1972 წლის თებერვალში, იან-ერიკ ოლსონი ქალაქ ჰელსინბორგში ბინას ქურდავდა, რა დროსაც მას თავზე სახლის მეპატრონე, მოხუცი ცოლ-ქმარი დაადგა. ნანახით შეძრწუნებულმა ასაკოვანმა მამაკაცმა გონება დაკარგა, ხოლო მის მეუღლეს სხვა გზა აღარ დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ ოლსონისთვის ეთხოვა, მეუღლის საგულე პრეპარატი სამზარეულოდან აეღო და მისთვის მიეცა. 31 წლის იან-ერიკ ოლსონმა მოხუცი ქალბატონის თხოვნა შეასრულა და ძარცვა განაგრძო.

1 წლის შემდეგ, სტოკჰოლმის ყველაზე დიდი ბანკის, Sveriges Kreditbank-ის მძევლად აყვანილ მოლარეს, ელიზაბეთ ოლდგრინს, ღამის სიცივეში, საცავის იატაკზე მწოლიარეს კანკალით გაეღვიძება და იგრძნობს, თუ როგორ შემოახვევს ზურგზე თავის თბილ ქურთუკს მძარცველი იან-ერიკ ოლსონი.

"იანი სისასტიკისა და სინაზის ნაზავი გახლდათ. როცა მან თავისი ქურთუკი შემომახვია, მე ის სულ რაღაც ერთი დღის გაცნობილი მყავდა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ იგი მთელი ცხოვრება სწორედ ასეთი იყო", — აღნიშნავს მოგვიანებით ელიზაბეთ ოლდგრინი, როცა შვედეთის ისტორიაში ყველაზე ცნობილი ბანკის ძარცვისა და მძევლების გათავისუფლების ექვსდღიან ოპერაციას გაიხსენებს. მისი განცდების აღსაწერად შვედი ფსიქიატრი, ნილს ბეჟეროტი, ახალ ტერმინს გამოიყენებს: სტოკჰოლმის სინდრომი.

იან-ერიკ ოლსონი ბანკის საცავში, მძევლებთან ერთად

ფოტო: AFP / Getty

ტერმინით "სტოკჰოლმის სინდრომი" იმ მდგომარეობას აღწერენ, როცა მძევალი თავის დამტყვევებელთან მჭიდრო სიახლოვეს გრძნობს და მის მოთხოვნებს თანაუგრძნობს. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ეს დეფინიცია გარკვეულ რეაქციებს კი აღწერს, მაგრამ იგი ფორმალური დიაგნოზი გახლავთ — ფსიქიატრიული დიაგნოზების ნუსხაში (DSM-5) სტოკჰოლმის სინდრომის შესახებ ჩანაწერს ვერ გადააწყდებით. მიუხედავად ამისა, სამართალდამცავები და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მისი განვითარების რისკი კი არსებობს, თუმცა, იგი მაინც იშვიათი მოვლენა გახლავთ. როგორც FBI თავის რეტროსპექტულ კვლევაში აღნიშნავს, მძევლად აყვანილთა 92%-ს სტოკჰოლმის სინდრომის ნიშნები არ უვითარდება.

მძევლად აყვანით გამოწვეული კრიზისის მიმდინარეობაში განსაკუთრებით საშიში სამი პერიოდი გახლავთ:

  • პირველი 15-45 წთ — ირგვლივ დაბნეულობა და პანიკაა;
  • გამტაცებლის ან მძარცველის ჩაბარების მომენტი — დაძაბულობა ორივე მხარეს თავის კულმინაციას აღწევს;
  • სპეცოპერაცია — ეს ცალსახად გულისხმობს, რომ მოლაპარაკების ეტაპმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. ორმხრივ ცეცხლში კი უდანაშაულო მძევლების დაზიანების რისკი განსაკუთრებით მაღალია.

