დომენი Google.com 1997 წლის 15 სექტემბერს დარეგისტრირდა, ხოლო 1998 წლის 4 სექტემბერს თავად კომპანიაც დაფუძნდა. კომპანიის პირველი ოფისი კალიფორნიაში, დამფუძნებლების მეგობრის, სიუზან ვოჯიცკის ფარეხში მდებარებოდა, ხოლო კომპანიის პირველი თანამშრომელი ლარის და სერგეის კურსელი — კრეიგ სილვერსტეინი გახდა.

თავდაპირველად კომპანიას BackRub ერქვა, ახლანდელი სახელი კი მას მოგვიანებით უწოდეს: Google რიცხვი გუგოლის მცდარი ვერსიაა — ეს რიცხვი ერთი ერთიანისა და ასი ნულისგან შედგება.

თავისი 23-წლიანი არსებობის მანძილზე Google-მა მოახერხა და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბრენდად იქცა. თუმცა ცოტამ თუ იცის ყველა იმ ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტის შესახებ, რომლებიც გარკვეულწილად იმის საილუსტრაციოდაც გამოდგება, თუ როგორ მიაღწია კომპანიამ ასეთ წარმატებას:

  • გუგლი ფლობს ყველა იმ დომენს, რომელშიც შეცდომითაა დაწერილი კომპანიის სახელი: Gooogle.com; Gogle.com; Googlr.com და ა.შ. გუგლს ასევე ეკუთვნის დომენი 466453.com — ამ რიცხვების კომბინაციით ტელეფონის კლავიატურაზე იწერება ასოები g o o g l e;
  • გუგლი ისტორიულ და სხვა ღირსშესანიშნავ დღეებს, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, საკუთარ საძიებო სისტემაში ორიგინალური დუდლების მეშვეობით გვახსენებს. დუდლებში ამა თუ იმ დღის აღსანიშნავად საძიებო სისტემის ლოგოს ასოები თემატურად იცვლიან სახეს. გარდა ამისა, დუდლების ჩვენებისას კომპანია ითვალისწინებს გეოგრაფიასა და იმას, თუ რომელი ქვეყნიდან იყენებთ სერვისს;
  • პირველი დუდლი პეიჯმა და ბრინმა შექმნეს მაშინ, როცა ისინი აპირებდნენ დასწრებოდნენ 1998 წელს ჩატარებულ ფესტივალს, Burning Man. დუდლის საშუალებით ისინი მომხმარებლებს ატყობინებდნენ, რომ არ იმყოფებოდნენ სამუშაო ადგილზე;

გუგლის პირველი დუდლი.

ფოტო: Google

  • გუგლის ოფისებში თანამშრომლებისთვის სრულიად უფასოდაა ხელმისაწვდომი საკვები. გარდა ამისა, თანამშრომლები ოფისებში თავისუფლად სარგებლობენ სარეცხი მანქანით, ჭურჭლის სარეცხი მანქანით, შხაპით, ტელევიზორებითა თუ სათამაშო კონსოლებით;
  • საძიებო სისტემის საწყისი გვერდი ყოველთვის არ გამოიყურებოდა ისე, როგორიც ის ახლაა;
  • გუგლის ნიუ-იორკის ოფისის ერთ-ერთ სართულზე თანამშრომლებისთვის ხელმისაწვდომია PAC-MAN-ის სათამაშო აპარატი, საცოცი კედელი, ლეგოს ოთახი და სხვა გასართობი საშუალებები;
  • კომპანიაში ახალ თანამშრომელს ნუგლერს (noogler), ხოლო ყოფილ თანამშრომელს ექსუგლერს (xoogler) ეძახიან.