თუ D-ვიტამინის დეფიციტი გაქვთ, ეს ინფექციების მიმართ თქვენს მგრძნობელობაზე გავლენას ახდენს. ამიტომაც, D-ვიტამინის მიღებაზე რეკომენდაციის გაცემის წინააღმდეგი არ ვარ. მას მე თვითონაც ვიღებ

აღნიშნა პანდემიასთან ბრძოლის ამერიკულმა სახემ, ექიმმა ენტონი ფაუჩიმ, მსახიობ ჯენიფერ გარნერის ინსტაგრამ-ლაივში ჩართვისას. აშშ-ს ალერგიისა და ინფექციურ სნეულებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორისგან გაჟღერებული ეს სიტყვები ცოტათი მოულოდნელი გახლდათ, რადგანაც სწორედ ენტონი ფაუჩი იყო ის ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული ფიგურა, ვინც პანდემიის მიმდინარეობისას "იმუნიტეტის გამაძლიერებელი" საკვები დანამატების არაეფექტიანობაზე ხმამაღლა საუბრობდა.

რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, D-ვიტამინს რესპირატორულ ინფექციებთან დაპირისპირების დიდი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ 1930-იან წლებში ბევრი მიიჩნევდა, რომ თევზის ქონს გაციების საწინააღმდეგო ეფექტი გააჩნდა. ამ თემაზე ვრცელი, მეტა-ანალიზი მხოლოდ ახლახანს გამოქვეყნდა (მას ჯეროვანი სამეცნიერო შემოწმება არ გაუვლია და იგი აკადემიურ გამოცემაში ჯერ არ გამოქვეყნებულა) და მიღებული შედეგები ამბივალენტურ განცდებს აღძრავს: მიუხედავად იმისა, რომ D-ვიტამინს მწვავე რესპირატორული ინფექციების წინააღმდეგ რაღაც დამცველობითი ეფექტი გააჩნია, ეს მაინც მცირერიცხოვანი მონაცემია და რაიმეს გადაჭრით მტკიცება სწორი არ იქნება.

D-ვიტამინი ჩვენს ორგანიზმში

D-ვიტამინს ჩვენი ორგანიზმის სწორად ფუნქციონირებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. იგი ჩვენი ძვლების, კბილებისა და კუნთების შემადგენლობაში შედის, ხოლო მისი დეფიციტი ბავშვებში ძვლების დეფორმაციით მიმდინარე დაავადებას, რაქიტს იწვევს. ზრდასრულებში D-ვიტამინის ნაკლებობას ოსტეომალაციის განვითარებამდე მივყავართ.

D-ვიტამინს ზოგჯერ "მზის ვიტამინსაც" უწოდებენ, რადგანაც ეს უკანასკნელი ორგანიზმში მის გამომუშავებაზეა პასუხისმგებელი — მზის სხივის ზემოქმედებით კანში არსებული ქოლესტეროლი D-ვიტამინად გარდაიქმნება. დღის სინათლის გარდა, D-ვიტამინი ჩვენამდე საკვებიდანაც აღწევს, მაგრამ მხოლოდ ამგვარად მისი დღიური დოზის მოპოვება რამდენადმე რთულია. D-ვიტამინი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ცხიმიან თევზსა და კვერცხში გვხვდება. ბაზარზე ასევე გადააწყდებით D-ვიტამინით გაჯერებულ იოგურტს, მარგარინსა და სასაუზმე ბურღულეულს.

D-ვიტამინის დეფიციტი განსაკუთრებით ხშირია იმ მოხუცებში, რომელთაც არტერიული ჰიპერტენზია (ე.წ. "მაღალი წნევა") აწუხებთ. მისი რაოდენობა ჭარბი წონის (BMI >30) შემთხვევაშიც გაიშვიათებულია. აღსანიშნავია, რომ ეს ფაქტორები COVID-19-ის მწვავე მიმდინარეობის რისკებსაც მნიშვნელოვნად ზრდის. შესაძლოა, რომ სწორედ ამგვარი დამთხვევა გახდა იმის მიზეზი, რომ ექიმებმა თუ მეცნიერებმა მიმდინარე პანდემიის პირობებში თავიანთი ყურადღება D-ვიტამინისკენ მიმართეს.

