ანა სიდამონიძის ამერიკული ოცნება
საკუთარი გზის შეცვლა და იმ ოცნებებზე მიდევნება, რომელიც საკუთარი ცხოვრების მიზანს გვახსენებს, დიდი სიმამაცეა. განსაკუთრებით მაშინ, თუკი ამას 9 მთასა და 9 ზღვას იქეთ ახერხებ. ამერიკაში ჩასულმა ანა სიდამონიძემ 35 წლის ასაკში პროფესია შეიცვალა, ლიცენზირებული კოსმეტოლოგი გახდა, შექმნა კანაფის ზეთზე დამზადებული კანის მოვლის ორგანული პროდუქცია და ის სულ ცოტა ხანში ამაზონზეც განათავსა. აქამდე მოსასვლელად გრძელი გზა განვლო, საკუთარი თავის ძიებაში გადაწყვეტილებებიც უამრავჯერ შეცვალა, ღამეებიც ათენა და რამდენჯერმე დაიწყო ახალი ფურცლიდან. საბოლოოდ იპოვა საქმე, რომელიც სიამოვნებას ანიჭებდა.
დღეს ანა თავის ცხოვრებას ორ ნაწილად ყოფს. საქართველოში და მის შემდეგ:
"ჩემი პროფესია, ცხოვრების წესი და ზოგადად მეც იმდენად განსხვავებული ვიყავი საქართველოში ყოფნისას, რომ ხანდახან, როცა საქართველოზე ვსაუბრობ, ვხუმრობ კიდეც "წინა ცხოვრებაში-თქო". პროფესიით ჟურნალისტი ვიყავი, სოციალური მედიისა და გაყიდვების სფეროში ვმუშაობდი".
ამერიკაში ჩასვლიდან 4 წელიწადში ანამ პროფესიის ხელმეორედ არჩევა გადაწყვიტა და ესთეტიშენი (Esthetician) გახდა. როგორც ის გვიხსნის, ეს პროფესია იმით განსხვავდება კოსმეტოლოგისგან, რომ კანის შესახებ უფრო სიღრმისეული ცოდნა გაქვს. მათ ამერიკაში "კანის მედდებსაც" ეძახიან.
დღეს ანა ამერიკაში ცხოვრობს, თავისი კოსმეტიკური ხაზი აქვს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მსოფლიოს უდიდესმა ონლაინ მაღაზიამ, Amazon-მა აღიარა და თავის პლატფორმაზე განათავსა.
კარანტინში დაბადებული იდეა
დიახ, არსებობენ ადამიანები, რომლებმაც თვითიზოლაციასა და კარანტინში წარმოსახვასა და შესაძლებლობებს კარები ფართოდ გაუღეს და თვითგანვითარებაზე იზრუნეს. ასეთია ანა, რომელმაც მარტივი საფეხურებით დაიწყო, იმით, რაც საქართველოშიც უყვარდა — ბლოგით, თუმცა, ამჯერად ვიდეო ბლოგით:
"თავდაპირველად იყო ვიდეო ბლოგი, დავიწყე ჩაწერა და ძალიან მალევე უამრავმა ადამიანმა მომწერა რუტინაზე, მეკითხებოდნენ, რა უნდა გამოეყენებინათ. ძალიან ბევრი ემიგრანტი სხვადასხვა ქვეყნებიდან მწერდა. ყველა რჩევის გაცემისას დანაკლისის განცდა მქონდა, თითქოს რაღაც აკლდა რუტინას".
Anne Sidamoni Skincare-ის დაბადება
და გზა ამაზონში
წარმოების პროცესი საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა და მისი მთელი დრო წაიღო.
თუმცა, ახალი გზის არჩევის არც ერთ ეტაპზე არ იყო რთული გრაფიკი ანასთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი. პირიქით, ის საუკეთესო შედეგზე იყო ორიენტირებული. მით უმეტეს, მიღებული განათლების შემდეგ, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს მწარმოებელ ლაბორატორიას პირდაპირ ეკონტაქტოს:
"ინგრედიენტების სიღრმისეული ცოდნა მაქვს, ასევე ქიმიის, ამ სფეროში კანონმდებლობის და ა.შ. როდესაც მწარმოებლის არჩევა დავიწყე, პრიორიტეტი იყო რომ ამერიკაში ყოფილიყო წარმოებული, სუფთა ინგრედიენტებისგან, ვეგანური და ე.წ. cruelty free".
Anne Sidamoni Skincare ორ ხაზს აერთიანებს და ორივე მათგანი ორგანულია, ერთ-ერთი კანაფის ზეთზეა დამზადებული, რომელიც ასაკობრივ ნიშნებთან და აკნესთან გასამკლავებლად შექმნა. მეორე კი "ესენშელია", ახალგაზრდა და დაბალანსებული კანისთვის.
ინგრედიენტები ანას შერჩეულია, ხოლო მათი ფორმულა მწარმოებლის ლაბორატორიაშია დამუშავებული ტექნოლოგის მიერ.
ფაქტობრივად საერთოდ აღარ მეძინა, რომ ყველა გადაწყვეტილების მიღება და წარმოების პროცესის ამუშავება მომესწრო.
1-თვიანი მიწერ-მოწერის ფარგლებში ამაზონთან, ანამ ინტერნეტ-მაღაზიების გიგანტს დაუსაბუთა, რომ მისი პროდუქცია აუთენტური იყო:
"ყველა შეკითხვას გავეცი პასუხი და ყველა დოკუმენტი მივაწოდე, თითქმის ერთი თვე ვიყავი ამ პროცესში. ერთ დღესაც მეილი გავხსენი, სადაც ეწერა, რომ ამაზონმა ASIN (საიდენტიფიკაციო ნომერი) მომანიჭა და ჩემი ბრენდი დაამატა. იმედია 10 წლის მერე იმდენს მივაღწევ, რომ გული აღარ ამიჩუყდეს ამ ამბავზე, მაგრამ ყოველთვის მემახსოვრება როგორც ერთ-ერთი პირველი და მნიშვნელოვანი მიღწევა".
მეორე შანსი ამერიკისგან
ფოტო: Kord.com / Getty Images
31 წლის ანა დაახლოებით 6 თვის ორსული იყო, როდესაც ქმართან ერთად ამერიკაში წავიდა. თავდაპირველად მომავალი ძალიან ბუნდოვანი იყო და ყველაფერს ცდილობდა, მაგრამ ზუსტად არ იცოდა, რა უნდა ეკეთებინა:
"ჯეისონი რომ გავაჩინე მალევე დავიწყე მუშაობა, ყველაფრად მიმუშავია, მეყვავილედან დაწყებული, მასწავლებლით გაგრძელებული. ჩემი პროფესიით ვერ/არ გავაგრძელე მუშაობა, მიუხედავად იმისა რომ აქ ოფიციალურად ჩემი დიპლომი ცნეს.
ასეთი შეგრძნება მქონდა, რომ ცხოვრებაში მომეცა შესაძლებლობა, თავიდან ამერჩია რა მინდოდა მეკეთებინა, უფრო გაცნობიერებულად, ვიდრე ეს 17 წლისამ გავაკეთე და არ ვჩქარობდი. ამ ძიების პროცესში ნიუ-იორკის უნივერსიტეტშიც ჩავაბარე ისტორიის ფაკულტეტზე, ქალთა ისტორიის მიმართულებით, დაფინანსებაც მოვიპოვე, მაგრამ ბოლო მომენტში მივხვდი, რომ არც ამის კეთება მინდოდა".
გარშემო ბევრი ვერ იგებდა ჩემს გადაწყვეტილებებს, მაგრამ ცხოვრებაში ის უნდა აკეთო, რაც გიყვარს და იქამდე არ გაჩერდე, სანამ არ იპოვნი რისი კეთებაც ნამდვილი სიამოვნებაა.
განათლება
"ესთეტიშენის პროფესია ასე პირდაპირ არ დამსიზმრებია", — ამბობს ანა და დასძენს, რომ ვიზაჟისტობა სულ უნდოდა. ძიების პროცესში, ბროდვეიზე ერთ-ერთ თეატრში სტაჟირება გაიარა, დასის წევრი იყო და მასტერკლასებს ესწრებოდა. ისე მოეწონა გარემო, გადაწყვიტე ლიცენზია აეღო, რომ დრამის ვიზაჟისტობა შეძლებოდა.
