"ყველაზე მნიშვნელოვანი" ვიტამინი, რომელიც, სავარაუდოდ, გაკლიათ
ვიტამინები ჩვენს სხეულში არაერთ ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. მარტივად რომ ვთქვა, მათ გარეშე ჩვენი სიცოცხლე ძალიან რთული ან შეუძლებელიც კი იქნებოდა. ვიტამინები მონაწილეობენ პრაქტიკულად ყველა ბიოლოგიურ პროცესში, რომელიც ჩვენს ორგანიზმში მიმდინარეობს: ისინი ამყარებენ ჩვენს ძვლებს, აძლიერებენ იმუნიტეტს, აადვილებენ სისხლის მიმოქცევას, საჭმლის მონელებას და ა.შ.
მიუხედავად იმისა, რომ ვიტამინების მნიშვნელობა დიდი ხანია, ასე თუ ისე გვესმის, მათ საჭიროებას დღემდე სათანადოდ ვერ ვაფასებთ. ამის მიზეზი ნაწილობრივ ისაა, რომ მეცნიერებს ბევრი ვიტამინის ბიოლოგიური მექანიზმები სრულად შესწავლილი არ აქვთ. ამასთანავე, ჯანმრთელობისთვის საჭირო სხვა ფაქტორები და მათი ნაკლებობა უფრო თვალსაჩინოა. ვიტამინები, ასე ვთქვათ, კულისებს მიღმა მუშაობენ.
ამჯერად განსაკუთრებული ყურადღება მინდა, ვიტამინ D-ს მივაქციო, რადგან მასზე ბოლო დროს ბევრი ისეთი კვლევა ჩატარდა, რომელიც ვიტამინების იდუმალი ბიოლოგიური მექანიზმების გაგებაში გვეხმარება.
რა არის ვიტამინ D და რატომ გვჭირდება ის ძვლებისთვის
ვიტამინ D რეალურად ცხიმში ხსნადი სტეროიდული ჰორმონია, რომელიც ადამიანის სხეულში დაახლოებით 1 000 სხვადასხვა გენის ექსპრესიას განაპირობებს. ვიტამინ D უნიკალური იმითაა, რომ ის ძირითადად ჩვენს კანში, ულტრაიისფერი გამოსხივების დახმარებით სინთეზირდება, ამ გამოსხივების მთავარი წყარო კი, თავის მხრივ, მზეა.
სხვა ბევრი ვიტამინისგან განსხვავებით, საკვებიდან ვიტამინ D-ს სხეულისთვის საჭირო დოზის მიღება მეტნაკლებად რთულია. საკმარისად დიდი რაოდენობით ის მხოლოდ თევზის ნაირსახეობებში და იმ სოკოებში მოიპოვება, რომლებიც მზეზე დიდ ხანს ატარებენ.
ადამიანების მსგავსად, ულტრაიისფერი გამოსხივების დახმარებით, ვიტამინ D-ს სინთეზი სოკოებსაც შეუძლიათ. ისიც აღსანიშნავია, რომ ვიტამინ D სხვა ვიტამინების და კალციუმის ცირკულაციაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგან ამ უკანასკნელის შეწოვა ღვიძლში და სხვა ორგანოებში ვიტამინ D-ს გარეშე შეუძლებელია.
მეორენაირად რომ ვთქვა, ვიტამინ D-ს ნაკლებობა ხშირად კალციუმის ნაკლებობას განაპირობებს, კალციუმის ნაკლებობა დამატებით სხვა მინერალების, ვიტამინების და ჯანმრთელობისთვის საჭირო ნაერთების შემცირებას განაპირობებს და ა.შ. ანუ, ვიტამინ D ბიოლოგიური პროცესების ჯაჭვში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია, რომლის გაწყვეტაც უარყოფით ჯაჭვურ რეაქციებს იწვევს.
ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ვიტამინ D-ს ნაკლებობა ხშირად ჯანმრთელობის პრობლემებს განაპირობებს. მაგალითად, განვითარებად სამყაროში გავრცელებული "რიკეტსის დაავადება"და ოსტეომალაცია ბავშვების და სრულწლოვნებისთვის ხშირად სერიოზული პრობლემაა.
რიკეტსის დაავადების მსგავსად, ოსტეომალაციის მთავარი მახასიათებელი ეგრეთ წოდებული ძვლების სირბილეა. ოსტეომალაციის მქონე პაციენტებს უჭირთ სიარული, ძვლების და კუნთების მუდმივი ტკივილი აქვთ, ძვლები მარტივად უტყდებათ და ა.შ.
