5G ქსელს არანაირი კავშირი არ აქვს COVID-19-თან — როგორ მუშაობს პროპაგანდის მანქანა
რუსული პრესსამსახურები და გავლენიანი ადამიანები სოციალურ მედიაში შეთქმულების თეორიებს ავრცელებენ, თითქოს COVID-19-ის პანდემია ახალ, უსწრაფეს უსადენო ტექნოლოგიასთანაა დაკავშირებული. რასაკვირველია, ეს ყველაფერი მხოლოდ მითია.
ახალმა კორონავირუსმა თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა; მასთან ერთად საოცარი სისწაფით ვრცელდება ჭორებიც იმაზე, თუ რამ გამოიწვია იგი და როგორ ხდება მისი გავრცელება. ერთ-ერთი ასეთი მოსაზრება, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ინტერნეტში, 5G ქსელისა და პანდემიის კავშირს შეეხება. ცხადია, ეს მხოლოდ შეთხზული მითია. რადიოტალღებს არ შეუძლიათ შექმნან ვირუსი. COVID-19-ის გამომწვევი კი სწორედაც რომ ვირუსია.
ამ მარტივი ჭეშმარიტების მიუხედავად, მსოფლიოს გარშემო მაინც არ წყდება ფართოზოლოვანი ინტერნეტის სპეციალისტებისადმი მუქარათა გაგზავნა ან სატელეფონო ანძების განადგურების მცდელობები. პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ გაერთიანებული სამეფოს მობილური კავშირების კომპანიებმა ხალხს სთხოვეს, შეეწყვიტათ ანძების დაწვა, ქვეყნის ეროვნული ჯანდაცვის დირექტორმა კი 5G-ზე შექმნილ მითს "უკიდურესი სისულელე და სრული მონაჩმახი" უწოდა. სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ საკომუნიკაციო ქსელები ძალიან დიდ როლს თამაშობს პანდემიასთან ბრძოლაში.
შეთქმულების თეორიამ მალევე მოიცვა სოციალური მედია. ამერიკელმა მომღერალმა, კერი ჰილსონმა, რომელსაც 4,2 მილიონი გამომწერი ჰყავს ტვიტერზე, გასულ თვეში რამდენჯერმე დაწერა ახალი კორონავირუსისა და 5G-ის კავშირზე. "ადამიანები წლების განმავლობაში ცდილობდნენ, 5G-ზე გავეფრთხილებინეთ. პეტიციები, ორგანიზაციები, კვლევები... რისი გადატანაც ახლა გვიწევს, გამოსხივების შედეგია. 5G ჩინეთში 2019 წლის პირველ ნოემბერს გაეშვა. და ხალხის სიკვდილმაც არ დააყოვნა", — წერდა იგი.
აპრილის დასაწყისში მსახიობი ვუდი ჰარელსონი ამ მითის ერთ-ერთი ბოლო მსხვერპლი ვარსკვლავი გახდა. მან საკუთარ ინსტაგრამზე სტატია გააზიარა და აღნიშნა, რომ, მართალია, "ბოლომდე არ გადაუმოწმებია" გავრცელებული ხმები 5G-ისა და მსოფლიოში პანდემიის კავშირზე, მაგრამ მას ეს "ძალიან საინტერესოდ მიაჩნია".
იუთუბსა და ფეისბუქზეც ვრცედლება მსგავსი აბსურდული მტკიცებები და ამ უკანასკნელ პლატფორმაზე ანტი-5G-ის ჯგუფიც კია შექმნილი. თუმცა იუთუბმა განაცხადა, რომ ვიდეოები, რომლებიც 5G-ზე შეთხზულ მითებს ავრცელებს, წაიშლება.
