ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ თუ "რესტორანი საშიშია, გარკვეულწილად, უნივერსიტეტიც საშიშია". მისი თქმით, ზოგჯერ, ცუდსა და უარესს შორის არჩევანის გაკეთებაა საჭირო. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"10 საათის შემდეგ რესტორნებისა და კაფე-ბარების მუშაობის შეზღუდვა, ეს არის დისკომფორტი, მაგრამ დამიჯერეთ, არ არის ისეთი დისკომფორტი, რომელმაც შეიძლება საზოგადოებას ძალიან სერიოზული პრობლემები შეუქმნას. რაც შეეხება სწავლის განახლებას, აქ განსხავევბული მოსაზრებებია, სტუდენტების ნაწილი აპროტესტებს, რომ სწავლა არ დაიწყო, ნაწილი იმას რომ თუ სწავლა დაიწყება, გაიზრდება ინფიცირების შემთხვევები. ამაზე რომელია სწორი არჩევანი, ვერ გაგცემთ პასუხს, არ არის ჩემი კომპეტენცია", — განაცხადა ცერცვაძემ.

19 ოქტომბრიდან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა ნაწილობრივ დისტანციურად გაგრძელდება. კერძოდ, ქალაქებში — თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები წარიმართება არადისტანციურ რეჟიმში. ამასთან, უნივერსიტეტები უფლებამოსილნი იქნებიან, სასწავლო პროცესის სხვა კომპონენტები დისტანციურ რეჟიმში წარმართონ. გარდა ამისა, აჭარის ტერიტორიაზე მოქმედი ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სასწავლო პროცესს დისტანციურ რეჟიმზე წარმართავს.