ოკუპაციის პირისპირ — მაია ოთინაშვილი
შიში, შფოთვა, პასუხგაუცემელი კითხვები, ავტომატი, ფორმა, ნიღაბი, ფოთლების შრიალის ხმა, დიდი შავი თვალები, ძლიერი ხელები, მავთულხლართი, გაურკვეველი ლაპარაკი — ეს ის შეგრძნებები და ხმებია, რაც მაია ოთინაშვილს საოკუპაციო ხაზის იქით 11-დღიან ცხოვრებას ახსენებს.
სამი შვილის დედა ოსმა სამხედროებმა 2018 წლის 29 სექტემბერს, საკუთარი სახლიდან 100 მეტრში დააკავეს. კაკლის საკრეფად იყო გასული. მაიას იმ სოფელში ვესტუმრეთ, საიდანაც გაიტაცეს.
— გამარჯობა
— გინდათ, ისევ გამახსენოთ, ხომ?
პასუხი თვითონვე დამასწრო:
— მოდი, მოდი, დიდი ხანია არავის გავხსენებივარ
კიბეზე ავლისას აქეთ-იქით იყურება, ყველაფრს აკვირდება. ალბათ ცნობისმოყვარეობა შემატყო, რადგან ამიხსნა, რომ გატაცების შემდეგ ეს ჩვევა დარჩა.
ამ ისტორიის გახსენება არ უყვარს, მაგრამ ამბობს, რომ რაც იყო, იმას ვერ წაშლის და ამ ამბავთან ერთად ცხოვრებას სწავლობს.
დავსხედით და დაიწყო.
გატაცება საკუთარი ბაღიდან
"29 სექტემბერი იყო, 9 საათი, არასდროს დამავიწყდება. ბაღში მივდიოდით მე და ჩემი ძაღლები. ორი ძაღლი მყავს და ყველას ყეფენ, მაგრამ იმათ არ დაუყეფეს, ალბათ მიიჩვიეს წინასწარ. მაგ დღეს, თითქოს ქარიც სხვანაირად ქროდა, ფოთლების შრიალის ხმა იყო. "საზღვარი" ჩემს ბაღზეა მობმული. რაღაც ფაჩი-ფუჩი გავიგე, მაგრამ ვიფიქრე, შემოდგომის პირია და ალბათ ფოთლების შრიალის ხმაა-მეთქი. მოვიხედე და სამხედრო ფორმაში ჩაცმული ორი ბიჭი დამხვდა, სახეზე ნიღბებითა და ხელში იარაღით. ერთი პატარა ტანის იყო. ჭიდაობა რომ დამიწყეს, სახეზე ნიღაბი ჩამოვაძრე. შეშინებული სახე ჰქონდა, დღემდე თვალებიდან არ ამომდის. მეორეს ვერ მოვერიე, მაგრამ მისი დიდი, ბრიალა, შავი თვალები, გრძელი წამწამები და დიდი ხელები არასდროს დამავიწყდება... 200 კაცშიც ამოვიცნობ".
ხელების შეკვრა სცადეს, მაგრამ ვერ მოერივნენ. მერე კონდახი ჩაარტყეს. გაქცევა ორჯერ სცადა, ორივეჯერ დაიჭირეს.
"მავთულხლართების იქით გადამათრიეს და სურათი გადამიღეს, ალბათ დასტური სჭირდებოდათ, რომ "საზღვარი" გადავკვეთე".
დიდხანს არ უვლიათ, ამიტომ ივარაუდა, რომ წინაგარის ბაზაზე იყვნენ. კიბეებზე რომ ჩაიყვანეს, საფეხურებს ითვლიდა. დღემდე ახსოვს — 12 საფეხური ჩაიარა. გაურკვეველ ცივ ოთახში იჯდა, სადაც ერთი ხის მაგიდა და სკამი იდგა. უთხრეს, ცხინვალის ციხეში გადაყვანამდე საბუთებს უნდა მოაწერო ხელი, თორემ აქედან საერთოდ ვერ გახვალო.
