ესტონეთის ეკონომიკური სასწაული

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

ესტონეთის და საქართველოს შედარება ბევრი პარამეტრით არის შესაძლებელი. ესტონელებმა, ჩვენ მსგავსად, მეოცე საუკუნის ბოლოს დააღწიეს თავი კომუნიზმს და თავისუფალი საზოგადოების შენება დაიწყეს. ამიტომ ვფიქრობთ, მათი ყველა მიმართულებით წარმატებული რეფორმების გამოცდილება და ანალიზი საინტერესო უნდა იყოს საქართველოსთვის. გთავაზობთ ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მარტ ლაარის წერილს, რომელშიც იგი ძალიან საინტერესოდ აღწერს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომი პერიოდის რადიკალურ რეფორმებსა და მათ პოზიტიურ შედეგებს.

შესავალი

ესტონეთი ბალტიის ზღვის პირას მდებარე, ჩრდილოეთ ევროპის პატარა ქვეყანაა. სემუელ ჰანტინგტონის მიხედვით, ესტონეთი დასავლეთის ცივილიზაციის საზღვარია, რაც ამ ქვეყნის მიმართ ისტორიკოსების დიდი ინტერესის მიზეზია.

ჩვენ ვიაზრებდით, რომ პატარა ნაბიჯები არ იქნებოდა საკმარისი. გიგანტური ნახტომის გაკეთება იყო საჭირო.

ჩვენი ისტორიის განმავლობაში, ესტონელებს ხშირად გვიწევდა თავისუფლებისთვის ბრძოლა. 1918 წელს ესტონეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თუმცა მხოლოდ 22 წლით. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1940 წელს, ესტონეთი საბჭოთა კავშირმა დაიპყრო. ჩვენ კომუნისტურ ტერორს ვებრძოდით, მაგრამ დავმარცხდით. შედეგად, ესტონეთმა მოსახლეობის 20% და თავისუფლება დაკარგა. 1991 წელს ესტონეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საბჭოთა იმპერიას თავი დააღწია, თუმცა იმ მომენტისთვის, თავისუფლების გარდა, არაფერი გაგვაჩნდა. 1939 წლისთვის ესტონეთი დაახლოებით ისე ცხოვრობდა, როგორც მისი მეზობელი ფინეთი. ფინეთმა, მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიების ნაწილი დაკარგა, დამოუკიდებლობა შეინარჩუნა. განსხვავებული პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის გამო, ფინეთი და ესტონეთი სრულიად სხვადასხვაგვარად განვითარდა. მართალია, ფინეთის ყურის ორივე მხარეს ხალხი ერთნაირი მონდომებით შრომობდა და სწავლობდა, თუმცა, საბოლოოდ, მხოლოდ ფინეთი აყვავდა. მსგავსი სასტარტო პოზიციებიდან დაწყების მიუხედავად, 1987 წლის მდგომარეობით, ფინეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე $14,370-ს აღწევდა, ხოლო ესტონეთისა — $2000-ს.

საბჭოთა რეჟიმის მიერ ძალადობით თავს მოხვეული სოციალიზმის პირობებში, ადამიანები არ იყვნენ მიჩვეულნი დამოუკიდებლად ფიქრს, არჩევანის გაკეთებასა და რისკების საკუთარ თავზე აღებას.

ხშირად კომუნიზმის აქტიური მოწინააღმდეგენიც ვერ ამჩნევდნენ სოციალისტური აზროვნებიდან მომდინარე ეკონომიკურ პრობლემებს. ხალხის დიდი ნაწილი ფიქრობდა, რომ თუკი მთავრობიდან კომუნისტებს მოვიშორებდით და თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე გადავიდოდით, მხოლოდ ეს იქნებოდა საკმარისი, რომ სწრაფად დავწეოდით დასავლეთ ევროპას. ბოლომდე არავის გვესმოდა, სინამდვილეში როგორი ჩამორჩენილი და განუვითარებელი იყო კომუნისტური ეკონომიკა. საბოლოო ჯამში, ბევრად უფრო რთული და მტკივნეული აღმოჩნდა თავისუფალ სამყაროში დაბრუნება, ვიდრე ეს მანამდე წარმოგვედგინა.

შესაძლებლობების ფანჯარა

1992 წლის იანვარი ესტონეთში განსაკუთრებით ცივი აღმოჩნდა. კომუნიზმის დასასრულმა რეალური ქაოსი შექმნა ქვეყანაში. მაღაზიები - სრულიად ცარიელი, რუსული რუბლი კი გაუფასურებული იყო. სამრეწველო პროდუქციამ 30%-ით იკლო, რაც ბევრად მეტია, ვიდრე დიდი დეპრესიის დროს. რეალური ხელფასები 45%-ით შემცირდა, ინფლაცია 1000%-ს აღწევდა, ხოლო საწვავის ფასები 10 000 პროცენტით გაიზარდა.

მწარე წამლის ერთიანად მიღება უფრო ადვილია, ვიდრე ხანგრძლივად, რამდენიმე დოზად.

ხალხი საათობით იდგა საჭმლის რიგში. პურზე და რძის პროდუქტებზე კი შეზღუდვები დაწესდა. ასევე, რადგან გასათბობად გაზი არ იყო, მთავრობამ მოსახლეობა დედაქალაქიდან სოფლებში გახიზნა. ერთადერთი მუშა ინსტიტუტი, რომელიც დარჩა, შავი ბაზარი იყო.

ესტონეთი სრულად იყო დამოკიდებული რუსეთზე, რომელზეც მოდიოდა ჩვენი საგარეო ვაჭრობის 92%. ჩვენ ცოტა რამ გვქონდა რასაც მსოფლიო ბაზარზე გავყიდდით. საბჭოთა რეგულირებულმა ეკონომიკამ გაანადგურა ესტონეთის ეკოლოგია, ხოლო ინფრასტრუქტურა კატასტროფულ მდგომარეობამდე მიიყვანა. უცხოელი ექსპერტების უმრავლესობის აზრით, ესტონეთი მორიგი "ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა" იყო კარგი მომავლის იმედის გარეშე.

არც ესტონელ ხალხს სჯეროდა ნათელი მომავლის. ხალხი ხედავდა, რამხელა უფსკრული იყო მათთვის სასურველ ცხოვრებასა და ესტონეთში არსებულ რეალობას შორის. ჩვენ ვიაზრებდით, რომ პატარა ნაბიჯები არ იქნებოდა საკმარისი. გიგანტური ნახტომის გაკეთება იყო საჭირო. ამასთანავე, დასაკარგი დრო აღარ გვქონდა და სწრაფი მოქმედება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. სწორედ ამიტომ, 1992 წლის სექტემბერში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პირველ დემოკრატიულ არჩევნებში, ესტონელმა ხალხმა ის ჯგუფი აირჩია, რომლებიც ყველაზე რადიკალურ რეფორმებს სთავაზობდა ქვეყანას საბჭოთა წარსულიდან დასაღწევად.

რეფორმატორ მთავრობებს ბევრი დრო არასოდეს აქვთ საჭირო ნაბიჯების გადასადგმელად. ხალხის ნდობას და იმ ტკივილს, რომლის გადატანაც მათ მოუწევთ, ზღვარი აქვს, რომლის გადაცდენას აუცილებლად მოჰყვება ნებისმიერი რეფორმის უარყოფითი შეფასება. ბალცეროვიჩი, პოლონეთის რეფორმების ერთ-ერთი არქიტექტორი, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ე.წ. ექსტრაორდინარულ პოლიტიკას. იგი ამბობდა, რომ "მწარე წამლის ერთიანად მიღება უფრო ადვილია, ვიდრე ხანგრძლივად რამდენიმე დოზად".

რეფორმები უმჯობესია გატარდეს დიდი დოზებით, რადგან პოლიტიკური წინააღმდეგობა მცირე და დიდ ცვლილებებს მაინც ერთნაირი აქვთ

ბალცეროვიჩის თეორიის მიხედვით, უცხოელი დამპყრობლისგან გათავისუფლება განსაკუთრებულ ემოციებს ბადებს საზოგადოებაში, რაც თავის მხრივ, მთავრობას საშუალებას აძლევს, ისეთი რადიკალური და მტკივნეული რეფორმები გაატაროს, რომლებიც ნორმალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაში გაუჭირდებოდა. ამ გაგებით, კრიზისი თავის მხრივ შესაძლებლობაა, რომელიც მთავრობამ საჭირო ნაბიჯების გადასადგმელად უნდა გამოიყენოს. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ გაფიცვებისა და დემონსტრაციების ინტენსივობა მიმდინარე ეკონომიკურ პოლიტიკასთან არაფერ შუაშია. რეალურად, პრობლემა დაგვიანებით მიღებულ საჭირო გადაწყვეტილებებშია, რომლებიც დროულად რომ გატარებულიყო, ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა. რეფორმირებისას დროის ფაქტორი უმთავრესია.

