სან-პაულუს გუბერნატორის თქმით, Sinovac-ის ვაქცინის კვლევის შედეგები დამაიმედებელია
სან-პაულუს შტატის გუბერნატორმა განაცხადა, რომ COVID-19-ის პოტენციური ვაქცინის კლინიკური კვლევის მესამე ფაზის შედეგები იმედისმომცემად გამოიყურება. საუბარია ჩინური ბიო-ტექ კომპანიის, Sinovac Biotech Ltd-ის მიერ შექმნილ ვაქცინაზე, რომლის წარმატების შემთხვევაში იგი ბრაზილიელებისათვის დეკემბრისთვის გახდება ხელმისაწვდომი.
გუბერნატორმა ჟოაო დორიამ ასევე აღნიშნა, რომ ამ ვაქცინამ კლინიკური კვლევის მეორე ფაზაში იმუნური პასუხის გამოწვევა მოხუც მოხალისეთა 98%-ში შეძლო.
Sinovac-ის კვლევაში 9 ათასი ბრაზილიელი მოხალისე იღებს მონაწილეობას. ბრაზილიაში მას სან-პაულუში მდებარე ბუტანტანის ინსტიტუტი კურირებს. კვლევა სან-პაულუს გარდა კიდევ 11 ქალაქში, მათ შორის ქვეყნის დედაქალაქ ბრაზილიაშიც მიმდინარეობს.
ბრაზილია COVID-19-ის პანდემიამ სერიოზულად დააზარალა. იგი აშშ-ს და ინდოეთის შემდეგ რიგით მეორეა ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით. სწორედ ამიტომ, ვაქცინების კვლევისათვის ეს ქვეყანა იდეალურია.
ბრაზილიაში თავისი ვაქცინის კვლევაში 5 ათასი მოხალისე ჰყავდა ჩართული ფარმაკოლოგიურ კომპანიას AstraZeneca. ამჟამად კვლევა შეჩერებულია, რისი მიზეზიც ბრიტანეთში ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გაუარესება გახდა.
როგორც AstraZeneca-ს ბრაზილიელი პარტნიორი, სან-პაოლოს ფედერალური უნივერსიტეტი იუწყება, ბრაზილიელ მოხალისეებში გვერდითი ეფექტები არ დაფიქსირებულა.
სან-პაულუს გარდა, AstraZeneca-ს ვაქცინის კვლევა შეჩერდა რიო-დე-ჟანეიროსა და სალვადორშიც. თუმცა მკვლევარები თითოეულ აცრილ ადამიანს ყურადღებით აკვირდებიან.
შემდეგი წლის დასაწყისში ბრაზილიაში რუსული ვაქცინის, Sputnik-V, კლინიკური კვლევის მესამე ფაზა დაიწყება, რომლის ფარგლებშიც 10 ათასი მოხალისე აიცრება. პროექტს პარანიას შტატის ტექნოლოგიური ინსტიტუტი განახორციელებს.
სამშაბათს ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრმა, ედუარდო პაცუელომ განაცხადა, რომ ვაქცინაციის პროგრამა ყველა ბრაზილიელისთვის 2021 წლის იანვრიდან დაიწყება.
კომენტარები