რატომ შეჩერდა ოქსფორდის ვაქცინის კვლევა და რა იქნება მომდევნო ნაბიჯები — მოკლედ
COVID-19-ის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი პრეტენდენტი, ოქსფორდის უნივერსიტეტისა და АstraZeneca-ს ერთობლივი პროექტი, კლინიკური კვლევის მესამე ეტაპზე შეჩერდა. ამ სტატიაში მოკლედ და დეტალურად მიმოვიხილავთ აღნიშნული იძულებითი პაუზის მიზეზებსა და შესაძლო შედეგებს.
რატომ შეჩერდა ოქსფორდ-AstraZeneca-ს ვაქცინის კვლევა?
დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ერთ მოხალისეს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა. მეცნიერებისთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, გაარკვიონ, არის თუ არა ეს რაიმე კავშირში მათ ვაქცინასთან. მოვლენათა განვითარების მსგავსი სცენარი ვაქცინების კვლევაში უცხო არ გახლავთ — მსგავსი იძულებითი პაუზა აღნიშნულ ვაქცინას უკვე ჰქონდა. სწორად ამიტომაც არის ძალიან ფართო კვლევების ჩატარება საჭირო, რათა იშვიათი გვერდითი ეფექტები გამოიკვეთოს. მაგალითად: ის, რაც 10 ათასი ადამიანიდან ერთს გამოუვლინდება, ფაქტობრივად შეუძლებელია, კვლევის ადრეულ ეტაპზე (როცა მასში რამდენიმე ათეული ან ასეული ადამიანია ჩართული) იქნეს აღმოჩენილი.
ვიცით თუ არა, რა ტიპის შესაძლო გართულებასთან გვაქვს საქმე?
როგორც ითქვა, საუბარია ზურგის ტვინის ანთებაზე, განივ მიელიტზე, თუმცა, AstraZenecaс-ს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. ამ დაავადებას სტეროიდული მედიკამენტებით მკურნალობენ, მაგრამ მის მიერ გამოწვეული ინვალიდიზაცია შეიძლება სამუდამო აღმოჩნდეს.
განივი მიელიტი ვაქცინებთან აქამდეც იყო ასოცირებული, ოღონდ ძალიან იშვიათ შემთხვევებში. 2018 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ აშშ-ში ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩატარებული იმუნიზაციის გვერდითი ეფექტები გააანალიზა. აღმოჩნდა, რომ ასეთების რაოდენობა სულ რაღაც 119-ს შეადგენდა, რაც აცრილთა რაოდენობასთან შედარებით საოცრად მცირე მაჩვენებელი გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ეს გართულებები აცრის საწყის ეტაპზევე გამოვლინდა, რამაც მეცნიერებს საშუალება მისცა, შემთხვევების იზოლირება დროულად მოეხდინათ. აღნიშნული შემთხვევების ნახევარი ჰეპატიტი B-ს აცრის შედეგი გახლდათ.
რა გავლენას იქონიებს ეს შემთხვევა კვლევაზე?
მკვლევრები დეტალურად შეისწავლიან ამ კლინიკურ შემთხვევას და შეეცდებიან გამოკვეთონ, არის თუ არა ამ დაავადებასა და ვაქცინაციას შორის კავშირი. ისინი ასევე გააანალიზებენ მიღებული ვაქცინის დოზის სისწორეს, პაციენტის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას და ა.შ. მათ იმედი აქვთ, რომ ამ მოვლენის ახსნას დროულად შეძლებენ, რათა კვლევის მონაწილე სხვა ადამიანთა რისკები ჯეროვნად შეაფასონ. თუ ეს ყოველივე დაგეგმილისამებრ მოხდა, კვლევა მალევე გაგრძელდება. ამასთან, მეცნიერები, რომლებიც სხვა ვაქცინებს იკვლევენ და უკვე მესამე ფაზაზე იმყოფებიან, უფრო ყურადღებით დააკვირდებიან, ხომ არ აღინიშნება მსგავსი ტენდენცია მათ კვლევებშიც.
არის ეს ვაქცინის კვლევის სწრაფი ტემპის შედეგი?
სავარაუდოდ, არა. მიუხედავად იმისა, რომ კვლევა რეკორდულად მცირე დროში დაიწყო, ვაქცინების უსაფრთხოებაზე დიდი ყურადღება გამახვილდა. ამიტომაც, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მკვლევრებს ან მწარმოებლებს უსაფრთხოების ხარჯზე შეემცირებინათ კვლევისთვის განკუთვნილი დრო. კლინიკური კვლევის ჩვეული სტანდარტების შემთხვევაში იგივე შედეგი, შესაძლოა, კვლევის დაწყებიდან რამდენიმე თვის ნაცვლად, რამდენიმე წელიწადში გამოვლენილიყო.
რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ შემთხვევას?
COVID-19-ის ვაქცინის შექმნის პროცესი ფართო საზოგადოების ინტერესის საგანია. აქამდე ამგვარი სახის იძულებითი პაუზა საჭირო არ გამხდარა, რადგანაც სერიოზული გართულება არ გამოვლენილა. შესაბამისად, ამ შემთხვევამ, ანტივაქსერული მოძრაობის აქტივობების გათვალისწინებით, შესაძლოა, საზოგადოებაში ვაქცინაციის მიმართ არსებული ნდობა შეარყიოს.
კომენტარები