პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ საოკუპაციო რეჟიმის მიერ პატიმრობამისჯილ ხვიჩა მღებრიშვილზე საუბრისას განაცხადა, რომ "ყველაფერი იქნება ნორმალურად". მისი თქმით, ამ თემაზე აქტიურად მუშაობენ.

"უაღრესად სამწუხარო ფაქტია. ჩვენ ყოველდღიურად, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, რომელიც მთავრობას გააჩნია და აქტიურად ვმუშაობთ ამაზე. ყველაფერი იქნება ნორმალურად", — განაცხადა პრემიერმა.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ხვიჩა მღებრიშვილს სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დე ფაქტო პროკურატურა მღებრიშვილს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთასა და ცხინვალის რეგიონიდან ღამურების გატანის მცდელობას ედავებოდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ეს წარმოადგენს უკანონო ქმედებას, რაზეც სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება.

"აღნიშნული ე.წ. გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას და ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას", — აცხადებენ უწყებაში.