წარმატება არ ქმნის იდეებს, იდეები ქმნის წარმატებას — ეს მარტივი ჭეშმარიტება დღევანდელ სამყაროში ყველაზე მეტადაა აქტუალური. სწორედ ინოვაციური და ჭკვიანური იდეებით ვითარდება სამყარო და იქმნება პროგრესი, რომელიც დღითი დღე უფრო და უფრო შესამჩნევია, გვიმარტივებს ცხოვრებას და საკუთარი მიზნების მიღწევისა თუ სურვილების ასრულების ახალ გზებს გვიჩვენებს.

სწორედ ახალი იდეებისა და მათი განხორციელების მნიშვნელობამ განაპირობა ის, რომ 2020 წლის 20 თებერვალს საქართველოს ბანკის, 500 Startups-ისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეკრულებით საქართველოში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აქსელერატორი 500 Startups შემოვიდა.

პროექტი ქვეყნის სტარტაპ ეკოსისტემისა და საინვესტიციო პოტენციალის განვითარებას ისახავს მიზნად. თავად აქსელერატორს კი 75 ქვეყნის მასშტაბით 2400-ზე მეტ ტექ-სტარტაპში აქვს ჩადებული ინვესტიცია, მათ შორისაა ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორებიცაა: Canva, Talkdesk, Credit Karma, Ipsy, twilio და სხვები.

აქსელერატორის ქართულ ბაზარზე გამოჩენა ქართულ სტარტაპებს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს — პროექტის ფარგლებში მათ შეუძლიათ, საკუთარი იდეების განვითარებასა და დახვეწაში მრავალი წარმატებული კომპანიის მენტორებსა თუ დამფუძნებლებთან ერთად იმუშაონ. ამავდროულად, ისინი ეცნობიან ინფორმაციას დიზაინის, მარკეტინგის, გაყიდვებისა და სტარტაპის განვითარებისთვის საჭირო სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების შესახებ.

პროექტს უკვე ჰყავს ჩართული სტარტაპების ტოპ 5-ეული: Cardeal, Cargon, Nextsale, Phubber და Stack — ისინი აქსელერაციის მეორე რაუნდში მონაწილეობას საქართველოს ბანკის ინვესტიციით გააგრძელებენ.

ამ სტატიაში თითოეულ მათგანს უფრო დაწვრილებით გაგაცნობთ და ვისაუბრებთ, როგორი იყო მათი გამოცდილება 500 Georgia-ში მონაწილეობისას, რა სირთულეებს წააწყდნენ ისინი სტარტაპის შექმნისას და როგორ მოახერხეს მათი დაძლევა წარმატების მისაღწევად.

Cardeal

ფოტო: საქართველოს ბანკი

Cardeal ავტოაუქციონების საერთაშორისო ონლაინ პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს ავტომობილის შეძენასთან დაკავშირებული სერვისების — მათ შორის ავტომობილის შერჩევის, შემოწმების, დაფინანსება/ლიზინგისა თუ ტრანსპოტირების — მარტივად მიღების საშუალებას აძლევს. კომპანია მსოფლიოს სხვადასხვა მომწოდებლის 500 ათასამდე ავტომობილს აერთიანებს.

Cardeal-ის CEO-მ, ზურაბ ბაკურიძემ, 500 Startups-ის ტოპ 5-ეულში მოხვედრასთან დაკავშირებით ისაუბრა.

"ერთი მხრივ, მივხვდით, რომ დაგვიფასდა ის, რაც აქამდე გავაკეთეთ, და, მეორე მხრივ, გვქონდა შეგრძნება, რომ ეს იყო ჩვენი სტარტაპის განვითარების ახალი დასაწყისი", — განაცხადა მან.