სწორ დროს მიღებული სწორი გადაწყვეტილებები ბევრად უფრო ეფექტიანია და სწრაფი განვითარების შედეგად, ამომრჩეველთა დიდ კმაყოფილებას იწვევს, ხოლო დაგვიანებით გადადგმული სწორი ნაბიჯები, კვლავ სწორია, თუმცა საკმარისად შედეგიანი - არა.

ბიუჯეტის დასაბალანსებლად საერთაშორისო სავალუტო ფონდმა სესხი შემოგვთავაზა, თუმცა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ქვეყნის მომავალი რადიკალურ რეფორმებზე აეშენებინა და არა სესხებზე.

ხელსაყრელი მომენტი, როგორც წესი, ხანმოკლეა და, ამასთანავე, დემოკრატიულ ქვეყანაში ბუნებრივად გზას უხსნის კონკურენტ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ამომრჩევლების პრაქტიკული ინტერესების სახელით იწყებენ საუბარს. ეს ყველაფერი ჯამში ართულებს რადიკალურ გადაწყვეტილებებს და ბუნებრივია, ამუხრუჭებს რეფორმების ტემპს.

თუკი გარდამავალი ქვეყნები ხელსაყრელ მომენტს არ გამოიყენებენ რადიკალური ეკონომიკური რეფორმებისთვის, მათ მაინც მიეცემათ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის საშუალება, თუმცა უფრო რთულ პირობებში. იმ ქვეყნებს, რომლებიც ამ პერიოდს ხელიდან გაუშვებენ, მაკროეკონომიკური არასტაბილურობა, მთავრობაში ქაოსი და მასობრივი კორუფციის საფრთხე ემუქრებათ.

როგორც წესი, ქვეყნებს მეორე შესაძლებლობა ეძლევათ ხოლმე სამთავრობო პარტიების ტოტალური კრახის შემდეგ, თუმცა თუ ისინი ამ შესაძლებლობასაც ხელიდან გაუშვებენ, შემდეგ უკვე ძალიან ძნელდება ხალხის დარწმუნება, რომ რადიკალური ეკონომიკური ცვლილებების მტკივნეული პერიოდის თავიდან გავლა აუცილებელია.

ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად ხელოვნურად შენარჩუნებული ძველი ეკონომიკის ნგრევა და მთლიანად საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა იყო საჭირო.

მთავარი რეფორმები მოკლე დროში უნდა გატარდეს, რის გამოც მათთვის მოსამზადებელი პერიოდიც მოკლეა და საკანონმდებლო ცვლილებებიც მაქსიმალურად უნდა გამარტივდეს. გასათვალისწინებელია, რომ გადაწყვეტილებების იმპლემენტაციისთვის არსებული რესურსებიც მწირია. ანდერს ალსუნდი გარდამავალი ქვეყნების ეკონომიკის კვლევისას ხაზგასმით იმეორებს, რომ შეზღუდვები სიმარტივეს მოითხოვს.

ესტონეთი შეეცადა, რომ ყველა მსგავს გამოცდილება გაეთვალისწინებინა. ასევე, ჩვენივე რეფორმების პროცესში მივიღეთ ორი გაკვეთილი. პირველი, რომ ჯერ პოლიტიკური პროცესი უნდა მოაწესრიგო, სანამ ეკონომიკურ რეფორმებს დაიწყებ. მეორე კი, როგორც ცნობილი სარეკლამო სლოგანი ამბობს - Just do it (უბრალოდ გააკეთე). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რეფორმების გასატარებლად და ბოლომდე მისაყვანად, უმნიშვნელოვანესია გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა, თუნდაც ეს მტკივნეული იყოს.

სწორი იქნებოდა, რომ, პირველ რიგში, პოლიტიკური სტაბილურობისთვის მიგვეხედა. ჩვენ გვჭირდებოდა საერთო პოლიტიკური ლეგიტიმაცია რადიკალური რეფორმებისთვის, ეს კი მხოლოდ დემოკრატიული განვითარების გზით მიიღწეოდა, რაც თავის მხრივ მყარ ინსტიტუციონალურ სტრუქტურებს და თავისუფალ არჩევნებს ემყარებოდა. ამის მისაღწევად, გარდაუვალი იყო ტოტალიტარულ წარსულთან და მის წარმომადგენლებთან კავშირის გაწყვეტა.

პირველი ნაბიჯები: სავალუტო რეფორმა და მაკროსტაბილიზაცია

ეკონომიკური რეფორმების დასაწყისი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების (ე.წ. გარდამავალი ეკონომიკები) გამოცდილებას წააგავდა, თუმცა, ზოგიერთ ასპექტში უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ცენტრალურმა ევროპულმა ქვეყნებმა მოახერხეს, რომ რეფორმები 1989-1990 წლებში დაეწყოთ, ხოლო ესტონეთმა მხოლოდ 1992-დან. დაგვიანება გადამწყვეტი აღმოჩნდა — ამან კიდევ უფრო გაანადგურა ესტონეთის ეკონომიკა.

გაცვლითი კურსის დაფიქსირებამ ისეთი მყარი ვალუტის მიმართ, როგორიც გერმანული მარკა იყო, ესტონური ეკონომიკა უფრო სანდო გახადა

პირველი რეალური ნაბიჯი ესტონეთში მონეტარული რეფორმა იყო. ჩვენ საკუთარი ვალუტა შემოვიღეთ, რაც თავიდან შორეულ ოცნებად გვეჩვენებოდა. მონეტარული პოლიტიკის მხარდამჭერები ცვლილებების სხვადასხვა გზას ემხრობოდნენ, თუმცა, ყველა ძალა თანხმდებოდა სამ გამოკვეთილ მიზანზე: აღმოსავლეთიდან წამოსული ინფლაციის განეიტრალება, მოთხოვნა-მიწოდებაზე დაფუძნებული, გაწონასწორებული სავალუტო კურსის გარანტია და ნაღდი ფულის კრიზისის დაძლევა.

1992 წელს ესტონეთი გახდა პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელმაც საკუთარი ვალუტა შექმნა. ესტონური კრონა გერმანული მარკით იყო გამყარებული. სრულად კონვერტირებადი. გაცვლითი კურსის დაფიქსირებამ ისეთ მყარ ვალუტასთან მიმართებით, როგორიც გერმანული მარკა იყო, ესტონური ეკონომიკა უფრო სანდო გახადა. სავალუტო სისტემა რომ რეალურად სასარგებლო ყოფილიყო, ამას დაბალანსებული ბიუჯეტი სჭირდებოდა, რაც ერთი შეხედვით პოპულარული იდეა ჩანდა, თუმცა პრაქტიკაში არაპოპულარული აღმოჩნდა.

მთავრობა უფრო მარტივად წყვეტდა შემდგომ ნაბიჯებს, რადგან ბიუჯეტის დაბალანსება მხოლოდ მთავრობის ხარჯების შეკვეცით იყო შესაძლებელი. მას არც ფულის დაბეჭდვა შეეძლო და ვერც სხვა გზით გაზრდიდა ფულის მასას.

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში, პირველი შოკური თერაპია ფასების "გათავისუფლება" იყო. ესტონეთში კი - 1992 წლის ბიუჯეტის დაბალანსება. ბიუჯეტის დეფიციტის აღმოფხვრაზე მუშაობა არამხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით იყო სწორი ნაბიჯი, არამედ, იმჟამინდელი უიმედო მდგომარეობიდან გამოსავლის ერთადერთ გზად ისახებოდა. აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში არსებული გამოცდილება ცხადად მიუთითებდა, რომ სავალუტო რეფორმა ბიუჯეტის მკაცრი კონტროლის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევდა.

