Calypso: მისია, რომელიც ვენერას შეისწავლის
მზის სისტემის შიდა პლანეტებს შორის ვენერას შესწავლა გამოწვევებით ყველაზე მეტადაა სავსე. პლანეტის ზედაპირის ტემპერატურა 464 გრადუს ცელსიუსს აღწევს და ყველაზე მტკიცე დამშვები მოდულებიც კი ამ გარემოში დიდხანს გადარჩენას ვერ ახერხებენ. თუმცა ახალი იდეა, რომელსაც Calypso ეწოდება, მისიისთვის ახალ დიზაინს გვთავაზობს: ზონდი, რომელიც ჰაერბურთზე იქნება მიმაგრებული.
ვენერა დედამიწაზე ოდნავ პატარა პლანეტაა, თუმცა ზომაში მსგავსების მიუხედავად, ეს ორი ციური სხეული ერთმანეთისგან ძალიან გასნხვავდება — დედამიწაზე ზომიერი კლიმატი და სქელი ატმოსფეროა, რომელიც აქ არსებული სიცოცხლის დაცვას უზრუნველყოფს. ვენერა კი ამასთან შედარებით, ნამდვილი ჯოჯოხეთია.
ვენერას ატმოსფერო თითქმის მთლიანად ნახშირორჟანგისგან შედგება და იგი იმდენად სქელია, რომ პლანეტის ზედაპირის ტემპერატურა მზის სისტემის შიდა ნაწილში ყველაზე ცხელია — თანაც მერკურიზე ცხელი, მიუხედავად იმისა, რომ ვენერა მზისგან მასზე 50%-ით შორს მდებარეობს.
ვენერის მისიებს შორის მხოლოდ საბჭოთა კავშრის დამშვებებმა გაამართლა. ექსტრემალური პირობების გამო ამ დამშვებების უმეტესობამ წარუმატებლობა განიცადა, თუმცა ზოგიერთი საკმარისად დიდხანს გადარჩა იმისთვის, რომ გარკვეული მონაცემები გამოეგზავნა.
ვენერას ზედაპირზე 1982 წლის Venera 14-ის შემდეგ არაფერს მიუღწევია. ჩვენ დაახლოებით 40 წლის შემდეგაც კი არ გვაქვს ისეთი ტექნოლოგია, რომ გამძლე დამშვები ავაგოთ — ისეთი, როგორსაც მარსის მისიების დროს ვიყენებთ.
Calypso NASA-ს პროექტი არ არის. მისიის ავტორების თქმით, ისინი ორი მთავარი გამოწვევის დაძლევას ცდილობენ: ვენერას ზედაპირი ზედმეტად ცხელია, ორბიტალური მისიის დროს კი ზედაპირი სქელი ღრუბლებითაა დაფარული, რაც ზუსტი მონაცემების მოპოვებას ძალიან ართულებს. სწორედ ამიტომ, Calypso მათ შუაში მოექცევა — 32 კილომეტრ სიმაღლზე ღრუბლები აღარ არიან, თუკი ზონდის მოთავსებას ამ სიმაღლეზე დაბლა შევძლებთ, ზედაპირის სუფთა გამოსახულებას მივიღებთ. მართალია, ამ სიმაღლეზეც საკმაოდ ცხელა (ტემპერატურა აქ 130 გრადუსს აღწევს), თუმცა არა ისე, როგორც ზედაპირზე.
როდესაც მისია გაეშვება, მასიური ჰაერბურთი ატმოსფეროში, ზუსტად ღრუბლების ფენის ზემოთ განთავსდება, დაახლოებით 50 კმ. სიმაღლეზე. ჰაერბურთიდან მოდული თოკის მეშვეობით ქვემოთ დაეშვება. ღრუბლების ქვემოთ მყოფი ზონდი კი ფოტოებს გადაიღებს. ხოლო მაშინ, როდესაც მოდული ძალიან გაცხელდება, იგი ზემოთ აიწევა, მონაცემებს დედამიწაზე გამოაგზავნის და შემდეგი რაუნდისთვის მოემზადება.
ვენერას შესწავლა ჩვენი სკაუთარი პლანეტის შესახებ უფრო მეტის გასაგებადაც აუცილებელია. მილიარდობით წლის წინ, ვენერა ნამდვილად დედამიწის ტყუპი იყო, მასზე თხევადი წყალი და შესაფერისი ატმოსფერო არსებობდა. თუმცა სათბური აირების გამო ოკეანეები გაქრა, ატმოსფეროში კი ნახშირორჟანგი გავრცელდა. ვენერა ერთგავრი დროის კაფსულაა და მისი შესწავლით საკუთარი პლანეტის ბედიც შეიძლება გავიგოთ.
კომენტარები