რეალურად, ეს საკითხი ჯეროვან გამოკვლევას ნამდვილად იმსახურებს. ამჟამად საკმარისი არგუმენტაცია არსებობს იმისთვის, რომ მეცნიერებმა ივარაუდონ: ვიტამინი D კორონავირუსის წინააღმდეგ ორგანიზმის პასუხზე გავლენას ახდენს.

ფოტო: GETTY IMAGES

D-ვიტამინი და COVID-19

აქამდეც ცნობილი იყო, რომ D-ვიტამინის მეტაბოლიტები ვირუსის საწინააღმდეგო ბუნებრივ მექანიზმებს აძლიერებენ. საუბარია ანტიმიკრობული პეპტიდების ინდუქციასა და ავტოფაგიაზე. უშუალოდ კორონავირუსულ ინფექციაზე ჩატარებული კვლევები, ჯერჯერობით, მწირია. თუმცა, ერთ-ერთმა მათგანმა D-ვიტამინის მეტაბოლიტის, 1,25 დიჰიდროქსივიტამინი D-ს (ვიტამინის ბიოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტი და სტეროიდული ჰორმონი) ანტივირუსული მოქმედება აღწერა. ასევე ნაჩვენები იყო, რომ D-ვიტამინი, სხვა რესპირატორული ინფექციების შემთხვევაში, ორგანიზმის იმუნოპათოლოგიურ ანთებით რეაქციებს არეგულირებს. ცხოველურ მოდელებზე ნანახი იქნა, რომ ამ უკანასკნელზე დიდ გავლენას რენინ-ანგიოტენზინური სისტემა ახდენს. მისი გადაჭარბებული რეაქცია ექიმებს საშუალებას აძლევს, რომ COVID-19-ის მძიმე მიმდინარეობაზე გააკეთონ პროგნოზი.

ამ ყოველივეს ფონზე, მეცნიერთათვის გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო ის ფაქტი, რომ COVID-19-ით დაღუპულთა სტატისტიკა ეკვატორიდან დაშორებულ ქვეყნებში უფრო მაღალი აღმოჩნდა. ეს სწორედ ის ქვეყნებია, სადაც ზამთარში მზე გაიშვიათებულია და D-ვიტამინის დეფიციტი მოსახლეობისთვის უცხო არ გახლავთ.

კორონავირუსის წინააღმდეგ განვითარებულ იმუნურ პასუხზე ჩატარებულ კვლევებში D-ვიტამინისა და მისი მეტაბოლიტებს შესახებ მსჯელობას უკვე ხშირად გადააწყდებით. 2 თვის წინ გამოქვეყნებული ერთ-ერთი კვლევის თანახმად, D-ვიტამინის დეფიციტი კორონავირუსით ინფიცირების რისკს ზრდის. კლინიკური შემთხვევების ანალიზი ასევე გვიჩვენებს, რომ COVID-19-ის სიმპტომების მწვავედ გამოვლენის ალბათობა ორგანიზმში D-ვიტამინის სიმწირესთან უნდა იყოს კავშირში.

ნაჩქარევი დასკვნების გაკეთებამდე ძალიან მნიშვნელოვანია, უშუალოდ აღნიშნული კვლევების მიერ წარმოდგენილი არგუმენტების სიმტკიცე შევამოწმოთ. საქმე იმაშია, რომ ამ აკადემიური სტატიების უმეტესობა კონკრეტულ შემთხვევათა ანალიზსა და ობზერვაციულ კვლევას წარმოადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ ექიმები თუ მეცნიერები, უბრალოდ, შემთხვევებს აღწერენ და არა მათ მიერ მოფიქრებული კვლევის შედეგებს. შესაბამისად, არსებული შედეგიდან მიზეზის ძიება მარტივი საქმე არ გახლავთ. გადაჭრით რამის სათქმელად რანდომიზირებული, კონტროლირებადი კვლევაა საჭირო და ისიც საკმაოდ დიდ მოცულობაზე, რათა პოპულაციისთვის გამოსაყენებელი რეკომენდაცია იქნეს შემუშავებული. ამ მხრივ მუშაობა უკვე დაწყებულია.

