენები ჰქონდათ ჰომეროსის გარეგნობის შესახებაც. ერთი გაგებით, სიტყვა "ჰომეროსი" ბერძნულად "მძევალს" ნიშნავს, შესაბამისად, ზოგმა იფიქრა, რომ პოემათა ავტორი ტყვე იყო. თუმცა მეორე გაგებით, "ჰომეროსი" "ბრმას" აღნიშნავს. საბოლოოდ, უსინათლო მგოსნის ხატება მრავლისთვის გაცილებით მიმზიდველი აღმოჩნდა. ამ ვერსიის გამამყარებელია ის გარემოება, რომ ოდისეაში ვხვდებით ბრმა, მაგრამ უაღრესად ნიჭიერ პოეტს, სახელად დემოდოკეს, რომელიც თავის პოემას სამეფო კარზე კითხულობს.
ადვილი შესაძლებელია, ჰომეროსის სიბრმავის იდეა მითია, რომელსაც საფუძვლად ის გარემოება უდევს, რომ პოემები თავდაპირველად, ბერძნული დამწერლობის გამოგონებამდე თაობებს ზეპირსიტყვიერად, მგოსანთა შესრულებით გადაეცემოდა. შესაძლოა, ოდისეას პერსონაჟ ბრმა დემოდოკეს მსგავსად, ბერძენი მგოსან-მომღერალი მაყურებლების წინ ამღერებდა ამ ამბებს და შიგადაშიგ, ლექსთწყობის შესანარჩუნებლად, ისეთ მხატვრულ გამოთქმებს იმეორებდა რეფრენად, როგორიცაა ფრაზა, "ღვთის სადარი ოდისევსი".
ილიადა და ოდისეა დაახლოებით ძვ.წ. მერვე საუკუნის დასასრულით ან ძვ. წ. მეშვიდე საუკუნის დასაწყისით თარიღდება. იმ დროისათვის საბერძნეთში წერის კულტურა სულ უფრო სწრაფად იწყებდა გავრცელებას და, როგორც ჩანს, პოემები პირველად სწორედ იმ დროს აქციეს წერილობით ტექსტებად. თუმცა ისიც ცალსახად ნათელია, რომ მათში ისეთი პასაჟებიცაა, რომლებიც დამწერლობის შემოღებამდე პერიოდიდანაა შემონახული.
მაგალითად, ტროას ომის წინარე ისტორიას, რომელშიც ტროას პრინცი პარისი სიყვარულის ქალღმერთ აფროდიტეს ოქროს ვაშლს აძლევს, ჰომეროსი მხოლოდ გაკვრით ახსენებს. შესაბამისად, პოეტს ჰქონდა მოლოდინი, რომ ამ ამბის დეტალები ისედაც ყველასთვის ცნობილი იქნებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პარისის სამსჯავროს ამბავი, სულ მცირე, პოემის წერის თანამედროვე ან უფრო გვიანდელ პერიოდში შეიქმნა.
პოემები, შეასძლოა, უფრო ძველ, გმირთა ეპოქის დროინდელ მოგონებებსაც ინახავდეს. იმ პერიოდის კაცები, მათ შთამომავლებთან შედარებით, მეტად ძლიერებად და შეუპოვრებად არიან დახატულნი. დღეს მრავალ მეცნიერს სწამს, რომ თუ ტროას ომის მსგავსი რამ წარსულში მართლაც მოხდა, ყველაზე სარწმუნოა ვივარაუდოთ, რომ ამ ეპიკური ამბის ისტორიული ფონი გვიანდელ ბრინჯაოს ხანას ემთხვევა, რაც ილიადასა და ოდისეას წერილობით ტექსტად ქცევამდე 400 წლით ადრე იყო.
ქალაქ ტროას დიდებული არქიტექტურის დღემდე შემორჩენილი ნანგრევები მაღალგანვითარებულ ცივილიზაციაზე მიანიშნებს, რომელიც იმ პერიოდის ანატოლიაში ყვაოდა. ტროას თავის ნაგებობების სიდიადით მხოლოდ ის საოცარი სასახლეები შეედრება, რომლებიც მიკენელმა ბერძნებმა პელოპონესის ნახევარკუნძლზე ძვ.წ. 1600-1200 წლებში ააგეს. თუ რატომ ჩამოინგრა მათი ცივილიზაცია ძვ.წ. მეთორმეტე საუკუნეში, მეცნიერებისათვის ჯერ კიდევ დავის საგანს წარმოადგენს.
პოემები შეიცავს ისეთ აღწერებს, რომლებიც სწორედ ამ შორეული ხანის დიდებულებას გადმოსცემს. თუმცა ნაწარმოებებში ისეთი დეტალებიც გვხვდება, რომლებიც შემდგომ პერიოდს მიემართება. მაგალითად, მათში ნახსენებია ღმერთებისთვის ტაძრების აგების ამბავი: ჩვენთვის ცნობილია, რომ ღმერთებისათვის შექმნილი უძველესი ბერძნული ტაძრები ძვ.წ. მერვე საუკუნით თარიღდებიან. ის, რომ ჰომეროსის პოემები ქრონოლოგიურად არეულ-დარეულ ამბებს შეიცავს, ნაწილობრივ შემთხვევითია, — მათში ხომ ნამდვილი მოგონებები და უძველესი წარსულის ნაკვალევი და ფრაზები იყრის თავს, — მაგრამ ნაწილობრივ ეს წინასწარგანზრახულიცაა. მათში აღწერილი ომი უხსოვარ წარსულში მოხდა, ამიტომ სიტყვები და საგნები ამ კიდევ უფრო ადრინდელი ეპოქის თავისებურების წარმოსაჩენადაა შერჩეული.
და მაინც, როგორ ეწერება ამ ყველაფერში ჰომეროსის ფიგურა? თუ დავუბრუნდებით თეორიას, რომლის მიხედვითაც, ჰომეროსი იყო პოეტი, რომელიც დაიბადა სმირნაში და მუშაობდა ქიოსში, მაშინ ჩნდება კითხვა: იყო ის ამბის თავდაპირველი მთხრობელი, რომელსაც პოემების შექმნა თავისი საცხოვრებლიდან ჩრდილოეთით, ტროაში მომხდარმა კონფლიქტმა შთააგონა?
ან იქნებ ჰომეროსი პოემათა შექმნის პროცესს ბოლო ეტაპზე შეუერთდა?
მას შემდეგ, რაც თქმულებანი თაობიდან თაობას ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა, მათი პირველად ჩაწერისას ეს ამბები აუცილებლად უნდა დახვეწილიყო. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჰომეროსი რედაქტორის მოვალეობას ასრულებდა, რადგან მან მემკვიდრეობით გადმოცემულ მასალას საბოლოო ფორმა მისცა და სრულ პოემებად აქცია.
ან იქნებ, სულაც, "ჰომეროსი" ერთგვარი კრებითი სახელია, რომელსაც ასობით წლის განმავლობაში განვითარებული და გამდიდრებული გასაოცარი პოემების ავტორობა მიეწერა, სინამდვილეში კი ისინი ერთ კონკრეტულ პიროვნებას არც შეუმქნია?
ილიადასა და ოდიესას ავტორის ვინაობასთან დაკავშირებით ყველა უფლებამოსილია, საკუთარი აზრი ჰქონდეს. შესაძლოა, ჰომეროსი მართლაც ის პოეტი იყო, რომელმაც დამოუკიდებლად უავტორა ამ ეპიკურ ისტორიებს. შესაძლოა, მან წინაპართაგან გადმოცემული ამბების ძირითადი მონახაზი შექმნა, მის მერე კი სხვა პოეტებმა ზეპირსიტყვიერად კიდევ უფრო გაამდიდრეს თხრობა და რაღაც ეტაპზე საბოლოო ვერსია ტექსტად ჩაიწერა.
მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ჰომეროსს ერთ პიროვნებად ჩავთვლით თუ მრავალ ადამიანად; ბრმა პოეტად თუ შემოქმედებით სულად, რომელიც უხსოვარ დროში მოყოლილი ამბების შეკრების ყველაზე გასაოცარ პროცესს განასახიერებს. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ ჩვენ ამ პოემებს ვფლობთ და მათი ღირებულების დაფასებას დღესაც ვაგრძელებთ. მართლაც, საოცარია, რომ ჰომეროსის პოეზიიდან დღესაც შეგვიძლია იმდენი სიამოვნება მივიღოთ, რამდენსაც ჩვენი წინაპრები იღებდნენ სამი ათასი წლის წინ.
კომენტარები