პირველი, დამაბნეველი წუთებიდან ჩაბარების მომენტამდე ან გარდაუვალ სპეცოპერაციამდე, დამტყვევებელი, როგორც წესი, მძევლებს შეგნებულად არ აზიანებს. იგი კარგად აცნობიერებს, რომ ხანგრძლივი მოლაპარაკების დროს ეს უდანაშაულო ადამიანები მისი ძალაუფლების დემონსტრაციის საშუალებაა. მოძალადე უმეტესად საკუთარი მოთხოვნების შესრულებაზეა კონცენტრირებული და იგი, ასევე, კარგად ხვდება, რომ მძევლებისათვის მიყენებული დაზიანება ძალოვან სტრუქტურებსა თუ ხელისუფლებას მის მიმართ განსაკუთრებით უარყოფითად განაწყობს. ასევე, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ასეთ დროს იარაღის დემონსტრაციული გასროლა ძალადობრივი მოქმედების ტენდენციისკენ მიუთითებს და ამგვარი ქცევა მთლიანი სიტუაციის განუსაზღვრელობისა თუ სახიფათოობის ხაზგასმას ემსახურება.

სტოკჰოლმის სინდრომი, სწორედ, ხანგრძლივი მოლაპარაკების ფაზაში ყალიბდება. მისი განვითარების მექანიზმი ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გარკვეული. ფსიქიატრი ფრენკ ოჩბერგი სტოკჰოლმის სინდრომის მკვლევარი და სამართალდამცავი ორგანოების კონსულტანტი გახლდათ. იგი მისი განვითარების სტადიებს შემდეგნაირად ხსნიდა:

უპირველესად, ადამიანები რაღაც სრულიად მოულოდნელი, შემაძრწუნებელი ფაქტის შემსწრენი ხდებიან. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ მოკვდებიან. შემდგომ ინფანტილიზაციის ისეთ მოდელს აწყდებიან, სადაც ბავშვის მსგავსად, ნებართვის გარეშე კვება, საუბარი და ტუალეტში გასვლა ეკრძალებათ.

ამას ემატება დამტყვევებლის მხრიდან კეთილგანწყობის მცირე ელემენტების გამოვლენა (მაგ. საკვების და წყლის მიცემა), რაც მსხვერპლში "სიცოცხლის ჩუქების პრიმიტიული მადლიერების განცდას" აღძრავს.

"მძევლები მძლავრ, პრიმიტიულად პოზიტიურ ემოციებს განიცდიან დამტყვევებლის მიმართ, რის პარალელურადაც საკუთარ თავთან უარყოფენ, რომ სწორედ ეს არის ის ადამიანი, რომელმაც ისინი ამ მდგომარეობაში ჩაყარა. მათ წარმოდგენაში დამტყვევებელი სწორედ ის არის, ვინც მათ სიცოცხლის ნებას დართავთ", — შენიშნავდა ოჩბერგი, რომელიც FBI-სა და სკოტლანდ-იარდს მძევლების დახსნის კრიზისული სიტუაციების ნიუანსებს დეტალურად უხსნიდა.

ფსიქიკური ჯანმრთელობის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, სტოკჰოლმის სინდრომი ერთგვარი თავდაცვის მექანიზმიც კი იყოს, რითიც მსხვერპლი მასზე მოძალადეს პასუხობს. ამგვარი რეაქციის ფორმირება ჩვენი შეხედულებებისგან კარდინალურად განსხვავებული იდეებისა და იმპულსების ზედაპირული მიღებით და გამძაფრებით ხდება. ეგოს მსგავსი თავდაცვის მექანიზმი, შესაძლოა, ნაწილობრივ ხსნიდეს კიდეც სტოკჰოლმის სინდრომის განვითარების მიზეზებს.