ესპანეთში მკვლევარებმა COVID-19-ით ჰოსპიტალიზირებულ 50 მოხალისეს კალციფედიოლი (D-ვიტამინის აქტიური ფორმა) მისცეს, ხოლო სხვა 26 პაციენტს ისინი საკონტროლო-ჯგუფად იყენებენ (მათ D-ვიტამინი არ მიუღიათ). ამის შემდგომ პაციენტებს ერთნაირი მკურნალობა ჩაუტარდათ, ჰიდროქსიქლოროქინისა და აზითრომიცინის გამოყენებით. როგორც აღმოჩნდა, D-ვიტამინის ჯგუფიდან რეანიმაციულ განყოფილებაში მხოლოდ 1 ადამიანი მოხვდა, მაშინ, როცა საკონტროლო ჯგუფისთვის ეს მაჩვენებელი ნახევარს აღწევდა. მიუხედავად იმისა, რომ კვლევა თავისი მოცულობით ძალიან პატარაა და მას თავისი შეზღუდვებიც გააჩნია, იგი მკვლევარებს ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებისკენ უბიძგებს.

არსებობს ასეთი სამეცნიერო ჰიპოთეზაც, რომ შესაძლოა D-ვიტამიანი COVID-19-ის პრევენციას არ ახდენდეს, მაგრამ მისი დახმარებით ინფექცია იმდენად მსუბუქ ფორმაში მიმდინარეობდეს, რომ სიმპტომები ძალიან ზედაპირულად გამოვლინდეს და შესაბამისი ტესტირებაც კი არ იყოს საჭირო. ჯერ-ჯერობით, ეს მხოლოდ ვარაუდია.

უნდა დავიწყოთ თუ არა D-ვიტამინის მიღება?

ამჟამად, არ არსებობს მაღალი სარწმუნოობის სანდო მტკიცებულება, რომ D-ვიტამინის მიღება კორონავირუსით ინფიცირებისგან გვიცავს. შესაბამისად, COVID-19-ის პრევენციის მიზნით, მისი თვითნებურად მიღება არ შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა "ვიტამინი" ჩვენთვის უვნებელ და სასარგებლო რამესთან ასოცირდება, რეალობა მთლად ასეთიც არ არის. თითოეულ ვიტამინს დანიშვნის ჩვენება და დოზირება აქვს, რაზეც უფრო ზუსტი წარმოდგენა ექიმებს გააჩნიათ. ზედმეტი რაოდენობით D-ვიტამინი სისხლში კალციუმის დონის აწევას უწყობს ხელს, რასაც უარყოფითი გავლენა აქვს ტვინზე, კუნთებზე, გულსა და სხვა ორგანოებზე. ამას ისიც ემატება, რომ მედიკამენტები და ვიტამინები თუ სხვა საკვები დანამატები მარეგულირებლის მიერ განსხვავებულად კონტროლდება. შესაბამისად, მულტი-ვიტანების შეფუთვებზე ნაჩვენები შემცველობა, შესაძლოა, რეალური მონაცემებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს.

ზოგადად, ზამთრის პერიოდში, დღის დამოკლებისა და მზის გაიშვიათების პირობებში, D-ვიტამინის დეფიციტის ჩამოსაყალიბებლად იდეალური პირობები იქმნება. ამას ისიც ემატება, რომ მწვავე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო ბევრი ადამიანი მზის გულზე გასვლისგან თავს იკავებს და დროის უმეტეს ნაწილს სახლში ატარებს. სტატისტიკაც იმაზე მეტყველებს, რომ D-ვიტამინის დეფიციტი ადამიანებისთვის უცხო არ გახლავთ. ამიტომაც, უმჯობესი იქნება, თუ D-ვიტამინის მიღებისა და დოზირების შესახებ კონსულტაციას ოჯახის ექიმთან გაივლით.