ასტრონომებმა ვენერაზე სიცოცხლის შესაძლო კვალს მიაგნეს
მეცნიერთა გუნდის თქმით, მათ ვენერას მჟავურ ღრუბლებში აღმოაჩინეს აირი, სახელად ფოსფინი, რომელიც მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენს მეზობელ პლანეტაზე მიკრობები შეიძლება არსებობდნენ.
მკვლევრებს თავად სიცოცხლის ფორმებისთვის არ მიუგნიათ, თუმცა საქმე ისაა, რომ ფოსფინი დედამიწაზე იმ ბაქტერიისგან წარმოიქმნება, რომელიც უჟანგბადო გარემოში არსებობს. ასტრონომთა საერთაშორისო გუნდმა ეს ნაერთი პირველად ჰავაიში მდებარე ჯეიმს კლერკ მაქსველის ტელესკოპით შენიშნა, შემდეგ კი აღმოჩენა ჩილეში მდებარე ატაკამას რადიო ტელესკოპით გადაამოწმა.
"რაც უნდა ფანტასტიკურად ჟღერდეს, ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რაც ჩვენ დღეს ვენერაზე ვიცით, მასზე ფოსფინის არსებობის ყველაზე სარწმუნო ახსნა სიცოცხლის ფორმებს უკავშირდება", — განაცხავა კვლევის თანაავტორმა, კლარა საუსა-სილვამ, — "თუმცა იმასაც უნდა გავუსვა ხაზი, რომ სანამ ამ ვერსიაზე შევჯერდებით, ყველა სხვა უნდა გამოვრიცხოთ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან თუ ვენერაზე მართლაც ფოსფინია და თუ ის მართლაც სიცოცხლის ფორმისგანაა წარმოქმნილი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მარტონი არ ვართ. ეს იმასაც ნიშნავს, რომ თავად სიცოცხლე ერთობ გავრცელებული ფენომენია და ჩვენს გალაქტიკაში სხვა დასახლებული პლანეტებიც უნდა არსებობდნენ".
ფოსფინი — ფოსფორის ატომი, რომელზეც წყალბადის სამი ატომია მიერთებული — ადამიანებისთვის ძალიან მომწამვლელია.
მკვლევართა თქმით, მათ ვენერას ღრუბლებში ფოსფინის კონცენტრაციის არსებობის ამხსნელი არაბიოლოგიური წყაროები — ვულკანური მოვლენა, მეტეორიტები, ელვა და სხვადასხვა ქიმიური რეაქცია — გააანალიზეს, მაგრამ არცერთი მათგანი არ აღმოჩნდა დამაჯერებელი.
კვლევა ახლაც მიმდინარეობს, რათა მეცნიერებმა ან სიცოცხლის არსებობის დადასტურება შეძლონ, ან ალტერნატიულ ახსნამდე მივიდნენ.
კომენტარები