"ჩვენი მიზანია, ამ განსაკუთრებით კრიტიკულ პერიოდში დროული და სასარგებლო ინფორმაცია მოგაწოდოთ, რათა შევამციროთ საზიანო დეზინფორმაციის გავრცელება და ვებრძოლოთ მას ავტორიტეტული პლატფორმების, NHS-ის [გაერთიანებული სამეფოს ეროვნული ჯანდაცვის სერვისის] და WHO-ს მიერ მოწოდებული მასალით", — წერია იუთუბის ოფიციალურ განცხადებაში, — "COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ისეთი მასალის გამოქვეყნება, რომელიც არ შეესაბამება WHO-ს და ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრების ინფორმაციას, არღვევს იუთუბის წესდებას. ამაში შედის მითებიც, რომელთა მიხედვითაც, დაავადების სიმპტომებს 5G იწვევს".
ფეისბუქმაც განაცხადა, რომ წაშლის პოსტებს, სადაც 5G-ისა და ახალ კორონავირუსს შორის კავშირზეა საუბარი. "გადავწყვიტეთ, აგრესიული ზომები მივიღოთ, რათა შევაჩეროთ დეზინფორმაციის და საზიანო მასალის გავრცელება ჩვენს პლატფორმებზე. ჩვენ გვსურს, დავეხმაროთ ადამიანებს, შეიტყონ დაზუსტებული ინფორმაცია დაავადების შესახებ", — აცხადებს კომპანია, — "ჩვენი ამჟამინდელი პოლიტიკის გათვალისწინებით, რომელიც ეწინააღმდეგება საზიანო დეზინფორმაციის გავრცელებას, წაიშლება ყველა პოსტი, სადაც COVID-19-სა და 5G-ის ტექნოლოგიას შორის კავშირზეა საუბარი და რაც ფიზიკური ზიანის გამომწვევი შეიძლება გახდეს".
მარტში ფეისბუქის მომხმარებელმა, სახელად ბენ მექიმ, გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც 5G-ის ახალ კორონავირუსთან აკავშირებდა და ნაწილობრივ იმასაც ამბობდა, რომ COVID-19 რეალურად ვირუსი არც იყო. "ისინი ცდილობენ, რაღაცა შეთითხნილი ვირუსით შეგაშინონ, მაშინ, როცა ამ ყველაფრის გამომწვევი მთელ მსოფლიოში 5G ქსელის ანძების დადგმაა", — წერდა იგი. ის ასევე ამტკიცებდა, რომ საქმეში მაიკროსოფტის თანადამფუძნებლის, ბილ გეიტსის ხელი ურევია, რომელმაც ტექნოლოგია პლანეტის მოსახლეობის შესამცირებლად შექმნა. მექის ნაწერში ასევე ნათქვამია, რომ ვაქცინა, რომელსაც დაავადებასთან საბრძოლველად ქმნიან, რეალურად ჩიპებია, მათი იმპლანტაცია კი ადამიანთა სხეულებში მოხდება.
ჩვენ მიზანმიმართულად არ ვუთითებთ ზემოთ ციტირებული პოსტების ბმულებს, რადგან ისინი ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ.
ამ ინფორმაციის უსაფუძვლობა გაერთიანებული სამეფოს ფაქტების გადამმოწმებელმა დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ, FullFact-მა დაასაბუთა. საქმეში ჩაერთნენ სხვა ექსპერტებიც. "ეს ისტორია 5G-ისთან დაკავშირებით სრულიად აბსურდულია მეცნიერული თვალსაზრისით. იგი, როგორც ზოგადად დეზინფორმაციას სჩვევია, ნამდვილი პრობლემისგან, ამ შემთხვევაში კი COVID-19-ის ეპიდემიის კონტროლისგან ყურადღების გადასატანადაა შექმნილი", — ამბობს დოქტორი ჯონათან მ. სამეტი, კოლორადოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის დეკანი.