იმუნიტეტი, COVID-19 და ვიტამინ D
ჩვენი იმუნიტეტი რიგი ბიოლოგიური აგენტების ორგანიზებული, მაგრამ ძალიან ჩახლართული სისტემაა. იმუნური სისტემის მთავარი ფუნქცია ჩვენი სხეულების გარე საფრთხეებისგან — მაგალითად, ინფექციებისგან დაცვაა.
ინფექციურ დაავადებებში მნიშვნელოვანი ადგილი სასუნთქი სისტემის ინფექციებს უჭირავს, რადგან სასუნთქი ტრაქტის ინფიცირებისას ხელი სიცოცხლისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პროცესში, სუნთქვაში გვეშლება.
COVID-19, პირველყოვლისა, ადამიანის სასუნთქ სისტემას ურტყავს და რადგან ახალმა კორონავირუსმა მსოფლიოში პანდემია გამოიწვია, მკვლევრები ისეთ ბიოლოგიურ მარკერებს ეძებენ, რომლებიც ადამიანებს ახალი დაავადების გადატანაში ეხმარება.
აღსანიშნავია, რომ ვიტამინ D სასუნთქი სისტემის ინფიცირებისგან თავის დაცვაში მნიშვნელოვნად გვეხმარება.
ზოგ ადამიანს ვიტამინ D-ს ბუნებრივად დაბალი დოზა აქვს და მათთვის ამ ვიტამინის დამატებითი დოზების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. 25 სხვადასხვა კლინიკური კვლევის მეტაანალიზი აჩვენებს, რომ ასეთ ადამიანებში ვიტამინ D-ს დამატებით დოზის ყოველდღიური ან ყოველკვირეული მიღება სასუნთქი გზების მწვავე ინფექციებს 50%-ით ამცირებს.
ამის გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, რომ ვიტამინ D ადამიანებს COVID-19-თან გამკვლავებაში მნიშვნელოვნად ეხმარება. ფილიპინებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ვიტამინ D-ს ადეკვატური შემცველობის მქონე ადამიანებში ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება ბევრად მსუბუქად მიმდინარეობდა. ვიტამინ D-ს დეფიციტის შემთხვევაში კი, COVID-19-ის მწვავე ფორმის განვითარება დაახლოებით რვაჯერ უფრო ალბათური იყო.
როგორც აღვნიშნე, ვიტამინ D-ს მოქმედების მექანიზმის ბევრი ასპექტი უცნობია. ამიტომ ზუსტად არავინ იცის, როგორ გვეხმარება ის კორონავირუსთან გამკვლავებაში. თუმცა, ამის ასახსნელად თეორია არსებობს:
SARS-CoV-2 ვირუსი ადამიანებში ACE2 რეცეპტორს უმაგრდება, აქვეითებს მას და უჯრედში სწორედ ასე აღწევს. ACE2 სასუნთქი სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ის ბევრ ფიზიოლოგიურ პროცესში მონაწილეობს. რა შუაშია აქ ვიტამინ D?
ვიტამინ D-ს ნაკლებობა ენზიმი "რენინის" ჭარბ წარმოებას იწვევს, რაც, თავის მხრივ, "რენინ-ანგიოტენსინის სისტემას" (RAS) ააქტიურებს (კარგად დაიმახსოვრეთ ეს სისტემა). ეს უკანასკნელი სისხლის წნევის და ანთების რეგულატორია.
RAS-ში ორი ტიპის ანგიოტენსინი მონაწილეობს: ანგიოტენსინ II და ანგიოტენსინი. ანგიოტენსინ II ვაზოკონსტრიქტორია, ანუ ის სისხლძარღვების შევიწროებას განაპირობებს; ხოლო ანგიოტენსინი ვაზოდილატორია, ანუ ის სისხლძარღვებს აფართოებს. ანგიოტენსინ II გარემოებებიდან გამომდინარე (როცა სისხლძარღვების გაფართოებაა საჭირო) ხშირად ანგიოტენსინად გარდაიქმნება, ამაში კი ACE2 ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მისი სათანადო დაქვეითებით ეს პროცესეი თითქმის შეუძლებელი ხდება.
გაიხსენეთ რა აქვეითებს ACE2-ს — კორონავირუსი.
კლინიკური კვლევის მიხედივთ, ვიტამინ D-ს აქტიური ფორმის მიღება ფილტვების დაზიანების — მათ შორის ინფექციის მქონე პაციენტებში, რენინ-ანგიოტენსინის სისტემას ACE2-ს მოქმედების დარეგულირებით აბალანსებს. მეორენაირად რომ ვთქვათ, ფილტვების დაზიანების მქონე იმ პაციენტებს, ვინც ვიტამინ D-ს იღებენ, ACE2-ის გაუმჯობესებული ფუნქციურობა აქვთ.
