ლაბორატორიის თაგვები უკეთეს ცხოვრებას იმსახურებენ — მეცნიერები
ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც Proceedings of the Royal Society B-ში გამოქვეყნდა, მკვლევრებმა აჩვენეს, რომ სატესტო თაგვების ემოციურ კეთილდღეობას მათ დადებით ან უარყოფით სტიმულზე გავლენა აქვს. მეორენაირად რომ ითქვას, თაგვების ემოციური მდგომარეობა მათზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგებზე აისახება.
ამის საილუსტრაციოდ მეცნიერებმა თაგვების ერთი ჯგუფი, მათთვის დადებითი სტიმულის მიცემამდე, კუდით აწიეს (რაც თაგვებს არ მოსწონთ), ხოლო მეორე ჯგუფი უკონტაქტოდ, საექსპერიმენტო არეში მილით გაუშვეს. დადებით სტიმულზე (შაქრიან წყალზე, რომელიც თაგვებს უყვართ) ორივე ჯგუფს თანაბარი რეაქცია ჰქონდა, ხოლო უარყოფით სტიმულზე კუდით აწეულმა თაგვებმა უფრო მძაფრი რეაქცია გამოავლინეს.
თაგვებისადმი მოპყრობა განსაკუთრებით იმ მეცნიერებისთვისაა მნიშვნელოვანი, რომლებიც მათ ქცევას შეისწავლიან. ხშირად თაგვებზე ჩატარებული ფსიქოლოგიური კვლევების გამეორება რთულია და მეცნიერები ერთსა და იმავე შედეგებს ვერ იღებენ. თუ ისეთი რამ, როგორიცაა თაგვების გარკვეული ფორმით გადაადგილება, ცხოველების ფსიქიკაზე ასე თვალსაჩინოდ აისახება, მაშინ გასაკვირი არაა, რომ სხვადასხვა მეცნიერი ერთი და იმავე ექსპერიმენტის ჩატარებისას სხვადასხვა შედეგს იღებს.
ექსპერიმენტის გამეორებისას მნიშვნელოვანია, რომ თავდაპირველი გარემოებებიც ზუსტად განმეორდეს.
კომენტარები