სწორედ ეს ამოცანა იდგა 1992 წლის სექტემბერში არჩეული გუნდის წინაშე. მთავრობა, რომელსაც Pro Partia Union ხელმძღვანელობდა, იმ ძალებისგან შედგებოდა, რომლებიც საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდნენ. მთავრობის წევრები ძალიან ახალგაზრდები იყვნენ. მე, ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი, 32 წლის ვიყავი. ბევრი მინისტრი ჩემზე პატარაც კი იყო. ჩვენ არ ვიცოდით, რა იყო შესაძლებელი და რა - არა, ამიტომ ერთი შეხედვით შეუძლებელი რამეები ვცადეთ და შევძელით.

რეფორმების სამოქმედო გეგმის შემუშავება კოალიციური მთავრობის შექმნის შემდეგ დაიწყო. რადიკალური ცვლილებების დაწყებას მყარი საპარლამენტო უმრავლესობა სჭირდებოდა. ჩვენი პირველადი გამოწვევა კოალიციური შეთანხმება იყო. კოალიციის ყველა წევრმა მოაწერა ხელი შეთანხმებას, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ესტონეთის ეკონომიკური რეფორმებისთვის.

სრულყოფილი გეგმის შემუშავებას რამდენიმე კვირა დასჭირდა. ამაში ჩვენ რამდენიმე უცხოური არასამთავრობო სამეცნიერო ცენტრი დაგვეხმარა: The Heritage Foundation, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, ადამ სმითის ინსტიტუტი და შვედეთის ტიმბრო. მათი მონაწილეობის გარეშე, სავარაუდოდ, შეუძლებელი იქნებოდა ამ გეგმის სწრაფად და ეფექტურად შემუშავება.

სუბსიდიების გაუქმება ნათელ მესიჯს უგზავნიდა საბჭოთა საწარმოო დინოზავრებს - „იმუშავეთ ან დაიხურეთ“. როგორც შემდგომ გამოჩნდა, უმრავლესობამ მუშაობა არჩია.

ჩვენ გადაწყვეტილი გვქონდა, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გვემოქმედა. ბიუჯეტის ბალანსი მოითხოვდა სახელმწიფო სუბსიდიების და მთავრობის ზომის მნიშვნელოვან შემცირებას. ყველა ასეთი შემცირება ძალიან არაპოპულარული იყო. ჩვენ ეს ყველაფერი შევძელით კოალიციური შეთანხმების წყალობით, რომელშიც საბიუჯეტო ბალანსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო.

ჩვენ შევეცადეთ, რომ ოპოზიცია ჩაგვერთო საბიუჯეტო დისკუსიებში, თუმცა, როგორც სხვა ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში, ოპოზიციამ უარი განაცხადა ამ განხილვებში მონაწილეობაზე. ისინი აქტიურად ებრძოდნენ საბიუჯეტო და მთავრობის შემცირებებს. ისინი იყენებდნენ როგორც საპარლამენტო ტრიბუნას, ასევე ქუჩის დემონსტრაციებს. ამ სიტუაციაში მთავრობას გარანტიები სჭირდებოდა, რომ კოალიციიდან ყველა მხარს დაუჭერდა მის ინიციატივებს და ამიტომ, ზედმეტ დისკუსიებში დრო აღარ დაგვიკარგავს (ერთხელ ერთი ჩვენი დეპუტატი, რომლის ხმაც მნიშვნელოვანი იყო კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებისთვის, სამშობიაროდან პირდაპირ პარლამენტში გადავიყვანეთ).

უმჯობესია, რეფორმები გატარდეს დიდი დოზებით, რადგან პოლიტიკური წინააღმდეგობა მცირე და დიდი ცვლილებებს მაინც ერთნაირი აქვთ. ჩვენ რამდენიმე თვეში უამრავი საკანონმდებლო ცვლილება გავიტანეთ და დავაბალანსეთ ბიუჯეტი. ამის შემდეგ, მივიღეთ კანონი, რომელიც ესტონეთის პარლამენტისთვის მხოლოდ დაბალანსებული ბიუჯეტის წარდგენას უშვებდა, რამაც მთავრობებს მომავალი ბიუჯეტების წარდგენა გაუიოლა და ზოგადად, „დაბალანსებული ბიუჯეტი“ ესტონეთის საფირმო ნიშნადაც კი იქცა.

ღია ეკონომიკა უზრუნველყოფს მეტ კონკურენციას და ქვეყანას საშუალებას აძლევს, რომ მარტივად მიაგნოს და სპეციალიზირდეს კონკრეტულად იმ საკითხებში, რომლებშიც კონკურენტული უპირატესობა გააჩნია.

ესტონეთმა მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა უმთავრეს პრიორიტეტად დაისახა, რაც სავალუტო პოლიტიკას, კურსის ხელოვნურად შეკავების მკაცრ შეზღუდვას და დაბალანსებულ ბიუჯეტს გულისხმობდა. მსგავსი შეზღუდვების პირობებში, მთავრობა უფრო მარტივად წყვეტდა შემდგომ ნაბიჯებს, რადგან ბიუჯეტის დაბალანსება მხოლოდ მთავრობის ხარჯების შეკვეცით იყო შესაძლებელი, მას არც ფულის დაბეჭდვა შეეძლო და ვერც სხვა გზით გაზრდიდა ფულის მასას. ბიუჯეტის დასაბალანსებლად საერთაშორისო სავალუტო ფონდმა სესხი შემოგვთავაზა, თუმცა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ქვეყნის მომავალი რადიკალურ რეფორმებზე აეშენებინა და არა სესხებზე.

მთავრობამ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების სუბსიდიები შეწყვიტა, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ახალი კომპანიების გასავითარებლად. სუბსიდიების გაუქმება ნათელ მესიჯს უგზავნიდა საბჭოთა საწარმოო დინოზავრებს - „იმუშავეთ ან დაიხურეთ“. როგორც შემდგომ გამოჩნდა, უმრავლესობამ მუშაობა არჩია.

რეფორმების პროცესში გულწრფელობა საკუთარ პარტნიორებთან და მოსახლეობასთან უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ღიად ვამბობდით, რომ გარდაქმნების პირველი წლები ძალიან მძიმე იქნებოდა, შესაბამისად პარლამენტის წევრებს, რომლებიც ხმას ჩვენს ინიციატივებს აძლევდნენ, კარგად ჰქონდათ გააზრებული ეს ყველაფერი. კოალიციას კარგად ესმოდა, რომ ერთადერთი გამოსავალი ჩვენი დასახული გზის ბოლომდე გავლა იყო, რადგან სხვა შემთხვევაში ხალხს ტყუილად მოუწევდა იმ სირთულეების გადატანა, რაც ეკონომიკის სტაბილიზაციას ახლავს თან.

ღია ეკონომიკა პოლიტიკურად ყოველთვის არაპოპულარულია, თუმცა შემდეგ უკვე ამუშავებული სისტემის შეცვლა არავის სურს.

ესტონეთში ცხოვრების დონე ძალიან დაბალი იყო, სამრეწველო წარმოება და სოფლის მეურნეობა - განადგურებული, მშპ - ძალიან შემცირებული. ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად, ხელოვნურად შენარჩუნებული ძველი ეკონომიკის ნგრევა და მთლიანად საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა იყო საჭირო.

1993 წელს ჩვენი რეფორმების პირველი შედეგები გამოჩნდა. მაკროეკონომიკური პარამეტრები დასტაბილურდა. 1992 წელს თუ ინფლაციის დონე 10 000% იყო, 1993 წლისთვის ის 89.8%, ხოლო, 1995 წელს კი 29% გახდა. ეკონომიკური ვექტორი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ შეტრიალდა. ამ შედეგებმა საშუალება მოგვცა რომ რეფორმების მეორე ეტაპზე გადავსულიყავით და ესტონეთის გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდაზე გვეზრუნა.

გახსნილობა

რეფორმების პირველი ეტაპიდან მეორეზე გადასვლა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო. პირველ ეტაპზე, მთავრობისთვის დასახული ამოცანების გადაჭრის გზები შედარებით სწორხაზოვანი იყო, რადგან არჩევანი არც გვქონდა. მცირე გუნდმა შეძლო მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა წინასწარ განსაზღვრული ნაბიჯების თანმიმდევრული განხორციელებით. მეორე ეტაპზე, ჩვენ ბევრად მეტი თავისუფლება, მეტი არჩევანი და შესაბამისად მეტი განსხვავებული მოსალოდნელი შედეგები გველოდა. ეს ეტაპი უფრო მეტი ხალხის ჩართულობასა და მათი დამოკიდებულების შეცვლას გულისხმობდა.

