საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, ვანო მერაბიშვილს პიროვნულად ძალიან აფასებს, მისი გადაწყვეტილება, არ იყოს პოლიტიკაში — სწორია. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"მიმაჩნია, რომ საერთოდ უნდა მოვიდეს ახალი თაობა და საერთოდ, ვანო მერაბიშვილის ხსენება სამართალდამცავ სტრუქტურებთან მიმართებაში საერთოდ გაუგებარია, იმიტომ, რომ სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელები უნდა აირჩიოს საზოგადოებამ, უნდა იყოს დამოუკიდებლობის გარანტიებით ნებისმიერი ხელისუფალისგან და ისინი უნდა ემსახურებოდნენ საზოგადოებას", — განაცხადა მან.

სააკაშვილის თქმით, მათ უამრავი სხვა ადამიანი ჰყავთ ამიტომ, მიაჩნია, რომ მუდმივად ერთი და იმავე სახელითა და გვარებით საზოგადოების მანიპულირება არასწორია. მან, ასევე, აღნიშნა, რომ "სრულიად იზიარებს" ნიკა მელიას პოზიციას.

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელმა, ნიკა მელიამ 17 სექტემბერს განაცხადა, რომ საკუთარ თავს ვერ ხედავს იმ გუნდში, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილი.