თიბისი IT აკადემია სტუდენტების ახალი ნაკადის მიღებას იწყებს
"დგომა მგზავრისა ცდომაა" — რუსთაველის ეს ცნობილი აფორიზმი 21-ე საუკუნეში იმაზე აქტუალურია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ტექნოლოგიურ საუკუნედ წოდებულ ეპოქაში, როცა ჩვენი ყოველდღიურობა მეტად დინამიკურია და გარემო სწრაფად იცვლება, აუცილებელია სიახლეებთან სწრაფი ადაპტაცია, რისთვისაც აწმყოს უნდა გაუსწრო. ამიტომ აქ, ახლა დაწყებული სამზადისი ყოველთვის წარმატების ფორმულაა.
თიბისის ერთ-ერთი საინტერესო და უპრეცედენტო პროექტი, TBC IT აკადემია, ერთგვარად სწორედ მომავლისთვის სამზადისია — ესაა ადგილი, სადაც შეგიძლიათ დაეუფლოთ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებს ტექნოლოგიური მიმართულებით.
მიუხედავად იმისა, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ დისციპლინად მიიჩნევა და მასზე მოთხოვნა დიდია, ჯერ კიდევ რთულია ამ სფეროში პირველ რიგში შესაფერისი განათლების, ხოლო შემდეგ, პრაქტიკული გამოცდილების მიღება. თუმცა, თიბისი IT აკადემია ამ ყველაფრის შესაძლებლობას სრულიად უფასოდ გაძლევს.
რა არის თიბისი IT აკადემია — რა და როგორ ისწავლება
უკვე ერთი წელია, რაც თიბისი IT აკადემიაში სწავლება მიმდინარეობს. პროექტი არაერთმხრივაა გამორჩეული, მისი წარმატება კი შედეგების შთამბეჭდავ რიცხვებზეა ასახული.
შედეგების შესაჯამებლად, პროექტის იდეასა და სამომავლო მიზნებზე მეტი ინფორმაციის შესატყობად On.ge თიბისის ადამიანური კაპიტალის მართვის დირექტორს, გვანცა მურღვლიანს, ესაუბრა.
"თიბისი ტექნოლოგიური კომპანიაა და მოტივირებულია, რომ ქვეყანაში განავითაროს ციფრული და ტექნოლოგიური სერვისები, რისთვისაც, ცხადია, IT მიმართულების ბევრი სპეციალისტია საჭირო. რადგან ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ეს სფერო დიდად არ არის განვითარებული, დიდი მოთხოვნისდა მიუხედავად, კვალიფიციური კადრების დეფიციტია. ამიტომ, ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა, თავად შეგვექმნა კურსი, ეგრეთ წოდებული ბუთქემფი, რაც საშუალებას მოგვცემდა, განგვევითარებინა სხვადასხვა მიმართულებები", — ამბობს გვანცა.
მისივე თქმით, პროექტის უპირველეს მიზანს წარმოადგენდა, შექმნილიყო კადრების ერთგვარი ბაზა, საიდანაც კურსდამთავრებულები პირველ რიგში — თიბისიში, ხოლო შემდგომ სხვა კომპანიებშიც შეძლებდნენ დასაქმებას.
პროექტში დანახულმა პოტენციალმა გაამართლა. 52 კურსდამთავრებული მხოლოდ თიბისი ჯგუფში დასაქმდა და, როგორც გვანცა აღნიშნავს, ისინი კომპანიაში გამორჩეული თანამშრომლები არიან.
"ეს ახალგაზრდები არიან ძალიან მოტივირებულები, სწრაფად იზრდებიან და შესანიშნავ შედეგებს აჩვენებენ. ეს სწორედ პროექტის წარმატებაზე მიანიშნებს, ამიტომ მიგვაჩნია, რომ ერთ-ერთი საუკეთესო რამ არის, რაც კი განგვიხორციელებია. იგი ძალიან გვეხმარება ადამიანური კაპიტალის გაზრდასა და განვითარებაში, რის გამოც ძალიან ვამაყობთ ამ პროექტით", — აცხადებს გვანცა.