ამის შემდეგ დაიწყო სასწავლებლის ძებნა:
"მიზანმიმართულად ვეძებდი საუკეთესო სკოლას მთელს აღმოსავლეთ სანაპიროზე".
და მიაგნო კიდეც ნიუ-იორკში, ესთეტიკის ინსტიტუტს — Atelier Esthétique Institute of Esthetics-ს.
ანა ამბობს, რომ ამერიკული ლიცენზია და განათლება, ნიუ-იორკში, აღმოსავლეთ სანაპიროზე მართლაც საუკეთესო სკოლაში მიიღო. სწორედ ამ სკოლას უკავშირდება ესთეტიშენის ლიცენზიის არსებობა შტატებში და სწორედ ეს სივრცე აწესებს სტანდარტს თავის მოვლის სფეროში.
"სწავლის პროცეში პირველი მასაჟი რომ გავაკეთე, მახსოვს ერთი იტალიელი ინსტრუქტორი გვყავდა, შთამაგონებელი ქალია, ძალიან მტკიცე ხასიათით. ლეგენდები დადიოდა სკოლაში მის უმკაცრესობაზე. მასაჟის გამოცდაზე მოვიდა ამათვალიერ-ჩამათვალიერა და Smart hands [ჭკვიანი ხელები] გაქვსო — შემაქო. შემდეგ სხვა მენტორებმაც შემამჩნიეს, ნელ-ნელა სკოლის კლინიკაში ჩემს კლიენტებს ჩემივე მასწავლებლები ემატებოდნენ. ყველა ჩემი ლექტორი დადიოდა ჩემთან სახის წმენდაზე. ბოლოს, 6 სტუდენტიდან მხოლოდ ორმა შევძელით სკოლის დასრულება და მე ჰონორზე დავასრულე, 100-დან 98 საშუალო ქულით".
ანას მოსწონს, როცა საკუთარი ხელით ქმნის პროდუქტს, როგორც მოქანდაკე. მან იცის ტექნიკა, იცის ქიმიაც, ანატომიაც და ეს ყველაფერი რუტინისა და პროცედურის დაგეგმვაში ეხმარება:
"ადამიანს ეხმარები, რომ თავი უფრო ლამაზად და თავდაჯერებულად იგრძნოს. ჩემი ხედვა, ზოგადად, როგორც პროფესიონალის, ისაა რომ ყველა კანი ლამაზია და სიამაყით უნდა ატარო. The skin is new makeup (ახლა კანია ყველაზე მოდური). ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ოდესმე თავის მოვლის საშუალებების ჩემი ხაზი მექნებოდა..."
განათლების პარალელურად, ე.წ. ოვერთაიმებით, სრული დატვირთვის მუშაობდა, დილის 6-დან საღამოს 8 საათამდე:
"სახლში რომ მოვდიოდი, ჯეისონს დავაძინებდი და ნახევრად მძინარე ვმეცადინეობდი, გზაში, მატარებელში, ძილის წინ, ლანჩზე სულ წიგნით ვმოძრაობდი და შაბათ-კვირას სკოლა მქონდა".
იმ წელს მარტო ერთი დღე დავისვენე შობას, მახსოვს ვხუმრობდი კიდეც, შიშით ავადაც არ ვხდები-თქო.
უნდა აღინიშნოს, რომ შრომისმოყვარეობა "ამერიკაში შეძენილი თვისება" არ გახლავთ. საქართველოში ანას რამდენიმე სამსახური და საკუთარი ორი კომპანია, ფოტო სტუდია და ფროდაქშენ კომპანია ჰქონდა:
"სულ რაღაცას ვაკეთებდი და სულ ძიებაში ვიყავი საკუთარი შესაძლებლობების, რადიოშიც მიმუშავია, საინფორმაციოს წამყვანადაც, ფოტოგრაფად, პიარშიც, გაყიდვებშიც, სოც. მედიადაც".
