ფლორიდაში 750 მილიონ გენმოდიფიცირებულ კოღოს გაუშვებენ
ბუნებაში გენმოდიფიცირებული ცხოველების გაშვება დიდი ხანია, რაც მწვავე დებატის საგანია. ბუნების დაცვის ორგანიზაციები და აქტივისტები ამბობენ, რომ გენმოდიფიცირებული კოღოების გაშვებამ, შესაძლოა, ეკოსისტემებს საფრთხე შეუქმნას.
მეორე მხრივ, მთავრობის ადგილობრივი წარმომადგენლები ამბობენ, რომ მილიონობით გენმოდიფიცირებული კოღოს ბუნებაში გაშვება სხვადასხვა დაავადების, მაგალითად ზიკა ვირუსის გავრცელებას შეაფერხებს.
გენმოდიფიცირებულ კოღოებს ბრიტანული კომპანია Oxitec გაუშვებს. კომპანია აშშ-ის ბუნების დაცვის სააგენტოს დაკვეთით მოქმედებს. მიზანი ისაა, რომ ამ კოღოებმა Aedes Aegypti-ს სახეობა ჩაანაცვლოს, რომელიც ზიკას ვირუსის და ყვითელი ციებცხელების გადამტანია.
როცა გენმოდიფიცირებული მამრი კოღები მდედრებთან ჯვარდებიან, ისინი მდედრ შთამომავლობას არ ტოვებენ. ზემოხსენებული დაავადებები კი მხოლოდ მდედრებს გადააქვთ. ამგვარად, დროთა განმავლობაში მდედრი კოღოების პოპულაცია შემცირდება, რაც დაავადების გავრცელებასაც შეამცირებს.
ამ გეგმას დიდი წინააღმდეგობა მოყვა. პროექტის შეჩერების პეტიციას 240 ათასი ხელმომწერი ყავდა.
კრიტიკის მიუხედავად, Oxitec-ში ამბობენ, რომ მსგავსი სატესტო ოპერაციები ბრაზილიაშიც ჩატარდა, სადაც გეგმამ შედეგები გამოიღო. Oxitec, ფლორიდის შტატის გარდა, იმავეს გამეორებას ტეხასში გეგმავს.
Oxitec-ში ამბობენ, რომ გენმოდიფიცირებული კოღოების ბუნებაში გაშვება ადამიანებისთვის სრულიად უსაფრთხოა.
კომენტარები