ეს იყო ჩვენი სტარტაპის განვითარების ახალი დასაწყისი

ზურაბ ბაკურიძე

ვინაიდან ვებგვერდზე მანქანის შეძენის პროცესი მთლიანად ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს, თავდაპირველად მომხმარებელთა სკეპტიკურმა დამოკიდებულებამ სტარტაპი გამოწვევების წინაშე დააყენა, რადგან უმეტესობას ოფისში მისვლით ერჩივნა მანქანის შეძენა. თუმცა სამყარო იცვლება და უამრავი სერვისი ონლაინ სივრცეში ინაცვლებს, რაც მეტ კომფორტსა და დროთა განმავლობაში მეტ სანდოობასაც ქმნის, ამიტომ უცნაური არაა, რომ დღეს უკვე Cardeal-მა ეს სირთულე დაძლია და მომხმარებლები უპირატესობას ონლაინ რეჟიმში ყიდვას ანიჭებენ.

"Cardeal-ს დღეს საკმაოდ ბევრი ადამიანი იცნობს უკვე და სარგებლობს მისი სერვისით. თვეში დაახლოებით 100 000-მდე უნიკალური მომხმარებელი სტუმრობს გვერდს და გეგმავს საკუთარი მომავალი მანქანის შეძენას. უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ ახალი სერვისებისა და ფუნქციონალის დამატებას, რაც მომხმარებლისთვის ავტომობილის შეძენას მაქსიმალურად გაამარტივებს" — დაამატა ბაკურიძემ.

ბაკურიძის თქმით, სტარტაპის წარმატების მთავარი საიდუმლო ისაა, რომ მათ დროის მოკლე პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით — მარკეტინგის, გაყიდვებისა და პროდუქციის განხრით — მოახერხეს განვითარება და რაც, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია, არსებითად ააჩქარეს ზრდის ტემპი.

სხვა ყველაფერთან ერთად, Cardeal იმითაც გამოირჩევა, რომ საიტზე პარალელური ბიდინგის უნიკალური ფუნქცია მომხმარებელს საერთაშორისო აუქციონებში მონაწილეობის საშუალებას აძლევს.

Cargon

ფოტო: საქართველოს ბანკი

Cargon მაქსიმალურად გამჭვირვალე, მარტივი და სწრაფი ციფრული ლოგისტიკური პლატფორმაა, რომელიც ტვირთმფლობელის ცხოვრების გამარტივებაზეა ორიენტირებული — ის მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სულ რამდენიმე წამში დაადგინოს ტვირთის გადაზიდვის ფასი და მყისიერად იპოვოს მისთვის შესაფერისი გადამზიდი.

კარგონის თანადამფუძნებლის, ვანო ჩალაძის, თქმით, 500 Startups-ის ტოპ 5-ში მოხვედრა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო იმ მიზნისთვის, რომელიც სილიკონ ველიზე მოხვედრაა.

"500 სტარტაპის აქსელერაციის პროგრამა არის ძალიან ინტენსიური და თითოეული გუნდის წევრის ჩართულობასა და დიდ შრომას მოითხოვს. პროგრამაში მონაწილეობის დროს აანალიზებ, რამდენად მეტი არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ წარმატებული სტარტაპი შექმნა. წარმატების მისაღწევად, ალბათ, მნიშვნელოვანია ის, რომ სწორად ჩაატარო ბევრი ექსპერიმენტი და ტესტები, შემდეგ გააანალიზო და მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც უფრო მეტ პოზიტიურ შედეგს მოიტანს შენი სტარტაპისთვის", — ამბობს ვანო ჩალაძე.

როგორც წესი, ტვირთის გადაზიდვის ლოგისტიკური მხარე საკმაოდ ხანგრძლივია და 3-4 დღე გრძელდება ხოლმე, თუმცა, ინტელექტუალურ ალგორითმებზე მუშაობის დამსახურებით, Cargon-ის პლატფორმიდან ამ პროცესს მხოლოდ რამდენიმე წუთი და ღილაკზე თითის დაჭერა სჭირდება.

წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია, რომ სწორად ჩაატარო ბევრი ექსპერიმენტი და ტესტები, შემდეგ გააანალიზო და მიიღო გადაწყვეტილება რომელიც უფრო მეტ პოზიტიურ შედეგს მოიტანს შენი სტარტაპისთვის

ვანო ჩალაძე

"ჩვენი სტარტაპი ოპერირებს საკმაოდ ტრადიციულ ლოგისტიკის ინდუსტრიაში, რომელიც ნაკლებად არის ტექნოლოგიურად განვითარებული. ჩვენი მიზანია, რომ ეს სფერო გახდეს ბევრად მარტივი, სწრაფი და გამჭვირვალე ტექნოლოგიების მეშვეობით. გვინდა, რომ მომხმარებლისთვის ერთი წერტილიდან მეორეში ტვირთის გადაზიდვა სასიამოვნო პროცესი გახდეს დროისა და ფინანსების დაზოგვის კუთხით. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გვსურს რომ 500 სტარტაპის დახმარებით ჩვენი სერვისი საერთაშორისო ბაზრებზე გავიტანოთ", — განაცხადა ჩალაძემ.

პლატფორმა უკვე წელიწადზე მეტია, ქართულ ბაზარზე ოპერირებს და ამ დროის განმავლობაში მასზე ასზე მეტი ტვირთმფლობელი კომპანია და ასობით ინდივიდუალური მძღოლი თუ ლოგისტიკური კომპანია დარეგისტრირდა. აქვე აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის პანდემიის პირობებში პირბადეების შესაკერად 2 მილიონი მეტრის მარლის ტრანსპორტირება უზბეკეთიდან საქართველოში სწორედ კარგონმა უზრუნველყო.

Nextsale

ფოტო: საქართველოს ბანკი

Nextsale ონლაინ მაღაზიებისთვის გაყიდვების ზრდის პლატფორმას წარმოადგენს. მისი მიზანია, მომხმარებელთა მოზიდვის გზით გაყიდვების მაჩვენებელი გააუმჯობესოს, ონლაინ გამყიდველები ახალი ფუნქციებით მოამარაგოს და მათ მუდმივად მხარი დაუჭიროს.

კომპანიას ეფექტური და მოსახერხებელი ინტერფეისი აქვს, რომელიც კამპანიის მსვლელობის მიმდინარე მიმოხილვასა და დეტალურ ანალიზს იძლევა, რაც მაღაზიებს მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღების საშუალებას აძლევს და მომხმარებლებისთვის შოპინგის სასიამოვნო გარემოს ქმნის.

"მჯეროდა, რომ შევძლებდი შესანიშნავი კომპანიის შექმნას, რომელიც მარკეტოლოგებს ონლაინ სივრცეში მეტ შესაძლებლობას მისცემდა, რითაც გაიზრდებოდა მათი გაყიდვები და კონვერსია", — აცხადებს სტარტაპის თანადამფუძნებელი ვუსალ ორუჯოვი.

ორუჯოვმა 500 Startups-ს "განმაცვიფრებელი მოგზაურობა" უწოდა და მასში მონაწილეობის დადებითი მხარეები გაიხსენა.

"ეს ძალიან დაგვეხმარა. ჩვენ გარშემო იყვნენ გამოცდილი მენტორები და უამრავი მეწარმე, რომლებიც ჩვენი სტარტაპის სამომავლო ზრდისა და წარმატების მიღწევაში გვეხმარებოდნენ. ჩვენ განვაგრძობთ მათთან ურთიერთობას, რადგან ჩვენნაირი ანტრეპრენერებისგან მიღებული დროული პასუხები ძალიან გვეხმარება", — დაამატა მან.

მომხმარებლების ყურადღებას ყოველთვის იქცევს პერსონალიზებული მიდგომა — საჭირო დროს, სწორად შერჩეულ გვერდზე და მიზნობრივ მომხმარებელთან გამოჩენილი შეტყობინება თქვენს ინტერნეტ მაღაზიას უფრო მიმზიდველს გახდის

თალეჰ კარიმლი

Nextsale-ზე პრომო-ბანერების, ვებგვერდის შეტყობინებებისა და სხვადასხვა სარეკლამო საშუალების დამსახურებით მომხმარებელი აქციებისა და ონლაინ-მაღაზიის პოპულარობის შესახებ უფრო ვრცელ ინფორმაციას იღებს — მაგალითად, შეკვეთის გაფორმებისას ან პროდუქტის ნახვისას მომხმარებელი ოპტიმიზებულ შეტყობინებას ხედავს. პლატფორმა ასევე აჩვენებს იმის სტატისტიკას, თუ რამდენმა ადამიანმა შეიძინა კონკრეტული პროდუქტი და რამდენი იმყოფება ამჟამად ვებგვერდზე, რაც უფრო გამჭვირვალეს ხდის ონლაინ მაღაზიას და მის მიმართ სანდოობას ზრდის.

ვუსალის თქმით, ელექტრონულ კომერციაში კომპანიის პროფესიული გამოცდილება იმას ცხადყოფს, რომ პერსონალიზებული შეტყობინება მომხმარებლისთვის, რომელიც ონლაინ ბიზნესის გვერდს სტუმრობს, ძალიან მნიშვნელოვანია.

"მომხმარებლების ყურადღებას ყოველთვის იქცევს პერსონალიზებული მიდგომა — საჭირო დროს, სწორად შერჩეულ გვერდზე და მიზნობრივ მომხმარებელთან გამოჩენილი შეტყობინება თქვენს ინტერნეტ მაღაზიას უფრო მიმზიდველს გახდის. ჩვენი კლიენტები ამას Nextsale-ის ლოკალიზაციისა და პერსონალიზაციის ხელსაწყოებით აღწევენ. ასეთი სახით ვებგვერდის ვიზიტორები კონვერსიის მაღალ მაჩვენებლებად გარდაიქმნებიან. აი, რას ვთავაზობთ ჩვენ კლიენტებს — სამომხმარებლო გამოცდილების პერსონალიზაციას, რაც სკეპტიკურად განწყობილ ადამიანს ერთგულ მომხმარებლად აქცევს", — დაამატა სტარტაპის თანადამფუძნებელმა თალეჰ კარიმლიმ.

პლატფორმა ამჟამად ინგლისურ, რუსულ, ესპანურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზეა ხელმისაწვდომი.

Phubber

ფოტო: საქართველოს ბანკი

Phubber — ეს არის ონლაინ მარკეტი, რომელზეც შეგიძლიათ, გამოუყენებელი ტანსაცმელი გასაყიდად განათავსოთ, რაც მისთვის მეორე სიცოცხლის მინიჭების საშუალებას იძლევა.

სტარტაპის თანადამფუძნებლის, ანანო დოლაბერიძის, თქმით, 500 Startups-ში მონაწილეობის მიზანი გამარჯვება და იმ ტოპ 2 კომპანიას შორის მოხვედრაა, რომელიც სილიკონ ველიზე გაემგზავრება.

"ცხადია, ძალიან გაგვიხარდა, რომ ხუთეულში მოვხვდით. შეიძლება ითქვას, რომ კიდევ უფრო მეტი შემართებითა და მოტივაციით ჩვენს მიზანთან ახლოს ვართ. სტარტაპის ქონა დამფუძნებლების სრულ ჩართულობას მოითხოვს. 500 Startups-ის პროგრამა საკმაოდ დატვირთულია და არამხოლოდ სწავლობ და ისმენ ლექციას სხვადასხვა მიმართულებით, არამედ მაქსიმალურად სწრაფად უნდა გადაიტანო და დანერგო ეს ყველაფერი კომპანიაში. საბოლოოდ კი, როდესაც ხედავ პროგრესსა და ზრდის ტემპს, ხვდები, რომ ძალიან სწორ დროს სწორ ადამიანებთან მოხვდი — მათ [500 Startups-ის] ხელში ათასობით სტარტაპს აქვს გამოვლილი და დარწმუნებული ვარ, ესეც ერთ-ერთი სტრატეგიაა, როგორ შეძლებენ სტარტაპერები ერთდროულად ახალი ინფორმაციის მიღებასა და დანერგვას ისე, რომ ყოველდღიური პროცესი გამართული და უპრობლემო იყოს", — თქვა მან.

