მეცნიერები კორონავირუსის ანტისხეულების წარმოებისთვის ცხენებს იყენებენ
კოსტარიკელ მეცნიერთა ჯგუფი კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების მასიური წარმოებისთვის ცხენებს იყენებს. მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ ეს მათ პოტენციური სამკურნალო საშუალების შექმნაში დაეხმარებათ.
ადრეული შედეგები იმედისმომცემად გამოიყურება. ანტისხეულებმა ლაბორატორიულ პირობებში COVID-19-ის გამომწვევი SARS-CoV-2 ვირუსის განადგურება წარმატებით მოახერხეს. ამ თვეში შესაბამისი კლინიკური კვლევის დაწყებაც იგეგმება, რაც ნათელს მოჰფენს, თუ რამდენად ეფექტიანია ნოვატორული მიდგომა ადამიანების შემთხვევაში. თუკი ცხენების ანტისხეულები გაამართლებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ესოდენ სასიცოცხლოდ საჭირო სამკურნალო საშუალება გაცილებით იაფად და დიდი მოცულობით შეიძლება დამზადდეს.
კვლევის ავტორები კლოდომირო პიკადოს სახელობის ინსტიტუტის მეცნიერები არიან, რომლებსაც ცხენების ანტისხეულებზე მუშაობის 50-წლიანი გამოცდილება აქვთ. ისინი მათ გველისა და ობობას შხამსაწინააღმდეგო შრატების შესაქმნელად იყენებდნენ. მკვლევრები ცხენების ანტისხეულების ვირუსების წინააღმდეგ ეფექტიანობას აქამდეც იკვლევდნენ, ჯერ კიდევ ქათმის გრიპისა და MERS-ის ეპიდემიების დროს.
შხამსაწინააღმდეგო შრატების შესაქმნელად ცხენებს მცირე დოზით შხამს აძლევენ, რაც მათ ორგანიზმს საშუალებას აძლევს, იმუნური პასუხი გამოიმუშაოს. ანტივირუსული თერაპიის შესაქმნელად მუშაობაც სწორედ ამ პრინციპით მიმდინარეობს, ოღონდ, ამ შემთხვევაში მეცნიერებს ცხენის ორგანიზმში სპეციფიკური ცილები შეჰყავთ, რაზე საპასუხოდაც იმუნიტეტი ანტისხეულებს გამოიმუშავებს. SARS-CoV-2 ვირუსის შემთხვევაში ეს სპაიკის ცილები გახლავთ.
ცხოველური პლაზმის სამკურნალო საშუალებად ტრანსფორმაცია თერაპიას ნაკლებად სპეციფიკურს ხდის, ვიდრე, მაგალითად, მონოკლონური ანტისხეული, რომელიც სამიზნეში ერთ კონკრეტულ ცილას იღებს. ადამიანის სისხლის პლაზმიდან მიღებულ ანტისხეულებთან შედარებით, ცხოველური სისხლის შრატიდან მიღებული ანტისხეულების რაოდენობა 80-ჯერ მეტია და იგი საწარმოებლად 10-ჯერ უფრო იაფია.
"ეს რომ მონოკლონური ანტისხეული ყოფილიყო, ჩვენ მისი წარმოებისთვის დიდი ქარხანა დაგვჭირდებოდა. ამ შემთხვევაში კი თვითონ ცხენები ასრულებენ ქარხნის როლს — ყოველ შემთხვევაში, მისი წარმოების ეტაპს მაინც. როდესაც საქმე პურიფიკაციის პროცესამდე მიდის, მაშინ პროცესი ინდუსტრიულ ხასიათს იღებს. თუმცა, კლოდომირო პიკადოს ინსტიტუტს შესაბამისი ინფრასტრუქტურა აქვს", — განაცხადა რომან მაკაიამ, კოსტა-რიკის სოციალური ფონდის ხელმძღვანელმა.
კომენტარები