ლუკაშენკოს თქმით, ინაუგურაციას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, ბოლოსდაბოლოს ეს ხომ მისთვის პირველი არ არის. მეტიც, ირწმუნება, რომ ინაუგურაცია ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა BELARUSFEED-მა გაავრცელა.

გამოცემის ცნობით, ინაუგურაციის შესახებ ლუკაშენკომ ჩინეთის ელჩთან შეხვედრისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლონეთის, ლიეტუვის, უკრაინის, ჩეხეთისა და სხვა ქვეყნების მხრიდან, ცოტა არ იყოს, უკმაყოფილება მოჰყვა მის საქციელს, რომ ღონისძიებაზე არ მიიპატიჟა.

მათივე ცნობით, ლუკაშენკოს უთქვამს, რომ ბელარუსის კანონმდებლობის მიხედვით, არ აქვს ვალდებულება, რომ დასავლეთს ან საერთოდ, ვინმეს შეატყობინოს ამის შესახებ. სულაც ეს ქვეყნის შინაგანი საქმეა.

"სხვა დროს მნიშვნელოვანი ღონისძიების შესახებ გავაფრთხილებთ ჩვენს მეზობლებს", — მცირე დათმობაზე წავიდა ლუკაშენკო.

23 სექტემბერს მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაცია ჩატარდა, სადაც მან საპრეზიდენტო ფიცი დადო. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ქვეყანაში მიმდინარე აქციების ფონზე მოეწყო, რომელიც სწორედ მის მეექვსე ვადით გაპრეზიდენტებას მოჰყვა. ინაუგურაცია ისე ჩატარდა, რომ ამის შესახებ არაფერი იყო ცნობილი, ხოლო ინფორმაცია სახელმწიფო გამოცემა Belta-მ გაავრცელა.

ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. მოქალაქეები ალექსანდრ ლუკაშენკოს კვლავ გაპრეზიდენტებას აპროტესტებენ და არჩევნების თავიდან ჩატარებას მოითხოვენ. არჩევნების შედეგებს არ აღიარებს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია, რომელიც შედეგების გამოცხადების შემდეგ იძულებული იყო, ქვეყანა დაეტოვებინა. მისი ინიციატივით, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა.

ევროპარლამენტმა ბელარუსში აგვისტოში ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებული უწოდა და არ აღიარა. ევროპარლამენტის თქმით, ლუკაშენკოს 5 ნოემბრიდან, როცა მისი უფლებამოსილების ვადა ამოიწურება, პრეზიდენტად აღარ აღიარებენ. ასევე, ევროკავშირს მოუწოდეს, რომ ლუკაშენკოს ეკონომიკური სანქციები დაეკისროს.