დახმარებები განვითარებად ქვეყნებს სრულად უკარგავს შესაძლებლობას, რომ საკუთარი მდგომარეობა სწრაფი განვითარების პლაცდარმად გამოიყენონ.

მაკროეკონომიკური სტაბილურობის შოკურმა თერაპიამ, ყველა გამოგვაფხიზლა. მნიშვნელოვანი იყო, რომ რეფორმების მეორე ეტაპისთვის ახალი იმედები, შესაძლებლობები და წინსვლის პერსპექტივა გაჩენილიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში პოსტკომუნისტური სირთულეები დიდი ალბათობით მახედ გადაიქცეოდა და ჩვენ ვერ შევძლებდით ნორმალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას.

საბჭოთა რეჟიმის მიერ ძალადობით თავსმოხვეული სოციალიზმის პირობებში ადამიანები არ იყვნენ მიჩვეულნი დამოუკიდებლად ფიქრს, გადაწყვეტილებების მიღებასა და რისკების საკუთარ თავზე აღებას. ბევრისთვის საჭირო გახდა შენჯღრევა და იმ ილუზიებისგან გათავისუფლება, რომლებიც მათ აფიქრებინებდა, რომ მათ პრობლემებს სხვები გადაწყვეტდნენ. ასეთი სიტუაცია დამახასიათებელი იყო ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის. აუცილებელი იყო ადამიანების გამხნევება, დამუხტვა და იძულება, რომ გადაწყვეტილებები თავად მიეღოთ და საკუთარი პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარება დაეწყოთ. ეს, ცხადია, არაპოპულარული პრინციპი იყო, თუმცა დაგვეხმარა, რომ ადამიანების დამოკიდებულება შეცვლილიყო.

ამ მიზნების მისაღწევად ესტონეთის მთავრობას საკუთარი მოქალაქეებისთვის ბიზნესის კეთების სხვადასხვა შესაძლებლობები უნდა შეეთავაზებინა. ჩვენ ვგრძნობდით, რომ ქვეყანაში მსგავსი გარემოს შესაქმნელად ერთადერთი გზა ჩვენი ეკონომიკის სრულად გახსნა, ყველაფერში კონკურენციის გაჩენა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა იყო. ბევრ ადამიანს ეშინოდა ასეთი გახსნილობის, ამიტომ მთავრობას უნდა ეჩვენებინა მათთვის გზა.

მიწის გაყიდვის კანონის მიღების შემდეგ, უცხოელმა ინვესტორებმა ბევრად უფრო დაცულად იგრძნეს თავი. ამ კანონმა სულ სხვა დონეზე აიყვანა მათი საკუთრების დაცულობა.

ესტონეთი, როგორც მცირე და ღია ეკონომიკა, ისტორიულად ყოველთვის ვაჭრობაზე იყო აგებული. თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისას, ეკონომიკის გახსნილობას ბევრი უპირატესობა გააჩნია. ის გვთავაზობს რაციონალურ საბაზრო პროცესებს, რომლებიც განსაზღვრავენ რესურსების განაწილებას, ღია ეკონომიკა უზრუნველყოფს მეტ კონკურენციას და ქვეყანას საშუალებას აძლევს, რომ მარტივად მიაგნოს და სპეციალიზირდეს კონკრეტულად იმ საკითხებში, რომლებშიც კონკურენტული უპირატესობა გააჩნია. ასეთებში კი გამარჯვებულს მხოლოდ ბაზარი ირჩევს და არა - მთავრობები. გარდა ამისა, ის ხელს უწყობს საიჯარო ხელშეკრულებების შემოღებას, რაც გარდამავალ ქვეყნებში კვალიფიციური, თუმცა დაბალანაზღაურებადი მუშახელისთვის ხელსაყრელია.

ჩვენ შევამცირეთ და გავაუქმეთ ტარიფები, გავაუქმეთ ყველა შეზღუდვა ექსპორტზე და ესტონეთი თავისუფალ სავაჭრო ზონად ვაქციეთ. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ თავისუფალ ვაჭრობას ვუჭერდით მხარს, იყო ერთი მოცემულობა - ყველა სექტორი, რომელსაც მთავრობა ტარიფებით "უჭერდა მხარს" ამორჩეული იყო მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით და არა - რეალური საჭიროებით.

თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკა ერთმნიშვნელოვნად წარმატებული აღმოჩნდა. მან დიდი ბიძგი მისცა კონკურენციას, რეკონსტრუქციასა და ზრდას. გახსნილობამ ესტონეთს მოუტანა ბევრი ახალი, ექსპორტზე ორიენტირებული კომპანია. ცხადია, ამ პოლიტიკას ჰყავდა ბევრი კრიტიკოსი ოპოზიციაში. ჩვენ გვქონდა დემონსტრაციები, რომლებზეც მოითხოვდნენ "დაიცავით ეკონომიკის სტრატეგიული სექტორები" ან "დაიცავით ლოკალური მწარმოებლები".

ჩვენ მსგავს მოთხოვნებს ყურადღებას არ ვაქცევდით და ვცდილობდით, რეფორმები რაც შეიძლება სწრაფად გაგვეგრძელებინა. როგორც კი გახსნილობის პირველი შედეგები ცხადად ჩნდება, ამ რეფორმების შემობრუნება ბევრად უფრო ძნელია. ღია ეკონომიკა პოლიტიკურად ყოველთვის არაპოპულარულია, თუმცა შემდეგ უკვე ამუშავებული სისტემის შეცვლა აღარავის სურს.

ნებისმიერი რეფორმა, რომელიც ზრდის კონკურენციას, აუცილებლად შეამცირებს კორუფციული ქცევის მოტივაციას.

ესტონეთისთვის უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ბევრად უკეთესი ალტერნატივა იყო, ვიდრე სესხების აღება ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, როგორებიცაა მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი. პირველ რიგში, IMF-ის დახმარება რომ აგვეღო, ქვეყანა ისევ ჩამორჩენილთა რიგებში უნდა დაგვეტოვებინა. ამას გარდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარება და რეკომენდაციები, ჩვენი აზრით, დრომოჭმული ტექნოლოგიაა, რომელიც თანამედროვე ქვეყნებს ვეღარაფერს შველის. მსგავსი დახმარებები განვითარებად ქვეყნებს სრულად უკარგავს შესაძლებლობას, საკუთარი მდგომარეობა სწრაფი განვითარების პლაცდარმად გამოიყენონ.

პირდაპირ ვამბობდით - თუ დახმარება გინდათ, ვაჭრობაში შეგვიწყვეთ ხელი, სხვა არაფერი გვინდა. ოპოზიციამ ჩვენი ეს გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა, თუმცა ჩვენ ყურადღება არ მიგვიქცევია, რადგან საპარლამენტო უმრავლესობა მხარს გვიჭერდა. ხალხთან კომუნიკაციისას აქცენტი ეროვნულ სიამაყეზე გავაკეთეთ და მოსახლეობამ ეს მშვენივრად გაიგო.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა განვითარებადი ქვეყნისთვის პრიორიტეტულია უცხოური ინვესტიციები, მათი მოზიდვის ორი ალტერნატიული გზა არსებობს. პირველ შემთხვევაში, მთავრობები ცდილობენ, ინვესტორები ყველანაირი სატყუარით მიიზიდონ და სთავაზობენ მათ განსაკუთრებულ პრივილეგიებს. მეორე გზა კი ზოგადად, ქვეყანაში მიმზიდველი ბიზნეს გარემოს შექმნაა როგორც ლოკალური, ისე უცხოელი ინვესტორებისთვის.

ჩვენ ეს გზა ავირჩიეთ და ყველასთვის თანაბრად მომგებიანი ბიზნეს გარემო შევქმენით ქვეყანაში. ხოლო რადგან ამ პოლიტიკის პოზიტიური შედეგები რამდენიმე წელში ყველამ იხილა, აღარავის სურდა ამ მიმართულებით რაიმეს შეცვლა.

