შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფონიჭალის დასახლებაში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს. დაკავებულებს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება ედებათ ბრალად. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ.

"სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, ფული და მობილური ტელეფონები ამოიღო, — აცხადებენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, მეოთხე ნაწილით, მე-5 ნაწილის "ა" და"ბ" ქვეპუნქტებით და მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.