პოპულაციური იმუნიტეტი, შეიძლება, მიუღწევადი იყოს — კვლევა
პოპულაციური იმუნიტეტი (რასაც ზოგჯერ "ჯოგურ" იმუნიტეტსაც უწოდებენ) შეიძლება, მიუღწევადი იყოს. მეცნიერებს ამის თქმის საშუალებას ესპანეთში ჩატარებული დიდმასშტაბიანი კვლევა აძლევთ. როგორც ირკვევა, დაავადების გადატანის შემდეგ იმუნიტეტის მიერ გამომუშავებული ანტისხეულები ზოგიერთ პაციენტში რამდენიმე კვირაში ქრება.
ესპანეთის მთავრობა ქვეყნის წამყვან ეპიდემიოლოგებთან ერთად ცდილობდა დაეთვალა, ვირუსის გადატანის შემდეგ მოსახლეობის რამდენ პროცენტს შეუნარჩუნდა ორგანიზმში ანტისხეულების მაღალი რაოდენობა. გავრცელებული მოსაზრებით, სწორედ ეს განაპირობებს ვირუსის წინააღმდეგ შემდგომ დაცვას. კვლევით დადგინდა, რომ ვირუსის გადატანის შემდეგ სხეულში ანტისხეულები მხოლოდ 5%-ს შეუნარჩუნდა. ესპანელმა მეცნიერებმა თავიანთი კვლევის შედეგები ჟურნალში The Lancet გამოაქვეყნეს.
კვლევიდან ასევე ნათელი ხდება, რომ ადამიანების 14%-ს, რომელთაც ვირუსის გადატანის შემდეგ სხეულში ანტისხეულების ტიტრი უფიქსირდებოდათ, რამდენიმე კვირის შემდეგ იგივე მაჩვენებლები აღარ ჰქონდათ.
"იმუნიტეტი, შესაძლოა, არასრული, გარდამავალი ან ხანმოკლე იყოს, ხოლო შემდგომ — საერთოდ გაქრეს", — აღნიშნა რაქველ იოტიმ, კარლოს მესამის სახელობის ჯანდაცვის ინსტიტუტის დირექტორმა.
როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ამ კვლევის შედეგი თანხვედრაში მოდის სხვა ნაშრომებთან, რომლებიც ვარაუდობდნენ, რომ დაავადების მსუბუქი ან უსიმპტომო მიმდინარეობის პირობებში ხანგრძლივი იმუნიტეტი არ ნარჩუნდებოდა.
"დაავადების უსიმპტომო მიმდინარეობა მსუბუქ ინფექციას ნიშნავს. ეს იმუნიტეტს საშუალებას არ აძლევს, რომ ვირუსის საწინააღმდეგო მეხსიერება გამოიმუშაოს", — აღნიშნა პროფესორმა იან ჯონსმა, რედინგის უნივერსიტეტის ვირუსოლოგმა.
"ზოგიერთი მეცნიერის გამოთვლით, დაახლოებით 60%-მდე სეროპრევალენტობა [საზოგადოებაში იმუნიტეტის მქონე ადამიანთა რაოდენობა] პოპულაციურ იმუნიტეტს ნიშნავს. თუმცა, ჩვენ ამ რიცხვამდე ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ", — აღნიშნა კვლევის მთავარმა ავტორმა, მარინა პოლანმა
ესპანეთი იმ ქვეყნების რიგშია, რომელსაც COVID-19-ის პანდემიამ გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა. კორონავირუსთან ბრძოლაში ქვეყანამ 28 ათასზე მეტი სიცოცხლე დაკარგა.
გამოქვეყნებული კვლევის პარალელურად, ჟურნლში The Lancet ორი სხვა მეცნიერის, ისაბელა ეკერლეს (ჟენევის ვირუსული დაავადებების ცენტრის დირექტორი) და ბენჯამინ მეიერის (ჟენევის უნივერსიტეტის ვირუსოლოგი) კომენტარიც გამოქვეყნდა. მათ აღნიშნეს, რომ ესპანური კვლევა მსგავსი შინაარსის ამერიკულ და ჩინურ კვლევასთან ერთად ცხადყოფს, რომ პოპულაციური იმუნიტეტი მიუღწევადია. მეცნიერთა აზრით, კვლევის ერთ-ერთი საკვანძო მიგნება ის გახლდათ, რომ მიუხედავად ვირუსის ფართო გავრცელებისა, მოსახლეობის უმეტესობა არ დაინფიცირებულა.
აღნიშნულ კვლევაში 61 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ესპანეთის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში, მადრიდსა და ბარსელონაში, ანტისხეულების ყველაზე მაღალი პროცენტული რაოდენობა დაფიქსირდა. თუმცა, ეს მაჩვენებლები მაინც ძალიან დაბალია: მადრიდი — 10%, ბარსელონა — 7%.
მაისში გამოქვეყნებული კვლევით ნათელი გახდა, რომ შვედეთის დედაქალაქში, სტოკჰოლმში, ანტისხეულების მაღალი ტიტრი მოსახლეობის მხოლოდ 7,3%-ს აღენიშნებოდა. ეს ყოველივე კი მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე უარი თქვა. პანდემიამ ამ ქვეყანაში 5 500-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შვედური მიდგომის მთავარმა სულისჩამდგმელმა, ანდერს ტეგნელმა მაისში თავისი ქვეყნის პოლიტიკა დაიცვა და განაცხადა, რომ ის ქვეყნები, რომელთაც მკაცრ საკარანტინო ზომებს მიმართეს, მეორე ტალღას უფრო მძიმედ გადაიტანდნენ. ესპანური კვლევა ამ მოსაზრებას სერიოზული ეჭვის ქვეშ აყენებს.
კომენტარები