ჟურნალში The Lancet რუსული ვაქცინის პირველადი სამეცნიერო შედეგები გამოქვეყნდა
COVID-19-ის რუსული ვაქცინის, Sputnik V-ის პირველადი სამეცნიერო შედეგები ჟურნალში The Lancet გამოქვეყნდა. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ვაქცინამ ანტისხეულების ჩამოყალიბება წარმატებით შეძლო და გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა. მიუხედავად იმისა, რომ ეს შედეგები, ერთი შეხედვით, იმედისმომცემად გამოიყურება, ჯანდაცვის სპეციალისტები მას მაინც სკეპტიკურად უყურებენ და აღნიშნავენ, რომ მასობრივი იმუნიზაციის პროგრამის დაწყებამდე, ვაქცინის კვლევის გაგრძელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
როგორც კვლევიდან ირკვევა, ვაქცინაზე ორი არა-რანდომიზებული, I და II ეტაპის კვლევა ჩატარდა, რომელშიც ჯამში 76 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათი ასაკი 18-დან 60 წლამდე მერყეობდა, ხოლო კვლევა ივნისიდან აგვისტოს დასაწყისამდე, მოსკოვის ორ ჰოსპიტალში მიმდინარეობდა. როგორც ავტორები აღნიშნავენ, აცრიდან 42 დღის მანძილზე გვერდითი ეფექტი არ გამოვლენილა, ხოლო 21 დღეზე ნაკლებ პერიოდში ორგანიზმმა ანტისხეულები გამოიმუშავა.
ვაქცინამ დასახელება საბჭოთა კავშირის მიერ კოსმოსში გაშვებული პირველი ხელოვნური თანამგზავრის პატივსაცემად მიიღო. რუსი მეცნიერების მიერ შექმნილი საშუალება რეკომბინანტულ ადენოვირუსულ ვაქცინას წარმოადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ორგანიზმში შესაღწევად ჩვეულებრივი გაციების გამომწვევი ადენოვირუსების ჯგუფის წარმომადგენელს იყენებს. ამ უკანასკნელთან SARS-CoV-2-ის სპაიკ-ცილაა დაკავშირებული, რომელსაც იმუნიტეტი ამოიცნობს და მის წინააღმდეგ იმუნური პასუხის გამომუშავებას იწყებს.
"როდესაც ადენოვირუსები ადამიანთა უჯრედებში აღწევენ, მათ თან მიაქვთ SARS-CoV-2-ის სპაიკ-ცილის გენეტიკური კოდი, რომელიც სწორედ სპაიკ-ცილის აგებაზეა პასუხისმგებელი. ეს იმუნურ სისტემას SARS-CoV-2 ვირუსის ამოცნობას და მასზე თავდასხმას ასწავლის", — აღნიშნა კვლევის მთავარმა ავტორმა, გამალეის სახელობის მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის ეროვნული კვლევითი ცენტრის პროფესორმა, დენის ლოგუნოვმა
"SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგოდ მძლავრი იმუნური პასუხისთვის განმეორებითი ვაქცინაციაა საჭირო. ასეთ დროს, თუ ვაქცინა იმავე ადენოვირუსულ ვექტორს შეიცავს, შესაძლოა, ეფექტიანი იმუნური პასუხი ვერ განხორციელდეს, რადგანაც იმუნიტეტმა უშუალოდ ვექტორი შეიძლება ამოიცნოს და მას შეუტიოს. ეს ვაქცინას უჯრედებში შეღწევაში ხელს შეუშლის და იგი ჩვენს ორგანიზმს SARS-CoV-2 ვირუსის ამოცნობას და მასთან ბრძოლას ვეღარ ასწავლის. ჩვენს ვაქცინაში ორი სხვადასხვა ადენოვირუსული ვექტორია გამოყენებული, რათა მოვლენათა განვითარების მსგავსი სცენარი თავიდან ავირიდოთ", — შენიშნავს ლოგუნოვი.
ეფექტიანი ვაქცინის შესაქმნელად გამართულ რბოლაში ჯერჯერობით ყველაფერი წინ არის. ეროვნული სიამაყე და გეოპოლიტიკური თუ ფინანსური სარგებელი მეცნიერებს აიძულებს, კვლევის პროცესი დააჩქარონ.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აგვისტოში ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული ვაქცინა მის კონკურენტებთან შედარებით პირველი იყო. მისივე სიტყვებით, ერთ-ერთი პირველი დოზა მის შვილს გაუკეთდა.
რუსეთის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მეცნიერები კი გაცილებით სკეპტიკურად არიან განწყობილნი. აშშ-ში პანდემიასთან ბრძოლის სათავეში მდგომი ექიმი ენტონი ფაუჩი რუსული ვაქცინის ეფექტიანობას და უსაფრთხოებას "სერიოზული ეჭვის ქვეშ" აყენებს.
აღნიშნული კვლევა ნათელს გარკვეულწილად კი მოჰფენს რუსული ვაქცინის ირგვლივ გაჩენილ კითხვებს, მაგრამ მეცნიერები მაინც მიიჩნევენ, რომ საბოლოო დასკვნის გამოტანამდე კვლევითი პროცესი უწყვეტად უნდა გაგრძელდეს. უპირველეს ყოვლისა, არ არსებობს გარანტი, რომ ვაქცინით გამოწვეული იმუნური პასუხი რეალურად ხელს შეუშლის COVID-19-ის განვითარებას. ასევე: კვლევაში მონაწილე ადამიანთა მცირერიცხოვნობის გამო საყურადღებო და იშვიათი გვერდითი ეფექტები შეიძლება გაიპაროს.
"კვლევის დიზაინი და I / II ფაზის მოცულობა ახლოსაც კი არ არის საზოგადოდ აღიარებულ სტანდარტებთან. ამასთანავე, კვლევა არ არის რანდომიზებული და იგი საკმარისად დიდი არ იყო, რათა იშვიათი გვერდითი ეფექტები გამოვლენილიყო", — აღნიშნავს სასექსის უნივერსიტეტის პროფესორი, ოჰიდ იაქუიბი.
კომენტარები