მიწის გაყიდვის კანონის მიღების შემდეგ, უცხოელმა ინვესტორებმა ბევრად უფრო დაცულად იგრძნეს თავი. ამ კანონმა სულ სხვა დონეზე აიყვანა მათი საკუთრების დაცულობა. გარდა ამისა, გაუქმდა ზოგიერთი უცხოელი ინვესტორის განსაკუთრებული პრივილეგიები, რამაც მეტი კონკურენცია გააჩინა. 1993-94 წლებში ესტონეთი, რომელიც მანამდე არავისთვის იყო ცნობილი, ყურადღების ცენტრში მოექცა და ჩვენთან უცხოური ინვესტიციების ბუმი დაიწყო. მთავრობა სისტემატურად ზრუნავდა ესტონეთის რეპუტაციაზე ქვეყნის საზღვრებს გარეთ, რამაც დამატებით შეუწყო ხელი უცხოური ინვესტიციების მკვეთრ ზრდას.

შედეგად, 90-იან წლებში ესტონეთმა ერთ სულ მოსახლეზე ბევრად მეტი უცხოური ინვესტიცია მიიღო, ვიდრე სხვა ნებისმიერმა ცენტრალურმა და აღმოსავლეთევროპულმა ქვეყანამ. ინვესტიციების ასეთმა მასიურმა შემოდინებამ გააჩინა სრულიად ახალი ან ჩაანაცვლა ძველი სამუშაო ადგილები. ძველი ქარხნები განახლდა, ხოლო ქვეყანაში ახალი ცოდნა და ტექნოლოგიები შემოვიდა. ამ ყველაფერმა ესტონეთი ბევრად უფრო თანამედროვე და კონკურენტული ქვეყანა გახდა.

ქვეყანამ სრულფასოვან წარმატებას რომ მიაღწიოს, მხოლოდ მსოფლიო ბაზრისთვის კარი გაღება არ არის საკმარისი. მთავრობამ საკუთარ მოქალაქეებსაც უნდა გაუღოს კარი და ხელი შეუწყოს დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობას. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი იყო სამმხრივი დიალოგი სახელმწიფოს, ბიზნესსა და დაქირავებულებს შორის. ჩვენ მხარი დავუჭირეთ საბჭოთა პროფკავშირების გაუქმებას და მის თავისუფალ პროფკავშირებად გარდაქმნას. ამან თავიდან აგვაცილა ბევრი დიდი პროტესტი და ხელი შეუწყო მთავრობასა და მოსახლეობას შორის დიალოგს.

მთავრობებს, რომლებიც ამცირებენ გადასახადებს და გადადიან თანაბარი დაბეგვრის სისტემაზე, როგორც წესი, მდიდრების ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ ხოლმე. თუმცა, ყველა ასეთი რეფორმის შედეგად, მდიდრები ყოველთვის უწინდელზე უფრო მეტ წილს იხდიან.

ამ სამმხრივი მოლაპარაკებების საშუალებით, ესტონეთის მთავრობა მოსახლეობას და ბიზნესს უხსნიდა, თუ რა იყო გასაკეთებელი. საბოლოო მიზანზე ყველანი ვთანხმდებოდით - ეს იყო მეტი სამუშაო ადგილის შექმნა და ეკონომიკის განვითარება.

ჩვენ გავაგებინეთ პროფკავშირებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პრივატიზაციის პროცესში ბევრი სამუშაო ადგილი დაიკარგებოდა, ეს მაინც ერთადერთი გამოსავალი იყო. თუკი არ მოხდებოდა ძველი საწარმოების პრივატიზაცია და რეკონსტრუქცია, იმ საწარმოებში არსებული ყველა სამუშაო ადგილი გაქრებოდა.

ამ ნაბიჯებით საფუძველი ჩაეყარა ესტონეთის სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას. ხალხი მიეჩვია, რომ საჭირო იყო საკუთარი აზრი გამოეთქვათ ყველა პრობლემაზე და ამ ფორმით ზემოქმედება მოეხდინათ და პასუხისმგებლობაც აეღოთ მიმდინარე პროცესებზე. ისინი მიხვდნენ, რომ მათი მომავალი მათსავე აქტიურობაზე იყო დამოკიდებული. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი მედია, თუნდაც ისინი რეფორმატორ მთავრობას აკრიტიკებდნენ. მედიის თავისუფლებას არსებითი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე საზოგადოებაში.

გარდაქმნების წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელია დემოკრატია ყველა დონეზე. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია ვიყოთ მშვიდად, რომ პროცესები უკუღმა აღარასდროს შეტრიალდება.

კანონის უზენაესობა

ეკონომიკური სივრცის რეგულირების გარეშე რადიკალური რეფორმები ვერ განხორციელდება. გარდა ამისა, კანონის უზენაესობა იყო და რჩება დასავლური ცივილიზაციის მთავარ დასაყრდენად. ამის მნიშვნელობა ბევრმა გარდამავალმა ეკონომიკის ქვეყანამ ვერ გაითავისა თავის დროზე. ზოგიერთი მათგანი თვლიდა, რომ რადიკალური რეფორმების განხორციელება მათი შესაბამისი კანონმდებლობის გარეშეც იქნებოდა შესაძლებელი - უბრალოდ, ძველი სტრუქტურები თავისით დაიშლებოდა ახალი კანონმდებლობისა და ინსტიტუტების შექმნის გარეშე.

წრფივი გადასახადების ესტონური გამოცდილება ძალიან პოპულარული გახდა. ჯერ ლიტვამ, ლატვიამ და რუსეთმა გადაიღეს 2001 წელს, ხოლო მოგვიანებით, 2004-ში უკრაინამ და საქართველომაც მსგავსი სისტემა დააკოპირეს.

ზოგიერთ გარდამავალ ეკონომიკაში პოლიტიკოსები თვლიდნენ, რომ მხოლოდ თავისუფალი ბაზარი შეძლებდა მაგიურად საზოგადოების კეთილდღეობის ზრდას, მკაფიო კანონმდებლობების გარეშე. ხშირად, ისინი არ უთმობდნენ ყურადღებას მთავრობის გადახალისებას და გაძლიერებას (და არა გაზრდას).

გარდა ამისა, ცალკე აღებული კარგი კანონმდებლობა არ არის საკმარისი. განვითარებად ქვეყნებში საჭიროა, რომ მთავრობა ქმნიდეს ეფექტურ ინსტიტუტებს ამ კანონმდებლობის აღსრულებისთვის და დანერგოს ისინი ყოველდღიურობაში. სასამართლოსა და პროკურატურის ინსტიტუტების განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ეფექტურ სამოქალაქო სამსახურს ქმნიან.

კანონის უზენაესობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარებადი ეკონომიკის მთავარ ვირუსთან, კორუფციასთან ბრძოლაში. კორუფცია იბადება და ღვივიდება ისეთ საზოგადოებებში, რომლებშიც სახელმწიფო მოხელეები და კერძო პირები იღებენ ქრთამს და ამით ბევრად უფრო მეტ სარგებელს იღებენ, ვიდრე კარგავენ. ასეთი სიტუაცია ხშირად წარმოიქმნება ღარიბ ეკონომიკებში ბევრი რეგულაციებით და დიდი მთავრობით. საყოველთაო კონტროლი ოფიციალურ პირებს დიდ ძალაუფლებას აძლევს, რითაც გზას უხსნის ქრთამის აღებისა და საერთო სიკეთის მითვისებისკენ.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი მედია, თუნდაც ის რეფორმატორ მთავრობას აკრიტიკებდეს. მედიის თავისუფლებას არსებითი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე საზოგადოებაში.

ესტონური გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა, ერთი მხრივ, თანმიმდევრულად და მიზანდასახულად საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლაა, ხოლო, მეორე მხრივ, თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოებისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა.

ნებისმიერი რეფორმა, რომელიც ზრდის კონკურენციას, აუცილებლად ამცირებს კორუფციული ქცევის მოტივაციას. საგარეო ვაჭრობაზე კონტროლის შემცირება, კერძო სექტორის განვითარება და სახელმწიფო კომპანიების პრივატიზაცია კონკურენციას წარმოშობს და გვეხმარება კორუფციასთან ბრძოლაში. თუ კანონმდებლობა გამჭვირვალეა და სახელმწიფო არ გასცემს სხვადასხვა ბიზნესებისთვის ლიცენზიებს, მაშინ ამ საკითხებში კორუფცია ვერ მოიკიდებს ფეხს, რადგან ქრთამის მიცემა აზრს მოკლებულია. იგივე ეფექტი ექნება სუბსიდიების, შეღავათიანი სესხების და სხვა მსგავსი საკითხების გაუქმებასაც.