500 Startups-ის მენტორები და მთელი გუნდი ყოველთვის სწორ მიმართულებას მოგვცემენ და დაგვეხმარებიან მაქსიმალურად ეფექტური და წარმატებული გავხადოთ ჩვენი სტარტაპი

ანანო დოლაბერიძე

Phubber-ის ციფრულ პლატფორმაზე სასურველი ნივთის პოვნა და თანხის გამომუშავება გაცილებით მარტივია, სასურველი ნივთის შეძენა კი — უფრო იაფი. პლატფორმაზე თემატურად დაყოფილი განყოფილებები მოიცავს ქართულ ბრენდებს, ავთენტურ ბრენდებს, ვინტაჟურ ნივთებსა და ე.წ. pre-owned განყოფილებას, რომელშიც მომხმარებლებს თავიანთი გამოუყენებელი ტანსაცმელის განთავსება შეუძლიათ.

"ვფიქრობ, ახლა ზუსტად ისეთ ეტაპზე ვართ, რომელსაც წლების შემდეგ ხაზგასმით და მნიშვნელოვნად გამოვყოფთ. ეს არის გზა სტარტაპიდან — კომპანიამდე, გლობალურ ბრენდამდე და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ნახტომი რაც შეიძლება დიდი და უშეცდომო იყოს. ჩვენ ერთდროულად ყველაფერზე ფიქრი გვიწევს, ტექნოლოგიიდან დაწყებული — ოპერაციებით დასრულებული. მიხარია, რომ შეგვიძლია, ნაკლები შეცდომები დავუშვათ. ნაკლები კი იმიტომ, რომ ვიცით, 500 Startups-ის მენტორები და მთელი გუნდი ყოველთვის სწორ მიმართულებას მოგვცემენ. ისინი დაგვეხმარებიან, ჩვენი სტარტაპი მაქსიმალურად ეფექტური და წარმატებული გავხადოთ" — დაამატა ანანო დოლაბერიძემ.

Phubber-ის აპლიკაციას სოციალური ქსელის ფუნქციაც აქვს, რაც საინტერესო ბრენდების მონიშვნასთან ერთად მომხმარებლის მიერ სიახლეების გამოწერისა და გასაყიდად გამოქვეყნებული ახალი ნივთების შესახებ მათი ინფორმირების საშუალებას იძლევა. აპლიკაციას სიმარტივესა და მოსახერხებლობას ისიც მატებს, რომ მომხმარებელს სასურველი ნივთების მოწონება, დაკომენტარება და ფავორიტებში მონიშვნა შეუძლია.

აპლიკაციის ავტორების თქმით, ნივთის ანგარიშსწორების დასრულებისა და ადგილზე უფასო მიტანისთვის ორი საათიც საკმარისია.

Stack

ფოტო: საქართველოს ბანკი

Stack პირველი ქართული ვებ-ბრაუზერია, რომელიც 2018 წლიდან ოპერირებს. ის დღეს უკვე საკმაოდ წარმატებულია და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში იყენებენ.

სთექის გამორჩეულობა ისაა, რომ ის ყველა ყველა ვებ-აპლიკაციას ერთ ეკრანზე ათავსებს — ამგვარად, მომხმარებელს შეუძლია, საჭირო აპლიკაციები გვერდითა პანელზე კატეგორიების ან გამოყენების სიხშირის მიხედვით დაახარისხოს, რაც სრულიად ცვლის მომხმარებლის ინტერნეტში ყოფნის გამოცდილებას.

