ძაღლის მფლობელთა უმრავლესობა მეგობრებთან გართობას თავის შინაურ ცხოველთან ყოფნას არჩევს — გამოკითხვა
ცნობილ გამონათქვამს თუ დავუჯერებთ, ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია და, როგორც ჩანს, ამ აზრს სულ უფრო მეტი ადამიანი იზიარებს.
Wisdom Health Genetics-ის მიერ აშშ-ში ჩატარებული ფართომასშტაბიანი გამოკითხვა ადამიანებსა და შინაურ ცხოველებს შორის კავშირზე სიღრმისეულ სურათს ხატავს. მასში 25 ათასი ძაღლისა და 6 ათასი კატის 13 ათასმა მფლობელმა მიიღო მონაწილეობა.
გამოკითხვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიგნების თანახმად, კვლევაში მონაწილეთა 72 პროცენტი აღიარებს, რომ მეგობრებთან შეხვედრა თავის ძაღლთან დროის გატარების მიზეზით გადაუდია. კატების მფლობელთა შემთხვევაში მსგავსი პასუხი 32%-მა გასცა. ამასთან, გამოკითხულთა 64%-მა განაცხადა, რომ თავიანთ შინაურ ცხოველს — იქნება ეს ძაღლი თუ კატა — საკუთარ შვილად ან ოჯახის წევრად აღიქვამს.
"გამოკითხვის შედეგები ანახებს, რომ აშშ-ში ადამიანები სულ უფრო მეტად აღიქვამენ თავიანთ შინაურ ცხოველებს ოჯახის წევრებად. ის კავშირი, რომელსაც ძაღლებთან და კატებთან ვამყარებთ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან ურთიერთობათა შორისაა", — აცხადებს Wisdom Health Genetics-ის გენერალური მენეჯერი, ოდრი იუ, — "უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ჩვენმა შინაურმა ცხოველებმა ცხოვრების სტილის საოცარი ევოლუცია განიცადეს. და ახლა ისინი ჩვენს ყოველდღიურობაში ცენტრალურ როლს თამაშობენ. ისინი ამ გზით — განსაკუთრებით, მიმდინარე კრიზისულ პერიოდში — მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნებაშიც გვეხმარებიან".
მართლაც, გამოკითხულთა შორის ძაღლების მფლობელთა 99%-მა და კატების მფლობელთა 96%-მა აღნიშნა, რომ შინაური ცხოველის ყოლას მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე დადებითი გავლენა აქვს. ამასთან, სამმა მეოთხედმა განაცხადა, რომ ძაღლის ან კატის აყვანის მთავარი მიზეზი კომპანიონის ყოლის სურვილი იყო.
Wisdom Health Genetics-ის წარმომადგენელმა ისიც აღნიშნა, რომ ამერიკაში ადამიანები შინაური ცხოველის საპოვნელად სულ უფრო ხშირად მიმართავენ თავშესაფრებს. წლევანდელი მონაცემებით, ამ გზით ძაღლი ადამიანთა 63%-მა აიყვანა, კატა კი — 51%-მა.
კომენტარები