ამ მიდგომებით ესტონეთმა დაამარცხა კორუფცია და ორგანიზებული დანაშაული. შიდა ეკონომიკის გახსნა მსოფლიო ბაზრისთვის და რეალური რეფორმების გატარება საუკუთესო გზაა კრონი კაპიტალიზმის თავიდან ასაცილებლად. მნიშვნელოვანია რომ საკმარისი ყურადღება მიექცეს იუსტიციის, სასჯელაღსრულებისა და პოლიციის რეფორმებს. აუცილებელია ეფექტური და გამჭვირვალე ადმინისტრაციის შექმნა. პრიორიტეტების ამგვარი განაწილებით, ესტონეთმა შეძლო, რომ გარდამავალ რეგიონებში ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული და სტაბილური გარემო შექმნა.

საბოლოოდ, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საბანკო რეფორმა. ბანკები ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. თუკი ორგანიზებული დანაშაული ბანკებში შეაღწევს, მაშინ ეს ამბავი მალე მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა. ფულის გათეთრება, შავი ფული და სხვა ფინანსური დანაშაულებები აუცილებლად და სწრაფად უნდა მოაშოროთ საბანკო სივრცეს.

ესტონეთმა გააუქმა ყველა სახელმწიფო ბანკი და გზა დაუთმო კერძო ბანკებს. ბანკები კონკურენციაში უნდა ყოფილიყვნენ ერთმანეთთან და ჩვენ არ ვერეოდით, თუნდაც რომელიმე ბანკი გაკოტრებულიყო. დღეს ესტონეთს ბალტიისპირეთში ყველაზე ეფექტური, ხოლო ევროკავშირში ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული საბანკო სისტემა აქვს.

საკუთრების რეფორმა

ეკონომიკური გარდაქმნების საფუძველი კერძო საკუთრებაზე გადასვლაა. ამის გარეშე საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა აუცილებლად კრახით დასრულდება. საკუთრების უფლებაზე მდგარი თავისუფალი და ძლიერი ეკონომიკის შექმნისათვის რამდენიმე საკითხის მოგვარებაა საჭირო. მნიშვნელოვანია საკუთრების ძველი მფლობელებისთვის დაბრუნება, არსებული სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია და კერძო ბიზნესისთვის პრო-აქტიურად ხელშეწყობა. ჩვენთვის მთავარი არა პრივატიზაციის რაოდენობა, არამედ ის, თუ როდის და როგორ მოხდება პრივატიზაცია.

პრივატიზაცია არასდროს არის პოპულარული, ამით საარჩევნო ხმების მოზიდვა შეუძლებელია. ამიტომ, აუცილებელია, რომ პრივატიზაცია მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად. ოპოზიციასთან მოლაპარაკებებზე დროის კარგვა არ ღირს, რადგან ისინი ნებისმიერ შემთხვევაში შეეწინააღმდმეგებიან ამ პროცესებს.

პრივატიზაციის მთავარი შედეგი ეკონომიკის სწორ რელსებზე შეყენება უნდა იყოს და არა მოგების მაქსიმიზაცია.

საკუთრების რეფორმა და პრივატიზაცია უმნიშვნელოვანესია გარდამავალი ეკონომიკებისთვის. ეს ორი რეფორმა კერძო ბიზნესის განვითარებისთვის და ფუნქციური, ჯანსაღი ბაზრის ჩამოსაყალიბებლად უმნიშვნელოვანესია. პრივატიზაციის მთავარი შედეგი ეკონომიკის სწორ რელსებზე შეყენება უნდა იყოს და არა მოგების მაქსიმიზაცია.

ამას გარდა, აუცილებელია, რომ საკუთრების უფლების გარანტიები ძალიან ცხადად იყოს დაფიქსირებული კანონმდებლობაში. საკუთრების კანონმდებლობა ინტერპრეტაციის საშუალებას არ უნდა იძლეოდეს. ამის მიღწევა რთულია, რადგან კანონები სწრაფად არის მისაღები და ძველი ქონებრივი ურთიერთობები წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდნენ ახალთან.

პირველი საკანონმდებლო ცვლილებები საკუთრებასთან დაკავშირებით ესტონეთში 1992 წელს მივიღეთ. პირველ რიგში კომუნისტების მიერ წართმეული და ნაციონალიზებული ქონება დავუბრუნეთ მათ კანონიერ მფლობელებს. იმ შემთხვევებში, როდესაც პირდაპირ შეუძლებელი იყო ქონების დაბრუნება, ჩვენ კერძო მესაკუთრეებს პრივატიზების ვაუჩერებს ვურიგებდით. ამ გზით მათ სხვა კერძო კომპანიებში წილების ან უძრავი ქონების შეძენა შეეძლოთ. ამ პროცესის დასრულების შემდეგ, მთელი დარჩენილი ქონება სწრაფად გავყიდეთ. ჩვენი მიზანი იყო, რაც შეიძლება სწრაფად, ბევრი ადამიანი გამხდარიყო სხვადასხვა ქონების კერძო მესაკუთრე.

ეს რთული პროცესი იყო. მემარცხენე პარტიები ძლიერ წინააღმდმეგობას უწევდნენ ამ ცვლილებებს და საპროტესტო აქციებს გვიწყობდნენ. ჩვენ მშვიდად მივიყვანეთ ეს პროცესი ბოლომდე. როგორც კი ადამიანები ხდებიან ქონების კერძო მეპატრონეები, შემდეგ უკვე ძალიან რთულია და მხოლოდ ძალით არის შესაძლებელი ამ პროცესის შემოტრიალება. ამავე დროს, აუცილებელია ისეთი კანონმდებლობის მიღება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს საკუთრების უფლების გარანტიებს.

ესტონეთმა გააუქმა ყველა სახელმწიფო ბანკი და გზა დაუთმო კერძო ბანკებს.

მსხვილი ობიექტების პრივატიზაცია ესტონეთის საპრივატიზაციო სააგენტომ ღია აუქციონის პრინციპით მოახდინა. საბოლოოდ, უმეტეს შემთხვევაში, ყველა კომპანიის საკონტროლო პაკეტი ერთი კერძო მესაკუთრის ხელში აღმოჩნდა, თუმცა მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ აუქციონებში ყველამ მიიღო მონაწილეობა. პრივატიზაციის პროცესში მთავარი მთავრობის მოგება კი არა, ინვესტიციების მოზიდვა და პრივატიზებულ ქარხნებში გარკვეული პერიოდით მუშების მცირე რაოდენობით უზრუნველყოფა იყო. ამის გამო პროცესმა ჯამში უმტკივნეულოდ ჩაიარა და ესტონეთი კერძო მესაკუთრეთა ქვეყანად იქცა.

წრფივი დაბეგვრა

ესტონეთის განვითარებაში გარდამტეხი ცვლილების შესატანად მნიშვნელოვანი იყო ადამიანების ბოლომდე დამუხტვა. აუცილებელი იყო კერძო სექტორზე მორგებული ეკონომიკური გარემოს შექმნა. ჩვენ უნდა დაგვერწმუნებინა მოქალაქეები, რომ საკუთარ მომავალზე ამიერიდან თვითონ იყვნენ პასუხისმგებელნი.

ეს ამოცანა ნაწილობრივ ეკონომიკის სრული ლიბერალიზაციით გადავწყვიტეთ. ჩვენ გავაუქმეთ კანონები, რომლებიც ბიუროკრატიას საშუალებას აძლევდა, დამწყები კომპანიების საქმეებში ჩარეულიყვნენ და შეეფერხებინათ მათი განვითარება.

მასობრივი დერეგულაცია საკმარისი არ აღმოჩნდა. ადამიანებმა, რომლებიც ეკონომიკაში ჩაერთნენ, მალევე იგრძნეს, რომ არსებული საგადასახადო სისტემის შინაარსი წარმატების დასჯა იყო. ისინი ყოველგვარ ენთუზიაზმს კარგავდნენ. სწორედ ამან განაპირობა ძველი სისტემიდან ახალ, რადიკალურად განსხვავებულ საგადასახადო სისტემაზე გადასვლა.

