შესაძლოა, ვაქცინა ხელმისაწვდომი წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში იყოს — AstraZeneca
ფარმაკოლოგიური კომპანიის, AstraZeneca-ს აღმასრულებელი დირექტორის, პასკალ სორის განცხადებით, კლინიკური კვლევების დროებით შეჩერების მიუხედავად, ვაქცინა ხელმისაწვდომი, შესაძლოა, უკვე წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში იყოს.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად გამართულ რბოლაში AstraZeneca ოქსფორდის უნივერსიტეტთან კოლაბორაციით ჩაერთო. მათი ერთობლივი გეგმის მიხედვით, კვლევაში მონაწილეობა 50 ათასიდან 60 ათასამდე ადამიანმა უნდა მიიღოს. მასშტაბური გეგმები რამდენიმე დღის წინ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა — დიდ ბრიტანეთში გამოვლენილმა შესაძლო გვერდითმა ეფექტმა ვაქცინის კვლევა დროებით შეაჩერა.
"მე ვფიქრობ, ჩვენ წლის ბოლომდე ან შემდეგი წლის დასაწყისამდე საჯაროდ წარმოსადგენი მონაცემები ხელთ გვექნება. ვაქცინა, შესაძლოა, ამ წლის ბოლოს ან შემდეგი წლის დასაწყისში ხელმისაწვდომი იყოს", — აღნიშნა სორიმ. მან ამგვარად მიანიშნა, რომ შესაბამისი ნებართვისთვის მის კომპანიას საბუთები მზად კი ექნება, მაგრამ შემდეგ ყველაფერი სამთავრობო მარეგულირებელ რგოლზეა დამოკიდებული.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, მათ ვაქცინაზე მუშაობის გაგრძელების უფლება უკვე მიიღეს.
AstraZeneca-ს ხელმძღვანელმა ისიც აღნიშნა, რომ გვერდით ეფექტების გამო კლინიკური კვლევის დროებით შეჩერება უცხო არ არის.
გავრცელებული ინფორმაციით, კვლევაში ჩართულ პაციენტს იშვიათი ნევროლოგიური დაავადება, განივი მიელიტი გამოუვლინდა. აღნიშნულ დაავადებას სტეროიდული მედიკამენტებით მკურნალობენ, მაგრამ მის მიერ გამოწვეული ინვალიდიზაცია შეიძლება სამუდამო აღმოჩნდეს. თუმცა, პასკალ სორი ამ დიაგნოზს არ ადასტურებს.
"ჩვენ არ ვიცით, არის ეს განივი მიელიტი თუ არა… ჩვენ საბოლოო დიაგნოზი ჯერ არ გვაქვს", — აღნიშნავს იგი.
AstraZeneca-მ მსოფლიო მასშტაბით ვაქცინის წინასწარ შესყიდვაზე კონტრაქტები უკვე გააფორმა, რის ფარგლებშიც 3 მლრდ დოზის გამოშვებას გეგმავს.
სორიმ განაცხადა, რომ ვაქცინებზე მომუშავე სხვა ფარმაცევტული კომპანიების მიღწევებთან ერთად, საყოველთაო მოთხოვნა დაკმაყოფილდება და პანდემიის დამარცხება მოხერხდება. მისი თქმით, ვაქცინებს სხვა ქვეყნებიც იმავე დროში მიიღებენ, რაც მათი თანასწორი განაწილების საფუძველი გახდება.
კომენტარები