ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე წინასაარჩევნო გარემოსთან დაკაშირებით ადამიანის უფლებათა ცენტრის კვლევას ეხმაურება.

კაპანაძის თქმით, არსებობს მრავალი ფაქტი, მათ შორის კორონაკრიზისის პერიოდში, როდესაც ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების კომპანიები იგებდნენ სახელმწიფო ტენდერებში, ხოლო ამის შემდეგ ეს ადამიანები ქართულ ოცნებას სწირავდნენ თანხას.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებსითვის დამახასიათებელია ბიუროკრატიული ხარჯების გამსხვილება, მისი გაფლანგვა, მოპარვა და ამისათვის არავის დასჯა.

"ევროპულ საქართველოს ბოლო თვეების განმავლობაში ჰქონდა ძალიან ბევრი ბრიფინგი და ძალიან ბევრი გახმაურებული ფაქტი, მათ შორის ამ ფაქტების ძალიან დიდი ნაწილი არის ასახული სწორედ ამ მოხსენებაში, ანუ როგორ ხდებოდა კორონაკრიზისის დროს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ფულის პირდაპირ მიცემა სხვადასხვა ტიპის გზებით, იქნება ეს ტენდერები, გამარტივებული შესყიდვები თუ სხვა, იმ ადამიანებისადმი, რომლებიც იყვნენ დაკავშირებული ქართულ ოცნებასთან და შემდეგ ამ ფულის შეწირვა უკან ქართული ოცნებისთვის, ანუ პრაქტიკულად ჩვენი ფულის მოპარვა და გაფლანგვა, ასევე ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია იმაზე, თუ როგორი ტიპის ლოიალური დამოკიდებულება აქვს ქართულ ოცნებას თავისი მეგობრების და ახლობლების მიმართ და ის დანაშაულები, რომლებსაც ისინი ჩადიან, როგორ რჩება დაუსჯელი.

ბუნებრივია, ეს არის ერთ-ერთი მახასიათებელი ქართული ოცნების მმართველობის" ნეპოტიზმი, გაბერილი ბიუროკრატიული ხარჯები, ამ ფულის მოპარვა და ჯიბეში ჩადება და ამ ყველაფრის ფონზე მოსახლეობის გაღარიბება და მოსახლეობისთვის იმედის დაკარგვა.

ეს ყველაფერი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამ, არც უნდა დასრულდეს 31 ოქტომბერს ქართული ოცნების დამარცხების შემდეგ", — განაცხადა კაპანაძემ.