ილონ მასკი ადასტურებს, რომ Tesla-ს ქარხანაზე კიბერთავდასხმა მზადდებოდა
ილონ მასკმა კიბერთავდასხმის მცდელობას "სერიოზული" უწოდა და განმარტა, რომ ნევადას შტატში, ქალაქ რენოს სიახლოვეს მდებარე Tesla-ს ქარხანაზე თავდასხმისთვის ბოროტმოქმედები Ransomware-ის, ანუ იმავე გამომძალველი ვირუსის გამოყენებას აპირებდნენ.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ხუთშაბათს გამოაქვეყნა სარჩელის ტექსტი, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი კიბერთავდასხმის ფაქტი, რომლის დროსაც ბოროტმოქმედმა სპარკსში განლაგებული ქარხნის წინააღმდეგ ე.წ. გამომძალველი ვირუსის გამოყენება სცადა. შეგახსენებთ, რომ სპარკსში არსებული ქარხანა ტესლას ავტომობილებისთვის აკუმულატორებს, ელექტროძრავებს და სხვა მაკომპლექტებელ ნაწილებს აწარმოებს. მიუხედავად იმისა, რომ საჩივარში კომპანია ტესლა ნახსენები არსადაა, რამდენიმე ბლოგის, მათ შორის Electrek და Teslarati-ის ინფორმაციით, ბოროტმოქმედის მთავარი სამიზნე ზუსტად Tesla იყო.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მტკიცებით, ეროვნებით რუსი, 27 წლის იგორ კრიუჩკოვი ტესლას თანამშრომლის მოსყიდვას კომპანიის ქსელში მავნე პროგრამული უზრუნველყოფის გაშვების მიზნით ცდილობდა.
Ransomware — მავნე პროგრამა, ე.წ. გამომძალველი ვირუსი მიზნად ისახავდა სამუშაო კომპიუტერებში არსებული მონაცემების დაშიფვრასა და მათ დასაბრუნებლად თანხის გამოძალვას. პროკურორების განცხადებით, გამომძალველი პროგრამები უფრო დახვეწილ მეთოდებს მიმართავენ და ფაილების შიფრაციის გარდა, ამ ფაილების საკუთარ სერვერებზე ატვირთვასაც ახერხებენ. თუ ადრე მოთხოვნილი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მუქარა მხოლოდ ფაილების განადგურებას გულისხმობდა, დღეს ჰაკერები კონფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროებითაც იმუქრებიან.
ტესლას ერთ-ერთი თანამშრომელი, რომლის სახელი და გვარიც არ საჯაროვდება, შეხვდა კრიუჩკოვს, რომელმაც მას მავნე პროგრამის ტესლას შიდა ქსელში გაშვების სანაცვლოდ $1 მილიონი შესთავაზა. თანამშრომელმა დაუყოვნებლივ აცნობა ამის შესახებ კომპანიას, ხოლო ტესლამ შემდგომში მიმართა გამოძიების ფედერალურ ბიუროს. ეჭვმიტანილის დაკავების სპეცოპერაცია ზემოაღნიშნული თანამშრომლის მონაწილეობით ჩატარდა.
კრიუჩკოვი 22 აგვისტოს დააკავეს.
კომენტარები