სავარაუდოდ, კორონავირუსთან გამკვლავებაში სწორედ ACE2-ის და ვიტამინ D-ს ჯანმრთელი თანამშრომლობა გვეხმარება.
რა ვიცით, რა არ ვიცით და რა უნდა ვიცოდეთ ვიტამინ D-ზე
როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ვიტამინ D-ს მოქმედების მექანიზმი რიგ ბიოლოგიურ პროცესებში კარგად შესწავლილი არ არის. თუნდაც ACE2-ის და RAS სისტემის ურთიერთქმედება — ისევე, როგორც მასში ვიტამინ D-ს მონაწილეობა — აკადემიურ წრეებში ხშირად კამათის საგანია.
დანამდვილებით არავინ იცის, რამდენად დაეხმარება COVID-19-ის მქონე ადამიანებს ვიტამინ D-ს დამატებითი მიღება. თუმცა, აქ მნიშვნელოვანი გარემოება უნდა გავითვალისწინოთ:
მსოფლიოს მოსახლეობის მესამედზე, ანუ მილიარდზე მეტ ადამიანს ვიტამინ D-ს ნაკლებობა აქვს. ეს რიგი მავნე ჩვევების, კანის ფერის და სხვა უამრავი ფაქტორის ბრალია. ისიც მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე ცხოვრების სტილი საკმარისი ულტრაიისფერი გამოსხივების მიღებაში ხელს გვიშლის. ხელის შემშლელი ფაქტორია თანამედროვე დიეტაც, რომელიც ვიტამინ D-ს საკმარის რაოდენობას არ შეიცავს.
აქედან გამომდინარე, დამატებით ვიტამინ D-ს მიღება, როგორც მწვავე ინფექციური და სხვა დაავადებების პრევენციული საშუალება, მიზანშეწონილია — თან თუ გავითვალისწინებთ, რომ ზომიერების ფარგლებში ამას გვერდითი ეფექტები თან არ ახლავს. თუმცა, ვიტამინ D-ს სიჭარბე, ნაკლებობის მსგავსად, ჯანმრთელობისთვის არც ისე კარგია. ამიტომ მისი მიღებისას ვიტამინ D-ს სხეულში არსებული დონე გათვალისწინებული უნდა იყოს.
სამეცნიერო ლიტერატურის მიხედვით, სისხლის შრატში ვიტამინ D-ს ოპტიმალური რაოდენობა 30-80 ნგ/მლი-ია (ნანოგრამი მილილიტრში). ამერიკის შეერთებული შტატების მედიცინის ეროვნული ინსტიტუტი (NIM) ზრდასრულ ადამიანებს ვიტამინ D-ს ამ დოზის შენარჩუნებას ურჩევს. ვიტამინ D-ს მიღების ყველაზე მარტივი ხერხი მზეზე დროის გატარება, დიეტის დაბალანსება და ვიტამინ D-ს საკვები დანამატების მიღებაა.
თუმცა, კვლავ გავიმეორებ: სანამ ვიტამინ D-ს მიზანმიმართულად მიღებას დაიწყებთ, გაითვალისწინეთ, რომ სისხლში მისი შემცველობა უნდა შეიმოწმოთ. საკვები დანამატების მიღების დაწყების შემთხვევაში კი ვიტამინ D-ის შემცველობა რუტინულად უნდა შეამოწმოთ.
ისიც აღსანიშნავია, რომ ვიტამინ D-ს რაოდენობის გაზრდა მხოლოდ ერთი — განსაკუთრებით კი მეტი ულტრაიისფერი გამოსხივების გზით მიღება მიზანშეწონილი არ არის. ჭარბი ულტრაიისფერი დასხივება ხშირად დნმ-ის დაშლას, რიგ დაავადებებს და, ყველაზე უარეს შემთხვევაში, კიბოს უკავშირდება.
ვიტამინ D-ს შესახებ დროთა განმავლობაში ბევრად მეტს ვიგებთ. ზოგი მეცნიერი იმასაც ვარაუდობს, რომ ვიტამინ D-ს ნორმალური შემცველობის შენარჩუნება დაბერების პროცესსაც აფერხებს, რადგან ის ტელომერების (ქრომოსომების "ხუფები", რომლებიც დნმ-ს დაზიანებებისგან იცავს) მოქმედებასაც არეგულირებს. ტელომერი კი დაბერების ბიომარკერია. თუმცა, ესეც დანამდვილებით არ ვიცით.
მეორე მხრივ, რაც ვიცით, ვიტამინ D-ს მნიშვნელობაში დასარწმუნებლად სრულიად საკმარისია.
კომენტარები