ბრენდან კარმა, რომელიც აშშ-ის ფედერალური კომუნიკაციების კომისიაში მსახურობს, ტვიტერზე განაცხადა, რომ ჰილსონის მცდელობა, დაუკავშიროს 5G ახალ კორონავირუსს, "არის ფოლგისქუდიანთა სამყაროს ყველაზე საშიში სიღრმეებიდან გადმოსული ჭორი". მან ასევე აღნიშნა, რომ COVID-19-ის გამომწვევი ვირუსია, რომელიც ადამიანიდან ადამიანზე ფიზიკური კონტაქტით გადადის და არა რადიოტალღებით. დამატებით კარმა ისიც დასძინა, რომ ფედერალური კომუნიკაციების კომისია, კვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია და გარემოს უსაფრთხოების სააგენტო აცხადებენ, რომ 5G სრულიად უსაფრთხოა.
5G არის ახალი, უსწრაფესი უსადენო ტექნოლოგია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინერგება. აშშ-ში დიდ ქალაქებს უკვე აქვთ 5G ქსელი. ის ასევე ხელმისაწვდომია ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ჩინეთი, სამხრეთ კორეა, გერმანია და გაერთიანებული სამეფო. ტექნოლოგია მიზნად ისახავს ჩვენი ცხოვრების სტილის შეცვლას, რადგან მას აქვს პოტენციალი, ენერგიით მოამარაგოს თვითმართვადი მანქანები და განავითაროს გაფართოებული რეალობის აღქმის გამოცდილება. არსებობს შეხედულება, რომ რომელი ქვეყანაც მოახერხებს 5G ტექნოლოგიის სათავეში მოქცევას, სწორედ ის გახდება ყველაზე ანგარიშგასაწევი ძალა მსოფლიოში მომდევნო ათწლეულების განმავლობაში და, შესაძლოა, უფრო მეტხანსაც.
5G-ის კავშირი ჯანმრთელობასთან
ამ ყველაფრისდა მიუხედავად, როგორც კი კომპანიებმა 5G ქსელზე დაიწყეს საუბარი, მაშინვე გამოითქვა შეშფოთებული მოსაზრებები ამ ტექნოლოგიის ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენის შესახებ. 5G-ის ერთ-ერთი ვერსია, მილიმეტრის ტალღა, ძალიან მაღალსიხშირიანი რადიოტალღაა. ასეთი სიგნალები დიდ დისტანციას ვერ ფარავენ, რის გამოც საჭიროა, რომ ანძები მეტ ადგილას და ერთმანეთის სიახლოვეს განთავსდეს. ამან წარმოშვა მითები იმის შესახებ, თითქოს რადიოტალღებს ჯანმრთელობისთვის საზიანო გამოსხივება აქვთ.
აშშ-ის კვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის და ფედერალური კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, სანერვიულო არაფერია, რადგან კვლევამ ვერანაირი კავშირი ვერ დაადგინა მობილური ტელეფონების და სატელეფონო ანძების რადიოსიხშირის სიგნალებსა და დაავადებათა შორის. თუმცა, რადგან 5G ჯერ კიდევ ახალი ტექნოლოგიაა, ამ ეტაპზე მისი ხანგრძლივი ზემოქმედების შესახებ აბსოლუტური დანამდვილებით ვერ გვეცოდინება.
"ეს აბსურდული მოსაზრებაა", — ამბობს ჯონ ბუქერი, საცხოვრებელ გარემოში არსებულ ნივთიერებათა უსაფრთხოების შემფასებელი პროექტის, ეროვნული ტოქსიკოლოგიის პროგრამის უფროსი მეცნიერი, — "ყოველწლიურად ახალი ტიპის ვირუსი ჩნდება, რომელიც მთელ მსოფლიოში ვრცელდება. ვირუსები ასე იქცევიან — მუტირებენ და ამ გზით გადაადგილდებიან — ასე იყო სიცოცხლის გაჩენის მომენტიდან".
