მაგთიკომმა საქართველოში 5G ტექნოლოგია სატესტოდ გაუშვა
მაგთიკომმა საქართველოში უსადენო კავშირის ტექნოლოგიის მე-5 თაობის ტესტირება დაიწყო, თუმცა, როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, მისი კომერციული გაშვება უახლოეს სამ წელიწადში არ იგეგმება: "მე-5 თაობის ტექნოლოგია, ძირითადად, უნდა მოერგოს ინდუსტრიულ დარგებს, რომლებიც ამ ტექნოლოგიის მთავარი მომხმარებლები უნდა გახდნენ, რაც უახლოესი სამი წლის განმავლობაში ნაკლებ სავარაუდოა".
ასევე არ იგეგმება უახლოეს მომავალში მისი საცალო გაყიდვებიც, რადგან სამაგისოდ ბაზარზე თითოეულმა მომხმარებელმა საშუალოდ თვეში 15-20 გიგაბიტ/წამში ტრაფიკს უნდა გადააჭარბოს.
რა არის 5G: უპირატესობები
5G წარმოადგენს უსადენო კავშირის ტექნოლოგიის მე-5 თაობას, რომელსაც სმარტფონები და სხვა მობილური მოწყობილობები ინტერნეტ კავშირისთვის იყენებენ. მისი წინამორბედი 4G LTE და 3G ქსელების მსგავსად, იგი რადიოტალღების საშუალებით ვრცელდება, რომლებიც ადამიანისთვის უსაფრთხო ელექტრომაგნიტურ სპექტრს არ აღემატება.
სწრაფი, სტაბილური და საიმედო ინტერნეტკავშირი ნაკლები დაყოვნებით უაღრესად მოსახერხებელია ისეთ შემთხვევებში, როცა ინფორმაციის მიმოცვლა უწყევტ რეჟიმში კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს. ის დიდ როლს ითამაშებს ისეთი ინდუსტრიების განვითარებაში, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა, მედიცინა, მეცნიერება და სხვა. მაგალითად, ტელემედიცინაში დაყოვნების 1 მილიწამამდე დაყვანა შესაძლებელს გახდის ქირურგიული ჩარევის დისტანციურად მართვას — ეს მხოლოდ ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითია, რომელიც 5G ქსელის საჭიროებას უსვამს ხაზს კაცობრიობის ტექნოლოგიური განვითარების გზაზე.
რადიოტალღები და მათი გავლენა
5G ქსელის შემთხვევაში საუბარია სანტიმეტრულ და მილიმეტრულ ტალღებზე (დიაპაზონი 3-დან 300 გჰც-მდე, ამჟამად გამოიყენება 700 მჰც; 3.4 მჰც-დან 3.8 გჰც-მდე და 26 გჰც). კონტროლირებად გარემოში ადამიანის ჯანმრთელობაზე ამ რადიოტალღების უვნებლობა დამტკიცებულია ჯანმოს და კიდევ მრავალი კვლევით, რომელთა ჩატარებაც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაიწყეს. დაშვებული სიხშირეების დიაპაზონი ამ კვლევებზე დაყრდნობითაა დადგენილი და პრაქტიკული გამოყენებისას ის განსაზღვრულ ნორმას არასოდეს აღემატება.
სანტიმეტრული და მილიმეტრული დიაპაზონის რადიოტალღები უკვე მრავალი წელია, რაც გამოიყენება სამეცნიერო ცენტრებში, სამხედრო ობიექტებზე, რადარებსა და რადიოტელესკოპებზე. მათი რადიაციის დონე არაიონიზირებადია და ადამიანის სხეულში გასვლის შემთხვევაში არ იწვევს პათოლოგიურ ცვლილებებს ორგანიზმში.
სტანდარტიზაცია
ერთ-ერთი ტექნოლოგია, რომელიც გამოყენებული იქნება 5G ქსელებში, არის NR — მონაცემთა გადაცემის ახალი სტანდარტი, რომელიც შემუშავებულია 3GPP-ს მიერ. სწორედ ეს ორგანიზაცია აგებს პასუხს 4G ქსელის LTE ტექნოლოგიაზეც. ვარაუდობენ, რომ 5G ქსელი ზუსტად NR ტექნოლოგიის ფართო გამოყენებით დაინერგება.
კომენტარები