ფსიქოლოგი დი გრემი თავის ნაშრომში შენიშნავდა, რომ სტოკჰოლმის სინდრომი შემდეგ 4 შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს:

  • მსხვერპლი ნათლად გრძნობს, რომ დამტყვევებელი მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის;
  • მსხვერპლი მასზე მოძალადისგან მცირე კეთილგანწყობას ხედავს (მაგ. საკვების, წყლის მიცემა, ზიანის არ მიყენება და ა.შ.);
  • მსხვერპლი სხვა თვალთახედვისგან იზოლირებულია და მას სიტუაციის შეფასება მხოლოდ დამტყვევებლის პოზიციიდან შეუძლია;
  • მსხვერპლი გრძნობს, რომ იგი ამ სიტუაციიდან თავის დახსნას ვერ მოახერხებს.

სტოკჰოლმის სინდრომის განვითარების ერთ-ერთი შესაძლო ახსნა იმაში მდგომარეობს, რომ საწყის წუთებში მოძალადე თავისი ძალის დემონსტრირებას ახდენს და ხალხის დამორჩილების მიზნით, მათ მოკვლით ემუქრება. ამგვარად, იგი მძევლებში შიშს თესავს, მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, მათ არაფერს უშავებს. სწორედ ამის გამო უჩნდებათ დატყვევებულებს მადლიერების განცდა.

დროის გასვლასთან ერთად, თვითგადარჩენის ინსტინქტი დატყვევებულებს აიძულებთ, რომ დამტყვევებლის ფსიქოლოგიურ მახასიათებლებს მოერგონ, დაემორჩილონ მის მოთხოვნებს და შეასრულონ მიცემული ბრძანებები.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მატრავმირებელი მოვლენის ინტენსივობა, რომლის დროსაც მსხვერპლის მიმართ ფიზიკური ძალადობა გამოხატული არ არის (მიუხედავად დატყვევებულთა დიდი შიშისა, რომ მათ რაიმეს დაუშავებენ), სტოკჰოლმის სინდრომის ჩამოყალიბებისთვის იდეალურ კლიმატს ქმნის. ზოგჯერ, მომლაპარაკებელი მის გამოწვევას ხელოვნურადაც კი ცდილობს, რადგანაც მიაჩნია, რომ კრიმინალსა და მსხვერპლს შორის გარკვეული ურთიერთობის ფორმირება დატყვევებულის გადარჩენის შანსებს ზრდის.

ექსპერტები მძევლებს მოუწოდებენ, რომ კრიზისულ სიტუაციაში მათ დამტყვევებელთან ითანამშრომლონ და იგი არავითარ შემთხვევაში არ გააღიაზიანონ. რეკომენდებული არ არის რჩევების მიცემა და დახმარების შეთავაზება, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ეს იმ მომენტში გადარჩენის ერთადერთ საშუალებად ჩანდეს. ასეთ დროს კონკრეტულად დასმულ კითხვებზე კონკრეტული პასუხების გაცემა ყველაზე კარგი გამოსავალია. თუ დამტყვევებელი გარე კონტაქტის დამყარებას მძევლის საშუალებით გეგმავს, მას ამ მოთხოვნაზე უარი არ უნდა უთხრან. ასეთ დროს მძევალს, მისივე უსაფრთხოების მიზნით, სამართალდამცავები აფრთხილებენ, რომ კითხვებზე "კი" და "არა" სტილში გასცეს პასუხი.

რაც უფრო მეტი დრო გადის და მდგომარეობა სტაბილურობას ინარჩუნებს, მით უფრო საიმედოა მძევალთა უვნებლად გადარჩენის ალბათობა. ასევე, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ დამტყვევებელი-მძევლის ურთიერთობა მხოლოდ ცალმხრივი არ არის. ასეთ დროს სტოკჰოლმის სინდრომის ანტაგონისტი, ლიმას სინდრომი შეიძლება ჩამოყალიბდეს — დამტყვევებელს თავისი მსხვერპლის მიმართ სიმპათიის განცდა გაუჩნდეს. ეს მძევალთათვის ცალსახად პოზიტიური მოვლენაა, რადგანაც, როგორც წესი, ყველაფერი მათი უვნებლად გათავისუფლებით სრულდება.

პერუს დედაქალაქ ლიმაში მდებარე იაპონიის საელჩოში შეჭრილ ტერორისტებს მძევლები 126 დღის განმავლობაში ჰყავდათ დატყვევებული

რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ასეთ მოცემულობაში მძევლებს პოლიციის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ. კრიზისულ სიტუაციაში, ისინი სამართალდამცველებს საკუთარი სიცოცხლის საფრთხედაც კი შეიძლება აღიქვამდნენ. ამის მიზეზი ისევ და ისევ მოძალადის მიერ გაჟღერებული მუქარაა, რომ სპეცოპერაციის შემთხვევაში იგი მძევლებს დახოცავს. ამგვარად, მსხვერპლის მხრიდან სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ გაწეული ღონისძიებები პროვოკაციად შეიძლება იქნეს შეფასებული.

უპირველესი, რაც მძევლების შესახებ უნდა გავიაზროთ, ის არის, რომ მათ მძიმე ფსიქო-ემოციური ტრავმა გადაიტანეს. 1973 წლის სტოკჰოლმის პერიპეტიებს გადარჩენილი ყველა მძევალი გათავისუფლების შემდეგ რეაბილიტაციის კურსს ფსიქიატრიულ კლინიკაში გადიოდა. მკურნალი ექიმები აღნიშნავდნენ, რომ მათი მდგომარეობა ომის შოკს მოგაგონებდათ.

ტყვეობიდან განთავისუფლების შემდეგ, მძევლებს, შესაძლოა, მთელი რიგი ფსიქოლოგიური პრობლემები ჩამოუყალიბდეთ.

ასეთ დროს ტიპურ რეაქციებს მიეკუთვნება:

  • ცვლილებები ფიქრის პროცესში: აკვიატებული აზრები, უარყოფა, მეხსიერების დაბინდვა, ზედმეტი სიფრთხილე, დაბნეულობა, მსგავსი მოვლენის განმეორების შიში;
  • ემოციური ცვლილებები: შოკი, შფოთვა, სირცხვილის გრძნობა, დეპრესია, ბრაზი და უსუსურობის განცდა;
  • ცვლილებები ურთიერთობებში: ოჯახის წევრებისა და მეგობრებისგან დისტანცირება.

მსგავსი რეაქციები სრულიად გასაგები და ნორმალურია. როგორც წესი, ისინი დროთა განმავლობაში ქრება, მაგრამ ასეთ დროს პროფესიონალური დახმარება და საზოგადოების გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად ხდება, რომ სტოკჰოლმის სინდრომის გამო გათავისუფლებული მძევლები სირცხვილს ან თვითდესტრუქციულ ბრაზს გრძნობენ. ასეთ დროს განსაკუთრებით ჯეროვანი რეაბილიტაცია აუცილებელია, რაც მედიასაშუალებებთან კონტაქტის შეზღუდვასაც გულისხმობს. ოჯახის წევრები და უახლოესი გარემოცვა დაზარალებულის მოსმენაზე და მის თავისუფლებაზე უნდა კონცენტრირდეს.

"სტოკჰოლმის სინდრომის არსებობის დასადასტურებლად ძალიან მცირე მტკიცებულება გვაქვს. მასზე უმეტესად მხოლოდ მედიაში საუბრობენ", — აღნიშნავს ემორის უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგი, ნადინ კასლოვი და მიანიშნებს, რომ ამ საკითხის შესახებ ძალიან ცოტა აკადემიური კვლევაა ჩატარებული.

იგივე აზრზეა ნატაშა კამპუშიც, რომელიც სულ რაღაც 10 წლის იყო, როცა გაიტაცეს. მან ტყვეობაში 8 წელი გაატარა და თავის დაღწევა წარმოუდგენელი შემთხვევითობის წყალობით მოახერხა. მას ტერმინი "სტოკჰოლმის სინდრომი" დიდად არ ხიბლავს.

"მე ძალიან ბუნებრივად მიმაჩნია, რომ ადაპტირდე, რათა საკუთარ გამტაცებელთან იდენტიფიცირდე. განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ ადამიანთან ერთად დიდ დროს ატარებ. ეს ყოველივე ემპათიისა და კომუნიკაციის საკითხია. დანაშაულის ჩარჩოში ნორმალურობის ძიება სინდრომი არ არის, ეს თვითგადარჩენის სტრატეგიაა", — აღნიშნა მან ტყვეობიდან თავის დაღწევიდან 4 წლის შემდეგ.


1974 წლის 4 თებერვალს რადიკალურად მემარცხენე პარტიზანულმა ორგანიზაციამ მილიონერთა მემკვიდრე, 19 წლის პეტი ჰერსთი კუთვნილი სახლიდან გაიტაცა. 3 აპრილს სიმბიონისტურმა განმანთავისუფლებელთა არმიამ (SLA) აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც ჰერსთი აცხადებდა, რომ იგი ორგანიზაციას საკუთარი ნებით შეურთდა და ამიერიდან, მისი ფსევდონიმი "ტანია" იქნებოდა. 15 აპრილს კარაბინით შეიარაღებულმა ჰერსთმა, SLA-ს წევრებთან ერთად, ბანკი დააყაჩაღა

პატი ჰერსთი (ზედა მარჯვენა კუთხეში) ბანკის ძარცვის პროცესში

ფოტო: FBI

დაპატიმრების შემდეგაც იგი საკუთარ თავს პარტიზანული ორგანიზაციის წევრად აიდენტიფიცირებდა. პატი ჰერსთმა ციხეში თითქმის 2 წელი გაატარა, რის შემდეგაც იგი პრეზიდენტმა კარტერმა შეიწყალა. 2001 წელს, ბილ კლინტონმა მას სრული საპრეზიდენტო შეწყალება გაუფორმა. ეს ოვალური ოფისის დატოვებამდე მისი ბოლო ოფიციალური ბრძანება გახლდათ.


P.S. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, სტოკჰოლმის სინდრომის ლამის დეტალური აღწერის პოვნა შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანშია" შესაძლებელი:

ძელი მოსტეხა ავთანდილ დარჩა ნავ-დაულეწელი;
შეშინდეს იგი ლაშქარნი, გზა ძებნეს გარდსახვეწელი;
ვეღარ გაესწრნეს, გარდუხდა მტერთა მი და მო მლეწელი;
არ დარჩა კაცი ცოცხალი მუნ მისგან დაუფრეწელი.

მათ ლაშქართა გულ-უშიშრად ასრე ჰხოცდა, ვითა თხასა;
ზოგი ნავსა შეანარცხის, ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა;
ერთმანერთსა შემოსტყორცის, რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა;
დაკოდილნი მკვდართა შუა იმალვიან, მალვენ ხმასა.

გაუმარჯვდა ომი მათი, ვითა სწადდა მისსა გულსა.
ზოგთა ჰკადრეს ზენაარი: "ნუ დაგვხოცო, შენსა სჯულსა!"
არ დახოცნა, დაიმონნა, დაჰრჩომოდა რაცა წყლულსა.
მართლად იტყვის მოციქული: "შიში შეიქმს სიყვარულსა".

ფილოლოგი ელგუჯა ხინთიბაძე თავის ნაშრომში აღნიშნავს, რომ რუსთველოლოგი ვიქტორ ნოზაძე ბოლო ტაეპის ერთ-ერთ ხელნაწერში დაცულ ვერსიას ანიჭებდა უპირატესობას, რომელიც ამგვარად ჟღერდა:

მართლად იტყვის მეცნიერი: "შიში შეიქმს სიყვარულსა".

ვიქტორ ნოზაძე ვარაუდობდა, "იქნებ ვინმე მეცნიერმა მართლა ბრძანა ასეთი რამეო"