ბრაუზერის ერთ-ერთი თანადამფუძნებლის, გიორგი ლალიაშვილის, თქმით, გუნდისთვის ხუთეულში მოხვედრა ძალიან სასიამოვნო და მამოტივირებელი სიახლე იყო — ეს 500 სტარტაპის პროგრამაში მონაწილეობის გაგრძელებასა და მენტორებისგან შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მიღებას ნიშნავდა.

"წარმატებამდე ჯერ შორია, თუმცა აქამდე მოსვლაში ძალიან გვეხმარება მუშაობის იმ მეთოდებისა და ტექნიკების გამოყენება, რასაც 500-ის პროგრამაში ვსწავლობთ. რამდენიმე სირთულესა და გამოწვევას გამოვყოფდი: ხანდახან ჩნდება განცდა, რომ ის საკითხი უკვე კარგად იცი, რაზეც ახლა მენტორი გელაპარაკება, თუმცა ჩვენ მაინც ყოველთვის ვცდილობთ, მენტორების მიერ ნაჩვენები მეთოდების გამოყენებას, რაც აქამდე ყოველ ჯერზე ამართლებს. ასევე თავიდან რთული იყო მთელ გუნდთან იმ ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიტანა, რომელსაც პროგრამაში იძენ, ასე რომ, სტარტაპებს ვურჩევდი, გუნდის ყველა წევრი შეძლებისდაგვარად ჩართონ აქსელერაციის პროცესში, რათა ყველა მობილიზებული და ერთსულოვანი იყოს", — განაცხადა გიორგი ლალიაშვილმა.

ყველა ახალგაზრდა სტარტაპს ვურჩევ, გაიაროს აქსელერაცია და მიიღოს საერთაშორისო გამოცდილება 500-ისგან.

გიორგი ლალიაშვილი

Stack-ის სხვა მახასიათებლებთან ერთად მისი ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ მომხმარებელი ამ ბრაუზერში ყველა შეტყობინებას ერთ სივრცეში იღებს, რაც ამარტივებს, მაგალითად, ელექტრონული წერილების ნახვას, და ამისთვის ცალკეული ჩანართების გახსნა აღარაა საჭირო.

გიორგი ლალიაშვილის თქმით, 500 Startups-ში მონაწილეობა სთექს საერთაშორისო კაპიტალის მოზიდვის კუთხით ძალიან დაეხმარა, რაც კომპანიის სამომავლო განვითარებას მნიშვნელოვნად დააჩქარებს.

"პროგრამის ფარგლებში და მომხმარებლებთან მჭიდრო ურთიერთობით აღმოვაჩინეთ ჩვენი კომპანიის ის წერტილები, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს, და სწორედ ამაზე ვიმუშავებთ მომდევნო თვეების განმავლობაში. ზოგადად, ძალიან კმაყოფილი ვარ პროგრამით, მენტორებით და ორგანიზების ხარისხით. აქსელერაციის 3 პროგრამა მაქვს გამოვლილი და 500 უდავოდ საუკეთესოა. ყველა ახალგაზრდა სტარტაპს ვურჩევ, გაიაროს აქსელერაცია და მიიღოს საერთაშორისო გამოცდილება 500-ისგან", — დაამატა გიორგი ლალიაშვილმა.

მეორე ნაკადზე რეგისტრაცია

აქსელერაციის პროგრამის მეორე ნაკადის მიღებაზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და ის 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება. თქვენი სტარტაპის პროგრამაში რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ამ ბმულს.

"აბსოლუტურად ყველას, ვისაც სტარტაპი აქვს, ვურჩევ, გამოიყენოს ეს შანსი და გააგზავნოს აპლიკაცია 500 Startups-ის მეორე ნაკადის მიღებაზე. ეს ნამდვილად არის გზა სტარტაპიდან გლობალურ ბრენდამდე", — ამბობს Phubber-ის თანადამფუძნებელი ანანო დოლაბერიძე.

ამავე თემაზე: