Google დისტანციური სწავლების გასაადვილებლად ახალ ფუნქციებს ამატებს
Google-მა 11 აგვისტოს განაცხადა, რომ პანდემიის პერიოდში დისტანციური სწავლების პროცესისთვის ხელის შესაწყობად მომხმარებლებს ახალ სერვსიებს შესთავაზებს. განახლებები შეეხება როგორც კომპანიის საკონფერენციო პლატფორმა Google Meet-ს, ასევე საშინაო დავალების შესრულებისას დამხმარე აპლიკაციებს.
Meet-ის განახლებებს შორისაა უფრო ფართო ეკრანი, რომელიც შეხვედრის 49-მდე მონაწილის ფანჯარას ერთდროულად დაიტევს. ეს ფუნქცია ხელმისაწვდომი სექტემბერში გახდება. Google-მა Meet-ს 16 ფანჯარად დანაწევრებული ეკრანი აპრილში დაამატა, ახლა კი, როცა ერთდროულად 49 ადამინის დანახვა გახდება შესაძლებელი, ამ მაჩვენებლით პლატფორმა Zoom-ს გაუტოლდება.
ასევე სექტემბერში Meet-ს ციფრული დაფის, Jamboard-ის გამოყენების შესაძლებლობა დაემატება, ხოლო ოქტომბერში პლატფორმის მომხარებლები თავიანთ ვიდეოგამოსახულებაში ფონის გაბუნდოვნებას ან სურათით ჩანაცვლებას შეძლებენ.
ოქტომბრიდანვე ღრუბლური სერვისების მიმწოდებელი პლატფორმის, G Suite-ის მომხმარებლებს შეეძლებათ, Meet-ში განცალკევებული ვირტუალური ოთახები შექმნან, რაც მასწავლებლებსა თუ ლექტორებს კლასის მცირე სადისკუსიო ჯგუფებად დაყოფის საშუალებას მისცემს. ასევე ოქტომრიდანვე მასწავლებლებსა და ლექტორებს შეეძლებათ, Meet-ის შეხვედრებზე დამსწრეთა გვარები აღნუსხონ.
აგვისტოს ბოლოსთვის Meet-ის მოდერატორებს იმ ადამიანებისთვის ვიდეოკონფერენციაზე დასწრების აკრძალვა შეეძლებათ, რომლებსაც შეხვედრები უკვე ორჯერ დაატოვებინეს. სექტემბრიდან კი მოდერატორები შეძლებენ შეხვედრის ყველა დამსწრესთვის ერთდროულად დასრულებას, ერთბაშად რამდენიმე ადამიანისთვის კლასში შემოსვლის ნებართვის მიცემას ან არმიცემას, შეხვედრის შიდა ჩატის გამორთვას, კლასში დამსწრეთათვის პრეზენტირების უფლების შეზღუდვას და იმ ფუნქციის ჩართვას, რომელიც მასწავლებლის მოსვლამდე შეხვედრის დაწყებას შეუძლებელს გახდის.
იმ განახლებებს შორის, რომელიც საკუთრივ Meet-ს არ ეხება, აღსანიშნავია მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის განკუთვნილი ფუნქციები. მაგალითად, ამიერიდან მოსწავლეებს Google-ში ბიოლოგიის, ქიმიის და STEM-ის სხვა დისციპლინების ასამდე კონცეფციის მოძებნა და შემდეგ მათი გაფართოებულ რეალობაში დანახვა შეეძლებათ. ამისათვის Android-ის ან iOS-ის სმარტფონის ქონაც საკმარისია.
ამასთან, საგანმანათლებლო აპლიკაციის, Socratic-ის ან Google Lens-ის დახმარებით, Google მოსწავლეებს დავალებების შესრულების პროცესს გაუმარტივებს. ამისთვის მათ მხოლოდ ამოცანისთვის ფოტოს გადაღება და აპლიკაციაში ატვირთვა დასჭირდებათ.
კომენტარები