ახალი კორონავირუსი ისეთი ტიპის ვირუსია, რომელიც ადამიანიდან ადამიანზე ფიზიკური კონტაქტით გადადის. შესაბამისად, იგი რადიოტალღებით ვერ გავრცელდება. ტელეფონის გამოყენებით ან ტელევიზორის ყურებით ვირუსი თქვენს ორგანიზმში ვერ მოხვდება, თუკი, რა თქმა უნდა, თავად ტელეფონის ან ტელევიზორის პულტის ზედაპირი არ არის დაბინძურებული მისით. COVID-19 კორონავირუსების ოჯახს მიეკუთვნება. ელექტრონული მიკროსკოპის ქვეშ იგი წვეტებიან რგოლს ჩამოჰგავს. სახელიც სწორედ ამ წვეტების გამო ეწოდა, რადგან ისინი თავიანთი ვირუსული გარსის გარშემო წრეს — ერთგვარ გვირგვინს ქმნიან (ლათინურად კორონა გვირგვინს ნიშნავს).
ახალი კორონავირუსის შეყრის შემთხვევა პირველად ჩინეთის ქალაქ უხანში დაფიქსირდა გასული წლის მიწურულს. ვირუსის შესახებ, რომელსაც თავდაპირველად 2019-nCoV უწოდეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, WHO-ს 31 დეკემბერს ეცნობა და ექსპერტები მას შემდეგ სწავლობენ მის ბუნებას. კორონავირუსების სხვა ტიპს წარმოადგენენ SARS (მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი) და MERS (შუა აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი). მარტის შუა რიცხვებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის გავრცელება პანდემიად გამოაცხადა, რამაც მრავალი ქვეყანა აიძულა, ისეთი გადამწყვეტი ზომები მიეღო, როგორიც კარანტინია.
ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც 5G-ის კორონავირუსთან აკავშირებენ, არის ის ფაქტი, რომ მისი გავრცელება დაიწყო ჩინეთიდან, სადაც ყველაზე მეტი 5G ქსელის ანძა დგას. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთს ამგვარი სერვისი მართლაც ბევრ პროვინციაში აქვს, 5G ტექნოლოგია თავდაპირველად სამხრეთ კორეასა და აშშ-ში გამოჩნდა. ამ უკანასკნელში კი ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა დიდი რიცხვი ბოლო პერიოდამდე არ დაფიქსირებულა. ამასთანავე, ვირუსმა ისეთი ქვეყნებიც მოიცვა, სადაც 5G კავშირი ჯერ არც არსებობს, მაგალითად — ირანი და იაპონია.
"უდავოა, რომ ახალი კორონავირუსის პირველწყარო ცხოველები არიან. ამას ამტკიცებენ ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციების ექსპერტები, როგორებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და დაავადებათა კონტროლის ცენტრებია", — აცხადებს CTIA, უსადენო კომუნიკაციის სავაჭრო ინდუსტრიის ასოციაცია.
თუმცა ეს პირველი შემთხვევა როდია, როცა 5G ქსელი შეთქმულების თეორიების სამიზნედ იქცა. რუსეთმა, რომელიც დეზინფორმაციის აქტიური გამავრცელებელია და აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც კი მოახდინა გავლენა, 5G სამიზნეში დიდი ხნის წინ ამოიღო. RT America-ს მაუწყებლობამ, რომელსაც რუსეთის მთავრობა აფინანსებს, ერთი წლის წინ გამოაქვეყნა ანგარიში სათაურით, 5G-ის უსადენო ქსელი: სახიფათო ექსპერიმენტი კაცობრიობაზე. სწორედ ამ სტატიამ დათესა უსაფუძვლო შიში ახალი ტექნოლოგიისადმი. The New York Times-ში ანგარიშის გამოქვეყნებისთანავე გაკეთებული განცხადებით, ეს იყო რუსეთის მცდელობა, შეეშალა ხელი აშშ-სათვის 5G ქსელის გავრცელებაში.
ამავე თემაზე:
რამდენად აბსურდულია აზრი, რომ კორონავირუსს 5G ქსელი იწვევს? — უსაზღვროდ.
კომენტარები