საგადასახადო ცვლილებები მხოლოდ თეორიული მსჯელობისას არის პოპულარული. როგორც კი მთავრობა ცვლილებების იმპლემენტაციას იწყებს, პოპულარობა მაშინვე ქრება. საგადასახადო რეფორმების პლატფორმიდან თითქმის წარმოუდგენელია არჩევნების მოგება, თუმცა როდესაც მთავრობას უკვე აქვს ძალაუფლება, ამ დროს რადიკალური რეფორმის ჩატარება ერთადერთი გამართლებული ნაბიჯია ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის.

ასეთი გადაწყვეტილებების მიღება დიდ პოლიტიკურ გამბედაობას მოითხოვს. მთავრობებს, რომლებიც ამცირებენ გადასახადებს და გადადიან თანაბარი დაბეგვრის სისტემაზე, როგორც წესი, მდიდრების ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ ხოლმე. თუმცა, ყველა ასეთი რეფორმის შედეგად, მდიდრები ყოველთვის უწინდელზე უფრო მეტს იხდიან. ის მთავრობებიც კი, რომლებსაც ესმით ასეთი ცვლილებების აუცილებლობა, ხშირად მომავალ არჩევნებში დამარცხების შიშით თავს იკავებენ.

სწორი გადაწყვეტილებებისა და ცვლილებების გატარება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შემდეგი არჩევნები. მე მჯეროდა, რომ ადამიანები წარმატებისთვის არ უნდა დაგვესაჯა. პირიქით, ჩვენ გადავწყვიტეთ, ისეთი ეკონომიკური გარემო შეგვექმნა, რომელიც ადამიანებს დანაზოგების და ახალი დოვლათის შექმნისკენ უბიძგებდა. ესტონეთის საგადასახადო სისტემა რაც შეიძლება მარტივი და გამჭვირვალე უნდა ყოფილიყო - ყველასთვის საერთო, მინიმალური გამონაკლისებით. საგადასახადო ტარიფები მაქსიმალურად უნდა დაგვეწია, რაც უზრუნველყოფდა ადამიანების მეტ აქტიურობასა და მეტი სიმდიდრის შექმნას.

ამ ამოცანების გადასაწყვეტად საუკეთესო გამოსავალი საშემოსავლო გადასახადის წრფივი დაბეგვრა იყო. ასეთ სისტემაზე ესტონეთი 1994 წლის 1 იანვრიდან გადავიდა.

საგადასახადო სისტემა მარტივი გახდა ყველასთვის: როგორც გადამხდელებისთვის, ასევე -გადასახადების ამკრეფი სტრუქტურებისთვის. აღარ იყო საჭირო ზედმეტი გამოთვლები, ზედმეტი ბიუროკრატია. ბიუროკრატიას უამრავი საქმე ჩამოშორდა და მხოლოდ ურჩი გადამხდელების კონტროლი დაევალა.

შედეგად, საგადასახადო სისტემამ ბევრად უფრო ეფექტურად დაიწყო მუშაობა. ჩრდილოვან ეკონომიკას დიდი დარტყმა მიადგა, ხოლო საბიუჯეტო შემოსავლებმა მკვეთრი ზრდა დაიწყო.

წელი მშპ-ს ზრდა შემოსავლები საშემოსავლო გადასახადიდან მთლიანი შემოსავლები
1993 -9.0 1.5 8.0
1994 -2.0 2.0 12.0
1996 3.9 4.0 19.0

წრფივ დაბეგვრაზე გადასვლამ ხელი შეუწყო ეკონომიკური აქტივობის სწრაფ ზრდას. ესტონელებმა იგრძნეს, რომ თუ მეტს იშრომებდნენ, აღარ დაისჯებოდნენ და მეტს მიიღებდნენ.

დამოკიდებულება ძალიან სწრაფად იცვლებოდა. გაჩნდა ათასობით ახალი მცირე და საშუალო ზომის საწარმოები. ჩნდებოდა ახალი სასტუმროები, რესტორნები, მაღაზიები. 1992 წელს ესტონეთში ჯამში სულ 2 000 სასტუმრო იყო, ხოლო 1992 წლის ბოლოსთვის მათმა რიცხვმა 70 ათასს მიაღწია. ესტონეთი მუშათა კლასის ქვეყნიდან მეწარმეების და სტარტაპერების ქვეყნად იქცა. საკუთარ მომავალზე ზრუნვის სტიმულმა ესტონეთს დიდი უმუშევრობა აარიდა თავიდან.

საგადასახადო რეფორმებიდან ერთი წლის შემდეგ, როდესაც პრო პარტიამ არჩევნები წააგო, წრფივი დაბეგვრის სისტემა არ შეცვლილა. უფრო მეტიც, 1994 წლის შემდეგ, ბევრი სხვადასხვანაირი პარტია და კოალიცია მოვიდა მთავრობაში, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც პროგრესულ გადასახადების შემოღებას ჰპირდებოდა ხალხს, თუმცა საბოლოოდ ყველა ხვდებოდა, რომ თანაბარი დაბეგვრა ყველაზე ეფექტური სისტემა იყო.

წრფივი გადასახადების ესტონური გამოცდილება ჯერ ლიტვამ, ლატვიამ და რუსეთმა გადაიღეს 2001 წელს, ხოლო მოგვიანებით, 2004-ში უკრაინამ და საქართველომაც მსგავსი სისტემა დანერგეს.

წრფივმა საგადასახადო სისტემამ მკვეთრად გაზარდა ეკონომიკური აქტივობა ყველა სფეროში. შეიქმნა უამრავი ახალი სამუშაო ადგილი და შემცირდა ჩრდილოვანი ეკონომიკა. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წრფივი საგადასახადო სისტემის ქვეყნებს იმავე რეგიონის პროგრესულ საგადასახადო სისტემებს თუ შევადარებთ, ვნახავთ, რომ წრფივი ტარიფების საგადასახადო სისტემის მქონე ქვეყნები საშუალოდ უფრო სწრაფად იზრდებიან.

ცხრილში მოცემულია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წრფივი საგადასახადო სისტემის მქონე ქვეყნების (ესტონეთი, ლიტვა და ლატვია) შედარება მათ მსგავს ქვეყნებთან. თქვენ ხედავთ, რომ წრფივი დაბეგვრის შემთხვევაში ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად აღემატება, არა-წრფივი საგადასახადო სისტემების ქვეყნების ზრდას როგორც რეფორმების დასაწყისში, ასევე, მომდევნო პერიოდებშიც.

მშპ-ს საშუალო ზრდა
წრფივი საგადასახადო სისტემის მქონე ქვეყნები არაწრფივი გადასახადების მქონე ქვეყნები
1996-1998 7.2 4.00
2003-2005 8.6 4.30

წრფივი დაბეგვრის სისტემის მქონე ქვეყნების შემოსავლებსა (მშპ ერთ სულ მოსახლეზე) და "ძველი ევროპის" შემოსავლებს შორის სხვაობა გაცილებით სწრაფად მცირდებოდა, ვიდრე პროგრესულად მზარდი საგადასახადო სისტემის ქვეყნებში. ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის სტატისტიკური ბიუროს მონაცემები გვიჩვენებს, რომ 1996 წელს ესტონეთში მშპ ერთ სულ მოსახლეზე, ევროპის საშუალო მაჩვენებლის 34,8% იყო, უნგრეთში — 48,5% და პოლონეთში — 42,1%. 2007 წელს კი, ესტონეთში მშპ ერთ სულ მოსახლეზე, იგივე მაჩვენებლის 65% აღწევდა, უნგრეთში — 64-%-ს, პოლონეთში კი - 52%-ს. პარალელურად, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა, თუმცა, პროგრესულად ზრდადი გადასახადების მქონე ქვეყნებს იგივე პარამეტრის მხოლოდ 14%-იანი ზრდა ჰქონდათ.

კიდევ ერთი აშკარა განსხვავება წრფივი და პროგრესული გადასახადების მქონე ქვეყნებს შორის ის არის, რომ წრფივი სისტემის შემთხვევაში ქვეყნების ბიუჯეტი ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია. როგორც წესი, ოპონენტები იმის დამტკიცებას ცდილობენ, რომ წრფივი საშემოსავლო გადასახადი სოციალური უსამართლობაა, რადგან საზოგადოებაში ის უფრო მეტ უთანასწორობას ქმნის, ვიდრე პროგრესული გადასახადები. ეს არასწორია, რადგან შემოსავლების განაწილების ჯინის კოეფიციენტი (რაც ზუსტად ამ საკითხს ზომავს) წრფივი გადასახადის მქონე ქვეყნებში ხშირად იკლებს და ხშირად უფრო დაბალია, ვიდრე პროგრესულად ზრდადი გადასახადების მქონე ქვეყნებში.