"დაახლოებით 100 ფურცელს მოვაწერე ხელი, მეგონა სახლში გამიშვებდნენ. მერე ერთი ბიჭი შემოვიდა, ნიღბით. ვუთხარი, ნიღბები მოეხსნათ, რადგან მეშინოდა. თარჯიმანი შემოიყვანეს, მაგრამ მითხრეს, ვიცით, რუსულიც გესმის და ოსურიცო. ერთი ძალიან მიყვიროდა, მაგიდაზე ხელებს მიბრახუნებდა. მეორემ უთხრა, ზეწოლას ნუ ახდენ, კამერებიაო. ამან უპასუხა, სანამ უფროსი მოვა, წავშლი ყველაფერსო".
ამბობს, რომ ჯერ საქართველოს ამბებს ეკითხებოდნენ, მერე ოჯახით დაინტერესდნენ. მოიტყუა, რომ ქმარი არ ჰყავდა.
"რომ გადიოდნენ, მითხრეს, რამე თუ დაგჭირდა, დაიძახეო. რა უნდა დამჭირვებოდა მაგათგან".
"მერე ცხინვალში წამომიყვანეს, ტყეში ორსაათნახევარი ვიარეთ. მიმიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. 4 დღე იმ ოთახში ვიყავი — როგორც დავჯექი ერთ ადგილას, არ გავნძრეულვარ. ხმელი ტახტი იდგა, შავი ტყავი ჰქონდა გადაკრული. იქვე ბინძური "ადიელები" ეყარა, სილით სავსე იყო ოთახი. შიშისგან გათიშული ვიყავი, რამეს რომ მეკითხებოდნენ, მხოლოდ კი და არას ვპასუხობდი".
ოთხი დღის შემდეგ "სასამართლო" გაიმართა. მაია ამბობს, "თეატრის მსახიობებივით იდგნენო". ეგონა, რომ ამის მერე სახლში გაუშვებდნენ, მაგრამ ორი თვე "მიუსაჯეს".
"ადვოკატმა რომ მითხრა, არ ინერვიულო, გავასაჩივრებთო, მაშინ მივხვდი... ტირილი დავიწყე. მოსამართლე ფარასტაევი მოვიდა და მითხრა, შენი ცრემლების არავის სჯერა, არავის ეცოდებიო. სახეზე შემახმა ის ცრემლები".
ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ციხეში მოხვდებოდა და თან საკუთარი ბაღიდან.
ცხინვალის ციხე
ამბობს, რომ შევედი, თანამშრომლები გაოგნებულები მიყურებდნენო. იხსენებს მოხუც კაცს, რომელმაც ქართულად უთხრა, არ ინერვიულო, შენ გვერდით ვარო.
"შეიძლება ახალმა თაობამ ოსეთში ქართული არ იცის და ისე ზრდიან, რომ ჩვენ მტრები ვეგონოთ, მაგრამ უფროსებმა იციან".
გვიყვება, საკანში რომ შევედი, გაშეშებული ვიდექი, ვერ ვხვდებოდი, რა უნდა მეკეთებინა იმ ბნელ ოთახშიო. 7 დღე იყო ცხინვალის ციხეში და ამ დროის განმავლობაში არაფერი უჭამია. თანამესაკნე გოგოები ცდილობდნენ მის "გამოფხიზლებას", მაგრამ უშედეგოდ.
"თითქოს შორიდან ხმებიც მესმოდა, თვალებში მიბნელდებოდა. როგორც კი სიშავეს დავინახავდი, თვალებს დიდზე ვახელდი, რომ გამოვფხიზლებულიყავი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს შავ გვირაბს გავდიოდი და არ სრულდებოდა".
მეორე დღეს ციხის უფროსი შევიდა, ქართულად ისიც კარგად ლაპარაკობდა. მაიას სასამართლომდე არავის ნახვა არ უნდოდა. გვიყვება, მამა-შვილურად მთხოვა, გაიარე, რომ დაგინახონ, ცოცხალი ხარო. მოერიდა, უარი ვერ უთხარა. გააფრთხილეს, ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხო, მხოლოდ ის უთხარი, რომ კარგად ხარო. სიარულისას წაბორძიკდა, დაკავების დროს მიყენებული ჭრილობები მოშუშებული არ ჰქონდა.
ყველაზე რთული მაინც მეორე "სასამართლოს" მოლოდინი აღმოჩნდა. იხსენებს, როგორ აკვირდებოდა შუქს, რომელიც დილას და საღამოს ფერს იცვლიდა — პროცესამდე დარჩენილ დღეებს ასე ითვლიდა.
"შვიდ ჩაკეტილ კარში ვიჯექი. ამ კარების ხმა ახლაც მახსოვს — "ჩხაკ-ჩხუკ", გააღებდნენ ერთ კარს, მერე დამაყენებდნენ, დაკეტავდნენ და მეორეს აღებდნენ. სანამ ერთი კარიდან მეორეზე გადადიოდნენ, მე მთელ ცხოვრებას ახლიდან გავდიოდი".
9 ოქტომბერს, დილის ათ საათზე დაუძახეს. იმ ბიჭების ჩვენება მისცეს ქართულად ნათარგმნი, რომლებმაც დააკავეს. გასაჩივრება შესთავაზეს, რასაც დრო სჭირდებოდა და მას სახლში უნდოდა წამოსვლა. ამბობს, რომ თაბახის ის 4 ფურცელი დღემდე არ წაუკითხავს, ყველას ღმერთი დასჯისო.
პროკურორმა გააფრთხილა, არაფერი თქვა, მხოლოდ "კი" ან "არა" საკმარისიაო და ამის იმედი ჰქონდა.
"სასამართლოზე არც კი დავმჯდარვარ, ფანჯარასთან ვიდექი და ვიყურებოდი. სულ ის ჩამესმოდა, არ იღელვო, აქედან ერთად წავალთო რომ მითხრა".
შენობიდან რომ გამოიყვანეს, მანქანაში ჩასვეს. ეგონა, ისევ ციხეში აბრუნებდნენ და ტირილი დაიწყო. აღმოჩნდა, რომ საბუთების გაფორმებას ელოდებოდნენ.
"ჩვენს საგუშაგოზე რომ შემოვედით და ნიღბიანი ხალხი დავინახე, ის დღეები თავიდან გამახსენდა, უცებ ვერ მივხვდი, სად ვიყავი".
მერე თავისი სოფლის პოლიციის უფროსი დაინახა, რომელიც შორიდან ეძახდა.
"ტირილი ამივარდა, გავიქეცი და ჩავეხუტე. პირველი ის ვკითხე, უკან ხომ აღარ მიმატრიალებენ-მეთქი. ჩემი შვილი, გიოც დამხვდა. რომ დამინახა, თვალები ცრემლებით აევსო, ძალიან განიცდიდა".
ამბობს, რომ სამი ცხოვრება აქვს: მავთულხლართებამდე, მავთულხლართის იქით და მავთულხლართის აქეთ.
ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ
"პირველად სახლში რომ გავიღვიძე, ვერ ვიჯერებდი. თვალი გავახილე და ისევ ციხის კედლებს ვხედავდი. ფორმიანი ადამიანების შიში მქონდა, ქუჩაში მარტო ვერ დავდიოდი, მივდიოდი და თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი, შრიალის ხმა მაშინებდა".
ერთი წლის წინ, მეზობელთან მიმავალმა მავთულხლართებს იქით ფორმიანი ადამიანი დაინახა. იმან ხელი დაუქნია. ამბობს, რომ არ ახსოვს, როგორ დაბრუნდა სახლში.
ხურვალეთში აღარ ცხოვრობს. გატაცების შემდეგ იმ სახლში სულ ორჯერ დარჩა. სამ შვილთან და ქმართან ერთად გორში გადავიდა და მინისტრის აპარატის დახმარებით მანდატურის სამსახურში დაიწყო მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორი წელი გავიდა, ის დღე სულ ახსოვს.
კომენტარები