პროექტის ყველაზე განსაკუთრებული მხარე კი ისაა, რომ სწავლა აკადემიაში სრულიად უფასოა. რადგან იგი თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდება, ყველა სტუდენტის სწავლის საფასურს სწორედ თიბისი იხდის. გვანცას თქმით კი, აკადემია მათი კომპანიის CSR-ის მნიშვნელოვანი ნაწილია.
რაც შეეხება სწავლებას — სტუდენტებს აქაც საინტერესო სიურპრიზები ელით. გარდა იმისა, რომ კურსებისთვის უცხოელი ლექტორები არიან მოწვეულნი, პროგრამებიც უახლეს სტანდარტებთანაა შესაბამისობაში.
"ყველა კურსი, რომელიც აკადემიაში ისწავლება, უცხოელი მომწოდებლებისგანაა ნაყიდი, საკუთარი სილაბუსებით და პროგრამით. ადგილობრივი ლექტორებიც, რომლებიც აკადემიაში ასწავლიან, გადამზადებულები არიან ToT (ტრენერების ტრენინგი) პროგრამით, რათა გათვალისწინებულ იქნას საერთაშორისო გამოცდილებაც", — ამბობს გვანცა.
კურსების სწავლების მეთოდოლოგიაც კომპლექსურია — ითვალისწინებს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მხარეს, რის საშუალებითაც სტუდენტები რეალურ პროექტებზე იწყებენ მუშაობას და ემზადებიან იმ გამოწვევებისთვის, რომელსაც ეს დინამიკური სფერო უმზადებს მათ.
აღსანიშნავია ისიც, რომ პანდემიამ აკადემიის დღის წესრიგი დიდად არ შეცვალა. სწავლებამ დისტანციურ რეჟიმში გადაინაცვლა და ამჯერადაც, ახალი ნაკადი, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვირტუალურად დაიწყებს სწავლას.
როგორ შეგიძლია, გახდე თიბისი IT აკადემიის სტუდენტი?
2020 წლის შემოდგომის სემესტრისთვის კურსებზე მიღება უკვე გამოცხადებულია. ამჯერად მხოლოდ ორი კურსი ჩატარდება — Frontend development (Angular), რომელზე რეგისტრაციას გავლა 12 სექტემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი და UX კურსები, რომელზეც განაცხადები 20 სექტემბრის ჩათვლით მიიღება.
ამის შემდეგ აპლიკანტს მოუწევს ტექნიკური და ზოგადი უნარების ტესტირებების გავლა, წარმატების შემთხვევაში კი ჯერ ტექნიკური გასაუბრება, ხოლო შემდეგ — HR გასაუბრება. ყველა ეტაპის გადალახვის შემდეგ შენ უკვე IT აკადემიის სტუდენტი გახდები და მომდევნო თვეების განმავლობაში საინტერესო გამოცდილებასა და სიღრმისეულ ცოდნას მიიღებ.
აღსანიშნავია ისიც, რომ სამომავლოდ იგეგმება კიდევ ერთი კურსის გახსნა სპეციალურად გოგოებისთვის, რათა მათ სტერეოტიპული შეხედულებების გარღვევა და ამ სფეროში წარმატების მიღწევა შეძლონ.
არ გამოტოვო უნიკალური შესაძლებლობა, სრულიად უსასყიდლოდ დაეუფლო მომავლის პროფესიებს. სწავლება Frontend development-ის კურსებზე 2 ოქტომბერს, UX კვლევისა და სტრატეგიის პროგრამაზე კი 21 ოქტომბერს იწყება.
აკადემიის შესახებ მეტი ინფორმაციის შეტყობა და კურსებზე რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ვებგვერდიდან.
კომენტარები