ცვლილება შემოსავლების გადანაწილებაში 1989-1997 წლებში (ჯინის კოეფიციენტი)
ლიტვა 0.036
ესტონეთი 0.08
პოლონეთი 0.09
ჩეხეთი 0.04
რუსეთი 0.12
ბულგარეთი 0.13

ესტონეთში ჯინის ინდექსის მთავარი ზრდა 1989-1993 წლებში დაფიქსირდა, 0.398 პიკით. ხოლო მომდევნო წლებში მუდმივად მცირდებოდა.

და ბოლოს, წრფივმა საგადასახადო სისტემამ გაზარდა საბიუჯეტო შემოსავლები, შეამცირა ჩრდილოვან ეკონომიკაში დარჩენის მოტივები და ჯამში, ხელი შეუწყო ეკონომიკურ აქტივობას. ასეთი პოზიტიური შედეგების გამო, ესტონური მაგალითი ბევრმა სხვა ევროპულმა ქვეყანამ გადაიღო.

ესტონური სასწაული

მხოლოდ 15 წელიწადი გახდა საჭირო, რომ რადიკალური რეფორმების პირობებში, ესტონეთი ისე შეცვლილიყო, რომ კომუნისტური პერიოდის შემდეგ ვეღარ გეცნოთ.

ეს ჭუჭყიანი საქმეა, თუმცა ვიღაცამ უნდა გააკეთოს

ჩვენთვის ხანდახან იმის წარმოდგენაც კი რთულია, თუ როგორ შეიცვალა ესტონეთი. ის გახდა პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელმაც The Heritage Foundation-ის და The Wall Street Journal-ის მიხედვით, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში, "თავისუფალის" სტატუსი მოიპოვა. უფრო მეტიც, ესტონეთის ეკონომიკა არა უბრალოდ თავისუფალია, არამედ, 2007 წლის ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში მე-12 ადგილით, ერთ-ერთ ყველაზე თავისუფლად ითვლება.

ამ გასაოცარი ტრანსფორმაციის შედეგად, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ესტონეთის ეკონომიკა ევროპაში ყველაზე სწრაფი ტემპით ვითარდებოდა. რეფორმების დასაწყისში ეკონომიკა საშუალოდ წელიწადში 6%-ით იზრდებოდა. 2005 წელს ზრდამ 11%, ხოლო 2006 წლის პირველ ნახევარში თითქმის 12% შეადგინა. ასეთი სწრაფი ზრდის შედეგად, ქვეყანა ევროპული ცხოვრების დონის საშუალო მაჩვენებლებს ბევრად უფრო სწრაფად ეწევა, ვიდრე ვინმეს შეეძლო წარმოედგინა.

ესტონეთში სიღარიბე და უთანასწორობა მცირდება. გაეროს კაცობრიობის განვითარების ინდექსის მიხედვით, ესტონეთმა ნაკლებად განვითარებული ქვეყნების ჯგუფიდან განვითარებული ქვეყნების ჯგუფში გადაინაცვლა, უმუშევრობისა და ინფლაციის დონე დაბალია, ცხოვრების დონე კი მკვეთრად უმჯობესდება. ბიუჯეტი დაბალანსებულია და გადაჭარბებით სრულდება. ჩვენ ჩავატარეთ ჯანდაცვის და პენსიების რეფორმები. ქვეყანა კი დღეს ნატოს და ევროკავშირის წევრია.

ერთხელ რომ დაიძვრება მატარებელი, შემდეგ მისი შეჩერება იოლი არ არის და საქმეც სწორედ ესაა.

ნებისმიერი სტანდარტით, ესტონეთი ყველაზე კონკურენტული ეკონომიკაა ევროკავშირის ახალ წევრებს შორის. 10 წლის წინ ეკონომიკა მკვეთრად ჩამორჩებოდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, დღეს კი, მას შემდეგ, რაც გადაასწრო მათ, ჩვენ "ძველი ევროპის" სტანდარტებს ვუახლოვდებით.

ამ ცვლილებების შედეგად, ესტონეთი ბევრად უკეთ მოემზადა 21-ე საუკუნისთვის. ერმა უდიდესი ნახტომი გააკეთა თანამედროვე ტექნოლოგიების და ელექტრონული მმართველობისკენ. ესტონელები ფინანსური ტრანზაქციების დიდ ნაწილს ინტერნეტით ახორციელებენ, ხოლო საგადასახადო დეკლარაციის მომზადება და გაგზავნა ელექტრონულად არის შესაძლებელი. ყველაზე შთამბეჭდავი კი ის არის, რომ საგადასახადო ფორმის შევსება სულ 5 წუთს მოითხოვს.

ელექტრონული მთავრობა, შესაძლოა, ძალიან ეფექტური აღმოჩნდეს მცირე და ღია მთავრობის შესაქმნელად. ინტერნეტში მთავრობის ასეთი დოზით ჩართულობა ხელსაყრელ პირობებს ქმნის მაღალტექნოლოგიური კომპანიებისთვის. ესტონეთი ბევრი ციფრული სტარტაპისა და კომპანიის დაბადების ადგილად იქცა. ყველაზე ცნობილი მათ შორის სკაიპია, რომელიც 2006 წელს შეიქმნა და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სავაჭრო ნიშნად იქცა.

ცხადია, ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი და წინ ახალი გამოწვევები გველოდება, თუმცა ვფიქრობ, ყველაზე რთული პერიოდი გავლილი გვაქვს.

ღარიბი ესტონეთის აყვავებულ ქვეყანად გარდაქმნაზე და რეფორმებზე ფიქრისას, ჩემი პერსონალური გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ პრემიერ-მინისტრის მიზანი უნდა იყოს არა პოპულარობის, არამედ მუშა კოალიციის შექმნა, ცხადი პროგრამა და გადაწყვეტილებების მიღების გამბედაობა.

დემოკრატიულ სისტემაში ვერც ერთი პრემიერ-მინისტრი ვერ დარჩება ხელისუფლებაში სამუდამოდ, თუმცა, თუ ხალხი ხედავს, რომ მან რეალურად მიაღწია დასახულ მიზანს, ეს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად მყარი საფუძველია. მე ამის ცოცხალი მაგალით ვარ. გარდამავალი ქვეყნებიდან ერთადერთი პრემიერი ვარ, რომელიც გადაყენების შემდეგ, მეორედ აირჩიეს, ხოლო ესტონეთი ისტორიაში ყველაზე დიდხნიანი მმართველიც გავხდი.

ბუნებრივია, რეფორმების გატარება მთავრობის პოპულარობას ამცირებს. ამიტომ, მთავრობა, რომელიც რეფორმების გზით მიდის, ზრდის რისკებს, რომ გადაირჩიონ. ჩემი აზრით, ამას მნიშვნელობა არ აქვს. გაცილებით მნიშვნელოვანია ქვეყნის უკეთესობისკენ შემოტრიალება. ეს ჭუჭყიანი საქმეა, თუმცა ვიღაცამ უნდა გააკეთოს. ერთხელ რომ დაიძვრება მატარებელი, შემდეგ მისი შეჩერება იოლი არ არის და საქმეც სწორედ ესაა.


დისკუსია: თქვენი აზრით როგორ უნდა განვითარდეს საქართველოს ეკონომიკა?

კვირის ტოპ-5

  1. საახალწლო საჩუქრები — ქართული სოციალური საწარმოები, რომელთა პროდუქტებითაც ნებისმიერს გაახარებთ
  2. ოქსფორდის წლის სიტყვად "ტვინის ლპობა" დასახელდა — აი, რას ნიშნავს ეს
  3. მითია თუ რეალობა? — ქვიზი 1956 წლის რეპრესიებზე
  4. ქვიზი: მოგვიყევი შენს მეგობარზე და გეტყვით, რა აჩუქო ახალ წელს
  5. ნინო ხარატიშვილი: აუცილებლად მოვა ახალი წელი და გაიმარჯვებს თავისუფლება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"სვანური კოშკი არასდროს იქნება "ბაშნია" — თბილისში სვანების მარში მიმდინარეობს

"სვანური კოშკი არასდროს იქნება "ბაშნია", "მაიტა ევროპა-მეთქი" — ამ საპროტესტო ლოზუნგებით თბილისში სვანების მარში…