კავშირი საქართველოსთან
"როდესაც ჯერ მხოლოდ იდეა არსებობდა, ქართველ დიზაინერს დავუკავშირდი, ქეთი ნიქაბაძეს (Kate Alukard), რომელმაც შექმნა Anne Sidamoni Skincare-ის დიზაინი, ლოგო და მთლიანად ბრენდის ვიზუალი. ჩემი აზრით, წარმოუდგენელი სამუშაო გასწია, ამიტომ ქეთი ყოველთვის იქნება ამ ბრენდის ნაწილი, ფაქტობრივად სული ჩაჰბერა და გააცოცხლა. მინდა ყველამ გაიგოს ამ არაჩვეულებრივი გოგოს არსებობის შესახებ და დააფასონ ასეთი ნიჭიერი დიზაინერი საქართველოში".
ამ ეტაპზე Anne Sidamoni Skincare-ის პროდუქცია პირად ვებ-გვერდზე იყიდება, ასევე არის ამაზონზე და სექტემბრის ბოლოს ბრუკლინში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში გახდა ხელმისაწვდომი.
ანა ამბობს, რომ გაყიდვები მოთხოვნასთან ერთად, ნელ-ნელა იზრდება.
მისთვის ძვირფასია ის მხარდაჭერა, რომელსაც საქართველოდან და ქართველებისგან იღებს, თუნდაც ემიგრანტების სახით. ამბობს, რომ მცირე ბიზნესისთვის ყოველი გაყიდვა მნიშვნელოვანია, ამიტომ იდეალურობას ამანათის შეფუთვის პროცედურაშიც კი იცავს:
"ამ ეტაპზე ყველაფერს მე ვაკეთებ, შეფუთვიდან დაწყებული, ფოსტაში მიტანით დასრულებული. საქართველოდანაც მქონდა რამდენიმე გაყიდვა და გავგზავნე. პირველი ამანათის გაგზავნა ძალიან ემოციური იყო, როგორ ჩავიდოდა და რამდენ ხანში არ ვიცოდი, მით უმეტეს, რომ, როცა ამერიკას სცდება, მის გადაადგილებას ვეღარ ვაკონტროლებ".
მომავლის გამოწვევა
როცა ამდენს მიაღწევ, საკუთარი ხმა და ოცნებებზე ხმამაღლა საუბარი აღარ გაშინებს. იცი, რომ ყველაფერი მიღწევადია, რაშიც დროს, ენერგიას, უძილო ღამეებს ჩადებ. მთავარი პრიორიტეტების დალაგება და წინ სიარულია.
უახლოესი სამომავლო გეგმა პროდუქციის საქართველოში შემოტანა და გაყიდვაში ჩაშვებაა, რათა ადგილობრივებისთვის ხელმისაწვდომი იყოს. Anne Semonin Skincare-ის შემდეგი 2-3 წლის გეგმა ამერიკის დიდ მაღაზიებს უკავშირდება, როგორიცაა მაგალითად CVS. ანას თქმით, ასეთ მაღაზიებში პროდუქციის შესატანად უკვე ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, ბრუნვის გარდა, რასაც მეტი ინვესტიცია სჭირდება.
ანას იმაზეც აქვს ნაფიქრი, რა სურს 10 წლის შემდეგ. არც ისე შორეული მიზანია მანჰეტენზე საკუთარი დაწესებულების გახსნა:
"5-10 წლიანი გეგმაა, რომ საკუთარი ბუტიკი სპა მქონდეს მანჰეტენზე — ადგილი, სადაც ჩემს პროდუქციას მოვიხმარ, გავყიდი და სხვადასხვა სერვისსაც შევთავაზებ".
ანა სიდამონიძის "ამერიკული ოცნება" ჰოლივუდის მარტივ, რომანტიკულ კომედიებს სულაც არ ჰგავს, თუმცა ზუსტად ისეთია, როგორზეც საკუთარ შვილებს სიამოვნებით მოუყვებოდით ძილის წინ. იმისთვის, რომ საკუთარი ხმის არ შეეშინდეთ, წარმატებულები იყვნენ, ან უბრალოდ მიზანდასახულობის, შრომისმოყვარეობისა და სიმტკიცის საუკეთესო მაგალითი იცოდნენ.
კომენტარები