TV პირველის ჟურნალისტთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას 154-ე მუხლი დაამატა, რაც ჟურნალისტის საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

გლდანში, 39-ე სკოლასთან არსებულ საარჩევნო უბანზე TV პირველის ჟურნალისტი დაშავდა. როგორც ტელევიზიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, უბანზე მთელი დღის მანძილზე დაძაბული სიტუაცია იყო, რა დროსაც, ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს ხელი ხშირად ეშლებოდათ. სავარაუდოდ, ერთ-ერთი დაპირისპირების დროს ჟურნალისტს კამერა მოხვდა.

TV პირველის ჟურნალისტი ჰყვება, რომ დღის განმავლობაში ადგილზე მოქალაქეები ოპოზიციის წარმომადგენლებს სიტყვიერად, ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ და მედიის წარმომადგენლებს საქმიანობის წარმართვაში ხელს უშლიდნენ.