ვენერა სიცოცხლისთვის შესაფერისი შეიძლება ყოფილიყო, რომ არა — იუპიტერი
ახალი კვლევის მიხედვით, ვენერა დღეს უსიცოცხლო, უწყლო პლანეტა არ იქნებოდა, იუპიტერს მზის გარშემო მისი ორბიტა რომ არ შეეცვალა. იუპიტერის მასა მზის სისტემის ყველა პლანეტის ჯამურ მასაზე 2,5-ჯერ დიდია, რის გამოც მას სხვა პლანეტების ორბიტებზე ზემოქმედება შეუძლია.
იუპიტერი პლანეტად ჩამოყალიბების ადრეულ პერიოდში მზეს ჯერ მიუახლოვდა, შემდეგ კი, დაშორდა. ამ პროცესმა კი ვენერას ტრაექტორია შეუცვალა. სხვა პლანეტარულ სისტემებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ გიგანტური პლანეტების წარმოქმნიდან მალევე მათი გადაადგილება საკმაოდ ხშირი მოვლენაა.
მეცნიერები იმ პლანეტებს, რომელთაც თხევადი წყალი არ აქვთ, ჩვენთვის ნაცნობი სიცოცხლის ფორმებისთვის შეუთავსებლად მიიჩნევენ. შესაძლოა, ვენერამ წყალი თავდაპირველად სხვა მიზეზების გამო დაკარგა, თუმცა, ასტრობიოლოგი სტივენ კეინი ამბობს, რომ იუპიტერის მოძრაობამ ვენერას ამჟამინდელი უსიცოცხლო მდგომარეობისკენ "უბიძგა".
"ვენერას შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფაქტი ისაა, რომ მისი ორბიტა წრიულია", — ამბობს კეინი, რომელიც კვლევას უძღვებოდა, — "ამ პროექტით მინდა შევისწავლო, ყოველთვის წრეზე მოძრაობდა თუ არა ვენერა და რა გავლენის მოხდენა შეუძლია ამას პლანეტაზე".
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად კეინმა მზის სისტემის სიმულაცია შექმნა, რომელიც ნებისმიერ აღებულ მომენტში პლანეტების განლაგებას აჩვენებს. ამ სიმულაციით გაადვილდა იმაზე დაკვირვება, თუ როგორ ზემოქმედებდნენ პლანეტები ერთმანეთზე.
"იუპიტერის მიგრაციასთან ერთად ვენერაზე კლიმატი სრულიად შეიცვლებოდა, ტემპერატურა უზომოდ აიწევდა, შემდეგ კი აცივდებოდა, რა დროსაც ვენერა წყალს დაკარგავდა", — აცხადებს კეინი.
ახლახან მეცნიერებმა ვენერას ატმოსფეროში იმ აირის კვალი აღმოაჩინეს, რომელიც, ყველა ლოგიკით, იქ არ უნდა ყოფილიყო. მას შემდეგ, რაც არაერთი თეორია იქნა განხილული იმის ასახსნელად, თუ რა წარმოშობს აირს, რომელიც ფოსფინის სახელითაა ცნობილი, ბოლოს იმ ვერსიაზე შეჯერდნენ, რომელიც ჩვენი პლანეტის შესახებ ცოდნებითაა ნაკარნახევი. დედამიწაზე ფოსფინი - ტოქსიკური აირი - მიკროორგანიზმების მიერ წარმოიქმნება. კეინის თქმით, ეს აირი "ვენერაზე სულ ბოლოს გადარჩენილმა სახეობამ წარმოქმნა, რომელსაც ბუნებრივი გარემო დრამატულად შეეცვალა".
იმისთვის, რომ ეს ვერსია სიმართლე იყოს, მიკრობებს ვენერაზე წყლის გაქრობიდან მილიარდობით წელი უნდა ეცხოვრათ გოგირდმჟავიან ღრუბლებში — რთული წარმოსადგენია, მაგრამ არა — შეუძლებელი.
ასე თუ ისე, კეინის თქმით, მნიშვნელოვანია გავიგოთ, რა მოუვიდა ვენერას, რომელიც ერთ დროს სიცოცხლისთვის შესაფერისი იყო, ახლა კი მის ზედაპირზე ტემპერატურა 470 ºC-ს აღწევს.
კვლევა Planetary Science Journal-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები